რა დიდი ტრაგედია გადაიტანა ქეთი ხუციშვილმა და ფიქრობს თუ არა ლუნა მეორედ ოჯახის შექმნაზე #50
მთვარისა, იგივე ლუნა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო სერიების ერთ-ერთი, ყველაზე აქტუალური გმირია, რომელსაც მაყურებლის მხრიდან უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. მისი როლის შემსრულებელი ქეთი ხუციშვილი პროფესიით იურისტია და მსახიობობა პირველად სცადა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, პაროდიები ბავშვობიდან კარგად გამოსდიოდა.
– ქეთი, როგორ დაიწყო შენი, როგორც მსახიობის მოღვაწეობა?
– ჩემმა დამ „ფეისბუქზე“ ატვირთა ვიდეო, რომელშიც მე ქართლელი ქალის პაროდიას ვაკეთებ. ეს ვიდეო ძალიან პოპულარული გახდა, ბევრი გამოხმაურება ჰქონდა და „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტ ქეთი დევდარიანსაც უნახავს, მოსწონებია და ასე დამიკავშირდნენ. როლი რომ შემომთავაზეს, ბედნიერი ვიყავი – ვხვდებოდი, რომ მთელი საქართველო გამიცნობდა, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ მიმიღებდნენ, რა გამოვიდოდა და ამიტომ, მიჭირდა გადაწყვეტილების მიღება. საკუთარ თავთან ბრძოლები მქონდა, მაგრამ ბოლოს ისევ ჩემი დის დაჟინებული თხოვნით, გავრისკე და გაამართლა.
– რამით ჰგავხარ ლუნას?
– აბსოლუტურად არ ვგავარ. ლუნას ხასიათი და ქცევები, მეუღლესთან დამოკიდებულება და უხეშობა, ჩემთვის მიუღებელია. შეიძლება, ისეთი ოჯახური სირთულეები, დუხჭირი ცხოვრება აქვს გამოვლილი, რომ ნერვები გაუფუჭდა და მის ქცევას აქვს გამართლება, მაგრამ ჩემთვის მისი ხასიათი მაინც მიუღებელია. თუმცა, მომწონს მისი შემართება და შეიძლება, მეც იგივე შემართებით მეცხოვრა.
– ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სცენა იყო, როცა ლუნამ თანამშრომელი თმით ათრია. რთული იყო გადაღების პროცესი?
– (იცინის) კი, ამ სცენის გადაღების დროს ძალიან დაძაბული ვიყავი. ვნერვიულობდი, ძალიან არ ვატკინო-მეთქი და თან, ნაზადაც ვერ გავაკეთებდი – რეალური აღარ იქნებოდა და კადრი გაფუჭდებოდა. თვითონ ნინო ოკუჯავამ – სერიალში მაიკომ დამამშვიდა, გეხვეწები, რეალურად მომქაჩე თმებშიო და გამიადვილა საქმე. მეც კარგად წავავლე ხელი თმაში და ბევრი კადრი არც დაგვჭირვებია (იცინის).
– წარმომავლობა მაინტერესებს. ხაშურთან გაკავშირებს რამე?
– კი, ქართლელი ვარ და სოფელი მაქვს კასპის რაიონში, ხოვლეში. ბავშვობაში იქ ვისვენებდით ხოლმე. შესაბამისად, ეს კილო და მანერები კარგად მაქვს ათვისებული. ისე, თბილისში ვცხოვრობ.
– სერიალამდე რა ხდებოდა შენს ცხოვრებაში?
– ადრე იუსტიციის სამინისტროში ვმუშაობდი. მერე გავთხოვდი, ბავშვი მეყოლა და ძირითადად, სახლში ვიყავი შვილთან ერთად. სიმღერის, ცეკვისა და პაროდიისთვის ბევრი დრო მქონდა (იცინის). ჩვეულებრივად ვცხოვრობდი, არც ძალიან აქტიურად და არც მოსაწყენად.
– შვილის შესახებ მომიყევი.
– ერთი შვილი მყავს – ბიჭი, გიორგი ჰქვია და 14 წლისაა. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ძალიან წყნარი, მშვიდი ბიჭია. ძალიან მოსწონს დედის ახალი ამპლუა. ამაყობს ამ ყველაფრით.
– როგორც ვიცი, მეუღლესთან დაშორებული ხარ.
– კი, ძალიან დიდი ხანია, რაც დავშორდით ერთმანეთს, დაახლოებით, ათი-თერთმეტი წლის წინ. მაშინ ჩემი შვილი ოთხი წლის იყო. თუმცა, ცუდად არ დავშორებივართ, როგორც ცივილიზებულ ადამიანებს შეეფერებათ, ყველაფერი ისე მოხდა.
– ახლა აღარ გაქვთ ურთიერთობა?
– საერთოდ არა. წლების განმავლობაში არანაირი შეხება არ გვქონია, არც პირადი და არც სატელეფონო.
– არც შვილს აქვს მამასთან ურთიერთობა?
– არა. მე და ჩემს შვილს გაცილების დღიდან მასთან არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. არც ვიცით, სად არის. თავის დროზე ერთმანეთს კარგად დავშორდით და ყველანაირი ვალდებულება მოვუხსენი. მას შემდეგ მარტონი ვართ.
– ალბათ, პატარა იყავი, როცა ოჯახი შექმენი.
– 19 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. პირველი შვილი, სამი თვის გოგონა დამეღუპა. ვირუსი შეხვდა და სამწუხაროდ, ვერ ვუშველეთ. ამის შემდეგ დასტრესილი ვიყავი, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, პრობლემები სხვისთვის არ მომიხვევია თავს. ვერავინ შემამჩნევდა, რომ ცხოვრებაში დიდი ტრაგედია მქონდა გადატანილი. ჩვეულებრივად ვიცინოდი და ცხოვრების დინებას მივყვებოდი. სამი წლის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში სასწაული მოხდა, დაიბადა გიორგი და ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო.
– რთული არ იყო ოთხი წლის ბავშვით მარტო დარჩენა?
– აბსოლუტურად არა. პირიქით, თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. როცა მე და ჩემი ყოფილი მეუღლე ერთად ვცხოვრობდით, მიუხედავად იმისა, რომ არ ვჩხუბობდით, აშკარა იყო, რომ ერთად კარგად არ ვიყავით. ეს ნაბიჯი მე გადავდგი და მეუღლეს ვუთხარი, რომ ერთად ვეღარ ვიქნებოდით. ასეთი ურთიერთობა დიდხანს ვეღარ გაგრძელდებოდა. ძალიან კარგად მიიღო ეს ამბავი და დავშორდით. ყველაფერი იქ დამთავრდა. ჩემი შვილი მაშინ ოთხი წლის იყო და მამა ძალიან ბუნდოვნად ახსოვს. ამიტომაც უმისობა არ უგრძნია. დიდი რომ ყოფილიყო, ალბათ, უფრო რთული იქნებოდა მშობლების დაშორებასთან შეგუება. შეიძლება, მამა ვერავინ შეგიცვალოს, მაგრამ ჩვენ ყველანაირად შევუვსეთ მისი ადგილი. მაშინ მე არ ვმუშაობდი და დამოუკიდებლად მის გაზრდას ვერ მოვახერხებდი. ჩემი მშობლები დამიდგნენ გვერდში ყველანაირად და საცხოვრებლადაც მათთან გადავედი. თუმცა, ახლა უკვე ცალკე ვცხოვრობთ მე და ჩემი შვილი.
– ახლა რა ხდება პირად ცხოვრებაში? გარეგნულად ძალიან მაგარი გოგო ხარ. თაყვანისმცემელი პოპულარობამდეც ბევრი გეყოლებოდა, მაგრამ ახლა, ალბათ, უფრო გაიზარდა მათი რაოდენობა.
– ძალიან დიდი მადლობა (იცინის). ყველაფერი ძალიან ზომიერადაა. გადაჭარბებით არაფერი ყოფილა. სასწაულები ხდება-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან დიდ სითბოს ვგრძნობ ყველასგან და თითოეულ მათგანს უდიდეს მადლობას ვუხდი. თაყვანისმცემლებს რაც შეეხება, განსაკუთრებული არაფერია.
– მეუღლესთან დაშორების შემდეგ, დაქორწინებაზე აღარ გიფიქრია?
– კი, მიფიქრია. რაღაც სიტუაციებიც ყოფილა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მივხვდი, რომ ეს ნაბიჯი არ უნდა გადამედგა. მიზანმიმართულად, მეორე ოჯახის შექმნაზე არც ახლა ვფიქრობ. საერთოდ, დაგეგმილად არ ვცხოვრობ და არ ვიცი, რას მომიტანს ხვალინდელი დღე. ამ ეტაპზე სიყვარულის ან მოწონების მსგავსი არაფერია (იცინის).
– სერიალში უშუალო პარტნიორი – მეუღლე, სინამდვილეში, შენი ნათესავია, არა?
– კი, ჩემი ქმრის როლს ვახო ოქრუაშვილი ასრულებს. ის ჩემი ბიძაშვილია. სერიალში ისიც ჩემსავით მოხვდა. ვიდეო გვქონდა გადაღებული, რომელშიც სუფრასთან ვსხედვართ და ცოლ-ქმარივით ვჩხუბობთ. ქეთი დევდარიანს ეს ვიდეოც ჰქონდა ნანახი და ორივეს დაგვიკავშირდა.
– თქვენი ოჯახის წევრებისა და ნათესავების შეფასებები როგორია?
– საახლობლო იმდენად მიჩვეული იყო ჩემგან პაროდიებს ბავშვობიდანვე, რომ არც გაჰკვირვებიათ. ყველა მეუბნება: აი, ქეთი, ეს არის შენი ადგილიო. მეც, როგორც თევზი წყალში, ისე ვგრძნობ თავს. თავის დროზე დაუფიქრებლად მივიღე გადაწყვეტილება და იურიდიულზე ჩავაბარე. თუმცა, ახლა მსახიობობისთვის თავის დანებებას არ ვაპირებ (იცინის).
– სიმღერაც კარგად გამოგდის. გიორგი სუხიტაშვილთან ერთად შესრულებულმა დუეტმა ყველა აღაფრთოვანა. მუსიკალური განათლება გაქვს?
– ფორტეპიანოს შვიდწლედი მაქვს დამთავრებული, მაგრამ ძალით მატარებდნენ (იცინის). უფრო სიმღერა მიყვარდა. სახლში ყველა ვმღერით. სამ ხმაში ვშლიდით და დედაჩემი გიტარაზე უკრავდა. ფორტეპიანოზე ახლაც ვუკრავ, მაგრამ მაინც სიმღერა მირჩევნია.