რას უმალავდა დეპუტატ სოფო ქაცარავას დიდი ბრიტანეთის ელჩი და როგორ დადიოდა ის დედოფალ ელიზაბეთის დაბადების დღეებზე #50
„ქართული ოცნების” ახალი სახე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი – სოფო ქაცარავა, ქართულ პოლიტიკაში დიპლომატიური ასპარეზიდან მოხვდა. ის 11 წელი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი იყო. ძალიან აქტიური, გახსნილი და კომუნიკაბელური სოფო ქაცარავა, ახალი თაობის დეპუტატებს შორის, გამორჩეული ჯილდოს მფლობელიც არის – ცოტა ხნის წინ დედოფალ ელიზაბეთის საპატიო ორდენი ერგო. როგორ გახდა სოფო ქაცარავა ამ ორდენის მფლობელი და ვინ მისცა „ვიზირება” პოლიტიკისკენ ოჯახურ თათბირზე, ამის შესახებ თავად სოფოსგან შეიტყობთ, რომელიც პირველი შეხვედრისთანავე, პოზიტიური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.
– სოფო, სად და როგორ გაიხსნა თქვენი „შრომის წიგნაკი”?
– პროფესიით უცხო ენების სპეციალისტი ვარ. ჩემი მშობლები ექიმები არიან. მედიცინასთან იყო დაკავშირებული ბებია-ბაბუაც. ამიტომ, თითქოს ყველა ელოდა, რომ მეც ექიმი გავხდებოდი. პატარაობისას ისიც კი მეგონა, რომ ექიმის გარდა, სხვა პროფესია არ არსებობდა. მაგრამ, ისე მოხდა, რომ მე ოჯახურ ტრადიციას ვუღალატე (იცინის). ძალიან ლიბერალური და დემოკრატიული ოჯახი მაქვს. მათგან რაიმე ფორმით ძალადობა, მაინცდამაინც ექიმობა ამერჩია პროფესიად, გამორიცხული იყო. უდიპლომო ექიმი ვარ. გენეტიკას კი ვუღალატე, მაგრამ მედიცინაში ჩემს სამ შვილზე მაინც დავოსტატდი (იცინის). ჩემი თავი ყოველთვის წარმომედგინა საერთაშორისო ასპარეზზე. ამ განცდას მიმძაფრებდა უცხო ენების ცოდნა. ჩემი პირველი არაფორმალური სამსახური იყო რეპეტიტორობა (იცინის). ინსტიტუტის შემდეგ ვამზადებდი მოსწავლეებს ინგლისურში, ჩემი ეს საქმიანობა რამდენიმე თვე გაგრძელდა. ამის შემდეგ იყო გარემოს დაცვის მსოფლიო ფონდი, სადაც რამდენიმე წელი გავატარე და კარგი სამუშაო გამოცდილება მივიღე. 2005 წელს გავიარე კონკურსი ბრიტანეთის საელჩოში და დავიწყე მუშაობა პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. ერთ წელიწადში ამ სამსახურის უფროსი გავხდი. შემდეგ ჩემს საქმიანობას დაემატა პროექტების მენეჯმენტი. 2010 წლიდან გავხდი საელჩოს პოლიტიკური მდივანი და აქტიურად ჩავერთე საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებულ მთელ რიგ ღონისძიებებში.
– თქვენ იმ იშვიათ ადამიანთა შორის ხართ, ვისაც დიდი ბრიტანეთის საპატიო ორდენი ერგო. როგორ მოიპოვეთ დედოფალ ელიზაბეთის ნდობა?
– ინიციატორი, ჩემთვის ეს ორდენი გადმოეცათ, იყო დიდი ბრიტანეთის წინა ელჩი საქართველოში, ალექსანდრა ჰოლჰოლი. როგორც ყველა ელჩთან, მასთანაც ძალიან მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა მქონდა. გამომდინარე იმ პოზიციიდან, რაც საელჩოში მეკავა. მე არ ვიცოდი, რომ ამ ჯილდოზე ვიყავი წარდგენილი. ალექსანდრა საიდუმლოდ იცავდა ამ ინიციატივას, სანამ იმ ხანგრძლივ პროცედურას გაივლიდა, რასთანაცაა დაკავშირებული ამ ჯილდოს მიღება. როდესაც ბუკინგემის სასახლიდან, კომისიის მიერ მიღებული დასტური შეიტყო, მხოლოდ ამის შემდეგ გამიმხილა, რომ ჩემთვის ეს ჯილდო უნდა მოენიჭებინათ. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური და გულისამაჩუყებელი გახლდათ. საელჩოში ყველაფერს ვაკეთებდი, რაც გასაკეთებელი იყო და მნიშვნელობა არ ჰქონდა, მეხებოდა თუ არა ეს მე. ჩემთვის არ არსებობდა ჩარჩო, გრაფიკი. არც იმას ვემორჩილებოდი, როცა ელჩი მეუბნებოდა, ათი საათია და უნდა წახვიდეო. ისინი ხომ სხვა სტანდარტით მუშაობენ და მუდმივად ზრუნავენ, რომ მათი თანამშრომელი ზედმეტად არ გადაიღალოს (იცინის). ალბათ, ეს მომენტი დაინახა ამ ადამიანმა ჩემში და ამის გამო გამომარჩია. მართალია, ალექსანდრა ჰოლჰოლი უკვე აღარ არის საქართველოში და ვერც ჩემი დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო, მაგრამ მისი მადლიერი ვარ, ამ მნიშვნელოვან ტიტულზე რომ წარადგინა ჩემი კანდიდატურა. როგორც მითხრეს, ბუკინგემის სასახლეში იმართება ხოლმე ამ ჯილდოს მფლობელთა სიმბოლური შეკრება. მათი რაოდენობა მრავალრიცხოვანი არაა – ამ ჯილდოს ნომინანტებს, განსაკუთრებულად არჩევენ. იმედი მაქვს, რომ ამ ღონისძიებაზე ერთხელ მაინც შევხვდები დედოფალ ელიზაბეთს.
– საერთოდ თუ შეხვედრიხართ მას?
– სამწუხაროდ, არა! ბუკინგემში ვყოფილვარ, როგორც ტურისტი, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ დედოფალ ელიზაბეთს შეხვდები იქ. მის მიმართ, როგორც ადამიანს, რომლისთვისაც ძალიან ღირებულია დიდი ბრიტანეთი, ყოველთვის მქონდა განსაკუთრებული, ემოციური დამოკიდებულება. ამასთან დაკავშირებით, ერთ მხიარულ ისტორიას მოგიყვებით. პატარა რომ იყო, ჩემს უფროს ბიჭს, სანდროს დიდხანს ეგონა, რომ მე ყოველ წელიწადს, ივნისის პირველ ორ კვირაში, დედოფალ ელიზაბეთს ვხვდებოდი. წლების განმავლობაში ჩემგან ესმოდა, რომ ვმართავდით დედოფლის დაბადების დღეს, რაც ყველა დიპლომატიურ მისიაში აღინიშნება ტრადიციულად. წინა დღეს, სახლში ყოველთვის ვიბარებდი, ხვალ მოვალ გვიან, დედოფლის დაბადების დღე გვაქვს-მეთქი. ერთ დღეს ჩემი შვილი ტელევიზორში უყურებს გადაცემას დედოფალზე და უცებ მეკითხება: დედა, შენ ხომ დედოფალს ძალიან კარგად იცნობო. გავიკვირვე, არა, დედა, საიდან უნდა ვიცნობდე. ასე, ტელევიზიით მყავს ნანახი-მეთქი. აბა, ყოველ წელს ვის დაბადების დღზე დადიხარო?! – გაუკვირდა ბავშვს, რომელსაც, თურმე ეგონა, რომ მე და დედოფალი ელიზაბეთი ერთად აღვნიშნავდით ამ დღეს. ახლა, როცა ჯილდო უნდა გადმოეცათ, ბავშვებმა მკითხეს: დედა, ამ ღონისძიებაზე დედოფალიც იქნებაო (იცინის).
– როგორ შეცვალა ახალმა პოზიციამ თქვენი ცხოვრება?
– უკვე რამდენჯერმე მომიწია გვიანობამდე პარლამენტში ყოფნა, თუმცა, ეს ჩემთვის პრობლემა არაა. არ მიმაჩნია, რომ ეს დიდი მსხვერპლია. თუმცა, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ უფრო და უფრო ცოტა დრო მექნება ჩემი სამი შვილისთვის. მაგრამ ვიცი, ისინი გაგებით მოეკიდებიანა ამას. სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, უპირველესად, აზრი ვკითხე მშობლებს და შვილებს. პატარა ოჯახური თათბირი მოეწყო, სადაც ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, ჩემი პოლიტიკაში წასვლა. თუმცა, შვილებმა პირველად მაინც ის მკითხეს: ქუთაისში გადახვალ საცხოვრებლადო? როცა დარწმუნდნენ, რომ ქუთაისში არ გადავდივარ, „ვიზირებაც” მივიღე (იცინის).
– პარლამენტარი ქალბატონი, მნიშვნელოვანი კომიტეტის ხელმძღვანელი და სამი შვილის დედა, მშობლებთან რატომ ცხოვრობთ?
– ჩემი მშობლებისგან ყველანაირი მხადაჭერა მაქვს. ისინი რომ არა, ძალიან გამიჭირდებოდა აქტიურ საქმიან რეჟიმში ყოფნა. მათ დიდი წვლილი მიუძღვით ჩემი შვილების გაზრდაში. სამი შვილის გაზრდა კი იოლი არაა. უფროსი ბიჭი 15 წლისაა, მეორე ბიჭი – 8 წლის, მესამე – ირინა კი 7 წლისაა. მას ყველაზე მეტად სჭირდება ჩემი თავი. ამიტომ, როგორც კი დროს ვიპოვი, მის გვერდით ვარ. უკვე პარალამენტშიც მოასწრო მოსვლა. შაბათს საქმეების გამო, მთელი დღე აქ ვიყავი და ირინაც ჩემთან ერთად იყო.
– მოგიწევთ, ბევრ რამეს შეელიოთ ძველი ცხოვრებიდან.
– ალბათ, ასე იქნება და ამასთანაც შეგუებული ვარ. ბოლო წლებში უფრო და უფრო ცოტა თავისუფალი დრო მაქვს და ვცდილობ, შვილებს დავუთმო. უფროსი ბიჭი, უკვე დიდია და საკმაოდ დამოუკიდებელიც. თუმცა, პატარებს ჩემ გვერდით ყოფნა ძალიან სჭირდებათ. დროდადრო ვახერხებდით, რომ ერთად გავსულიყავით ქალაქგარეთ. არ ვიცი, ახლა ეს როგორ გამოგვივა. ვეღარ ვიცლი მეგობრებისთვის. მათთან ურთიერთობის ახალი „ფორმატი” შევიმუშავე – უცებ, გავუგზავნი ხოლმე მათ გულს, იმის ნიშნად: „მე თქვენ მახსოვხართ“! (იცინის) იმის მიუხედავად, რომ საოჯახო ამბებში მშობლები მეხმარებიან, მე თავადაც ვახერხებ აქტიურად ვიყო ჩართული ყველაფერში, რაც სახლს, ოჯახს ეხება. თავს არ ვიქებ, მაგრამ ძალიან მარჯვე ვარ – რემონტიც გამიკეთებია, ელიავას ბაზრობაზეც ბევრი მივლია და სახლის კედლებიც შემიღებავს საკუთარი ხელით. საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში მაქვს სახლი. რამდენიმე წლის წინ სამ კვირაში გავაკეთე რემონტი, რომ ინგლისელი სტუმრისთვის ღირსეულად მემასპინძლა. რაც მე საგარეჯოში ცემენტი და ქვიშა ვზიდე, კარგ ხელოსანს შეშურდებოდა. საკუთარ თავზე ავიღე ყველაფერი. საგარეჯოში ვყიდულობდი ყველაფერს, რაც მჭირდებოდა. რაც იქ ვერ ვიპოვე, თბილისიდან წავიღე და ის სამი კვირა მანავი-საგარეჯო-თბილისის გზაზე ბევრი სამშენებლო მასალა ვზიდე (იცინის).