ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც დონალდ ტრამპის გვერდით ჩნდება ყველა დახურულ წვეულებაზე და როგორ გაატარეს მათ მადლიერების დღე ერთად #49
სოფიო ბარათაშვილი ამერიკაში მცხოვრები წარმატებული ბიზნესლედია, რომელიც ხშირად ჩნდება დონალდ ტრამპის გვერდით. მათ დიდი ხნის ნაცნობ-მეგობრობა აკავშირებთ. ტრამპი მას „მის ჯორჯიად“ მოიხსენიებს და მადლიერების დღესასწაულიც ერთად გაატარეს დახურულ წვეულებაზე... როგორ მოხვდა ქართველი ქალი ტრამპის საზოგადოებაში, როგორ დამეგობრდნენ, რატომ არიან ყველა დახურულ წვეულებაზე ერთად, როგორი პიროვნებაა დონალდ ტრამპი ცხოვრებაში – ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე ქალბატონი სოფიო თავად გვესაუბრა.
სოფიო ბარათაშვილი: ძირძველი თბილისელი ვარ. სანამ ემიგრანტი გავხდებოდი, ვამაყობდი ჩემი გვარიშვილობით, ოჯახით და სამეგობროთი. თავისუფლად შემიძლია, ვთქვა, რომ მამა – ბარამ ბარათაშვილი თბილისის კოლორიტი იყო. მთაწმინდელი კაცი გახლდათ და მთელი თბილისი და სრულიად საქართველო პატივს სცემდა. თუმცა, ოჯახში მკაცრი იყო. ერჩია მთელი სამეგობრო ჩვენთან მოსულიყო, ვიდრე ჩვენ გავეშვით სადმე. მე და ჩემი და – თამარ ბარათაშვილი ტყუპებივით გავიზარდეთ, თუმცა მე მასზე 10 თვით დიდი ვარ. ყველაფერი საერთო გვქონდა, ერთ კლასში ვიყავით და ჩემი ამერიკაში წასვლაც, დარწმუნებული ვარ, მას ყველაზე მეტად გაუჭირდა. 1998 წელს, ამერიკა, ალბათ, იმდროინდელი ახალგაზრდა თაობის საოცნებო ქვეყანა გახლდათ, მაშინ უკვე ქვრივი ვიყავი და ექვსი წლის გოგონა მყავდა. ვიცოდი, ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო. ჩემი შესაძლებლობებით, დამოუკიდებლობას ვეძებდი და ამერიკაში გადავწყვიტე წასვლა. მაგრამ, ბოლომდე არ მჯეროდა. ვიზის მიღება თითქმის შეუძლებელი იყო. რატომღაც მე გამიმართლა და ვიზა უპრობლემოდ მივიღე. მაგრამ, მამაჩემმა ვიზიანი პასპორტი ჩამომართვა და სეიფში ჩაკეტა. აღარ მახსენდება, რამხელა სკანდალები მქონდა პასპორტის დაბრუნებაზე... საბოლოოდ, პასპორტი მომცა, როცა ორი დღე იყო დარჩენილო ვიზის ვადის გასვლამდე. სასწრაფოდ ბილეთი ავიღე და ორ უახლოეს ადამიანთან ერთად, თბილისი დავტოვე. თუმცა, ჩემები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ფული დამიმთავრდებოდა და უკან დავბრუნდებოდი. მე შინაგანად ვიცოდი, რომ ცხოვრებას რადიკალურად ვცვლიდი.
– ალბათ, ძალიან რთული იყო ამხელა ქვეყანაში ახალგაზრდა ქალისთვის ახალი ცხოვრების დაწყება...
– ამერიკაში ჩამოსულმა მეორე დღესვე გავიცანი ზაზა დიაკონიძე – ადამიანი, რომელმაც გაცნობის პირველ დღესვე მითხრა, ჩემი მეუღლე გახდებიო... მახსოვს, როცა დავცინე, მითხრა: იცინის ის, ვინც ბოლოს იცინისო. უჭკვიანესი, უკეთილშობილესი ადამიანი იყო, ცოცხალი ენციკლოპედია, კოსმოპოლიტი... ძალიან შემაყვარა თავი და ფაქტობრივად, მისი არსებობა იყო მიზეზი, რამაც საბოლოოდ გადამაწყვეტინა ამერიკაში დარჩენა. შეგვეძინა ბიჭი. შვიდ წელში ჩემი გოგოც ჩავიყვანეთ. ბედნიერი ოჯახი გვქონდა, თითქმის არ განმიცდია ემიგრაციული პრობლემები... მაგრამ, ზაზა ავარიაში მოჰყვა და გარდაიცვალა... დავრჩი მარტო, ორი შვილით. ზოგი მეგობარი ბოლომდე გვერდში ამომიდგა, ზოგმაც ზურგი შემაქცია. ეს იყო ჩემი ცხოვრების ურთულესი პერიოდი, თავს ტირილის უფლებას არ ვაძლევდი, ვიცოდი, ქვრივობის უფლება არ მქონდა. მე რომ დავვარდნილიყავი, ჩემი ობლები დამეღუპებოდნენ. თავს არ ვზოგავდი... ყველაფერი ჩემი საფიქრალი და გადასახადი იყო. ჩემი შვილებისთვის უმამობა არ უნდა მეგრძნობინებინა. არც ფიზიკურ შრომაზე მითქვამს უარი... მოკლედ, მოგვიანებით, მაგრამ მაინც ვერ ავცდი ემიგრაციულ შრომას და პრობლემებს. თუმცა, იმაზე ძლიერი აღმოვჩნდი, ვიდრე მეგონა. დეპრესია ერთი დღე არ მქონია, არ მეცალა დეპრესიისთვის. ცხოვრებას მივყევი იმაზე სწრაფი რიტმით, ვიდრე მანამდე მქონდა. ბევრს ვშრომობდი, თუმცა ვერთობოდი კიდეც. ამერიკულ ყაიდაზე გადავედი – შრომა-გართობა.
ყოველთვის ვიცოდი, რომ შევძლებდი და ყველაფერს გადავლახავდი. დროთა განმავლობაში ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა, დალაგდა და გაიოლდა. ყოველთვის მწამდა, რომ ამერიკა ოცნებების ახდენის ქვეყანა იყო და იქნება.
მაქვს საკუთარი ბიზნესი – „სოფისთიქეითიდ ბიუთი“ და ამავე დროს, ვმუშაობ ფსიქოლოგად. სამომავლოდ, ჩემი ორი პროფესიის გაერთიანებას ვაპირებ.
– თქვენ ხშირად ჩნდებით დონალდ ტრამპის გვერდით დახურულ წვეულებებზე. რა გაკავშირებთ მასთან?
– აქ შევიძინე არაჩვეულებრივი ამერიკელი მეგობრები. შეიძლება ითქვას, „ფალმ ბიჩის“ ელიტა. ტრამპს ყოველთვის ვნახულობ, როცა ფლორიდაში ჩამოდის. მან თაფლობის თვე მილანიასთან სწორედ აქ გაატარა. თითქმის ყოველ დღესასწაულზე ჩამოდის და ისვენებს ნიუ-იორკის ქაოსური ტემპისგან. დადის გოლფის სათამაშოდ „თრამფ ინტერნეიშენალში“, რომელიც „ფალმ ბიჩზეა“. ჩემი მეგობრებისგან მოვხვდი „მარ ა ლაგოში“, რომელიც დახურული კლუბია. ორივე ფრაივეთ კლუბია. წევრი თუ არ ხარ ან წევრის სტუმარი, შანსი არაა, იქ მოხვდე. თავიდან სტუმრის სტატუსით ვსარგებლობდი, რაც დიდი ხნით არ შეიძლება და უკვე ორი წელია, წევრი ვარ. ეს ორი ადგილია, ძირითადად, სადაც ტრამპი დადის, ერთობა და ჭამს. სწორედ იქ ვნახულობდი, როცა ფლორიდაში ჩამოდიოდა და ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ტრამპს ყოველთვის თავისუფალი ურთიერთობა აქვს „მარ ა ლაგოს“ წევრებთან. ეს ხომ მისი სამფლობელოა, ანუ ჩვენ: სტუმრები და თვითონ – მასპინძელი. კეთილი განწყობა და ღიმილი ყოველთვის მზად აქვს.
– ტრამპს ნახატი გადაეცით საჩუქრად. როგორი იყო ნახატის გადაცემის ცერემონიალი?
– ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა ბატონ პრეზიდენტთან, არჩევნების შემდეგ. გამარჯვება მივულოცე და წარმატებები ვუსურვე. შეიძლება ითქვას, მისი პერსონა არ შეცვლილა, ისევ ისეთი უშუალო და კეთილგანწყობილი იყო, როგორც ადრე. სიმართლე გითხრათ, ადრე განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი მასთან ურთიერთობას. მაშინ ჩვეულებრივი მილიონერი, კლუბის მეპატრონე იყო, თუმცა დაცვა ყოველთვის ჰყავდა. სურათებსაც ბევრს იღებდა „მარ ა ლაგოს“ წევრებთან და ამაში უჩვეულო არაფერი იყო. პრეზიდენტობის მერე თითქოს ჩემში დიდი ცვლილება მოხდა და ტრამპი განსაკუთრებულ ადამიანად იქცა. ვიტყვი, რომ გამიმართლა. მადლიერების დღესასწაულის წინა დღეს, ანუ ეს იყო პირველი დღე, როცა ტრამპი ოჯახთან ერთად ჩამოვიდა, ჩვენ – მე და ჩემს მეგობრებს გადაწყვეტილი გვქონდა, საჩუქარი გადაგვეცა მისთვის. ეს იყო ფრანგი თანამედროვე, პოპულარული მხატვრის Laurent Dareau-ის ნახატი, რომელიც შესრულებული იქნა Danielis art world & gallery-ში, ჩემი მეგობრის დანიელის იდეით. სურათზე გამოსახულია ტრამპი დროშით ხელში. ის გამარჯვებამდე დაიხატა და მიუხედავად შედეგისა, მაინც გადაეცემოდა. გამარჯვებამ კი ყველაფერი დააგვირგვინა... ჩემთვის კი ეს იყო დღე, როცა ბატონმა პრეზიდენტმა საუბარი თავისი სურვილით გააგრძელა. დამისვა კითხვები. როცა საქართველო ვახსენე, მითხრა, ნამყოფი ვარ და ოპერისა და ბალეტის თეატრი მომეწონა. თქვენს პრეზიდენტსაც ვიცნობდი, ახალგაზრდა ბიჭი იყოო, თუმცა სახელი მე გავახსენე. ჩემს მეგობრებს სათითაოდ ჰკითხა, საქართველოში ნამყოფი თუ ხართო. ძალიან დადებითად განეწყო. სურათიც მოეწონა. მოკლედ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
– თქვენ მადლიერების დღეც ერთად გაატარეთ, როგორი იყო ეს ცერემონიალი?
– უფრო სასიხარულო ის იყო, როცა მეორე დღეს, მადლიერების საღამოზე, დარბაზში მოულოდნელად შევხვდი. დაცვამ დარბაზის მეორე მხარეს გადასვლა მთხოვა. თვითონ ხალხში იდგა და საუბრობდა. როგორც კი დამინახა, დაცვას არ აცადა, დამიძახა: მის ჯორჯიაო. მომიახლოვდა, მომიკითხა, გაიგო რომელი იყო ჩემი მაგიდა და ძალიან უშუალოდ მითხრა: წამოდი, შენი მაგიდის წევრებს მივესალმოთო. მაგიდა მეორე დარბაზში, ღია ტერასაზე, ბოლოში იდგა. მთელი დარბაზი ერთად გავიარეთ მაგიდებს შუა: ჯერ მე, მერე – ტრამპი და უკან – დაცვა. დესერტის დროს ჩემი მეგობრების მაგიდასთან ტრამპი მივიყვანე. გაგიჟდნენ. მაგიდიდან წამოიშალნენ, ყველა მოგვყვებოდა. თითოეული წევრი სათითაოდ გაიცნო და ჩემი სახელიდან გამომდინარე, ჩემზე იხუმრა – სოფია ლორენშია შენი საიდუმლოო… ასეთი ჟესტი ძალიან მოულოდნელი იყო არა მარტო ჩემი მეგობრებისთვის, არამედ თითქმის ყველა იქ მყოფისთვის.
– ცხოვრებაშიც ისეთივეა, როგორიც ეკრანზე ჩანს? როგორ შეაფასებდით მის პერსონას?
– ძალიან კეთილგანწყობილია ჩვენ მიმართ. ცხოვრებაში ბევრად სხვანაირია, ვიდრე ეკრანზე. „სი ენ ენი“ დემოკრატების არხია და მით უმეტეს, არჩევნების დროს ცდილობდა, მისი ყველაზე ცუდი მხარისთვის გაესვა ხაზი. ჩემი გადასახედიდან, დარწმუნებული ვარ, ამერიკას ერთ-ერთ საუკეთესო პრეზიდენტად დაამახსოვრებს თავს. თუმცა, მე პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ თითქმის 100 პროცენტით მჯერა, რომ ასე იქნება. უძლიერესი პიროვნებაა. ზუსტად იცის, რა უნდა და როგორ გააკეთოს ის, რაც უნდა... თამამია და ლამაზ სიტყვებს არ ეძებს, პირდაპირია. სრული გამარჯვებით გაიმარჯვა, დარწმუნებულები ვარ, რომ ამერიკას ისევ გააძლიერებს. საქართველოს რა სიკეთეს მოუტანს, არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ საქართველო ახსოვს და მოსწონს, დადებითადაა განწყობილი. შტატების პრეზიდენტის ასეთი დამოკიდებულება კი, მგონი, ცოტას არ ნიშნავს. რაც შეეხება მილანიას – მის მეუღლეს, ძალიან თავმდაბალი, ნაზი, დინჯი ადამიანია. არ უყვარს სურათების გადაღება, უზომოდ კრიტიკულია საკუთარი თავის მიმართ. იმდენად კონსერვატიულია და მორცხვი, ხანდახან არც კი მჯერა, ოდესღაც მოდელი რომ იყო. პრეზიდენტობამდე ტრამპთან მარტო გამარჯობა-გაგიმარჯოს დონის ურთიერთობა მქონდა, კომპლიმენტებს ყველას ეუბნებოდა და სურათებს ყველასთან იღებდა.