როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები #50
ალიასშვილი
ქართული სახელი ალისგან წარმოიშვა გვარი ალიასშვილი.
ისტორიულ წყაროებში 1721 წელს მოიხსენიება – „ზაალ ციციშვილ-ბადურიშვილის ყმა ქალაქ სამღერეთის ახალშენს მცხოვრები ბეჟუა ალიაშვილი “.
ამავე წელს მოხსენიებულია როსტომ და გუგუნა ნამანგლელევიშვილების ყმა შავერდა ალიაშვილი.
საქართველოში 299 ალიასშვილი ცხოვრობს: თბილისში – 84, ყვარელში – 50, სიღნაღში – 45. არიან სხვაგანაც.
ალაგარდაშვილი-ალაგარდოვი
ქართულში გვხვდება სახელი ალაგარდა. სწორედ ეს სახელია გვარის, ალაგარდაშვილის ფუძე.
„სარქისა ალაგარდაშვილს ჰყავს შვილები: კონა, ალექსი, სოლომონი, გეურქა, არშაკ. მოიხსენიებიან მუხათში, 1873 წელს“.
მოგვიანებით, ეს გვარი რუსული გაფორმებითაც გვხვდება, კერძოდ, ალაგარდოვი.
1886 წელს, კოდაში მოიხსენიება სარქისა ალაგარდაშვილი.
საქართველოში 104 ალაგარდაშვილი ცხოვრობს: ბოლნისში – 62, დმანისში – 36, თბილისში – 2. არიან სხვაგანაც.
ტაველაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – ტავა, რომლის კნინობითი ფორმაა ტაველა.
1882 წელს, სოფელ ფარცხისში მცხოვრებმა მიხეილ ტაველაშვილმა შვილი მოუნათლა ვინმე გრიგოლს.
ამ გვარის შესახებ ისტორიულ წყაროებში საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება.
საქართველოში 21 ტაველაშვილი ცხოვრობს.
ჯანყულაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – ჯანყულა. ჯან ინდურ-სპარსული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს – სულს.
1721 წელს მოიხსენიება ზურაბა სოლოღაშვილის ყმა – პაპაჯანა ჯანყულაშვილი.
საქართველოში 47 ჯანყულაშვილი ცხოვრობს: გარდაბანში – 39, თბილისში – 7, დედოფლისწყაროში – 1.
ჩიასშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – ჩია. ჩია პატარა ტანის ადამიანს ჰქვია.
1783 წლის 24 ივნისს, მეფე ერეკლე მეორის მიერ რუსეთის მთავრობისთვის წარდგენილი სიის მიხედვით, თავად ავალიშვილების აზნაურებად დასახელებული არიან: ლაპინასშვილი, ჩიასშვილი, სანთლიკუდაშვილი, ლომიძე, კეცხოველი, ედიშერასშვილი.
გვხვდება გვარი ჩიაევიც. ვარაუდით, ჩიაევები ჩიასშვილები უნდა იყვნენ.
საქართველოში 38 ჩიაევი ცხოვრობს: გორში – 18, თბილისში – 20.
ჟორდანიძე
გვარი წარმოშობილია თურქული სიტყვისგან ჟორდანი, რაც ფულის შესანახ ჭიქას ნიშნავს. სავარაუდოდ, გვარს საფუძველი სწორედ ამ ჭიქის ხელოსნიდან ჩაეყარა.
არსებობს მოსაზრება, რომ გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჟორდანი, რომელიც ევროპაში იყო გავრცელებული. საქართველოში კი უცხოეთიდან შემოდიოდა საკუთარი სახელები, ვრცელდებოდა და მერე მათგან გვარებიც წარმოიქმნა.
ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ზემო ჯოჯოში გვხვდება გვარი ჟორდანიძე, ხოლო ქობულეთის რაიონში, ჩაქვში და გვარაში დასახლებულმა ჟორდანიძეებმა გვარი შეიცვალეს და ჟორდანიად ჩაეწერნენ.
აჭარაში, ჟორდანიებს ჰქონდათ მეორე გვარი გოჩაძე. როგორც ირკვევა, გვარის შეცვლა ნოე ჟორდანიას ევროპაში გადახვეწის შემდეგ, შიშის ფაქტორმა განაპირობა.
ასე რომ, ჟორდანიძე, ჟორდანია და გოჩაძე ერთი და იგივე გვარია.
საქართველოში 86 ჟორდანიძე ცხოვრობს: ბათუმში – 26, ზუგდიდში – 21, ქობულეთში – 19. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით