რა თანხას ინახავს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნიკოლოზ ყაველაშვილი ანაბრებსა და დეპოზიტებზე და რა თანხას იხდის შვილების სწავლის საფასურად #50
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნიკოლოზ ყაველაშვილი 1967 წელსაა დაბადებული. 1991 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა, 1998 წელს – ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბინგჰემტონი) მაგისტრატურა ეკონომიკისა და ფინანსების სპეციალობით; ხოლო 2013 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურა, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით. მისი შრომითი გამოცდილება 1991 წელს დაიწყო გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში, სადაც მან 1992 წლამდე იმუშავა კომპიუტერული სისტემების ინჟინრად. 1992-1994 წლებში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერი-თანამშრომელი იყო; 1994-1995 წლებში – „გაეროს” განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „Human Development Report for Georgia“-ს ასისტენტი. 1995 წელს ფონდ „ღია საზოგადოება: საქართველოში“ გადაინაცვლა – ფინანსურ მენეჯერად, 1997 წელს – გაეროს სათავო ოფისში, პროექტის ასისტენტად; 1998 წელს მსოფლიო ბანკის პროექტის „ეკონომიკური განათლებისა და კვლევის განვითარება“ კონსულტანტი გახდა. 1998-1999 წლებში საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობის ეკონომისტი იყო; 1999 – 2001 წლებში – „კონოკო აჭგაზის“ ფინანსური და ადმინისტრაციული მენეჯერი. 2001-ში კვლავ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობას დაუბრუნდა – ეკონომისტად. 2002 წელს კი „ფონდ ღია საზოგადოება: საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. 2002-2006 წლებში „ბედმინსტერ კაპიტალ მენეჯმენტის” დირექტორად და ვიცე-პრეზიდენტად მუშაობდა; 2006-2011 წლებში – ფონდ „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ პროექტის დირექტორად. 2012-2016 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და ასოცირებული პროფესორი გახლდათ, 2016 წლიდან კი – ბიზნესის ფაკულტეტის სრული პროფესორიც. 2014 წლის დეკემბერში საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრადაც მოგვევლინა და დღემდე ამ პოსტზეა.
ბ-ნი ყაველაშვილის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2016 წლით თარიღდება, რომელშიც ის ოჯახის წევრებად მიუთითებს მეუღლეს, თამარ მირზაშვილს, ორ შვილს: ირაკლისა და მარიამს და დედას, ქ-ნ ბელას.
ნიკოლოზ ყაველაშვილის საკუთრებაა: ბინა თბილისში (ყიფშიძის 14; 54 კვ.მ.), ბინა თბილისში (დიდი დიღომი, 35 კვ.მ.), ბინა თბილისში (გრიბოედოვის 14; 44 კვ.მ.), ბინა თბილისში (ნუცუბიძის 211; 17 კვ.მ.), ბინა თბილისში (ყიფშიძის 9ბ; 158 კვ.მ.), ბინა ბათუმში (ვაჟა-ფშაველას 16; 32კვ.მ.), მიწის ნაკვეთი კიკეთში (1 515 კვ.მ.), საცხოვრებელი სახლი კიკეთში (50 კვ.მ.), მიწის ნაკვეთი დუშეთის რაიონში (1 541 კვ.მ.), მიწის ნაკვეთი სოფელ ლისში (604 კვ.მ.), მიწის ნაკვეთი მუხათწყაროში (532 კვ.მ.), საცხოვრებელი სახლი მუხათწყაროში (50 კვ.მ.), ბინა გუდაურში (35 კვ.მ.). მის მეუღლეს კი აქვს ბინა თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე (17კვ.მ.), ბელა ყარაშვილს კი მიწის ნაკვეთი წავკისში (603 კვ.მ.). ამას გარდა, ნიკოლოზ ყაველაშვილს ჰყავს 2005 წლის ავტომანქანა „ჰონდა“.
ნიკოლოზ ყაველაშვილი ბანკებში ინახავს: 17 910 აშშ დოლარს, 11 210 ევროსა და 11 500 აშშ დოლარს; მისი მეუღლე კი 21 800 აშშ დოლარს. დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფული მხოლოდ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს ჰქონდა: 20 604 აშშ დოლარი, 1 200 ლარი და 1 000 ევრო.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2015 წლის განმავლობაში ნიკოლოზ ყაველაშვილმა, როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, 71 500 ლარი მიიღო, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, 60 900 ლარი, დეპოზიტების სარგებლად კი – 2 700 ლარი.
რაც შეეხება გასავლებს: შვილების სწავლაში 11 732 ლარი გადაიხადა, ჩეხეთში მოგზაურობა 5 000 ლარი დაუჯა, რემონტი – 19 200 ლარი.