რატომ ვერ ხერხდება საქართველოში საშუალო ფენის ჩამოყალიბება და რატომ შეავსებს არსებული მცირერიცხოვანი საშუალო ფენა ღარიბების არმიას #50
საქართველოს მთავრობამ ახალი საგადასახადო ცვლილებები დააანონსა, რის მიხედვითაც, იგეგმება საწვავის გაძვირება (აქციზი ორმაგდება), თამბაქოს გაძვირება (აქციზი კვლავ იმატებს) და ავტომანქანების გაძვირება (ძველ ავტომანქანებზე განბაჟების საფასურის სამჯერ გაზრდით). სავარაუდოდ, ამ გაძვირებების სამიზნე ჯგუფი, ძირითადად, საშუალო ფენა იქნება, თუმცა საწვავის გაძვირება იმოქმედებს ყველა ტიპის პროდუქტის გაძვირებაზე. მეორე მხრივ, ჩვენს ქვეყანაში ზღვარი საშუალო ფენასა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა შორის მეტად მყიფეა და გაუთვალისწინებელმა ხარჯმა შესაძლოა, საშუალო ფენის წარმომადგენელი ღარიბთა რიგებში გადაანაცვალოს. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ჩაფიქრებულმა ეკონომიკურმა აქტივობებმა გრძელვადიან პერსპექტივაში, პირიქით, ხელი შეუწყოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან ერთად მიმოვიხილავთ შესაძლო ეკონომიკური ცვლილებების მოსალოდნელ შედეგებს და იმასაც, თუ რატომ ვერა და ვერ ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში საშუალო ფენა – ქვეყნის განვითარებისა და სტაბილურობის გარანტი?!
– დაგეგმილი საგადასახადო ცვლილებები გამოიწვევს თუ არა ამ ისედაც მცირერიცხოვანი და მოწყვლადი საშუალო ფენის მატერიალური მდგომარეობის გაუარესებას? საშუალო ფენის დამაზარალებელი ინიციატივებია?
– უწინარესად უნდა გავერკვეთ, რა გვინდა ჩვენ ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხი მაღალი არ არის და მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ჩვენი დიდი მეზობლების ურთიერთობებზე. ამ ვითარებაში ჩვენი პოლიტიკის მთავარი ვექტორი სოციალური პრობლემების მოგვარებაზე უნდა იყოს მიმართული თუ განვითარებაზე?! ორივე ერთად შეუძლებელია. ეს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მიუკერძოებლად შევაფასოთ ხელისუფლების მოქმედება. პირველი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი და ეკონომიკური პოლიტიკის ღერძი იყო სოციალური პრობლემების მინიმალურ დონეზე მოგვარება, მოსახლეობის გაღატაკების შეჩერება. უამრავი ადამიანი გადაიხვეწა საქართველოდან იმის გამო, რომ მისმა ოჯახმა აიღო კრედიტი, რათა ოპერაცია გაეკეთებინა ოჯახის წევრისთვის; ანდა ბინა დაკარგა, ან ბინის დაკარგვის საფრთხის წინეშე დგას და იქიდან გადმორიცხული ფულით ისტუმრებენ ამ ვალებს და საარსებო მინიმუმის ფარგლებში გადარჩენის მიმართულებით მიდიან. წამროუდგენელი ბიუჯეტები გვქონდა წინა ოთხი წლის განმავლობაში – უზარმაზარი ჯანდაცვის ბიუჯეტი, რომლის წარმატებით დანერგვა არ შეუძლია ევროპის ქვეყნებსაც კი. მაგრამ ოლიგარქმა ასე ინება, მე ჩემი ფულით ყველაფერს ვერ ვუშველი, ამიტომ სახელმწიფომ უნდა გაიჭირვოს და სოციალური დაცვისა და ჯანდაცის პროგრამები უფრო მეტად უნდა დავაფინანსოთ, ვიდრე „ნაციონალების“ დროსო.
– თუმცა ფაქტია, რომ უამრავი ადამიანი გადაარჩინა ამ მიდგომამ და ბევრის ქონებაც.
– ძალიან ბევრი და ესეცაა მიზეზი იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მაინც მიიღო მოსახლეობის ნახევრის ხმები. ეს საკმაოდ დიდი წარმატებაა ასეთი ეკონომიკის პირობებში. ხალხმა ეს დაუფასა, მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ ჩვენი ბიუჯეტი ამ მიმართულებით სვლის პირობებში ვერ შეძლებს მყარად ფეხზე დგომას. ეკონომიკური კატაკლიზმები გარდუვალია და ამ გუნდმა, ივანიშვილის გარშემო შემოკრებილმა, შემოგვთავაზა სწრაფი განვითარება, როგორც დევიზი, მაგრამ ამ სწრაფ განვითარებას ვერ უზრუნველყოფ ისეთი ინვესტიციებით, რაც ჩვენ გვაქვს. სწრაფი განვითარების მიღების სწრაფ ნაბიჯად დაისახა მოგების გადასახადის რეფორმა. ესტონური მოდელი მივიღეთ, რის მიხედვითაც, რეინვესტირებული მოგება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისგან.
– ოღონდ ცოტა რთულია კონტროლი, სახლში წაიღებენ მოგებას თუ რეინვესტირებას მოახმარენ.
– დიახ, რთულია, ჩვენთან არასწორი პრივატიზაცია რომ განხორციელდა და ოქროსა თუ მანგანუმის საბადოები რომ კერძო საკუთრებაში გადავიდა, ადევნებენ თვალს, თუ განხორციელდა იქ რეინვესტირება?! დარწმუნებული ვარ, არა! რაც შემოსავალია, ოფშორებში მიედინება და იქიდან, ღმერთმა უწყის, ვის ჯიბეში. მაგრამ ხელისუფლებამ ასეთ ხერხს მიაგნო და შემოგვთავაზა. ოღონდ ეს საკმარისი არ იქნება სწრაფი განვითარებისთვის. მე სკეპტიკურად შევხედავდი მთავრობის შანსს, რომ ასე სწრაფი განვითარება შესაძლებელია, მაგრამ კარგი ნაბიჯია. ამას მოჰყვება გარკვეული პრობლემები, რადგან ბიუჯეტისთვის შემოსავლები აუცილებელია. ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა იმავე მასშტაბითაა გათვალისწინებული ბიუჯეტში და უფრო მეტი თანხაა გამოყოფილი, ზოგადად, სოციალური ხარჯების დასაფინანსებლად.
– ანუ სოციალური ხარჯები რომ დავაფინანსოთ, მოგვიწევს, უფრო მეტი გადავიხადოთ ბიუჯეტში იმავე ფენამ. ვისთვისაა გათვლილი ის სოციალური ხარჯები?
– კლინიკები მეტისმეტად გავიდნენ თავს. იქ კონვეიერია აწყობილი, ფსევდოკლინიკებია ორგანიზებული, ძალიან დიდი თანხები გაიწერება ამ პროგრამებში. გამოვრიცხავ, რომ მთავრობაა ჩართული კორუფციულ სქემებში, მაგრამ ფაქტია, იქ კორუფციული სქემების ელემენტები არსებობს: ფარმაციიდან დაწყებული და საყოველთაო დაზღვევის პროგრამის სხვა კომპონენტებით დამთავრებული.
– გლაუკომის ოპერაციის ხარჯათღრიცხვაში ერთ-ერთ თვალის კლინიკას უწერია ანალიზების ხარჯი, რაც ოპერაციაზე ძვირია. თუმცა პაციენტს, რეალურად, არანაირ ანალიზს არ უკეთებენ, იმას გარდა, რომ თანხას იღებს მკურნალი ექიმიც, რომელიც ბუნებაში არ არსებობს.
– იციან, რომ წამიერად შეუძლებელია ამ პროგრამის ოპტიმიზაცია. ესეც რომ არ იყოს, კარდინალური ცვლილებები ამ პროგრამაში შეუძლებელია. თანდათან უნდათ, შემოსავლები გაზარდონ ბიუჯეტში, რომ მოგების გადასახადის რეფორმა არ შეეხოს ბიუჯეტის შემოსავლებს და ამავე დროს გაკონტროლდეს ბიუჯეტის ხარჯვა. ამიტომ ასეთი კონცეპტუალური ხედვა ჩამოაყალიბეს: ბიუჯეტის დანაკარგები და პრობლემები უნდა გადაიფაროს რაღაც ახალი შემოსავლის წყაროთი. გადასახადების მომატებას რეფერენდუმი სჭირდება. ეს მზაკვრობა სააკაშვილის ხელისუფლებამ ოპონენტებისთვის ჩადო. ამდენად, ამ რეფერენდუმის ჩატარება ძალიან ძნელია, ამიტომ არსებობს გადასახადების მატების ირიბი გზა: აქციზების ზრდა და სწორედ აქციზსა და იმპორტზე გადასახადის ზრდა მოიძებნა, როგორც ბიუჯეტის შემოსავლების მატების საშუალება. ამდენად, შემოგვთავაზეს ასეთი რამ: ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის, რის გარეშეც ჩვენი ბიუჯეტი ვეღარ იქნება სოციალური და თავისი არსით სოციალისტური, მოგების გადასახადის შეცვლის პრინციპის საკონპენსაციოდ, უნდა მოიმატოს გადასახადმა ავტომობილების იმპორტსა და აქციზზე. არჩევანი გაკეთდა და დაუშვეს საზოგადოებრივი აზრის ნეგატიური განწყობა; „ოცნებამ“ გაბედა და სწრაფად გააძვირა გადასახადები, რითაც პერსპექტივაში გააძვირა ქვეყანაში ცხოვრება დაბალი ფენებისთვის.
– წინასწარ რთული სათქმელია, რა შედეგს გამოიღებს ეს გადაწყვეტილებები, მით უმეტეს, რომ ერთი და იმავე რამის ალბათობა თეორიასა და რეალობაში განსხვავდება ერთმანეთისგან. გამოდის, რომ სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტის სიმძიმის შესამსუბუქებლად გაიზარდა ეს გადასახადები? მაშინ ეს სწრაფ განვითარებას როგორ მოიტანს?
– მოგების გადასახადის რეფორმა არის ამისკენ წაქეზება, იძულებაც კი, მომგებიანი ბიზნესების, რომ თავიანთი მოგების რეინვესტირება მოახდინონ ეკონომიკაში. თანხა გააქვთ ქვეყნიდან, ოფშორებში ინახავენ, ან ევროპის ბანკებში ილექება. ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება ამბობს, რომ პრობიზნესურია. დიახ, კვირიკაშვილი პრობიზნესური პრემიერ-მინისტრია და არა – პროსოციალისტური, თუმცა თავად პარტია „ქართული ოცნება“ პროსოციალისტურია. ესაა სწორედ ქართული სინამდვილის პარადოქსი: პროსოციალისტურ „ქართულ ოცნებას“ მოკავშირედ ჰყავდა მემარჯვენე „რესპუბლიკელები“. ამიტომ ბუნებრივია, ეს კონკრეტიკა არსებობდა: სოციალური გადასახადები, რაც გაამწვავებს ფონს ეკონომიკური განვითარებისთვის, ამ მომატებული გადასახადებიდან შემოსული შემოსავლებით უნდა გადაიფაროს, რომ სოციალური ფონი არ გამწვავდეს. სოციალური ფონის გამწვავების პირობებში, ხელისუფლების რაგინდ კარგი იდეები განწირულია.
– ცხადია, რომ დასაწყისში, აქციზის გაზრდა იმოქმედებს საშუალო ფენაზე, რადგან სოციალური პროექტები დარჩება, რითაც ისარგებლებს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობა. საშუალო ფენის გაღარიბება იგეგმება? ისედაც დიდი განსხვავებაა ჩვენთან მდიდრებსა და ღარიბებს შორის. ანუ იქნებიან ძალიან მდიდრები და ძალიან ღარიბები და ეს ძალიან ღარიბები ძალიან ბევრ სოციალურ პროექტს განახორციელებენ ღარიბებისთვის? ცოტა ცინიკური კითხვა გამომივიდა, მაგრამ განზრახ გავაკეთე უტრირება.
– სამწუხაროდ, საქართველოში მდიდართა ფენა ძალიან მცირერიცხოვანია, საბჭოთა ნომენკლატურა თუ შემდეგი დროის კორუფციონერები, ბიზნესმენები...
– მთავრობის ყოფილი და მოქმედი წევრები…
– მოქმედებზე, მაინცდამაინც, ვერ ვიტყვი. ბიძინა ივანიშვილი სხვა პრინციპით არჩევს ხელისუფალს – უბიოგრაფიო, მაგრამ უმწიკვლო რეპუტაციის მქონეს, მისი დევიზი ასეთია.
– წლებია, ვწერ ჩინოვნიკთა და პოლიტიკოსების ქონებრივ დეკლარაციებს, კარიერის დაწყებიდან ბოლომდე. ამდენად, მრავალწლიანი ყოფნა ხელისუფლებაში იძლევა გამდიდრების საშუალებას, ეს ვიგულისხმე.
– სამწუხაროდ, ეგრეთ წოდებული მდიდრების ფენა საქართველოში ძალიან მცირერიცხოვანია. ძალიან მცირერიცხოვანია საშუალო ფენა, რომელიც სოციალური სტაბილურობის საყრდენია. ჩვენთან ბევრია სიღატაკის ზღვარს ოდნავ ზემოთ და ქვემოთ მყოფი მოსახლეობა. მათ სოციალურ სტატუსებს შორის განსხვავება იმდენად დიდია, რომ ნებისმიერ სოციალურ პოპულიზმს აქ გრანდიოზული შესაძლებლობები აქვს და მიკვირს, როგორ ვერ ახერხებენ ამის გამოყენებას პოპულისტი პოლიტიკოსები?! მაგრამ, ვფიქრობ, აქ ივანიშვილის ფაქტორი მუშაობს, თორემ, არათუ ჩვენთან, პორტუგალიაშიც კი ბოლო არჩევნებია, პირველ სამ ადგილზე სოციალისტური მიმართულების პარტიები გადიან. საშუალო ფენას წარმოადგენს ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი და ეს არის ჩვენი სიმშვიდის წყარო, პერსპექტივა – ეს ხალხი დაიწყებს უფრო მასშტაბურ საქმიანობას, სამეწარმეო საქმიანობას და ღარიბ ფენებს დაასაქმებენ. ჩვენს საზოგადოებაში, მაქსიმუმ, 5-10 პროცენტია ისეთი, რომლებისთვისაც არ აქვს მნიშვნელობა, ბენზინი 1,6 ლარი ეღირება თუ 2,1 ლარი. ოღონდ ის ათი პროცენტი მოახერხებს, შექმნას ილუზია, თითქოს ჩვენს საზოგადოებაში ხალხს შეუძლია უზარმაზარი „ჯიპებით” გადაადგილება და ქალაქის ჩახერგვა; რითაც იქმნება ილუზია, რომ აქ ბევრია მანქანის მფლობელი, რომელიც ბენზინს ასხამს მანქანაში. სინამდვილეში ასეთია ჩვენი საზოგადოების ათი პროცენტი. 90 პროცენტი საშუალო, ღარიბი და უღარიბესი ფენაა. საშუალო ფენაში მეც და თქვენც ვიგულისხმებით, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მარაგები, ჩვენ არ ვართ მდიდრები. ამდენად, ჩვენზე იმოქმედებს გაძვირება უპირველესად. რა თქმა უნდა, ეს ცვლილებები საშუალო ფენას დაარტყამს; რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად დააზარალებს ავტომობილების იმპორტს, მაგრამ ერთიც მგლისკენო: მეორე მხრივ, გარკვეულ პრობლემებსაც ჭრის. გადავხედოთ, რა სიკეთე მოაქვს ავტომობილების იმპორტის არსებულ საგადასახადო განაკვეთს?!
– ავტოპარკი ძალიან მოძველებულია, ახალი მანქანები, მაქსიმუმ, 5 პროცენტია, ისიც, ძირითადად, სახელმწიფოს ავტოპარკი. ნახევარზე მეტი 15 წელს ზემოთ მეორადი მანქანებია.
– ამას გამოსწორება სჭირდება. მაგალითად, აზერბაიჯანში ეს უკვე გამოასწორეს, თუმცა ალიევს შეუძლია, უფრო მკვეთრ ნაბიჯებზე წავიდეს. ჩვენთან მთავრობას არ ჰქონია ამის გაკეთების არც სურვილი, არც საშუალება. ამ ცვლილებებით, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის იაფფასიანი მანქანების იმპორტი შემცირდება. მეორე მხრივ, არც დეფიციტი შეიქმნება, რადგან გაიზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მანქანის გაყიდვას გადაწყვეტენ და შიდა ბაზარზე ამგვარი მანქანების დეფიციტი არ გაჩნდება.
– ანუ ისევ ძველი მანქანებით ვივლით და ერთმანეთს მივყიდით?
– დიფერენცირებული ანალიზია საჭირო და გარკვეული რეგულირება, რომ ეს პროცესი სოციალური თვალსაზრისით მძიმედ არ აისახოს. პირადად მე ამ არჩევანს გულნაკლული, დანანებით და სევდიანი ხედვით, იძულებული ვარ, შევეგუო, თუმცა ჩემზეც იმოქმედებს ეს ყველაფერი, რადგან მე მინდა, სწრაფი თუ არა, შესამჩნევი ეკონომიკური ზრდისკენ წავიდეს ქვეყანა და შესაძლოა, ჩვენ კიდევ მოგვიწიოს გაჭირვების ატანა. ამას ხალხიც დაეთანხმა, ხოლო, თუ არ დაეთანხმება, ამისთვის არსებობს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, თუ ისიც ვერ შეძლებს სიტუაციის განმუხტვას, არსებობს ქუჩა, პოლიტიკური პროცესი. ჯერჯერობით ამის ნიშნები არ ჩანს, თუ ხალხი ჩათვლის, რომ ეს მიდგომა არასწორია, „ოცნება“ ან გადახედავს ამ პოლიტიკას, ან სხვას დაუთმობს ძალაუფლებას.