მოძღვარი გვირჩევს #51
კითხვა: რა ძალები მოქმედებენ მაცდუნებლად ადამიანზე ლოცვის დროს?
პასუხი: როგორც წმიდა იოანე კორნშტადტელი გვმოძღვრავს: „ლოცვის დროს უსხეულო მტრები შთააგონებენ ადამიანს ბილწ, ვერაგ, საგმობელ აზრებს; სულსა და სხეულს მცონარობისთვის განაწყობენ, მოჰგვრიან თვლემას, მთქნარებას, აიძულებენ, შეღავათი მისცენ სხეულს – უდროო დროს ჩამოჯდომით, კედელზე მიყრდნობით და ასე შემდეგ“.
კითხვა: რატომ ვიწოდებით მართლმადიდებელ ქრისტიანებად?
პასუხი: მართლმადიდებლებად ვიწოდებით იმიტომ, რომ ვართ რწმენის მართლად მადიდებელნი – ესე იგი, ვაღიარებთ ჭეშმარიტებად იმას, რაც გვიანდერძა მაცხოვარმა, დაგვმოძღვრეს მოციქულებმა, გადმოგვცეს წმიდანებმა და შეინახა და დაადგინა აღმსარებლობად ერთიანმა წმიდა მსოფლიო სამოციქულო ეკლესიამ.
კითხვა: მართლაც ეპატიება თუ არა ნათლობის დროს ადამიანს მანამდე ჩადენილი ყველა ცოდვა?
პასუხი: ნათლობის დროს მართლაც მიეტევება ადამიანს პირველქმნილი ცოდვა და ნათლობამდე ჩადენილი ყველა ცოდვა. წმიდა ნათლობის წყალობით ცოდვას ადამიანზე ბატონობის ძალა ჩამოერთმევა.
კითხვა: ოჯახის წევრების საფლავზე მოვჭერით ნაძვი, რომელიც საფლავს აზიანებდა. შეიძლება თუ არა ეს ნაძვი სახლში წავიღოთ და შეშად გამოვიყენოთ?
პასუხი: რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ამ ნაძვის შეშად გამოყენება, არავითარი დაბრკოლება არ შეგექმნებათ ამით.
კითხვა: ისჯება თუ არა ნაქურდალის მიმღები?
პასუხი: ნაქურდალის მიმღებიც ისევე ისჯება, როგორც ქურდი.