კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მალავს რელიგიის სააგენტო საქართველოში არსებული სხვადასხვა კონფესიისთვის ბიუჯეტიდან ფულის გამოყოფის ფაქტს და ვისი ინტერესია ქართველი მუსლიმანებისა და ქრისტიანების დაპირისპირება #51

ამ ბოლო ხანს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ხშირად აჩენს ეჭვს, რომ ან უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერაა გამოწვეული, ან მყისიერად ერთვებიან ისინი პროცესში და თავიანთი ინტერესის გატარებას ცდილობენ. ამჯერად შიდა საზოგადოებრივ დაპირისპირებას ვგულისხმობ, რაც, თავდაპირველად სამეგრელოს სეპარატისტულ რეგიონად წარმოჩენით დაიწყო, ახლახან (მავანის სვანეთში გადაღებული შიშველი ფოტოს გამოჩენით) სვანების ლანძღვა-გინებაში გადაიზარდა, რასაც ლაიტმოტივად გასდევს მუსლიმანი და ქრისტიანი ქართველების ვითომ დაპირისპირება. საკითხს აქტიურად აშუქებს არასამთავრობო სექტორი და არც თუ იშვიათად, საქართველოს სახელმწიფო ინტერესის საზიანოდაც, თუმცა ადამიანის უფლებების დაცვის დროშით. რამდენი ქვეყნის სპეცსამსახური მუშაობს საქართველოს ტერიტორიაზე, რა ინტერესი აქვთ მათ და რატომ არის იოლი ჩვენი მოქალაქეების, ნებსით თუ უნებლიეთ, მათ სამსახურში ჩაყენება, –  ამ საკითხზე ნათელის მოფენას ექსპერტთან კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძესთან ერთად შევეცდებით.
– ეს შიდა გაუგებრობები შეიძლება, განვიხილოთ, როგორც დაინტერესებული ქვეყნების სპეცსამსახურების მოქმედების შედეგი? რომელი ქვეყნების ინტერესები იკვეთება თუ ჩვენ ვართ იმდენად ბეცები, რომ თავად ვებმებით მახეში?
– ჩვენი სიბეცე, როგორც წესი, დომინანტია. ცხადია, რომ უცხოური სპეცსამსახურები მოქმედებენ საქართველოს დასასუსტებლად. ჩათვალეთ, ყველა ჩვენი მეზობელი.
– სომხეთი და აზერბაიჯანიც?
–  ყველა ჩვენი მეზობელი… ქვეყნებს არ დავასახელებ, რადგან ხვალ იმ ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები მომადგებიან. თუმცა შემიძლია, ვთქვა, რომ ზოგიერთი ქვეყნის ორი სპეცსამსახურიც კი მუშაობს. ჩემი დაკვირვებით, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ცხრა ქვეყნის სპეცსამსახური მუშაობს. მათ შორის, მტერიცაა და ვითომ მოყვარეც. თუმცა ჩვენი სიბრიყვე მაინც დომინანტურია, თუნდაც, იმ ფოტოების გამო სვანური კოშკების ფონზე. არასასიამოვნო ფაქტი იყო, მაგრამ ასეთ აჟიოტაჟს ნამდვილად არ ველოდი. ვფიქრობ, ეს ხელოვნურადაა გაბუქებული, როგორც ბევრი სხვა ამბავი, მათ შორის, მოხეს შემთხვევაც.
– ჟურნალისტი ვარ, მაგრამ მეც კი არ ვიცოდი, რომ შარშან მილიონ ლარზე მეტი მიუღია მუსლიმანურ თემს და მომავალ წელსაც მიიღებენ საბჭოთა დროს რეპრესიების საკომპენსაციოდ. მათთვის ამასობაში გადაუციათ 150 მეჩეთიც. ეს ინფორმაცია რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელისგან გავიგე.
– ზუსტად ვიცი, მოხეს ეპიზოდში რომელი არასამთავრობოებიცაა ჩართული და რომელი არასამთავრობოს ქალბატონი იღებს გრანტს იმ მიზნით, რომ ამ თემაზე ატეხოს ვაიუშველებელი.
– გრანტის წარმოშობაც ხომ არ იცით?
– წარმოშობაც ვიცი და ყველაფერი ამ თემის გარშემო. იმის თქმა მინდა, რომ ხშირად ჩვენი საზოგადოება, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, ვერ ან არ არის ინფორმირებული. რაც თქვენ მოყევით, ეს არის სააგენტოს ხელმძღვანელობის ნაკლი, საქართველოს ხელისუფლების მინუსი. საზოგადოებამ არ იცის, რა პოზიტიურ ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება. ჭელაში რომ მინარეთი ააშენა ძველი, დანგრეული მინარეთის სანაცვლოდ, ამის შესახებ ხელისუფლება გასუსულია და არ ამბობს, რომ მან გააკეთა ეს და დღეს ჭელაში არანაირი კონფლიქტი არ არსებობს. ჩამიჩუმი აღარ ისმის იქიდან, მეორეც –  მოხეში არც ქრისტიანებს არ აქვთ სალოცავი და არც მუსლიმანებს. ხელისუფლების ამოცანაა, რომ ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას და ეს ინფორმირება იყოს მასშტაბური, რომ უარყოფითი რეაქცია არ მოჰყვეს არაინფორმირებულობას. ხელისუფლება არ ითვალისწინებს ისეთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, როგორიცაა სოციალური ქსელი. ამ თვალსაზრისით, „ნაციონალების“ ხელისუფლება ბევრად ეფექტიანი იყო. სომხურ ეკლესიასაც გადაეცა 300 000 დოლარი კომპენსაციის მიზნით, მაგრამ სომხურმა მედიამ ეს გამოაცხადა, როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული ხარკი.
–  რა „დანაშაულისთვის“?
–  არადა ზუსტად უნდა აიხსნას, რომ ეს არის საბჭოთა ხელისუფლების დროს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებელი თანხა. სომხურ მედიაში კი წერია, რომ ეს არის ხარკი, იმის გამო, რომ სომხური ეკლესიები დააზიანეს ქართველებმა და ახლა ეკლესიების გადაცემის პროცესიც დაიწყება. რელიგიის სააგენტოს ამოცანა ისაა, რომ ასეთი საკითხების პრევენციაზე იზრუნოს და საზოგადოებას ყველაფერი გასაგებად აუხსნას. მაგალითად, ისიც, თუ როგორ შეიძინა ოვანეს თუმანიანის სახლი სომხურმა თემმა სომხური ემიგრაციის დახმარებით და როგორ განთავსდება იქ სომეხ მწერალთა სახლი.
– რომელი სომეხი მწერლების?
– იქნება სომეხ მწერალთა სახლი, რომლების, არ ვიცი. თუმცა საქართველოში ცხოვრობენ ძალიან საინტერესო სომეხი და აზერბაიჯანელი მწერლები, რომელთა ნაწარმოებებსაც ბეჭდავენ სომხეთსა და აზერბაიჯანში.
– თუ ისინი სომხურად და აზერბაიჯანულად წერენ, მე არ მევალება ამ ენების ცოდნა. აი, მათ კი ევალებათ თავიანთი სახელმწიფო ენის ცოდნა.
– მაგრამ ჩვენ ხომ უნდა ვიცოდეთ მაინც, რომ ეს ხდება?! როდესაც მთარგმნელობითი ბიურო არსებობდა, ეს პრობლემა არ იდგა. ახლაც არიან კარგი მთარგმნელები, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა სრულიად მოშლილია. დღეს სოციალურ ქსელში მსჯელობენ იმაზე, თუ ვინ ტიტველია და ვინ ჩაცმული. ამ დროს კი უნიკალური ხელნაწერი იპოვა ინდოეთში ლევან რამიშვილმა, ალბათ, ყველაზე ძველი ქართული ხელნაწერი და ამის შესახებ ვიწრო წრის გარდა, არავინ იცის. შინაარსი ახლა იშიფრება და არ არის გამორიცხული, ამ ხელნაწერის ორიგინალი თარიღდებოდეს ქრისტეშობამდე. იქ ვერავინ წაიკითხა. ასევე, გიორგი კალანდიამ ჩამოიტანა უნიკალური მასალები ირლანდიის არქივიდან, რომ შესაძლოა, პატარა კახს ინგლისში, ვულვიჩის სამხედრო აკადემიაში ჰქონდეს განათლება მიღებული. მე, მაგალითად, სულ არ მაინტერესებს ფოტოსთან დაკავშირებული ეპიზოდი. რასაკვირველია, უსიამოვნოა, მაგრამ ამისგან ამბის ატეხა, მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და სპეციალურადაა გაკეთებული. საერთოდ, სიწმიდეების, რელიგიების, ფასეულობების, ტრადიციების თემა მგრძნობიარეა და ასეთი უხეში დამოკიდებულება ამ თემებისადმი მიჩენს ეჭვს, რომ ეს ვიღაცის დაკვეთით კეთდება.
– არაერთხელ გავმხდარვართ მოწმენი იმისა, თუ რა მოხერხებულად შემოაგდებენ სოციალურ ქსელებში თემას, რასაც შემდეგ მედიაც აიტაცებს და არასასურველი მიმართულებით ვითარდება პროცესი. გავუზიაროთ მკითხველს სპეცსამსახურების მეთოდები საზოგადოებრივი აზრის მათთვის სასურველი მიმართულებით წარმართვისა, რომ გავფრთხილდეთ სამომავლოდ მაინც და ასე იოლად არ წამოვეგოთ ანკესზე?
– ვინც მუშაობს თემის გაშლის მეთოდზე, მან ძალიან კარგად იცის ადამიანის ფისქოლოგია. არაერთხელ გავსაუბრებივარ საუდის არაბეთში კურსგავლილ ვაჰაბიტებს და მინახავს, ერთ დროს მხოლოდ საშუალო განათლებამიღებული ადამიანი, რომელიც შემდეგ საუდის არაბეთში წავიდა, როგორი ცოდნითა  და განათლებით დაბრუნდა. მათი ცოდნა და განათლება, ძირითადად, ქადაგებაზეა  ორიენტირებული. მათ ასწავლეს მასების ყურადღების მიპყრობა და მეც კი, ვინც  წინასწარ ვიცი, რა უნდა მითხრას, მიჭირს ხოლმე ბარიერების შექმნა და, მით უმეტეს, სოციალურ ქსელებში მუშაობა გამოსდით შესანიშნავად. მაგალითად, თემას იპოვიან ფორუმზე და შემდეგ იმ თემას, შესაბამისი მეთოდოლოგიით, აბუქებენ და აიძულებენ საზოგადოებას, ამ თემის გარშემო იტრიალონ. როგორც წესი, ამ აურზაურში ისინი ახერხებენ, სასურველი მიმართულებით წაიყვანონ საზოგადოებრივი აზრი და მისცენ მას ანტისახელმწიფოებრივი, ან ანტისამთავრობო, ან ანტიკონფესიური, ან რომელიმე ანტი მიმართულება, რაც იმ მომენტშია მათთვის ხელსაყრელი და ეს ყოველთვის ხელოვნურად კეთდება.
–  თუმცა ჩვენ გვახასიათებს მეორე თვისებაც: მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ერთ თემაზე შესაძლოა, გადამეტებული ემოციით ვირეაგიროთ, მალევე გვავიწყდება. ამ ფონზე შედეგს აღწევენ ისინი? ხომ ვიცით, რომ ერთი თვის შემდეგ ძეხორციელს აღარ ემახსოვრება, ვინ გაიხადა და ვინ შეიმოსა? ეს თვისება არ გვიცავს ზემოქმედებისგან?
– არა, რადგან ნალექი რჩება. ეს გათვლილია იმაზე, რომ ამის შედეგად ადამიანის ცნობიერების გარკვეულ უჯრაში ინახება უარყოფითი მუხტი. შემდეგ სხვა უჯრაში სხვა ტიპის მუხტი ინახება და საბოლოოდ, როდესაც კრიტიკულ ნიშნულს აღწევს, ყალიბდება უარყოფითი დამოკიდებულება მთავრობის ან არასამთავრობოების, ან რომელიმე კონფესიის მიმართ. ჯერ უნდა დაგროვდეს უარყოფითი მუხტის კრიტიკული მასა დ როდესაც კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, იწყება ზიზღი, ფობიები და ასე შემდეგ.
– თავი რომ დავანებოთ ბოლოდროინდელ გამოხდომებს სვანების მისამართით, ჩვენს მეტყველებაში იმატა გამონათქვამებმა კუთხურობის ხაზგასმით: მაგალითად, „იმერელი ვაჟი“, „კახელი მოხუცი“, „აჭარელი გოგონა“, „გურული ოჯახი“. ეს უნებლიეა?
– ქართული სამზარეულოსა და ფოლკლორის დონეზე ყოველთვის არსებობდა ასეთი გამონათქვამები, მაგრამ, თუ ამ თემას გაბუქავ და უარყოფით კონტექსტში იხმარ და ამ უარყოფით კონტექსტს მისცემ მიმართულებას, ის იმუშავებს უარყოფითად.
– მეგრელებისა და სვანების გამორჩევის, მუსლიმანი და ქრისტიანი ქართველების გამიჯვნის მიზანი რა არის: ერთმანეთის წინააღმდეგ უარყოფითი მუხტის დაგროვება?
– რასაკვირველია, „გათიშე და იბატონე“ პრინციპი არავის გაუუქმებია და, ამდენად, ჩვენი მტერი ან ის, ვინც ვერ აცნობიერებს, რომ მტრულად იქცევა და ცდილობს, დღევანდელი ხელისუფლება დაასუსტოს, იყენებს ხოლმე ამ მეთოდს. ეს არ არის მოულოდნელი რამ, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ხდება. მაგალითად, ტეხასელი არის მუდმივი დაცინვისა და მასხრად აგდების ობიექტი და ტეხასის მუდმივმა ლტოლვამ, გამოეყოს აშშ-ს, აქედანაც მიიღო სტიმული. მაგალითად, სენკტ-პეტერბურგელისთვის მოსკოველი მეორეხარისხოვანია და პირიქით. დღემდეა ლაპარაკი აზერბაიჯანში, რომ ნახიჭევანის კლანი მართავს აზერბაიჯანს და ბაქოელისთვის ეს მიუღებელია, ისევე, როგორც ერევნელისთვის მიუღებელია, რომ ყარაბაღელები მართავენ სომხეთს. ასე რომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ არ უნდა ავიყვანოთ პოლიტიკური პროცესის რანგში. ჩვენთან, საბოლოოდ, ეს პოლიტიკური ავანტიურა გამოდის და საქართველოს თიშავს. ამიტომაც ილია ჭავჭავაძის მთავარი დამსახურება მისი ნაწარმოებები კი არ არის, არამედ ის, რომ მოახერხა მოუხერხებელი რამ იმ მომენტისთვის. მან შექმნა ქართული იდეა და გააერთიანა საქართველოს ყველა კუთხე. ამითაა ის გენიოსი.
– ქართველის ცნება აღარ არსებობდა იმ პერიოდში, არათუ ერთიანი ქართული ცნობიერება.
– რატომ აკრიტიკებდა ვაჟა-ფშაველას აკაკი წერეთელი?! არა იმიტომ, რომ ფშავური დიალექტი იყო მიუღებელი, არამედ იმიტომ, რომ მაშინ ილიას გუნდის მიერ შექმნილი სალიტერატურო ქართული ენა იყო ერის გამაერთიანებელი. ქართველების ერთი განათლებული ჯგუფი შეიკრა ილიას მეთაურობით და გააერთიანა ერის ცნობიერება. ამიტომ ჰყავდა ილია ჭავჭავაძეს ბევრი მტერი. დღეს ასეთი ლიდერი არ არსებობს, რომელიც შეძლებს ამ მანკიერი თვისების სამზარეულოში ჩატოვებას და ხელის შეშლას, რომ ეს არ გახდეს საზოგადოების მსჯელობის საგანი. ვგულისხმობ კუთხურობაზე აქცენტის გაკეთებას უარყოფით კონტექსტში, რადგან ერთია ტკბილი ხუმრობა და მეორე –  მწარე დაცინვა და ამისთვის პოლიტიკური ელფერის მიცემა, რომ მეგრელები არიან სეპარატისტები, აჭარელები –  მუსლიმანები და ასე შემდეგ. მაშინ, როდესაც ყველა კუთხემ საქართველოს მისცა უბრწყინვალესი მამულიშვილები.

скачать dle 11.3