რატომ ცარიელდება დღეს ეკლესიები და როგორ უნდა მოიქცნენ ის ადამიანები, ვისაც ეკლესიაში სიარული, სულის ცხონება სურს, მაგრამ არ მოსწონს ტაძრის შიგნით არსებული მდგომარეობა და სასულიერო პირების ქცევა #51
დღეს არსებობს ადამიანთა გარკვეული ნაწილი, ვისაც ეკლესიაში სიარულსა და უფალთან ურთიერთობაში არავინ აბრკოლებს, თუმცა, ისეთებიც არიან, ვისაც ხშირად ეკლესიაში არსებული მდგომარეობა, სასულიერო პირები აბრკოლებენ და ამიტომ ტაძარში დაბრუნების სურვილი აღარ აქვთ. ამ საკითხების შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი).
– რა მდგომარეობაა დღეს ეკლესიებში, რატომ ცარიელდება ისინი ნელ-ნელა?
– ადამიანთა სამი კატეგორია არსებობს: ვინც დადის, ვინც დადიოდა და ვინც აპირებს მოსვლას. ბევრი დღემდე დადის, ამბობს აღსარებას და ემზადება ზიარებისთვის. მაგრამ, არიან ისეთები, რომლებიც ამბობენ: თქვენ სად იყავით, როცა მე ეკლესიაში დავდიოდი. მაგრამ, მერე ვნახე მოძღვარი, რომელიც მარხვას არღვევდა, ბილსწისტყვაობდა, ნასვამი იყო და რაღა მინდა ეკლესიაშიო. ასევე, არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ემზადებიან ეკლესიაში მისასვლელად და აცხადებენ: სად მივიდე, ვისთან მივიდე, ვეძებ მოძღვარს განათლებულს, სულიერს, თავმდაბალს, მაგრამ ვერ ვნახეო. მინდა გითხრათ, რომ ტაძარში მივდივართ არა ჩვენი სურვილით, არამედ უფლის მოწოდებით. იესო ქრისტე ეუბნება მოციქულებს: თქვენ კი არ ამირჩიეთ, მე აგირჩიეთ თქვენ. საეკლესიო სწავლებით: ადამიანი ეკლესიაში მიჰყავს სულიწმიდის მადლს. არავინ თქვას, რომ თავისი კაცობით ან ქალობით მივიდა ეკლესიაში. არა, მათი მისვლა უფალმა ინება. თუმცა, ადამიანი თავისი ნებით ტოვებს ეკლესიას. ვისაც უნდა სულის ცხონება, მან უნდა იაროს ერთ, კათოლიკე სამოციქულო მართლმადიდებლურ ეკლესიაში. მოსწონს მას თუ არა, დაბრკოლებულია თუ არა, ეს სხვა რამეა. მაგრამ ერთი რამ ცალსახაა: სულის ცხონება შეუძლებელია ეკლესიის მიღმა.
– როგორ უნდა მოიქცეს ის, ვისაც სურს ეკლესიაში სიარული, სულის ცხონება, არ სურს იქიდან წამოსვლა, მაგრამ არ მოსწონს ტაძრის შიგნით არსებული მდგომარეობა – დაბრკოლებულია სასულიერო პირის ქცევის, ქადაგების გამო?
– უნდა შევარჩიოთ ტაძარი, მოძღვარი, რომელიც შეიძლება, არ იყოს ძალიან განათლებული, დიდი სულიერებით არ გამოირჩევა, მაგრამ შეუძლია წირვა-ლოცვის ჩატარება. ბევრი იხიბლება მოძღვრის ქადაგებით და იმიტომ დადის ეკლესიაში. ქადაგების მოსმენა უკვე შეიძლება, ინტერნეტშიც. ამიტომ, ჩვენ ისეთი ტაძრები უნდა შევარჩიოთ, სადაც სწორად ტარდება ღვთისმსახურება და ეკლესიურად სწორად ცხოვრებენ. როგორ ქადაგებენ კი არა, ეკლესიურად როგორ ცხოვრობენ. რადგან შეიძლება, მოძღვარი კარგი მქადაგებელი იყოს, მაგრამ სულ არ ეწეოდეს კარგ ეკლესიურ და სულიერ ცხოვრებას. ამიტომ, ისეთ მოძღვართან უნდა მივიდეთ, წმიდა მამათა დაფუძნებით რომ ცხოვრობს და ჩვენც არ გაგვიჩნდება ეკლესიიდან წასვლის სურვილი. მაცხოვრის ეს სიტყვები ხშირად უნდა გავიხსენოთ: ჯობია, გულზე დაიკიდოს წისქვილის ქვა, ვიდრე დააბრკოლოს ჩემკენ მომავალი ადამიანი. ამიტომ ყველამ – სასულიერო პირებმა, წიგნის მკითხველებმა, სტიქაროსნებმა, მგალობლებმა, მესანთლეებმა, საკუთარ თავს დაუსვან კითხვა: ჩვენ ხომ არ დაგვიბრკოლებია ვინმე, ჩვენ ხომ არ ვართ ის ადამიანები, რომლებსაც შეიძლება, ხვალ ჩამოგვკიდონ წისქვილის ქვები. ხშირად ჩვენი არასწორი გამომეტყველებით, ზარმაცი ლოცვით, ბუნდოვანი ქადაგებით, სიზარმაცით – ვეუბნებით, რომ არ გვცალია, ვაბრკოლებთ მათ. არავინ ფიქრობს იმაზე, რომ სულიწმიდის მადლმა ის ადამიანი მოიყვანა ეკლესიაში, შენ კი არ გცალია მისთვის; ანდა ისე ესაუბრები, თითქოს ვინმე ჩინოვნიკი იყო და შენში არანაირ სიყვარულს არ ხედავს ის. ადამიანებიც იმიტომ მიდიან ეკლესიიდან, რომ იქ სიყვარულს ვეღარ ხედავენ, რაც უკვე აღარსად არის – აღარც ოჯახში, აღარც ნათესავებში. ეკლესიაშიც რომ იკარგება ეს სიყვარული, მერე უკვე მრევლიც მიდის იქიდან. ჩვენ კი მერე ვამბობთ: სადაც უნდა წავიდეს, რა ჩემი ბრალიაო. ეს ყველას ბრალია. როცა ადამიანი ეკლესიაში არ დადის, იქნებ შევეხმიანოთ – რა ხდება. იქნებ ავად არის, ან საპყრობილეშია – მოვიკითხოთ, ვიკითხოთ მისი მდგომარეობა. ჩვენ იმდენად ვიყავით მრევლით გათამამებული, რომ, როდესაც ბზობას ან ნათლისღებას ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა ტაძარში, სულ გვეგონა, ყველა ჩვენი მრევლი იყო და სულ ასე ივლიდნენ ეკლესიაში. მაგრამ, 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს მეტეხის ხიდიც კი ვერ გაივსო მორწმუნე ხალხით.
– ხშირად ადამიანებს ასეთ ადგილებში აბრკოლებენ, არ აძლევენ დღესასწაულებზე ეკლესიაში შესვლის უფლებას, გადაკეტილი აქვთ შესასვლელები, რადგან ჩინოვნიკებს ელოდებიან.
– პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში წერს: ვინ დაგვაშოროს ჩვენ უფლის სიყვარულს, უფალთან ურთიერთობასო. თუ შენ ტაძარში, პარაკლისზე უფლის სიყვარულით მიდიხარ, სულ არ უნდა გახსოვდეს, იქ ვინ დგას, ჩინოვნიკი თუ ვინმე სხვა. დღეს ბევრი იმისთვის მიდის შობას, აღდგომას ეკლესიაში, რომ ტელევიზორში გამოჩნდეს დიდი კელაპტრით ხელში. თუ მე სანახაობისთვის მივდივარ, ბუნებრივია, ვიღაც დამაბრკოლებს. მეც დიდი ხანია, არ ვყოფილვარ ალავერდობას ალავერდში, მცხეთობას – მცხეთაში, რადგან იქ ბევრი ჩინოვნიკი დგას გაყინული სახით და შეიძლება, მე, მოძღვარი, არ შემიშვან, საშვი მომთხოვონ. რა თქმა უნდა, ეს საკითხი მეც მაწუხებს, მაგრამ ამან ჩემს რწმენაზე არ უნდა იმოქმედოს. წავალ და ნარიყალაზე ან სხვა ეკლესიაში ვიზეიმებ. ჩემს საზეიმო განწყობას ეს არ შეცვლის. მაგრამ, თუ მაინც იქ მივალ, არ შემიშვებენ და ბილწსიტყვაობას დავიწყებ, რა თქმა უნდა, ამაში მე ვიქნები დამნაშავე. ვინც გულით, მთელი სულით, რწმენით მიდის მაცხოვართან, მას ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს. თუ ჩინოვნიკი, დაცვა გადაგეღობება და ეკლესიაში არ შეგიშვებს, უნდა აუხსნა, რომ რწმენით მიდიხარ ეკლესიაში – ჯობია, წისქვილის ქვა ჩამოიკიდო კისერზე, რადგან ადამიანი ფეხით ჩამოვიდა სხვა ქალაქიდან, იქნებ რა სათხოვარი აქვს უფალთან და შენ კი არ უშვებ. ასეთი გადაღობვები, ასეთი დგომა, ასეთი მრევლი ეკლესიაში არ შეიძლება. კმარა ასეთი სპექტაკლები ტაძრებში. ასეთი დამოკიდებულება არავის სჭირდება. დროა, მორწმუნე ადამიანები დადგნენ ტაძარში და მათ მიიღონ ღვთისმსახურებაში მონაწილეობა, თორემ ის ტრანსლაციები, რომელებიც ტელევიზიით გადაიცემა, სპექტაკლებს დაემსგავსება. დიდი მამები ამხელდნენ ხოლმე: ტაძარში ძალიან ბევრი ხალხი იყო, მაგრამ მხოლოდ ორი ადამიანი ლოცულობდაო, ასე იქნება ახლაც. არ არის საჭირო წირვა-ლოცვის დროს დაყენებული ხმა, გუნდის გუგუნი. ყველაფერი მარტივად და უბრალოდ უნდა ხდებოდეს. მამა გაბრიელი ამბობდა: თქვენ რომ იცოდეთ, რამხელა მადლია წირვაზე, წირვის მერე იატაკიდან მტვერს ახვეტდით და იმას ეამბორებოდითო. დღეს რა მადლზეა საუბარი, იმაზე ვფიქრობთ: ასე გადამიღე, ასე გადამიღე – ფარისევლობა სხვა რამე კი არ არის. თუ ადამიანს მოსწონს, რომ ლოცვისას ფოტოს, ვიდეოს უღებენ. ეს სხვა არაფერია, თუ არა ფარისევლობა. მერე გონიერი, ჯერ არმოსული მრევლი ამას რომ დაინახავს, იტყვის: მე არ მინდა აქ ვიყო, ამ სპექტაკლში მივიღო მონაწილეობა. მე ისეთი მრევლი, მოძღვარი მინდა, სადაც დაჩაგრულად არ ვიგრძნობ თავს და ზემოდან არ გადმომხედავენ: ეს ვინღა შემოვიდა ტაძარშიო. ხშირად მინახავს, როგორ დასცინიან სტიქაროსნები ადამიანს, რომელიც კარგად ვერ იწერს პირჯვარს, ისე ვერ ლოცულობს და არც ეკლესიაში მოსულა „ჯიპით“, ფეხით მოვიდა. მერე ის ადამიანი წავა და საერთოდ ეკლესიისკენ აღარ გაიხედავს. ის, ვინც მას გადაეღობება, ძალიან მძიმე ცოდვაში შედის. ხშირად მინახავს, როგორ ცდილობენ შეაკავონ ის ადამიანები, ვინც გულით-სულით მოვიდა ეკლესიაში, იმარხულა, პატრიაქრის ხელით უნდა ზიარება, მისი ნახვა, მაგრამ ისეთი სახით, ისეთი უხეშობით აძევებენ ეკლესიიდან... ვფიქრობ, ისინი ამ დროს იესო ქრისტეს აძევებენ ეკლესიიდან... მათ ზაქეს, ლაზარეს უთხრეს უარი და აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რატომ არ მოდის დღეს ბევრი ადამიანი ეკლესიაში.