როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები #51
ასათაშვილი
გვარის ფუძეა არაბული სიტყვა – ასათ, რაც ქართულად ლომს ნიშნავს. აქედანაა ნაწარმოები გვარები: ასათაშვილი, ასათიანი.
გვხვდება, ასევე, საკუთარი სახელი ასათა.
ასათაშვილის გვარის ძველი ფორმაა ასათისძე. წიგნში „მთავართა გვართათვის” ვახუშტი წერს: „ხოლო გვარნი მთავართა, მათ ძველთანი არიან ასათისძე, კარიჭისძე, ქობულისძე”.
მეფე დავით მეათის განჩინებით, ბარათაშვილთა გაყრისას, 1523 წელს, გერმანოზსა და მის ძმებს ენაგეთში შეხვედრია ასათაშვილი.
დემეტრე ასათაშვილი კი მოიხსენიება 1741 წელს პირობის წიგნში, რომელსაც გრიგოლ ჩოლოყაშვილი აძლევს ფშაველებს.
სოფელ ენაგეთს 1756 წელს დაფიქსირებულნი არიან გაბრიელ, გიორგი, დავით და პეტრე ასათაშვილები, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ ოჯახებით.
საქართველოში 107 ასათაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 77, თბილისში – 20, თელავში – 10.
ქუჩულორია
ვარაუდით, რთულფუძიანი გვარია. ქუჩულორი შედგება ორი კომპონენტისგან, საკუთარი სახელებისგან – ქუჩუ და ლორი.
ქუჩულორია იშვიათად გვხვდება ქუჩულიას ფორმითაც.
საქუჩლორიო უბანია ფოცხოში, ნაქუჩოლორი კი ტყე – ბეთლემში, კერძოდ, ლებარკალაოეში. ნაქუჩულუ ბუჩქნარია ლეთორდეში (მუხური).
წალენჯიხასა და მის ახლომახლო სოფლებში მცხოვრები ქუჩულორიები მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეების მიჯნაზე საუფლისწულო აზნაურები ყოფილან.
მეორე ვარიანტით: გოქუჩულუა მცენარის აყვავებას ნიშნავს, ზმნის მიმღეობა – ქუჩულორი, ანუ აყვავებული, აღმოცენებული, მიჩნეულია მეტსახელად.
მეოცე საუკუნის დამდეგს, უშაფათსა და წალენჯიხაში მოსახლე ქუჩულორიების ერთი ნაწილი აზნაურის წოდების იყო.
საქართველოში 168 ქუჩულორია ცხოვრობს: წალენჯიხაში – 51, თბილისში – 37, ზუგდიდში – 31. ცხოვრობენ სხვაგანაც.
მსუქნიშვილი
ქართული გვარ-სახელების ერთი ჯგუფი ნაწარმოებია ადამიანის ხასიათისა და თვისებების მაჩვენებელი სიტყვებიდან, რასაც „თიკუნებს“ ვუწოდებთ. ამ გზით გვარების წარმოქმნა სხვა ერის ხალხისთვისაც არ არის უცხო.
მსუქნიშვილის გვარის ეტიმოლოგიაზე გაამახვილა ყურადღება პროფესორმა ალექსანდრე ღლონტმა და აი, რას წერდა ის: „მეტსახელი მსუქანი გვხვდება გვარში მსუქნიშვილი.”
საქართველოში 240 მსუქნიშვილი ცხოვრობს: თელავში – 146, თბილისში – 41, გურჯაანში – 8. არიან სხვაგანაც.
ანტონაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ანტონი, რომელიც ბერძნული წარმოშობისაა და ქართულად მეომარს, მეთაურს, წინამძღოლს ნიშნავს.
1873 წელს, სოფელ ვაშლოვანში, მოიხსენიებიან ანტონ ანტონაშვილი და მისი შვილები.
საქართველოში 26 ანტონაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 14, საგარეჯოში – 8, მცხეთაში – 4.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით