როგორ გახდა თათა ჯაში გერმანიაში ანგელა მერკელის საყვარელი ბალერინა და როგორ დგამდნენ მისთვის ცნობილი ქორეოგრაფები სპექტაკლებს #49
ბალერინა თათა ჯაში ახლახან გამოჩნდა პროექტში „შენ შეგიძლია ცეკვა“ და თავისი საოცარი ცეკვითა და ნიჭით ჟიურის წევრები და მაყურებელი ერთნაირად მოხიბლა. მისი საკმაოდ წარმატებული საბალეტო კარიერა ჯერ კიდევ წლების წინ დაიწყო და პიკს გერმანიაში მიაღწია. თუმცა თათას, გარკვეული მიზეზების გამო, რაღაც პერიოდი ბალეტისთვის თავის დანებება მოუწია. დღეს ის კვლავ აგრძელებს საყვარელ საქმეს.
თათა ჯაში: სანამ გერმანიაში წავიდოდი, მანამდე ჩემი კარიერა საქართველოშიც წარმატებულად მიდიოდა. 14 წლის ვიყავი, გერმანიის დასათვალიერებლად დასთან ერთად წავედი. შემომთავაზეს: ფორმა რომ არ დაკარგო, შეგიძლია, დარბაზში ივარჯიშოო. მივედი თეატრის დარბაზში, დავიწყე ვარჯიში. ვიღაცამ დამინახა, მოვეწონე, მერე ხმა გავარდა და შემომთავაზეს, დარჩენა, სკოლაში სწავლის გაგრძელება. იმ წელს „ჟიზელს“ დგამდნენ და მთავარი პარტია მე შემომთავაზეს. პატარა ვიყავი, ცოტა შემეშინდა და უარი ვთქვი. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გამომიგზავნეს კონტრაქტი, სადაც ეწერა, რომ აბსოლუტურად ყველაფერს მიფინანსებდნენ. სტიპენდიასაც მინიშნავდნენ და მთავაზობდნენ, რომ 16 წლის ასაკში თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა. მოკლედ, იმდენად კარგი პირობები იყო, უარი ვერ ვთქვი. ასე რომ, 15 წლის ასაკში მარტო გადავბარგდი გერმანიაში. მერე თეატრალურ უნივერსიტეტშიც ჩავაბარე. თეატრსა და სწავლას ერთმანეთს ვუთავსებდი. მართალია, სულ 4 საათი მეძინა ღამე, მაგრამ, ალბათ, წარმატება ყოველთვის მსხვერპლს მოითხოვს.
– როგორი იყო ეს პერიოდი შენს ცხოვრებაში?
– ძალიან რთული, სტრესული, მაგრამ, იმავდროულად, საინტერესო, რადგან უზომოდ დიდი გამოცდილება მივიღე. შტაც-ოპერაში ისეთ დიდ ვარსკვლავებთან ერთად მომიწია ცეკვა, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა სცენებს იპყრობენ. მეც მომეცა შანსი, არაერთი სოლო პარტია შემესრულებინა. დღეს ეს ყველაფერი რომ მახსენდება, მგონია, სიზმარი იყო.
– როგორც ვიცი, ანგელა მერკელის საყვარელი ბალერინაც იყავი და მის ყველა ღონისძიებაზე გამოდიოდი.
– ერთ-ერთ სამთავრობო ღონისძიებაზე ხელოვნების სხვადასხვა სფეროდან მიიწვიეს თითო ხელოვანი. ბალეტიდან მე ამირჩიეს. ვიცეკვე მომაკვდავი გედის პარტია, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ფეხზეც კი წამოდგნენ და ისე დამიკრეს ტაში. როგორც გავიგე, ანგელა მერკელსაც ძალიან მოვეწონე და მერე, ყოველ მის ღონისძიებაზე მიწვევდნენ. ასე აგორდა გერმანიაში, რომ მე ვიყავი მისი რჩეული. ბევრ გრანდიოზულ ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა. მაგალითად, პოტსდამში ფრიდრიხ მეორეს სასახლეში გამოვედი. ასევე, ერთ-ერთ ბალზე ვიცეკვე იქაური ქორეოგრაფის დადგმა. წარმოიდგინეთ, ამერიკაში, „ოსკარების“ დაჯილდოება რომ არის, ისეთი ღონისძიება იყო, გერმანელი სელებრითები ესწრებოდნენ.
– ცნობილი ქორეოგრაფები დგამდნენ შენთვის სპექტაკლებს.
– კი. მაგალითად, „ზაფხულის ღამის სიზმარი“, მთლიანი ბალეტი ჰენდლერმა უშუალოდ ჩემი შესაძლებლობის მიხედვით დადგა. მთლიანად მე მომარგო როლი, სადაც ჩემი ტექნიკა იყო გამოყენებული. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლო და ამაღელვებელი იყო. რაც მთავარია, სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა. იქ ბალეტის ძალიან ბევრი კრიტიკოსია და ჩემ შესახებ ყოველთვის კარგ შეფასებას რომ ვკითხულობდი, ძალიან მიხაროდა. ბედნიერი ვიყავი. შეიძლება ითქვას, რომ სამ წელიწადში ყველაფერი მოვასწარი. ქალაქში რომ დავდიოდი და ჩემი აფიშები იყო გაკრული, ამის გახსენებაზე, დღესაც მეტირება. მახსოვს, ფრანკფურტში ვიყავით გასტროლზე. ვცეკვავდით ბალანჩინის რამდენიმე ბალეტს. ერთ-ერთი იყო „სერენადა“, სადაც მე ვასრულებდი წამყვან პარტიას. იქ სამი სოლისტია, მათ შორის, ერთი მთავარი. ყველა პარტია ვიცოდი. ისე მოხდა, რომ ერთ-ერთმა სოლისტმა ცეკვის დროს თეძო იტკინა. კულისებში რომ გავიდა, ვეღარ ადგა. მე ჩემი პარტია უკვე შესრულებული მქონდა. დაღლილი ვიყავი, ახალი შემოსული სცენიდან, მაგრამ მაინც გავედი მის მაგივრად, ვიცეკვე. ამის მერე ჩემი სოლო დაიწყო და ისევ გავედი სცენაზე. საოცრებები ჩავიდინე, საბოლოოდ, სპექტაკლი ჩავარდნას გადავარჩინე. მერე ხელმძღვანელობისგან დიდი სამადლობელი წერილიც კი მივიღე. რაც რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო იყო, მაგრამ ეს ყველაფერი, საბოლოოდ, ჯანმრთელობის ფასად დამიჯდა. ფაქტობრივად, დაბრმავებული ვიყავი წარმატებით. იმდენად კარგად მივიწევდი წინ, ვერ წარმომედგინა, რას შეიძლებოდა, შეეშალა ხელი. მაგრამ, ისეთი ტრავმა მივიღე, ეს ყველაფერი დაიმსხვრა. ხერხემლის მალები ერთმანეთს ასცდა. იმ პერიოდში შტაც-ოპერაში ვიყავი და ერთ-ერთი რთული კონკურსისთვისაც ვემზადებოდი, სადაც გერმანიის სახელით უნდა წავსულიყავი. პლუს, ბევრი სპექტაკელი, გასტროლი მქონდა. ტკივილები დამეწყო, მაგრამ თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი. თანდათან ისე გამიმწვავდა, გამაყუჩებლის გარეშე ვეღარ ვცეკვავდი, ბოლოს კი გამაყუჩებლებიც აღარ მშველოდა. ცეკვას აღარ დავეძებდი, სიარულიც მიჭირდა, კოჭლობა დავიწყე. იმ პერიოდში სრულწლოვანიც გავხდი. შტაც-ოპერიდან მიუნხენის დასში მიმიწვიეს, იქ მინდოდა ჩემი კარიერის გაგრძელება, მაგრამ ყველაფრისთვის თავის დანებება მომიწია. ჩემს ცხოვრებაში, ალბათ, ამაზე რთული არაფერი მომხდარა. რაღაც პერიოდი გერმანიაში დავრჩი, რეაბილიტაციას გავდიოდი. ვცდილობდი, მაინც მეცეკვა. ექიმების აკრძალვას ყურადღებას არ მივაქცევდი, ცეკვა რომ შემძლებოდა. აღარც ემოციურად შემეძლო ცეკვა, რადგან ძალიან მტკიოდა. მერე თბილისში დავბრუნდი. იმდენად ამოვვარდი ფორმიდან, ისე ვიყავი მორალურად განადგურებული, რომ გამიჭირდა ფორმის აღდგენა. 19 წლის მერე მთლიანად შევეშვი ბალეტს.
– მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ისევ დაუბრუნდი ცეკვას.
– რამდენიმე ექიმთან ვიყავი. ზოგმა მითხრა, რომ იცეკვო დაინვალიდდებიო, ზოგმა საერთოდ ამიკრძალა ცეკვა, ათასი აზრი მოვისმინე. რამდენჯერაც დავიწყე ვარჯიში, ძალიან მეტკინა. საბოლოოდ დავანებე თავი და პიარის კუთხით დავიწყე მუშაობა. ისეთი ფსიქოლოგიური ტრავმა იყო, ამის კიდევ ხელახლა გადატანას ვერასდროს შევძლებ. მართალია, მიჭირდა, მაგრამ თანდათანობით ვეგუებოდი იმ აზრს, რომ ვეღარ ვიცეკვებდი. ერთ დღესაც თბილისის ოპერის თეატრიდან დამირეკეს, მომიკითხეს და მკითხეს: რატომ აღარ ვარჯიშობ, თუ გაქვს სურვილი, ივარჯიშე ჩვენთანო. ეს იყო დიდი ცდუნება. ოჯახის წევრებს არ უნდოდათ, რომ დავბრუნებულიყავი, რადგან ენით აუწერელი იყო ის, რაც გადავიტანე. დაკარგული ვიყავი სივრცეში. მიზანი არ მქონდა, დეპრესიაში ვიყავი. მაგრამ, მაინც საკუთარ თავს მოვუწოდებდი, თავი ხელში ავიყვანე, რომ ბალეტით არ მთავრდებოდა ცხოვრება... ასე, დავდექი ნელ-ნელა ფეხზე. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვიყავი, რადგან საოფისე მუშაობა არ არის ჩემი. მოკლედ, ვერ გავუძელი ცდუნებას და დავიწყე ვარჯიში. 2-3 თვეში ფორმაში ჩავდექი, ხერხემალიც ისე ძალიან არ მაწუხებდა. თუმცა, ქრონიკული ტკივილი დამიტოვა. მერე შემომთავაზეს, კონტრაქტს დაგიდებთო და მეც დავთანხმდი. 4 წლის შემდეგ დავიწყე ისევ ბალეტის ცეკვა. დასში მიმიღეს, სოლო პარტიაც მომცეს – შედარებით საპასუხისმგებლო. ამდენი წლის მერე სანამ სცენაზე გავიდოდი, გამზადებული ვიდექი კულისებში და ვცდილობდი, ეს წამი კარგად დამემახსოვრებინა. პერიოდულად სულ გავდივარ რეაბილიტაციას, ვაკონტროლებ. არ მინდა, იგივე შეცდომა დავუშვა, ამიტომ, ზღვარი უნდა დავიცვა. მაშინ შრომაში დაღლას ვერ ვგრძნობდი, სხეულს უფრო მეტად ვტვირთავდი. ვიდრე შეეძლო. თან, მარტო რომ ვიყავი გერმანიაში, ბევრი რამის დამტკიცება მიწევდა. თუნდაც იმის, რომ საქართველოდან ვარ, ამ პატარა ქვეყნიდან.
– ახლა უკვე მონაწილეობ, პროექტში „შენ შეგიძლია ცეკვა“, სადაც სცენაზე ტრავმა მიიღე.
– ეს პროექტი ყოველთვის მომწონდა, ვუყურებდი და რომ გავიგე, დაიწყო, ვთქვი: უნდა ვცადო-მეთქი. თან, ძალიან მაინტერესებდა სხვადასხვა ცეკვის შესრულება და ამის შესაძლებლობა მაქვს. ბალერინები მკაცრი დისციპლინით ვიზრდებით, ცოტა ჩაკეტილები ვართ და ამიტომაც ფიქრობენ, რომ არ შეუძლიათ სხვა ცეკვაც შეასრულონ. ამ სტერეოტიპის დანგრევაც მინდოდა და ვნახოთ, როგორ გამომივა. რაც შეეხება ტრავმას, თან პირდაპირ ეთერში – მანამდე მქონია ფეხზე მცირე დაზიანება, ეს მერე გავიგე. დატვირთვა რომ მომემატა, ფეხმა ვეღარ გაუძლო და გაწყდა იოგი. ქასთინგის დროს, მეგონა, რომ უბრალოდ, დამეჭიმა. რომ დავეცი და ავდექი, ვერ მივხვდი რა მოხდა. მთავარი იყო, ბოლომდე კარგად მეცეკვა. დაშოკილი, გაოგნებული ვიყავი. ცეკვა რომ დამთავრდა, მერე ვიგრძენი, რომ ცუდად იყო საქმე, ძალიან მტკიოდა. თან, რომ დამისივდა უფრო მეტად ვინერვიულე, რადგან სპექტაკლებიც მქონდა. რეაბილიტაციის პროცესი გრძელია, მაგრამ არ მივცემ მას შეფერხების საშუალებას, აქტიურად გავაგრძელებ მზადებას. ალბათ, მოძრაობაში შემზღუდავს, მაგრამ ვეცდები, ჩემი ტექნიკა, არტისტიზმი შეძლებისდაგვარად ვაჩვენო.
– როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ შენით უცხოეთიდანაც დაინტერესდნენ და საკმაოდ კარგ კონტრაქტს გთავაზობდნენ.
– დიდი თურქული კომპანიაა, რომელსაც თავისი ოფიციალური იუთუბ-არხი აქვს. აკვირდებიან ცნობილ ადამიანებს და შემდეგ ეხმარებიან მათ პრომოუშენში, ოფიციალურ გვერდს უკეთებენ. დაინტერესდნენ და უნდათ, რომ ფართო საზოგადოებას გააცნონ ჩემი თავი. მომწერეს, რომ დაახლოებით 8 თვეა, თვალს ადევნებენ ჩემს ცეკვას, საქმიანობას და შემომთავაზეს, მათთან დავდო კონტრაქტი, რომ უფრო მეტი გასვლა მქონდეს ამიერკავკასიის ქვეყნებში, ევროპაში, როგორც ცეკვის, ასევე, სამსახიობო თვალსაზრისით. ყველაფერს საკუთარ თავზე იღებენ. რადგან პროექტში ვარ, ჯერჯერობით უარი ვუთხარი, თუმცა, მომავალში, ალბათ, გავაგრძელებთ თანამშრომლობას, კონტრაქტზეც დავილაპარაკებთ.