ბრძენი რჩეული #50
ანუ უარესზე უარესი არ დაილევაო
ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში გაზისა და ელექტროენერგიის გაძვირების შესახებ ინფორმაციის გავრცელების გამო, ინტერნეტმედიის პირველი პირები, სადაც ჯერ არს, იქ დაიბარეს და მოსახლეობის პანიკაში ჩაყრის მცდელობისთვის თითიც დაუქნიეს. იმას გარდა, რომ მიანიშნეს, შემდეგში „კალამკონტროლი“ გაუწიონ.
აქვე გეტყვით, რომ მანათი არც თუ კარგ დღეებს ითვლის, თვით სავალუტო ჯიხურებშიც კი გაქრა აშშ-ული დოლარიო (იმედია, აზერბაიჯანული კომპანიები ჩვენგან არ გაზიდავენ ვალუტას, რაც ამ ჩვენს ლარს კიდევ უფრო შეაჭირვებს).
ამასობაში კი აზერბაიჯანის მმართველი პარტიის დეპუტატმა ვინმე ჰუსეინბალა მირალამოვმა თავის თანამოქალაქეებს შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის მარტივი გზა მიასწავლა.
სახელდობრ, ჭამას მოუკელითო! –
მომყავს ციტატა ზემოხსენებული ბ-ნის გამოსვლიდან: „ადამიანები უნდა მიხვდნენ, რომ რთული დრო დადგა და ეკონომია საჭიროა ყველაფერში. მაგალითად, ცოტა უნდა ჭამოთ. მე ვიცნობ ბევრ ადამიანს, რომლებიც არ მიითრმევენ ხორცსა, თევზს და შესანიშნავ ფორმაში არიან. ცოტა ჭამა მეტად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.“
ცხადია, რომ აზერბაიჯანელები აღაშფოთა ამ მოწოდებამ, ვინაიდან ამისკენ მომწოდებელი დეპუტატი არ უჩივის ფერ-ხორცის ნაკლებობას.
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ არც მჯობნის მჯობნი დაილევა და არც უარესზე – უარესი. –