მიიღო თუ არა ნიკოლოზ ბარტყულაშვილმა ავსტრიაში სექსუალურ თამაშებში მონაწილეობა და რატომ დაესწრო ის ქალის ჩაქოლვის ცერემონიალს #50
მსოფლიო მოქალაქე ნიკოლოზ ბარტყულაშვილი, იგივე „ნიქს ენერჯი“ უკვე 128 ქვეყანაშია ნამყოფი და სულ განაგრძობს მოგზაურობას... მან ახლახან, ორ კვირაში თხუთმეტი ქვეყანა მოიარა და მალე კოსმოსში ნანახ შთაბეჭდილებებსაც გაგვიზიარებს... მანამდე კი, დედამიწის სხვადასხვა ქვეყანაში გადახდენილ საინტერესო თუ სახიფათო თავგადასავლებს გვიამბობს:
ნიკოლოზ ბარტყულაშვილი: მსოფლიო მოქალაქე და რეკორდსმენი ვარ, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მოგზაური. უკვე 128 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, თუმცა ციფრებს ყურადღებას არ ვაქცევ. ჩემი მოგზაურობის ოცნება უკვე ავიხდინე და მსოფლიო მოვიარე. მე მოსანიშნად, სელფების გადასაღებად და შეჯიბრებისთვის არ დავდივარ. ვსწავლობ ყოველი ქვეყნის ისტორიას, რელიგიას, კულტურას. აქედან გამომდინარე, ციფრებს ყურადღებას არ ვაქცევ. უკრაინაში ხშირად დავდივარ, ვკითხულობ ლექციებს. ახლახან ლვოვში ვიყავი დაპატიჟებული ლექციების წასაკითხად. იქიდან წავედი და ორ კვირაში 15 ქვეყანა მოვიარე – ევროპული ქვეყნები: პოლონეთი, ესტონეთი, ესპანეთი, შვეიცარია... სადაც არაერთხელ ვიყავი ნამყოფი, მაგრამ ყოველი მოგზაურობისას სხვადასხვა რაღაცეებს ვაკვირდები.
– ყველა ქვეყნის კულტურა, ადათ-წესები განსხვავდება ერთმანეთისგან, ყველგან შესაბამისი მოქცევა გმართებს, რთულია ეს პროცესი?
– ყველა ქვეყანაში სხვადასხვა ენა, სხვადასხვა კულტურა და გაგებაა. მაგალითად, არის ქვეყნები, სადაც შევაჭრება არ უყვართ. ზოგან, მაგალითად, თურქეთში, ჩინეთსა და კიდევ სხვა ქვეყნებში უნდა შეევაჭრო, რადგან ჩინეთში ორდოლარიანი ნივთი შეიძლება, ასი დოლარი დააფასონ. მათ მოსწოთ ვაჭრობის პროცესი. ერთხელ ერთ-ერთ არაბულ ქვეყანაში – იემენში ვიყავი. რაღაც ნივთი მომეწონა და შევევაჭრე. ფასზე რომ შევთანხმდით, აღარ მომინდა და ვუთხარი, არ ვყიდულობ-მეთქი. ეს ადამიანი გაბრაზდა, იყვირა და შეურაცხყოფაზე გადმოვიდა, იმდენად რომ, ხელი მკრა. მეც ქართულად მომივიდა, იმპულსებს ავყევი და უკან არ დავიხიე. შემიყვანა მაღაზიაში, ჩამოუშვა ჟალუზები და იქაც შეკამათება მოგვივიდა. მეორე კაცთან ერთად გამიყვანა უკანა კარიდან, სადაც, საითაც არ უნდა გაიხედო, სულ უდაბნოა, გორებიც კი არაა. ჩამსვეს მანქანაში და ამ უდაბნოში მიმიყვანეს ბედუინების კარავთან. მე მანქანაში დამტოვეს. ისეთი ადგილი იყო, იცოდნენ, მაინც ვერსად გავიპარებოდი. თვითონ კი შევიდნენ კარავში და დაიწყეს სმა, ქეიფი. რომ გათენდა, დავადექი გზას. იქ არის გაკვალული ბილიკები, მაგრამ უდაბნოს ქარი ამ ბილიკს შლის. თვითონ ისინი კი ხვდებიან, მაგრამ უცხო ვერ მიხვდება. ეს იყო ძალიან რთული მომენტი – დამემართა პირის სიმშრალე, მივდივარ ამ პაპანაქებაში და გზას დასასრული არ უჩანს. დავინახავდი მანქანას და ქვიშაში ვწვებოდი, ვიმალებოდი. უამრავი ქვეწარმავალი, მორიელი და გველია და არ იცი, საიდან რა გამოჩნდება. თან, ვშიშობ, არ დამაღამდეს, რადგან ღამით უფრო საშიშია. უდაბნოში ღამე გამოდიან მტაცებელი ცხოველები. ბოლოს დავინახე შუქი, ვიფიქრე, ალბათ, სოფელია-მეთქი და მივყევი ამ შუქს, რაც უფრო ვუახლოვდებოდი, უფრო მშორდებოდა. თურმე, იმათი მანქანა ყოფილა, ვინც გამიტაცა. თვითონაც შეშინებიათ და მეძებდნენ. ჩავუჯექი, მომაწოდეს წყალი, სხვანაირად დამელაპარაკნენ. მიმიყვანეს დასახლებულ ტერიტორიაზე. მერე მივხვდი, რომ მხოლოდ შეშინება უნდოდათ ჩემი, მაგრამ ამ დროს ბევრი რამ იცვლება ადამიანში. ძალიან რთული იყო იქ ყოფნა. ათასი ფიქრი მოგდის თავში, არ იცი, რა გელის, ყველაფერს ცუდს ელი...
– ქალბატონებთან ურთიერთობა და დამოკიდებულებაც ყველა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად გიწევს?
– ერთ რამეს გეტყვით. ქალთან ურთიერთობაში ძალიან მაკვირვებს სამყარო, იმდენად განსხვავებული დამოკიდებულებაა ყველა ქვეყანაში. პაკისტანში ყოფნისას მქონდა შემთხვევა, როცა წამიყვანეს და მაყურებინეს, თუ როგორ მოექცნენ ახალგაზრდა ქალს ღალატისთვის. შეკრებილი იყო ხალხი. მეც დამაინტერესა, რა ხდებოდა. ვიღაცას ეჭირა ეს ქალი. იქვე თხრიდნენ მიწას, რომელშიც სანახევროდ ჩაფლეს და ისე სწრაფად ჩაქოლეს, დახმარებას კი არა, გააზრებას ვერ მოასწრებ, რა ხდება. საშინელება იყო. მოვტრიალდი უცებ და გიდი მოვძებნე, რომ აეხსნა, რა ხდებოდა. თურმე, ამათ ტრადიცია აქვთ – ტურისტსაც აყურებინებენ, თუ როგორ ქოლავენ ქალს. რაც მეტი ხალხი შეიკრიბება, მით უკეთესია, რომ უფრო იგრძნოს ამ მსხვერპლმა დანაშაულის სიმძიმე – ნამუსმა შეაწუხოს და ისე მოკვდეს. ამ დროს მსოფლიოს მეორე მხარეს, ავსტრალიაში, მაგალითად, არის ყველაზე მეტი ნუდისტური პლაჟი, ყველაზე მეტი ისეთი კლუბი და რესტორანი, სადაც წყვილები იკრიბებიან და ერთმანეთს ცვლიან. მაგათი ფსიქოლოგიით ასეა, მერე სხვისკენ რომ არ გაექცეთ თვალი. ადამიანს ხომ სულ აქვს სიახლისკენ მიდრეკილება და აკრძალული უფრო იზიდავს. სექსუალური ურთიერთობები გადამწყვეტ როლს არ თამაშობს მათ ცხოვრებაში. მეც მოვხვდი ასეთ ადგილას. რესტორანში მინდოდა შესვლა და მეწყვილის გარეშე არ შემიშვეს. რომ ვიკითხე, რატომ-მეთქი – ამიხსნეს, რომ აქ შედიან წყვილები და ერთმანეთს ცვლიან. რადგან მეწყვილე არ მახლდა, მიმითითეს მეორე ადგილას, სადაც მარტო შედიან, იქვე გაიცნობენ ვიღაცას და მასთან აქვთ სექსი. მე ყველაფერი აკრძალული და განსხვავებული მაინტერესებს, ამიტომ შევედი. საერთოდ, ამიტომაც მომწონს ეს მსოფლიო, ასეთი კონტრასტული რომ არის. რადიკალიზმი ყველაფერში მიყვარს.
– სულ გადაადგილდები... პირადი ცხოვრებისთვის თუ იცლი?
– ჩემთვის შეყვარება უცებ მოდის. მე ვიზუალურად არ ვაკვირდები გოგოს, მთავარია, თვალებით ვიგრძნო, რომ ის ჩემია. ერთხელ ისრაელში მაღაზიაში შევედი, რაღაც ვიყიდე, შევხედე გამყიდველ გოგონას და უცებ ვიგრძენი, რომ ჩემია. მაღაზიიდან რომ გამოვედი, მოსვენება დავკარგე, გული იქით მიმიწევდა. რატომ, არ ვიცი, არც კი გამიცნია. ისევ შევბრუნდი, ვითომ რაღაცას ვყიდულობდი, სახელი ვკითხე და ჰოროსკოპი. მე სახელით არ ვიმახსოვრებ ადამიანს, რადგან სახელი არაფერს მეუბნება. ყველას ვიმახსოვრებ ჰოროსკოპით. მარტო ის ვიცი მის შესახებ, რომ ვერძი-დრაკონი იყო. მეორე დღეს იმ ქალაქიდან გამგზავრება მომიწია, სულ იმ გოგოზე ვფიქრობდი. ძალიან მინდოდა, ისევ წავსულიყავი და მენახა, მაგრამ მაშინვე ვერ შევძელი. მომდევნო ზამთარში შევედი იმ მაღაზიაში, ვიკითხე, მაგრამ აღარ დამხვდა. ორ-სამჯერ იყო ასეთი სიტუაცია, როცა კონტაქტი დავკარგე და აწი, ასე აღარ მოვიქცევი... ჩემს ოცნებებთან, სურვილებთან ძალიან კარგად ვმეგობრობ და პირად ურთიერთობაში უკან ვიხევ. კიდევ თუ მექნება ასეთი შემთხვევა, პირდაპირ მივალ და უკან აღარ დავიხევ.
– დედამიწა მოიარე და ახლა კოსმოსში აპირებ გამგზავრებას, როდის მოგვიყვები შთაბეჭდილებებს კოსმოსიდან?
– შემდეგი მისია კოსმოსია და 2020-ში ვაპირებ გამგზავრებას თერთმეტი დღით. ექვსკაციანი ჯგუფი მიდის ყოველ ექვს თვეში ერთხელ და იქ გადაჯდებიან. ცვლიან ერთმანეთს და ბრუნდებიან უკან. არიან კოსმონავტები და კიდევ დამატებით ორი ადამიანი. ჩემი ოცნებისთვის მომზადება აქედანვე დავიწყე. კარგ ფიზიკურ ფორმაში უნდა ვიყო. იქ პრაქტიკები მეწყება შემდეგი წლის შუა რიცხვებში. მე იმ დროისთვის კარგ ფიზიკურ ფორმაში უნდა ვიყო, რადგან ვარჯიში რომ დამეწყება, რთული იქნება. ყოველდღე გავდივარ ფეხით ორმოცდახუთ კილომეტრს. მინდა, ორგანიზმი მიეჩვიოს. ოცდაათ კილომეტრს ექვს საათს ვანდომებ. კარგია, რომ დადიხარ, რადგან მაგ დროს მედიტაციაში ხარ, ძალიან დიდი ენერგია გაქვს. შენში უშვებ კოსმოსს და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სიარული და საერთოდ ყველაფერი მაშინაა ცუდი, როცა იძულებით აკეთებ, შენი ნების საწინააღმდეგოდ. ერთხელ კიევში ქორწილში დამპატიჟეს. ქორწილში პატარძალმა განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა ჩემ მიმართ. სამჯერ გამომიცეკვა, სიძეს საერთოდ აღარ აქცევდა ყურადღებას, თან მე მეუბნება ხელში ამიყვანეო. თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი. მეორე დღეს დამპატიჟეს პოლტავაში, სადაც ამ სიძე-პატარძალს უნდა ეცხოვრა. ვართ ამ წყვილის სახლში და ესენი ისე წაკამათდნენ, რომ სიძე სახლიდან გაიქცა. მე შევედი ჩემს ოთახში, სადაც პატარძალიც შემომყვა. დაიწყო ტირილი, თავისი ემოციების გაზიარება: რომ ეს ქორწინება შეცდომა იყო და ასე შემდეგ. მეც ვეცადე, მენუგეშებინა და უცებ დაიწყო გამომწვევად მოქცევა. ვეუბნები, გაჩერდი, გაჩერდი... არ გაჩერდა... შენ ჩემთვის ფილმიდან გადმოსული გმირი ხარო და რომ არ გაჩერდა, გამოვედი მეც სახლიდან და დავადექი გზას ფეხით. იმიტომ კი არა, რომ ფული არ მქონდა, უბრალოდ, იმდენად გავერთე ფიქრებში, რომ პოლტავიდან კიევში ფეხით ჩავედი, რასაც ორ-დღენახევარი მოვუნდი.