კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაუსკდა გული „კაგებეში“ დაკითხვაზე მყოფ ამერიკელ ტურისტს გამომძიებლის კაბინეტში #50

სისხლიანი ძარცვა
1924 წლის 14 მაისს თბილისში, სოლოლაკში 45 წლის ევგენი ზონინი მოკლეს, რომელიც პროფესიით საიუველირო ნაკეთობათა ხელოსანი იყო. ის საკუთარ ბინაში მეუღლემ – სოფია ზონინამ აღმოაჩინა. მოკლულს ერთი ტყვია ზურგში ჰქონდა მოხვედრილი და ექსპერტის დასკვნით, ადგილზევე გარდაიცვალა.
ევგენი ზონინს წყნარი, მოკრძალებული ადამიანის რეპუტაცია ჰქონდა მეზობლებთან. იცოდნენ, რომ მტრები არ ჰყავდა, არც სიმდიდრე გააჩნდა და ყველას უკვირდა მისი ასეთი ტრაგიკული აღსასრული. გამომძიებლებს ვერსიაც კი არ ჰქონდათ ხელჩასაჭიდად. სწორედ ამ დროს გაანდო სოფია ზონინამ გამომძიებელს, რომ მისი მეუღლე მძარცველებმა მოკლეს, ბინიდან კი უნიკალური ალმასებისა და ბრილიანტების კოლექცია დაიკარგა, რომელიც საიდუმლო სამალავში იყო შენახული.
– ამ კოლექციის შეგროვება ჯერ კიდევ ევგენის დიდმა ბაბუამ დაიწყო ასი წლის წინ, რომელიც ამსტერდამში მუშაობდა იუველირად. კოლექციაში 120 ქვა იყო და ყველა გამქრალია, – უთხრა მოკლულის მეუღლემ გამომძიებელს.

„ეშვისკბილას“ ჩვენება
განსაკუთრებულ საქმეებს „ჩეკა“ იძიებდა. მით უმეტეს, რომ საქმე ეხებოდა ძვირფას ქვებსა და მკვლელობას. ამიტომ, ჩეკისტებმა ენერგიულად მოჰკიდეს ხელი ზონინის საქმეს და ვარლამ ჯიბლაძის, იგივე „ეშვისკბილას“ ბანდაზე გავიდნენ, რომელშიც ხუთი ადამიანი იყო გაერთიანებული და სწორედ მათ ჩაიდინეს ძარცვა. ჩეკისტებმა ბანდიტები ჩუღურეთის ერთ-ერთ სახლში ალყაში მოაქციეს და დანებება უბრძანეს. ატყდა ორმხრივი სროლა, რომლის დროსაც ერთი ჩეკისტი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. ბანდიტთაგან კი ოთხი დაიღუპა, ვარლამ ჯიბლაძე, იგივე ეშვისკბილა კი, „ჩეკას“ ჩაბარდა. მას განაკაწრიც კი არ ჰქონდა სხეულზე. დაკავებულმა აღიარა, რომ საიუველირო ნაკეთობათა ხელოსანი ზონინი მან და მისმა თანამზრახველმა ბანდიტებმა გაძარცვეს და მოკლეს.
– ზონინზე ვარლამ იაკობიძემ გაგვიყვანა. უფრო სწორად კი, 30 ათასი გადამიხადა ძარცვაში და მითხრა, – ზონინს ჩემი ნივთები აქვს. შესანახად მივაბარე და აღარ მიბრუნებსო, – უყვებოდა ჯიბლაძე გამომძიებელს.
„ჩეკამ“ ჯიბლაძისგან 30 ათასი მანეთი ამოიღო, რომელიც მას იაკობიძემ 120 ცალი ალმასისა და ბრილიანტის სანაცვლოდ გადასცა. სასამართლომ ბოროტმოქმედს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და გააციმბირა.
სამი ტყუპი
„ჩეკამ“ ვარლამ იაკობიძის პიროვნების დადგენისას გაარკვია, იაკობიძეები სამი ტყუპი ძმა – ვარლამი, კონსტანტინე და იაკობი 25-25 წლის  იყვნენ. ისინი სოლოლაკში, ზონინის მეზობლად ცხოვრობდნენ და როგორც გაირკვა, ვარლამი და კონსტანტინე 1917 წლის რევოლუციამდე ზონინებს მოსამსახურეებად ედგნენ. იაკობიძეების დასაკითხავად და დასაპატიმრებლად მისულ ჩეკისტებს, სახლში მხოლოდ იაკობ იაკობიძე დახვდა, რომელიც ბავშვობიდან ინვალიდი იყო, დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდა და ინვალიდის ეტლით სარგებლობდა. მან გამომძიებლებს განუცხადა, რომ სამი დღეა, ტყუპი ძმები არ გამოჩენილანო და ისიც აღნიშნა, რომ ზონინის ძარცვა-მკვლელობაში მისი ტყუპისცალის, ვარლამის მონაწილეობის შესახებ, არაფერი იცოდა. „ჩეკამ“ ტყუპების სახლთან მეთვალყურეები დატოვა. თან, ვარლამ და კონსტანტინე იაკობიძეების ინტენსიურ ძებნას შეუდგნენ – ძმებზე საკავშირო ძებნა გამოაცხადეს.

ტყუპისცალის მონაყოლი
კონსტანტინე იაკობიძე, ანუ ერთ-ერთი ტყუპისცალი მილიციამ 1924 წლის 15 აგვისტოს დააკავა ბათუმში და ადგილობრივ „ჩეკას“ გადასცა. ის ჯერ ჯიუტობდა და კითხვებზე არ პასუხობდა. მაგრამ, როდესაც ჩეკისტებმა კონსტანტინე პრეს-ხატაში (საწამებელი ოთახი) შეიყვანეს და აუხსნეს, თუ რა ელოდა, შეშინებულმა პატიმარმა საწერ-კალამი და ფურცელი მოითხოვა და დაწერა: „მე და ვარლამი ბავშვობიდან ზონინებს ვემსახურებოდით. ერთხელ, შემთხვევით შევესწარით, თუ როგორ ათვალიერებდა ევგენი თავის ძვირფას ქვებს. იმ დღიდან მოყოლებული ვარლამს ამ ქვების დაუფლების ჟინი გაუჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ვუშლიდი ამის გაკეთებას, მან რამდენჯერმე გაჩხრიკა ზონინების ბინა, მაგრამ ქვები ვერსად იპოვა. ამ სამი თვის წინ, ვარლამმა ეშვისკბილა, იგივე ვარლამ ჯიბლაძე დაიქირავა ქვების ხელში ჩასაგდებად, გასამრჯელოდ კი, 30 ათასი მანეთი მისცა. ფული ჩემმა ძმამ საცოლის დედ-მამისა და ბიძა-ბიცოლისგან ისესხა. ძვირფასი ქვები რომ მიიღო, ფული გადაიხადა. მაგრამ, რომ შევიტყვეთ, ზონინი მოკლული იყო, დავიმალეთ...“ კონსტანტინე იაკობიძისვე ჩვენებით, ვარლამმა ძვირფასი ქვები თურქეთში, კონდრაბანდული გზით გაიტანა. უცხოეთში გაიქცა და ძმების წაყვანასაც გეგმავდა, ხოლო როდის და როგორ, არ იცოდა... კონსტანტინე იაკობიძე მხოლოდ ორი წლით ჩასვეს ციხეში, საიდანაც 1926 წლის ოქტომბერში გათავისუფლდა, ინვალიდი ძმა კი გარდაცვლილი დახვდა. კონსტანტინემ ახალ წლამდე ბინა გაყიდა და თავად თბილისიდან გაემგზავრა. მან ნაცნობებს განუცხადა, რომ მოსკოვში აპირებდა დასახლებას. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ კონსტანტინე იაკობიძემ არალეგალურად გადაკვეთა საზღვარი და მთიანი აჭარიდან თურქეთში გადავიდა. „ჩეკაში“ მიაჩნდათ, რომ კონსტანტინე ვარლამთან გაემგზავრა და თურქეთის მთავრობას მათი უკან გადმოცემის მოთხოვნითაც კი მიმართეს. თუმცა, უარყოფითი პასუხი მიიღეს. თურქების საპასუხო წერილში ეწერა, რომ ვარლამ და კონსტანტინე იაკობიძეები თურქეთის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ.

33 წლის შემდეგ
1960 წლის 4 აპრილს თბილისში, ამერიკელი ტურისტების ჯგუფი ჩამოვიდა მოსკოვიდან. მათ საქართველოს დედაქალაქში ხუთი დღე უნდა გაეტარებინათ. ტურისტები სასტუმრო „ინტურისტში“ ცხოვრობდნენ და როგორც მაშინდელი წესი იყო, უცხოელებს საბჭოთა უშიშროება („კაგებე“) ფარულად უთვალთვალებდა. საბჭოთა კონტრდაზვერვის თანამშრომლები ვინმე კოლინ იაკობსონის გადაადგილებებმა დააეჭვა. ის ჯერ კუკიის სასაფლაოზე ავიდა და იაკობ იაკობიძის საფლავზე ვარდები მიიტანა, შემდეგ სოლოლაკსა და მთაწმინდას ფეხით შემოუარა. მამადავითზე ავიდა, პანთეონი დაათვალიერა და სასტუმროში დაბრუნდა. უფროსობის ბრძანებით, კოლინ იაკობსონზე თვალთვალი გააძლიერეს, მას სურათები გადაუღეს და ცენტრალური კარტოთეკის მეშვეობით პიროვნების იდენტიფიკაციას შეუდგნენ. ძიებამ დადებითი შედეგი მოიტანა და კონტრდაზვერვამ იაკობსონში კონსტანტინე იაკობიძის პიროვნება ამოიცნო, რომელიც 1927 წელს თურქეთში გაიქცა და სამშობლოში 33 წლის შემდეგ დაბრუნდა...

კაენის შთამომავალი
როგორც კი კონსტანტინე იაკობიძის იდენტიფიკაცია მოხდა, კონტრმზვერავებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ საქმე ალმასებსა და ბრილიანტებს ეხებოდა. გამორიცხული არ იყო, რომ ერთ-ერთი ტყუპისცალი თბილისში გაძარცვული და მოკლული ზონინის საგანძურისთვის იყო ჩამოსული, რომელიც არასდროს გაუტანიათ უცხოეთში. ქართველი ჩეკისტები არ შემცდარან და 9 აპრილს კოლინ იაკობსონი იგივე კონსტანტინე იაკობიძე უშიშროების ოპერატიულმა ჯგუფმა მთაწმინდის ერთ-ერთი ძველი ეზოს სარდაფში იმ დროს აიყვანა, როდესაც მან სამალავიდან 120 ცალი მსხვილი ალმასი და ბრილიანტი ამოიღო და წელზე შემორტყმულ სპეციალურ ტყავის სქელ ქამარში მალავდა. დაკავებული „კაგებეში“ მიიყვანეს და მან ასეთი ჩვენება დაწერა: „1994 წელს ვიცრუე ჩემს ჩვენებაში, როდესაც ვთქვი, რომ ზონინის გაძარცვის ინიციატორი ჩემი ტყუპისცალი ძმა, ვარლამი იყო. სინამდვილეში, ყველაფერი მე მოვიფიქრე და დავგეგმე. ვარლამი კი ფარად მყავდა და ის ჩემს დავალებებს ასრულებდა. ქვები რომ მივიღეთ და ვარლამმა ჯიბლაძეს ფული გადაუხადა, მე ჩემი ძმა მოვკალი და ქვები მთაწმინდის სამალავაში შევინახე. მე ბათუმიდან თურქეთში გასასვლელ გზებს ვეძებდი და სწორედ ამ დროს დამაპატიმრეს. ციხიდან რომ გამოვედი და მესამე ტყუპისცალიც აღარ დამხვდა ცოცხალი, სახლი გავყიდე და ქვებიანად უცხოეთში გაქცევას ვგეგმავდი, მაგრამ გადავიფიქრე. შემეშინდა, ვინმეს არ გავეძარცვე და არ მოვეკალი. ქვები გადავმალე და მოგვიანებით ვაპირებდი აქ ჩამოსვლას. ეს კი მხოლოდ 33 წლის მერე მოვახერხე...“
კაენის შთამომავალ, ძმის მკვლელ კონსტანტინე იაკობიძეს „კაგებეს“ გამომძიებლის კაბინეტში გული გაუსკდა და ადგილზევე გარდაიცვალა.

скачать dle 11.3