კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ შეუყვარდა გია სურამელაშვილს ოცდახუთწლიანი ნაცნობობის შემდეგ #50

სკანდალური და ექსტრავაგანტური მომღერალი გია სურამელაშვილი ახალ შეყვარებულს ხვდება. ვინ არის მისი რჩეული, როგორია შეყვარებული გია სურამელაშვილი, როგორ გაიტაცეს ის მოსკოვში და როგორ ემზადება ახალი წლისთვის – ამ და ბევრ სხვა საინტერესო ფაქტს მის შესახებ, ინტერვიუდან შეიტყობთ:
გია სურამელაშვილი: 2016 წელი ძალიან კარგი, შრომატევადი წელი იყო... მქონდა უამრავი გასტროლი – საბერძნეთში, ისრაელში, ბათუმში, ქობულეთში, ჩაქვში და ასე შემდეგ... რაც ყველა მომღერალს ძალიან ახარებს. ფაქტია, რომ მოთხოვნადი მომღერალი ვარ და შესაბამისად, ახალ წელსაც სულ სიმღერა და ხალხში ყოფნა მიწევს. ახალი წლისთვის განსაკუთრებულად არ ვემზადები. მე სულ მედღესასწაულება, როცა კარგ ხასიათზე ვარ... ნაძვის ხეს და საახალწლო სამზადისს ჩემი დამხმარე ქალბატონი უძღვება... ჩემთანაც ხომ ვიღებ სტუმრებს. სამწუხაროდ, ოჯახთან ერთად ვერ ვხვდები. თვითონ მოდიან ხოლმე პირველში ან ორში. ჯერ ისედაც ვიღლები ამდენ ხალხთან ურთიერთობით, ღამის კლუბებში სიმღერით, უამრავი გადაღებით... ხშირ შემთხვევაში, ვსვამ, ვთამადობ კიდეც. მიყვარს სიყვარულისა და სხვადასხვა სადღეგრძელო. ჩემს მეგობრებსაც უხარიათ, მათთან რომ ვსაუბრობ, ვსვამ... მერე პახმელია ვიცი სასწაული... მაგრამ მეორე დღეს მაინც კარგად მახსენდება ყველაფერი.
– ასტროლოგის რჩევებს თუ ითვალისწინებ?
– ასტროლოგის რჩევებს დიდ ყურადღებას ვაქცევ... რადგან ჰოროსკოპით „მერწყული“ ვარ და იმდენად ვემთხვევი, რომ ძალიან მჯერა ასტროლოგიის. ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს. დედაჩემი იყო ასეთი და მას ვგავარ თუ „მერწყულის” გავლენაა, არ ვიცი. შეიძლება, კარგ ხასიათზე ვიყო და უცებ ისე შემეცვალოს, ამოტრიალდეს ყველაფერი, ყირაზე რომ დადგნენ ჩემი გარშემო მყოფები და ყველაფერი გააკეთონ ჩემ ხასიათზე მოსაყვანად, არაფერი მშველის, სანამ ისევ თვითონ არ ვუშველი თავს. რაღაც მომენტში, რთულია ჩემთან ურთიერთობა, მაგრამ მეგობრებს ვუყვარვარ და იტანენ ამ სირთულეებს, რადგან მეორე წუთში შეიძლება, ისე მოგეფერო და ჩაგეხუტო, სულ დაგავიწყო წყენა. როცა უყვარხარ ადამიანებს, ყველაფერს გაპატიებენ – მე არ ვამბობ სიყვარულებზე და საყვარლებზე.  როგორც ვიცი, „მერწყულებისთვის“ კარგი წელი მოდის და ამას ვგრძნობ. წინასწარ ვიცი, რომ კარგი წელი გვექნება და რაც მჯერა, ის სულ მიხდება. კიდევ ავი თვალის მჯერა. ვიცი, რომ ადვილად ვიღებ თვალს, რადგან ლამაზი და ვარსკვლავი ვარ. უამრავ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა. შეიძლება, იმ ადამიანმა ცუდად არც შემომხედა, მაგრამ მისგან თვალი ავიღე. ყოველთვის ვგრძნობ, როცა თვალნაცემი ვარ. ხშირად ძვირფასი სამკაულიც, გიშრის თვალიც გამტეხია ავი თვალისგან.
–  უამრავ საჩუქარს იღებ. ახალ წელს შენ თუ უკეთებ საჩუქრებს ახლობლებს?
– არა. მე არ მიყვარს გაჩუქება. არავის არაფერს ვჩუქნი. ყველა აქეთ მიკეთებს საჩუქარს. ოქროები, ბრილიანტები – თავისთავად, უამრავი უჩუქებიათ. ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რაც მიმიღია, იყო მანქანა. რაც ახლა მყავს, თვითონ ვიყიდე, ამის წინა – „პრადოს ჯიპი“ მაჩუქეს, იმის წინათაც მაჩუქეს. ახლახან საბერძნეთში უამრავი საჩუქარი მივიღე და ერთმა შავი სამყაროს წარმომადგენელმა მკითხა: რა გიყიდოო. რას მეკითხები, კაცო, თუ გინდა, ადექი და ბრილიანტი მიყიდე-მეთქი... რაღაც ძაღლი მომწონს და რომ ჩამოვიდოდი, მაინც ვაპირებდი ყიდვას. დავბრუნდი საქართველოში და დამხვდა ის ძაღლი. ახლა მყავს პატარა „იაპონკა“, რომელსაც ძალიან ვანებივრებ. ერთადერთი, შვილიშვილს ვჩუქნი ფულს. არ მაქვს დრო, წავიდე და საჩუქრები ვუყიდო ან მე რატომ შევიჭრა მშობლების გემოვნებაში, თვითონ უკეთ იციან, რა სჭირდება და რა უყიდონ.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება, შეყვარებული ხომ არ ხარ?
– როგორც ყველას უნდა, ბედნიერი იყოს, ისე მინდა მეც. ბევრი ცნობადი სახე ვიცი, პირად ცხოვრებაში უბედურია. მეც სულ მეტყობა, როდის ვარ ბედნიერი და შეყვარებული. ახლა შეყვარებული ვარ... ჯერ არ გამიცხადებია, თქვენთან ვამბობ პირველად. ვინ არის, არ ვიტყვი. ცნობადი სახე რომ ხარ, არ უნდა თქვა – უნდა მოარიდო ავ თვალს. ორი თვეა, რაც გავიცანი და ერთად ვართ. ძალიან თბილი ადამიანია. არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. დასაწყისში ყველა ურთიერთობა კარგია, მერე რთულდება. როგორც აღმოჩნდა, ოცდახუთი წლის წინ ვიცნობდი, იმ დიად ოთხმოცდაათიანებში, როდესაც პოპულარობის პიკზე ვიყავი. მაგრამ, მე არ მახსოვს. აბა, საიდან მემახსოვრება, იმდენი ადამიანი მეხვეოდა გარს, ძალიან უხერხულად ვგრძნობ ხოლმე თავს, მე ის ვარ, იქ რომ გაგიცანიო, რომ მეუბნებიან, მე კი, არ მახსოვს. ძალიან  ხშირად ვართ ერთად. უყურადღებობას ვერ ავიტან, უნდა გამიფრთხილდეს, თან, როცა ვარსკვლავი ვარ... ვიღლები, უამრავ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა. ქალაქში საცობები ხომ, საერთოდ, ჭკუიდან მშლის. დღეში ორასი-სამასი კაცი რომ შენთან ფოტოს იღებს, ფსიქიკურად იშლები... არ ვარ ისეთი, ვინმეს ფოტოს გადაღებაზე უარი ვუთხრა. მერე ამდენი გადაღლისგან ფსიქიკური აშლილობები მემართება.
–  როდესაც ამდენი თაყვანისმცემელი გყავს, ეჭვიანი არ არის?
– მე ხომ საშინლად ეჭვიანი ვარ, ეს კი ჩემზე უარესია. ყველა  ეჭვიანი იყო, ვინც ჩემ გვერდით ყოფილა. ამან კი ყველას გადაუჯოკრა. რამდენიმე დღის წინ, კარის გისოსებში დამიტოვეს ვარდები. იქ ვიდეოთვალი კი არის, მაგრამ რატომღაც არ დააფიქსირა, ვინ დატოვა... და ამ ვარდებს დიდი ამბები მოჰყვა. მე კი გამიხარდა, მაგრამ თვითონ ეწყინა. ჩემი რჩეული გადაირია – ვინ იყო, ეს ვინ გაბედაო. რა მოხდა მერე, ხალხი ოქროს და ბრილიანტს იხსნის და მჩუქნის, ეს რატომ გაუკვირდა, არ ვიცი. ჩემი ცოლიც ეჭვიანი იყო. პოპულარობის პერიოდამდე მოვიყვანე, მაგრამ იმ დროს უკვე არეული გვქონდა საქმე – სასწაულ სცენებს მიწყობდა ფილარმონიაში – ამან რატომ შემოგხედა, იმან რატომ გაკოცა. როცა პოპულარული ხარ, ეს ყველაფერი ბუნებრივია. როდესაც შენი მეორე ნახევარი ვარსკვლავია, ქალური დიპლომატიითა და გვერდში დგომით შეძლებ მის შენარჩუნებას. მან კი ძალიან დამღალა ამ გაუთავებელი სკანდალებით და ვუთხარი, კარგად იყავი-მეთქი. მე რომ პოპულარული ვიყავი, მაშინ არავინ არ იყო. კონცერტებზე სახანძროები, სასწრაფოები იდგა. თვეში ათ სოლო კონცერტს ვატარებდი ფილარმონიაში იმ უშუქობის, უფულობისა და უყველაფრობის დროს. ხალხი ფეხით მოდიოდა, ბაზარში ყვავილები აღარ იყო. იმდენ ბილეთს ვყიდდით, ფულს არც ითვლიდნენ, ტომრებში ვტენიდით და ისე მიგვქონდა. „ევროპამდე“ იყო ხალხის რიგი. მოჰქონდათ უამრავი საჩუქარი, ნამცხვრები, უამრავი ტორტი, „ნაპოლეონი“, რადგან ძალიან მიყვარდა. კონიაკები ხომ ძალიან ბევრი მოდიოდა ყველა კონცერტზე. ერთ დღეს მოიტანეს ხუთი ბოთლი კონიაკი და მერაბ სეფაშვილმა მითხრა: გავხსნით, დავლევთო. დალიეთ, რა პრობლემაა-მეთქი და მეორე დღეს რომ მივედი, დახოცილები დამხვდნენ, ყველა მოიწამლა. ეს რა დაგვალევინე, დავიხოცეთო.  კიდევ კარგი, მე არ დამილევია, თურმე ჩემი მოწამვლა ნდომებიათ.
– როგორი ბაბუაა გია სურამელაშვილი?
– არაფერი შეცვლილა ჩემში. ვერც ვგრძნობ, რომ ბაბუა ვარ. მე სულ ახალგაზრდა და ლამაზი ვარ. სასწაული ბავშვია, ძალიან მიყვარს და გული მწყდება, ხშირად რომ ვერ ვახერხებ მის ნახვას. ჯაჯანიძის შოუში, თბილისის კოლორიტებში რომ ვიყავით, მის მერე არ მყავდა ნანახი და ახლა ვნახე. რამდენიმე დღის წინ მომიყვანეს, სიურპრიზი გამიკეთეს. ღამის პირველ საათმდე არ დააძინეს, მელოდა, სანამ მე არ მოვედი. თვითონაც ძალიან ვუყვარვარ და ძალიან გაუხარდა. კარგი მონატრების შემდეგ ნახვას კი არაფერი სჯობია. არაჩვეულებრივი მამამთილი ვარ და რძალიც საოცრად კარგი გოგოა. სანამ ჩემს შვილს გაიცნობდა, ჩემი ფანი იყო. ჩემი შვილი, მეუღლესთან გაშორების შემდეგ, ოფიციალურად ჩემთან გაიზარდა. ჩემმა მშობლებმა გაზარდეს. ამხელა კონცერტებისა და ამბების შემდეგ, ყოველთვის ვცდილობდი, მასთან ვყოფილიყავი. ყოველღამე ესკორტით მივდიოდი, შვილი რომ დამეძინებინა. ჩემ გარეშე არ იძინებდა და მელოდებოდა. გიჟდება ჩემზე. სულ მეუბნება: მამა, შენ რომ რამე დაგემართოს, ვერ გადავიტანო და ჩემს რძალს სულ ვაფრთხილებ – როცა წნევა მაქვს, ან ცუდად ვარ, ჩემმა შვილმა არ უნდა გაიგოს-მეთქი. ვარსკვლავურად გაზრდილი მყავს. მე მგავს-მეთქი, ვერ ვიტყვი. არა, კაცო, მე სად მგავს. მე ძალიან გამეტიჩრებული ბავშვი ვიყავი. ბაბუა მანებივრებდა. სუფრის თავში მსვამდა – ჩემი ჩანგალი, დანა, ჭიქა მქონდა. გამორჩეული და „კრასავჩიკი“ ვიყავი ბავშვობიდანვე. კბილს არ ამოვიღებდი, სანამ სათითაოდ ყველა საჩუქარს არ მიყიდდა. თავიდანვე მიმყავდა პარადი. კოჭებში მეტყობოდა, რა გავიზრდებოდი. ჩემი შვილი კი საოცარი ბიჭია, უთბილესი, უტკბილესი, ბუნჩულა. მიუხედავად იმისა, რომ სამი წელი ციხეში იჯდა, იმდენად ვაჟკაცია, რომ არავითარი შეწყალება არ დაწერა. უფალს ვევედრები, უმრავლოს საქართველოს ასეთი ვაჟკაცები. ჩემს შვილზე სერიოზულად იყო საუბარი, რომ მაღალი რანგის შავი სამყაროს წარმომადგენელი გამხდარიყო. სერიოზულ პატივს სცემენ, ძალიან ვაჟკაცურია. მიუხედავად იმისა, რომ მე უამრავი მეგობარი მყავს შავი სამყაროდან, არ ვიყავი მომხრე, ამ გზას გაჰყოლოდა. მე თვითონ ბევრ ქურდთან და ქურდის ცოლებთან ვმეგობრობ და დიდ პატივს მცემენ. მოსკოვში ძალიან დამეხმარენ, თან გადამყვნენ, როდესაც გამიტაცეს. მოსკოვში ყოფნისას მანქანა კი მემსახურებოდა, მაგრამ ერთ-ერთი ქურდის დაბადების დღიდან გამოვიპარე და ტაქსით წამოვედი. ალბათ, რომ გიწერია ადამიანს, ეგ იყო, თორემ რას მოვდიოდი. გამიტაცეს, სასიკვდილოდ დამჩეხეს და ტყეში დამადგეს. ერთი პროცენტი იყო გადარჩენის შანსი. გამიმართლა, რომ ზაფხული იყო, თორემ ზამთარში, ტყეში გავიყინებოდი და უკვე დიდი ხნის მკვდარი ვიქნებოდი. ისევ თვითონ მოვედი გონს. გზამდე გამოვსულვარ. კეთილი ადამიანები კი ყველგან არიან. სანამ გონს არ მოვედი, არავის გაუგია ჩემი ამბავი. რომ მოვედი აზრზე და ყველამ გაიგო, გადამყვნენ ჩემი დაქალები. სხვა ქალაქში გადამაფრინეს და ძლივს გამოვედი მდგომარეობიდან. მთელი მოსკოვი ფეხზე დადგა.

скачать dle 11.3