ძაღლი #50
შეკეცილ წინა თათებზე თავი აქვს ჩამოდებული, თითქოს სძინავსო... მისი საყვარელი თამაშია – თავს მოიმძინარებს, რომ მიუახლოვდები, შეგახტება და ხელებს აგილოკავს.
***
ივნისის დასაწყისში, ზაფხულის არდადეგებზე სოფელში ჩავედით. ატყდა ერთი ჟრიამული, ბავშვებით გაივსო ეზო. ბიჭები „ცალკარას” ვთამაშობდით, გოგოები – „ბამბიქტონით” ერთობოდნენ, ცოტა უფროსები – ხის ჩრდილში მაგიდას მისხდომოდნენ და „ჯოკრავდნენ”, კიდევ უფროსები – სანადიროდ ან სათევზაოდ იყვნენ წასულები, სულ უფროსები კი – საჭმელს ამზადებდნენ, რომ დანარჩენებს არ მოგვშიებოდა და პირველ სექტემბერს გოლიათები დავბრუნებოდით სკოლას.
– ხორცი არ არის სახლში, „ბოინში” მიდი და სამწვადე გადმოიტანეო! – ჩემს ძმას, მიშიკოს, ფული მისცა და სოფლის ბოლოს, ხორცკომბინატში გაგზავნა მამამ. მიშიკომ ხორცი ვერ მოიტანა
– „ბოინში” დაკვლა არ იყოო! - სამაგიეროდ, პატარა, მრგვალი, შებრაწული ბისკვიტის ფერი, 2-3 თვის ლეკვი მოიყვანა.
– ეს ვინღააო? - იკითხა მამაჩემმა.
– ეს ბისკვიტააო! – გააცნო მიშიკომ.
***
ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორს - ჰიდესაბურო უენოს, მისმა ყოფილმა მოწაფემ, აკიტას ჯიშის ძაღლი აჩუქა, რომელსაც პროფესორმა ჰაჩიკო დაარქვა.
ორი წლის განმავლობაში ყოველდღე მიაცილებდა ჰაჩიკო პატრონს სახლიდან სიბუიას სადგურამდე, სადაც პროფესორი მატარებელში ჯდებოდა და სამსახურში მიდიოდა. საღამოს, ჰაჩიკო ხვდებოდა მატარებელს და პატრონთან ერთად ბრუნდებოდა სახლში.
***
კიბის ქვეშ მივუჩინეთ ბისკვიტას ადგილი. ოთხი თვისამ, უკვე ვაჟკაცურად დაიწყო ყეფა, ხუთი თვისა კი – ბაღში მეზობლის ღორებს არ აჭაჭანებდა. „ცალკარას” თამაშისას, ბისკვიტა მეკარე იყო, მაგრამ ერთი ნაკლი ჰქონდა – ბურთს თათებში რომ მოიმწყვდევდა, აღარ გვიბრუნებდა. ბადმინტონის თამაშისას, „ბამბიქტონს” რომ ვეძახდით, მთავარი ბურთის მომტანი იყო. უფროსებს უხაროდათ, საჭმლის ნარჩენებს ნაგავში რომ აღარ ყრიდნენ. მხოლოდ მონადირეებს უშლიდა ნერვებს – რამდენჯერაც სანადიროდ წაიყვანეს, იმდენჯერ ხელცარიელები დაბრუნდნენ სახლში.
– მინდვრის თაგვებს დასდევდა, უყეფდა და ბლის ხიდან ჩხიკვებს გვიფრთხობდაო! – ჩიოდნენ მონადირეები. რუსულში კარნახის წერისას, ბისკვიტა ჩვენიანი იყო.
– დაანებე საწყალ ბავშვებს თავი, შეარგე არდადეგებიო! – უყეფდა ბებიაჩემს.
მოვიდა შემოდგომა. ჩავალაგეთ ბარგი-ბარხანა მანქანაში. ბისკვიტას თბილისში, კორპუსის ბინაში ცხოვრება გაჭირდებოდა, ამიტომ სოფელში, მეზობლის ბიჭს - გრიგოლას დავუტოვეთ მეორე ზაფხულამდე მოსავლელად. სდია ბისკვიტამ ჩვენს მანქანას, მერე დაიღალა და ჩამორჩა.
ოქტომბრის ბოლოს, კაკლის ბერტყვაზე ჩავედით სოფელში. ბისკვიტა უკვე დიდი გაზრდილიყო. დაგვინახა, ღობეს გადმოევლო. ძაღლს ამხელაზე ახტომა თუ შეეძლო, არ ვიცოდი. გვეცემოდა, გაგვლოკავდა, მერე გაიქცეოდა, ეზოს წრეს დაარტყამდა, მოვარდებოდა და ისევ გვლოკავდა. გრიგოლამ:
– საჭმელს ვაჭმევ, მაგრამ ღამით თქვენი კიბის ქვეშ სძინავს, სახლს ყარაულობსო!
ისევ წამოვედით თბილისში, ისევ სდია ბისკვიტამ მანქანას...
***
ერთ დღეს, სამსახურში, პროფესორს გულის ინფარქტი დაემართა. ექიმებმა ვერ შესძლეს მისი გადარჩენა. ამ დღის შემდეგ, ჰაჩიკო სახლში აღარ წასულა. 10 წლის განმავლობაში, სიცოცხლის ბოლომდე ელოდა პატრონს. საჭმელს სადგურის მუშები აჭმევდნენ. მთელი იაპონიიდან მიდიოდნენ მის სანახავად. სიკვდილის შემდეგ, ჰაჩიკო პატრონის გვერდით დამარხეს. სიბუიას სადგურზე კი, უანგარო სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოდ, ძაღლის ბრინჯაოს ქანდაკება დადგეს პოსტამენტზე წარწერით – „ერთგული ძაღლი ჰაჩიკო”.
***
აღდგომას ჩავედით სოფელში. ნაადრევი აღდგომა იყო. სახლის გარშემო ჯერ კიდევ იდო სახურავიდან ჩამოყრილი თოვლი. თოვლს კიბის სახურავი დაენგრია და კიბეც გვერდზე იყო გადაწოლილი. ბისკვიტა არ შეგვგებებია. გრიგოლა გადმოვიდა მოსახმარებლად.
– ბისკვიტა სად არისო? – ვკითხეთ ჩვენ.
– რა ვიცი, დაიკარგა, ალბათ, დედალ ძაღლს გაეკიდაო! – გვიპასუხა გრიგოლამ.
სანამ კიბეს გავასწორებდით, ნიჩბებით თოვლის გადახვეტა დავიწყეთ. თოვლის ქვეშ ბისკვიტა იწვა, შეკეცილ წინა თათებზე თავი ჰქონდა ჩამოდებული, თითქოს სძინავსო...
***
ბისკვიტასთვის ქანდაკება არავის დაუდგამს, სახლიდან მოშორებით დავმარხეთ ღობის ძირში. გახსენებითაც ამას წინათ გამახსენდა, გაზეთში სტატია რომ წავიკითხე „ერთგულ ძაღლ ჰაჩიკოზე”.