კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის სასულიერო პირი, რომელიც ნაჩუქარ ავტომობილს, ოქროს ჯვარს, ტელეფონს ყიდის და აღებული ფულით გაჭირვებულებს ეხმარება #50

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ხშირად წერს საინტერესო ისტორიებს, ამბებს და რაც მთავარია, ისეთ ინიციატივებს, შემდეგ ბევრი ადამიანი რომ იზიარებს. გარდა ამისა, გოგა უკვე წლებია, აქტიურად იღებს ქართული სულიერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს უცხოეთში და ამ კუთხითაც ბევრი საინტერესო მასალა და ფოტო აქვს.
გოგა ჩანადირი: გადავწყვიტე, ჩემი ინიციატივით გადავიღო ქართული სულიერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებიც უცხოეთშია. ერთ-ერთია კვიპროსში – ღალიის მონასტერი. კვიპროსში უკვე წლებია, მოღვაწეობს მამა ზაქარია (ფერაძე), რომლის მიმართაც კვიპროსის საეკლესიო ხელისუფლება კეთილგანწყობილია. ძალიან ეხმარებიან, რომ მან შეუფერხებლად ჩაატაროს წირვა-ლოცვა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომაც დიდი ყურადღება გამოიჩინა, რათა ღალიაში ჩატარებულიყო სარესტავრაციო სამუშაოები, გადახურულიყო ღალიის მონასტერი. რაც მთავარია, უკვე გამოიყო ტერიტორია, სადაც ქართული მონასტერი აშენდება. თავად ღალიის მონასტერთან,  დაახლოებით 200 მეტრში,  არის ქართული მონასტერი. მე იქ ვნახე ღვთისმშობლის დიდი, ქართული ხატი, რომელზეც ქართველი და კვიპროსელი წმიდანებია გამოსახული და მასზე ლოცულობენ როგორც ქართველები, ასევე კვიპროსელები. ამასთან დაკავშირებით მამა ზაქარიამ ერთი საინტერესო ამბავი მიამბო. როდესაც საუბარი მიდიოდა ქართული მონასტრის აშენებაზე, კიკოს მონასტრის მღვდელმსახურს ჰკითხა: მამაო, ტაძრის აშენება გვინდა და საიდან დავიწყოთო. მას უპასუხია: ღვთისმშობლის ხატის დაწერით დაიწყეთო. ერთი კვირის შემდეგ კი უთქვამს: მესიზმრა, რომ აპირებთ ასეთი რამის გაკეთებას, დაწერეთ ღვთისმშობლის ხატი და მასზე დაიტანეთ როგორც ქართველი, ასევე კვიპროსელი წმიდანებიო. 2 წელი გრძელდებოდა ხატის შექმნა და საბოლოოდ, დაიწერა ძალიან ლამაზი, დიდი ხატი. კიკოსის მონასტერში არსებობს ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც სახე აქვს დაფარული. ბერები ისე წმენდენ, რომ არ უყურებენ, რადგან გარდამოცემის თანახმად, ვინც მას შეხედავს, დაბრმავდება. როდესაც საქართველოდან ჩამოაბრძანეს ხატი და მიაბრძანეს კიკოსის მონასტერში,  ისე დაემთხვა, რომ კიკოსის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული იყო. ამ დროს კიკოსის ღვთისმშობლის ხატი გამობრძანდება ხოლმე და როგორც მამა ზაქარია ყვებოდა საოცარი განცდებით – სწორედ ამ დღეს შეხვდა კვიპროსის ღვთისმშობელი ქართველ ღვთისმშობელსო. სხვათა შორის, მამა ზაქარიას ხათრით, მომცეს უფლება, გადამეღო  კიკოსის ღვთისმშობლის ხატი, ისევე, როგორც იქ დაცული ქართველი სამღვდელოების შესამოსელი, მათ შორის, მიტრა. მამა ზაქარიასთან ერთად ყოველთვის გზა მქონდა ხსნილი, რადგან მას ძალიან დიდ პატივს სცემენ.
– ცოტა ხნის წინ პეტრიწონის მონასტერში იყავი და იქაც უნიკალური ფოტოები გადაიღე.
– პეტრიწონის მონასტერში პირველად 2013 წელს ვიყავი. მახსოვს, როგორ გამაწამეს ადგილობრივებმა. მითხრეს: ილოცე, რამდენიც გინდა, მაგრამ ვერ გადაგაღებინებთ ფოტოებს. ერთადერთი, შეგიძლია, ტაძრის ფონზე დადგე და ისე გადაიღოო. არაფერმა  გაჭრა. ახლაც იმ განწყობით მივედი, რომ ფოტოებს არ გადამაღებინებდნენ. მობილურით გადავიღე გარედან ტაძრის ერთი-ორი კადრი. სასულიერო პირებმა დამინახეს, მაგრამ არაფერი უთქვამთ: ვიფიქრე, ალბათ, მობილურს არ აქცევენ ყურადღებას-მეთქი. შემდეგ ტაძარში შევედი, მოვილოცე, სანთელი დავანთე. სხვათა შორის, ჩემი დიდი სურვილი იქნება, საქართველოს ეკლესია დაფიქრდეს ერთ საკითხზე: იქ, სადაც ძველი ფრესკებია, სანთლის დასანთებად ცალკე კუთხე გამოჰყონ, რათა კვამლმა და  ჭვარტლმა არ დააზიანოს ფრესკები. ბერძნულ ეკლესიებში, უცხოეთში ბევრგანაა ასეთი გამოყოფილი ადგილი. მოკლედ, რომ მოვილოცე ხატები, შემდეგ ღვთისმშობლის ქართული ხატი, რომელიც 1311 წელსაა დაწერილი, ტელეფონით გადავიღე, ფოტოაპარატი მხარზე მქონდა გადაკიდებული. ერთ ახალგაზრდა კაცს ვკითხე: თუ შემიძლია, ფოტოაპარატით ფოტო გადავიღო-მეთქი და არა, მხოლოდ მობილურითო. მეც გავაგრძელე მობილურით ფოტოს გადაღება. შემდეგ მღვდელმსახურები შემოვიდნენ და ერთმა მკითხა: საიდან ხარო. გავშრი, რადგან წინა დღეს სოფიის მთავარ საკათედრო ტაძარში, როდესაც ერთი ფოტო გადავიღე მობილურით, მითხრეს: ათი ლევი უნდა გადიახადო, ან წაშალოო. ძალიან მეწყინა და ვუთხარი: ბაზრად აქციეთ ტაძარი, გაიხსენეთ, იესომ რა გააკეთა-მეთქი. როცა პეტრიწონის მონასტერშიც მღვდელმსახურმა მკითხა, საიდან ხარო, მაშინვე ეს ამბავი წამომიტივტივდა და ვფიქრობდი: რა მეპასუხა. ვუთხარი, საქართველოდან ვარ-მეთქი. გადაირია: საქართველოში ნამყოფი ვარ, ძალიან მიყვარსო. ყველა ადგილი ჩამომითვალა, სადაც იყო ნამყოფი. ვუთხარი: ფოტოაპარატით მინდა ხატის გადაღება, რადგან ჩემთვის ძვირფასი ხატია-მეთქი. მაშინვე დამრთო ყველაფრის გადაღების უფლება. ტაძრის გუმბათზე არის ჯვარი, რომელზეც ვიცი, რომ ქართული წარწერაა. მაგრამ იმ სიტუაციაში ძალიან მოუმზადებელი ვიყავი. წინასწარ განვეწყვე, რომ არ გადამაღებინებდნენ ფოტოს, ამიტომ ვერ მოვახერხე ასვლა და გადაღება. თუმცა, შემდეგში უკვე სხვანაირად ჩავალ. პეტრიწონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს, გარდა იმისა, რომ ქართულია, მთელი ბულგარეთი ეთაყვანება. ის ბულგარეთის ერთ-ერთ უდიდეს ხატად და სიწმიდედ მიიჩნევა. ფოტოს გადაღება რომ მინდოდა, ხატს მინაზე ამბორის კვალი ემჩნეოდა თითის ანაბეჭდივით. იქვე, ერთი ქალი წმენდდა იატაკს და მას ვთხოვე: იქნებ გაწმინდოთ-მეთქი. გაწმინდა და გადავიღე რამდენიმე კადრი. შემდეგ მომიტრიალდა და მკითხა: საიდან ხარო. საქართველოდან-მეთქი. მე რუსეთიდან, ოღონდ 20 წელია, ბულგარეთში ვცხოვრობ. არასდროს მიყვარდა ქართველები, საბჭოთა კავშირის დანგრევას მათ ვაბრალებ, მაგრამ ამ ხატმა შემაყვარა. ამ ხატმა მომიყვანა აქ და ყოველდღე დავდივარ, უსასყიდლოდ ვემსახურები ჩემს ღვთისმშობელსო. ყველამ იცის, რომ ქართული ხატია და ყველა აღფრთოვანებით საუბრობდა არა მხოლოდ ხატზე, არამედ ქართულ დამწერლობაზეც. ყველამ იცის ამ ტაძრის დაარსების ისტორია, ყველა დეტალი. ქართული ისტორიული კერა, სადაც ვიყავი კიდევ, არის ათონის მთა, ივერონი. საოცარია ის სიყვარული, ემოცია, ლოცვა, განწყობა, რომელსაც ამ მონასტრის, ღვთისმშობლის ხატის მიმართ გამოხატავენ. ათონის მთაზე არსებობს ასევე მონასტერი, სადაც სატრაპეზოში  ქართველი მთავრების, ლევანისა და ალექსანდრეს ფრესკებია, რომელიც გადავიღეთ. ივერთა მონასტერი იმითაცაა საინტერესო, რომ იქ არის თორნიკე ერისთავის აბჯარი. ათონის მთაზე მდებარეობს წმიდა პანტელეიმონოს ტაძარი, სადაც არის ბიბლიოთეკა და მოღვაწეობს ქართველი – მამა ერმოლაოსი. მან მთელი ბიბლიოთეკა ქართული ჩუქურთმებით დამზადებული ავეჯით გააწყო, ქართული გარემო შექმნა. მან აღმოაჩინა რამდენიმე ძველი ქართული ხელნაწერი და ისეთი ბიბლიოთეკა შექმნა, როგორიც მთელ მსოფლიოში, ალბათ, არავის აქვს... რაც შეეხება ტაო-კლარჯეთს, იქ 300-მდე ქართული ძეგლია, ბევრი ციხესიმაგრე, რომელთაგან ყველაზე ძვირფასი ჩემთვის ოშკია. მასთან მემართება საოცარი განცდები, არ ვიცი, ამას რა დავარქვა. ისეთ დიდ ტკივილს არსად განვიცდი, როგორც ოპიზასთან, რომელიც გზის გაყვანის გამო, შუაზე გახლიჩეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებია ჰერეთში და ყველა ქართველს მოვუწოდებ, რომ გიორგობას წავიდეს ჰერეთში და ნახოს ისინი. ასევე, ჩემთვის საყვარელი, მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელიც საქართველოს საზღვრებს გარეთაა, ისტორიულ ლორეში – ახტალის ტაძარია, რომელსაც გუმბათი არ აქვს. დროებით არის გადახურული, წყალი რომ არ ჩავიდეს და სომეხი ღვთისმსახურები წირავენ ხოლმე. იქ მეცხრამეტე საუკუნის ქართული საფლავებია. თვითონ ახტალაში კიდევ ორი ლამაზი, პატარა ტაძარია. ასევეა ქობაერის კომპლექსი, სადაც ქართული და სომხური ტაძრებია, თავისი ქართული ფრესკებით, საფლავებით. ამ პროცესებს ვიკვლევ, ვიღებ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
– სოციალურ ქსელში ხშირად წერ საინტერესო, ისტორიებზე. ერთ-ერთი შენი პოსტი სასულიერო პირს ეხებოდა, რომელიც მუდმივად ეხმარება ადამიანებს. მომიყევი მის შესახებ.
– მე და ჩემი მეგობარი ალექსანდრე ერთ-ერთ მონასტერში ვიყავით. რომ მივედით, ერთმა ახალგაზრდა, ასე 30-32 წლის მამაომ ჩაგვიარა და მოგვესალმა. გამოველაპარაკეთ, ჩემი იდეები გავუზიარე.  როცა ტაძრის ეზოში დარგულ ბზაზე ვლაპარაკობდით, მაშინ მითხრა – იესო ჩემი დიდი მასწავლებელია. ის იერუსალიმში სახედრით შევიდა და არა სამეფო ეტლით. მე რა უფლება მაქვს, მასზე მეტი ვიყოო? ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში კიდევ ვისაუბრებდით, მაგრამ არამც და არამც მის საქციელზე საქებარი არ უნდა წამომცდენოდა. როდესაც ვთხოვე, რომ მასთან ერთად ფოტო გადამეღო, უარი მითხრა: არ შემიძლიაო. ადგა, მხარზე აქეთ მეამბორა, დაქოქა ნიკოლოზისდროინდელი ხმაურიანი „ფოლკსვაგენი“, მანქანიდან თავი ღიმილით გამოყო და ხელის აწევით მე და ალექსანდრეს დაგვემშვიდობა. იქვე იყო ერთი მამაო, რომელიც მიწაზე მუშაობდა. მან მითხრა: არ გეწყინოს, ფოტო რომ არ გადაგაღებინა, მას სხვა ფიქრები, საზრუნავი აქვს. ახლა საავადმყოფოში წავიდა, უნდა ილოცოს ავადმყოფებისთვისო. ეგ არაფერია, მრევლმა ახალთახალი ავტომობილი აჩუქა, გაყიდა და ფული 4 წლის ბიბის ძვლის ტვინის გადასანერგად მისცა. მერე ოქროს ჯვარი აჩუქეს, ისიც გაყიდა, ფული მაისურაძეების ექვსშვილიან ოჯახს გადასცა. შემდეგ  ნაჩუქარი ახალი ტელეფონიც გაყიდა და ნაირა ბებოს ეტლი შეუძინა. მოკლედ, უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული და ახლაც სხვის დასახმარებლად წავიდა. სულ გაურბის ხიბლს, რომ მერე ეს ამპარტავნებაში არ გადაეზარდოს. ცდილობს, სხვებისთვის იცხოვროსო. როდესაც ამ მამაოზე დავწერე სტატუსი, ბევრმა დაწერა: ასეთი მამაოები თუ არსებობდნენ, აღარ გვეგონაო. ბევრმა ისიც დაწერა, რომ სხვებიც იქცევიან ასეო, რაც ძალიან გამიხარდა. ეკლესიას ძალიან გააძლიერებს ის, რომ მამები თავისი ინიციატივით დაეხმარონ ხალხს, მისცენ მაგალითი. მესმის, რომ სისულელეა, მღვდელმსახურები არ იყვნენ მანქანით ან ტელეფონით, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ფუფუნება. ეს უნდა იყოს საჭიროება და აამაღლებს ადამიანებს. ეკლესია არ უნდა გახდეს სიმდიდრის დაგროვებასთან ასოცირებული სივრცე, ეს მასთან დაგვაშორებს. სიმდიდრე ძირითად სიწმიდეებში გროვდებოდა, ხატებში – ისტორიას არ ახსოვს გამდიდრებული მამაოები. ჩვენც, მრევლმაც, ეკლესიას დიდი პასუხისმგებლობა ავკიდეთ, ამაში ვგულისხმობ ღვთიმსახურების განებივრებას ძვირფასი საჩუქრებით.

скачать dle 11.3