არის თუ არა ჩვენი ქვეყანა ბიოლოგიურად საშიშ ზონაში და როგორ გავარკვიოთ, ვიმყოფებით თუ არა დაწყევლილ ტერიტორიაზე #50
მსოფლიოში უამრავი რამ ხდება, რომელსაც მეცნიერები, ეზოთერიკოსები, პარაფსიქოლოგები, მედიუმები თუ სპეციალისტები ახსნას ვერ უძებნიან და მათ ერთგვარ, პარანორმალურ მოვლენებს მიაწერენ. დღეს, ჩვენი რუბრიკის სტუმარი, პარაფსიქოლოგი და იმავდროულად, მედიუმი, ბატონი ირაკლი, ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე გიამბობთ. ის გაგვაცნობს საქართველოში არსებულ იმ მისტიკურ, დაწყევლილ ადგილებს, სადაც ყოფნა ადამიანისთვის განსაკუთრებით საშიშია.
ირაკლი: საქართველოში უამრავი საშიში და მისტიკური ადგილია, რაზეც მოსახლეობას ინფომაცია არ აქვს. ზოგადად, საქართველო, ბიოლოგიურად ისეთ ზონაშია, სადაც მისტიკური და საშიში ადგილები საკმაოდ ბევრია. ჩვენი წინაპრები ვაზის რტოთი ეძებდნენ ისეთ ადგილებს, სადაც განსაკუთრებული ენერგია იყო დაგროვილი საცხოვრებლის ან ტაძრის ასაგებად. ეს კი, არა მარტო ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე, ნაგებობაზეც დადებითად მოქმედებს. სწორედ ამიტომაცაა, რომ ათასწლეულებს უძლებს. რაც შეეხება საკრალურ ადგილებს, რაც ძალიან სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მას ჩვენი წინაპრები ერიდებოდნენ – არც სახლს აშენებდნენ, არც ტაძარს და არც საძოვრად იყენებდნენ. ასეთ ადგილებში ადამიანები ცუდად გრძნობენ თავს, საქონელი ვერ ისვენებს, ძაღლები მთელი ღამე ყეფენ. ეს ადგილები ბიოლოგიურად არამდგრადია და იქ სხვადასხვა სახის გამოსხივებაა, რამაც შეიძლება, საბოლოოდ, სიკვდილიც გამოიწვიოს. ასევე, ასეთ ადგილებში ჩნდებიან გარდაცვლილთა სულები. იმ ადგილას, სადაც სახლის აშენება უნდოდათ, ჩვენი წინაპრები ცხოველს წაიყვანდნენ და დააბამდნენ. თუ გაჩერდებოდა და თავს კარგად იგრძნობდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყებდნენ იქ მშენებლობას.
– საქართველოს ტერიტორიაზე მსგავსი, საკრალური, საშიში ადგილები ბევრია?
– სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრია და ასეთ ადგილებში ათასი საოცარი, პარანორმალური მოვლენა ხდება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ასეთ ადგილას საცხოვრებლის მოწყობა. წყევლა, მსგავს ადგილებში ათმაგდება. დიდი ძალა აქვს სიტყვიერად წარმოთქმულ სურვილებს. ბგერა რეზონანსში ექცევა იქაურ ენერგიასთან და შეიძლება, გაათმაგდეს. მაგალითად, კახეთში არის სახლები, სადაც ადამიანებმა თავი მოიკლეს და სხვა ოჯახის შესვლის შემდეგაც მოვლენები მეორდება. ამ შემთხვევაში, სახლი აშენებულია არაჯანსაღ ტერიტორიზე, სადაც პარანორმალურად საშიში ზონაა. გარდა ამისა, ბევრი სახლია სასაფლაოზე. ძვლის ტვინიდან ფოსფორის ამოსვლას დაახლოებით სამი ათასი წელი სჭირდება. წარმოიდგინეთ, ძველი სასაფლაოს ტერიტორიები როგორაა დაბინძურებული. ადამიანების განცდები წლების განმავლობაში იწერება მის შემადგენელ მოლეკულებში. სულის გარდა, სხეულიც ატარებს გარკვეულ მეხსიერებას. სანამ ფრაგმენტიც კი არსებობს იმ ძვლის, რა თქმა უნდა, ეს იმ ტერიტორიაზე მოქმედებს.
– როგორ მივხვდეთ, რომ საშიშ ზონაში ვიმყოფებით?
– არის შემთხვევები, როცა ადამიანი სახლს ყიდულობს ან სადმე სტუმრადაა და საშინელ დისკომფორტს გრძნობს – ცუდ განწყობაზე იღვიძებს, ენერგია ეცლება, აპათიაში ვარდება და არაფერი აღარ უნდა. თუ ადამიანის ორგანიზმი ენერგეტიკულად სუსტია, შეიძლება, რომელიმე ორგანო დაუზიანდეს – რომელიც გენეტიკურად სუსტი აქვს. მსგავსი ადგილები ადამიანს ენერგიას ართმევს. თუ თქვენში მსგავს შეგრძნებებს იწვევს კონკრეტულ ადგილას ყოფნა, გირჩევთ, დროულად გაეცალოთ იქაურობას. ერთი ისტორია გამახსენდა, რომელიც ჩემს მეგობარს და მის მეუღლეს გადახდათ. მოკლედ, გიორგიმ და მისმა მეუღლემ, ლიამ აგარაკი იყიდეს თბილისის გარეუბანში. მეც გახლდით იქ და საკმაოდ დიდი სახლი, ულამაზესი ეზო და კარ-მიდამო დამხვდა. თუმცა, თავი მშვიდად ვერ ვიგრძენი და მივხვდი, იქ რაღაც რიგზე ვერ იყო. გიორგიმ გამიმხილა, თბილისში მინდა, ბინა გავყოდო და მე და ჩემი ცოლი აქ გადმოვალთ საცხოვრებლადო. ასეც მოიქცნენ და აგარაკზე საცხოვრებლადაც მალევე გადავიდნენ. საოცნებო სახლში გადასვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, უცნაურმა ფაქტებმა იჩინა თავი. სინათლემ და საყოფაცხოვრებო ტექნიკამ თავის ნებაზე დაიწყო ჩართვა-გამორთვა. ხშირად ესმოდათ სახურავზე ადამიანის ნაბიჯების ხმა. ღამით უცნაური ხმები აფრთხობდათ. დამირეკეს და მთხოვეს, იქნებ ჩამოხვიიდე და შენ მაინც აგვიხსნა, რა ხდება ჩვენს თავს, ხომ არ გავგიჟდით ორივე და ჰალუცინაციები დაგვეწყოო. როცა მათთან ისევ ჩავედი, მიმტკიცებდნენ, საწოლ ოთახში ადამიანის ჩრდილს და არაბუნებრივი სინათლის სვეტებს ვხედავთო. მინდოდა, ყველაფერი კარგად გამომეკვლია და მათთან რამდენიმე დღე დავრჩი. ზუსტად მეორე დღეს, ახალ გაღვიძებულს, საშინელი თვალების წვა დამეწყო. ვგრძნობდი, ვერ ვიყავი კარგად და გიორგის ვუთხარი, დარწმუნებული ვარ, ამ სახლის მესაკუთრე გარდაცვლილია და ახლა მის უკან დაბრუნებას ცდილობს-მეთქი. სხვა რომ ყოფილიყო მის ადგილას, არ დამიჯერებდა, მაგრამ გიორგიმ იცის ჩემი შესაძლებლობები და მითხრა: მოდი, ასე მოვიქცეთ – სახლში ვიდეოსათვალთვალო სისტემა, სიგნალიზაცია და მოძრაობის დეტექტორები დავამონტაჟოთ, იქნებ გავარკვიოთ რეალურად რა ხდებაო. როგორც მეზობლისგან შევიტყვე, ამ ადგილზე არაერთი აუხსნელი დანაშაული მომხდარა. რამდენიმე დღის ვიდეოჩანაწერები რომ გავშიფრე, კადრებში სინათლის ზოლებით აჭრელებული გამოსახულებები მართლაც შევნიშნე. ზოგიერთ მათგანზე კი ერთგვარი, სახის გამოსახულებაც იკვეთებოდა. საბოლოოდ, დამტკიცდა, რომ პარანორმალურ მოვლენასთან გვქონდა საქმე. ეს კი ყველა იმ უცნაურ შემთხვევას ხსნიდა, ჩემი მეგობრის სახლში რომ ხდებოდა. იმ სახლში, მამაკაცის მოჩვენება ნამდვილად სახლობდა და იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს სახლი იყო აშენებული, პარანორმალური აქტივობის მაღალი დონეც იყო. იქ დიდხანს დავრჩი და გავაგრძელე ძირფესვიანად ამ სახლისა და ტერიტორიის კვლევა. საბოლოოდ, იმ დასკვნამდე მივედი, რომ იქ ძლიერი უარყოფითი ენერგია და ერთგვარი კარიბჭე იყო, რომელიც სხვა სამყაროში გადიოდა. რაც კი სახლში ხდებოდა, ეს იყო გარდაცვლილი სულის ბრალი, რომელიც ახალ სიცოცხლეს ეძებდა.
– ანუ, სადაც ეს სახლი დგას, ერთ-ერთი ადგილია დედამიწაზე, რომელიც ჩვენს სამყაროს სხვა, ამოუცნობ სამყაროსთან აკავშირებს?
– ზუსტად ასეა. თუმცა, ახლა იქ ის სახლი დგას თუ არა, არ ვიცი, რადგან ჩემმა მეგობარმა გაყიდა და ვინც იყიდა, ამ ტერიტორიაზე ჩაფიქრებული ჰქონდა ფერმის აშენება. არადა, ის განსაკუთრებულად უარყოფითად აქტიური ადგილია და რამდენად გაამართლებს იქ რაიმე ბიზნესის წამოწყება, რთული სათქმელია.