რა შოკი მოუწყო გისოსებს მიღმა საკუთარ თავს ლიკა ყაზბეგმა და ნანობს თუ არა ის დაქორწინებას #49
ლიკა ყაზბეგი 7 დეკემბერს, თავის ყველაზე ცნობილი პროექტის, „წარმატებული ქალი პოდიუმზე“ მეცხრე სეზონს „ბაბილო მიუზიკ ჰოლში“ გამართავს. როგორც წინა წლებში, წელსაც პროექტი მასშტაბური და სიახლეებით სავსე იქნება. ქალებთან ერთად, პოდიუმზე ბავშვები, მამაკაცები და სხვადასხვა კომპანიის პიარმენეჯერებიც გამოვლენ. ასე რომ, წინ კიდევ ერთი საინტერესო და ლამაზი საღამო გველოდება.
ლიკა ყაზბეგი: ჩემი ყველაზე ცნობილი პროექტის „წარმატებული ქალი პოდიუმზე“ მეცხრე სეზონს ვატარებ, რომელშიც თავის საქმეში წარმატებული 20-მდე ქალბატონი მიიღებს მონაწილეობას. თავიდან ამას ექსპერიმენტის სახე ჰქონდა, რადგან მსურდა, საკუთარი თავი ახალ ამპლუაში მომესინჯა. შემოქმედისთვის ერთი და იგივეს კეთება ძალიან რთულია. პლუს ამას, ვერ იზრდები. მე კი მსურს, მუდმივად ვიზრდებოდე – მინდა სიახლეები, სწავლა, გაგება. ასე რომ, საკუთარ თავს ექსპერიმენტი მოვუწყე, ასევე, იმ ქალბატონებს, პოდიუმზე რომ გამოვიყვანე. 2008 წელს შედგა პირველად ჩვენი პროექტი, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა. მონაწილე ქალბატონებს უფლება მივეცი, პოდიუმზე გასვლამდე ალკოჰოლი მიეღოთ, რადგან არ იყვნენ პროფესიონალი მოდელები. ოღონდ ეჭვი მაქვს, დოზას ვერ აკონტროლებდნენ, რადგან ერთ-ერთმა შუა პოდიუმზე ფეხსაცმელი გაიხადა და ისე გაიარა. პირველივე პროექტი ძალიან საინტერესო და კარგი გამოვიდა, წელს კი უკვე მეცხრე სეზონს ვატარებთ. რაც მთავარია, მომავალ წელს საიუბილეო თარიღი გვაქვს და მინდა, პომპეზური იყოს. უკვე ბევრს ვფიქრობ ამაზე, ღამეებს ვათენებ. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ადრენალინია. როგორც ნებისმიერ ადამიანს, მეც მქონია მომენტი, როცა არაფრის კეთება არ გინდა. მაგრამ, როგორც კი მოქმედებას ვიწყებ, ვგრძნობ, რომ ეს ჩემთვის ძლიერი დოპინგია – უდიდეს სიამოვნებას ვიღებ და საოცარი ენერგიით ვიმუხტები.
– როგორც ვიცი, ქალბატონებთან ერთად მამაკაცებიც გამოვლენ პოდიუმზე.
– ბევრი მეკითხებოდა: წარმატებული მამაკაცები არ გამოგყავს პოდიუმზეო? მეც 2 წლის წინ, ჩემი მეგობარი მამაკაცებისგან დავიწყე და მათ ვუთხარი: გოგონები გამიმხნევეთ პოდიუმზე-მეთქი. როცა ქალი მამაკაცს დახმარებას სთხოვ და პლუს ამას – სხვა ქალბატონებისთვისაც ძალიან ცუდი მამაკაცი უნდა იყოს, რომ უარი გითხრას. შესაბამისად, უარი არავისგან მიმიღია და მათ გამოსვლას პოდიუმზე დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. წელს უფრო მეტი მამაკაცი მეყოლება. რა თქმა უნდა, ასევე, ტრადიციულად, გამოვიყვან ბავშვებს და გარდა ამისა, იქნებიან სხვადასხვა კომპანიის პიარმენეჯრები. ასე რომ, ერთდროულად 4 პროექტი განხორციელდება. მადლობა მინდა, გადავუხადო ფოტოგრაფებს – ვანო ფიცხელაურს, ავთო მეტრეველს, რომლებიც ქალბატონების ლამაზ ფოტოებზე იზრუნებენ; ასევე დიზაინერებს – მანანა მანიას, მაკა ნაცვლიშვილს; „მოდარტს“ და „ბაბილო მიუზიკ ჰოლს“, რომ ასეთი საოცარი დარბაზი დამითმეს და ერთობლივად ვაკეთებთ ამ ყველაფერს.
რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს ეს პროექტი, მაგრამ ჩემი ცხოვრების მთავარი პროექტი ჯერ არ გამიკეთებია. მას ჰქვია „შოკ დეფილე“, რომელიც შოკი უნდა იყოს ყველანაირად და მას აუცილებლად გავაკეთებ.
– დღეს ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ძალიან რთულია, ქალი იყოს წარმატებული თავის საქმეში და იმავდროულად, ჰქონდეს აწყობილი პირადი ცხოვრება. შენ ხარ ადამიანი, რომელიც ორივეს უთავსებ ერთმანეთს.
– მე ძალიან გამიმართლა იმაში, რომ ჩემი მეუღლე არ მიშლის იმას, რასაც ვაკეთებ, პირიქით, მამხნევებს, გვერდში მიდგას. მისთვის ხშირად მიკითხავს რჩევა, რადგან შემოქმედებითი ადამიანია, ადრე ტელევიზიაშიც მუშაობდა ოპერატორად, მომწონს ხოლმე მისი აზრები, იდეები. რაც უნდა საქმიანი ქალი მიწოდონ, მე არ განვეკუთნები იმ ქალების რიცხვს, რომლებიც ოჯახის დათმობის ხარჯზე საქმეს აკეთებს – ეს ვერც წარმომიდგენია, ვერც ვუგებ ასეთ ქალებს. თუმცა, ისიც ვერ წარმომიდგენია, რომ ქალი სახლში იჯდეს, რადგან ის, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავისთვის იქნება მოსაწყენი. არც ვარ ასეთი ტიპი, ჩემი შინაგანი რესურსი რითიც ივსება, ეს არის საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა. ზოგჯერ საკუთარი თავი დამიჭერია იმაში, რომ ბევრ ადამიანთან 10 წუთზე მეტხანს ურთიერთობა მიჭირს ხოლმე, რა თქმა უნდა ისინი ამას ვერ გრძნობენ. მაგრამ მე არ მინდა ხოლმე, რომ ეს 10 წუთი ჩემთვის არასაინტერესო ადამიანთან დავხარჯო.
– რა არის ლიკასთვის სიყვარული?
– ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიყვარულის გაცემა. სიყვარულის თემით ძალიან დავინტერესდი. ცოტა ხნის წინ ერიხ ფრომის „სიყვარულის ხელოვნება“ წავიკითხე, რომლის წაკითხვაც მამა გიორგი (წეროძემ) მირჩია. როცა წერდნენ, ვკითხულობდი, რომ სიყვარულის გაცემით შეიძლება შეივსო, ცოტა მიჭირდა ამის აღქმა. მაგრამ თურმე ეს შესაძლებელი ყოფილა, დაუსრულებლად შემიძლია ვეფერო საყვარელ ადამიანს და ეს ჩემთვის ბევრის მომცემია. სხვისგან არ ველოდები სითბოს, მთავარია მე გავცე, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც დიდი სიყვარულის მატარებლები არიან, მაგრამ ვერ გამოხატავენ. მე თუ არ გავეცი სიყვარული, შეიძლება, მყინვარწვერი გავხდე. ბევრ სიყვარულს მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობასთან აიგივებს, მაგრამ აქაც იერარქია უნდა დავიცვათ. პირველი ღმერთისადმი სიყვარულია და მერე უკვე ყველაფერი თავისთავად ლაგდება. როდესაც ღმერთთან სიახლოვეზე საუბრობდნენ, ეს ისეთი შეგრძნებაა, რომელსაც არაფერი შეედრება და მე ეს ადრე მესმოდა ყურით, მაგრამ არ მესმოდა შიგნით. მაგრამ წელს პირველად გავიგე ეს შიგნით, გულის სიღმერში, თუმცა არ მიგრძნია, რადგან რომ ვიგრძნო, ალბათ, სიხარულისგან გონებიდან გადავალ.
– შენი სიყვარული გისოსებმაც არ შეაშინა და პირდაპირ გისოსებში, ციხეში აღმოჩნდი 4 წლის წინ, როდესაც მეუღლეზე დაქორწინდი.
– ალბათ, ეს ჩემი მოხევური ხასიათის დამსახურებაა. მე ძალიან ექსტრემალი ვიყავი, ბევრი ხიფათი გადამიტანია. ცხვირზე ქირურგიული ოპერაციაც კი დამჭირდა, რადგან კლდიდან გადმოვვარდი. ქორწინებაზეც, იმ დღეზე რომ ვფიქრობ, როცა პირველად გისოსების შიგნით აღმოვჩნდი, იმდენი ემოცია მქონდა ერთად: დადებითი, უარყოფითი, უცნაური... ბევრი ისეთი რამ ვიგრძენი, მანამდე რომ არ მქონია და ეს ძალიან საინტერესო იყო. დიდი შოკი მოვუწყე საკუთარ თავს. არ მიყვარს ერთფეროვნება საქმეშიც და პირად ცხოვრებაშიც. ადამიანმა საინტერესოდ უნდა იცხოვროს და თუ გარემო ამის ფუფუნებას არ გაძლევს, ეს თვითონ უნდა შეუქმნა თავს. ფაქტობრივად, მე შევქმენი ჩემი მეუღლის დახმარებით ეს გარემო.
– ბევრი მაშინ ეჭვის თვალით უყურებდა თქვენს ურთიერთობას, ბევრს ერთგვარი პიარიც კი ეგონა. ზოგი იმასაც ფიქრობდა, ეს ურთიერთობა არ გაგრძელდებოდა...
– ვიცი, რომ ახლაც ბევრი გვიყურებს ეჭვის თვალით. ბევრს აინტერესებს, ეს ის მაგარი ბიჭია, ვისაც მე გავყევი ცოლად თუ ვინანე ეს ნაბიჯი. თან, ისეთი სიფრთხილით მეკითხებიან ამ ყველაფერს, ცოტა მძაბავს, რადგან არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი. ზოგი შეიძლება, ფიქრობს, რომ ვნანობ ამ ნაბიჯს. არაფერს არ ვნანობ, რადგან არაჩვეულებრივი ადამიანია. რა თქმა უნდა, გვქონდა სირთულეები. გვერდით რომ გყავს მეუღლე, მაშინ არის სიძნელეები და ასეთ შემთხვევაში, რა გასაკვირია. ამქვეყნად მოვდივართ, ყველას გარკვეული მისია აქვს – შესაბამისი გამოცდებია ჩასაბარებელი. მე გადავწყვიტე, პრობლემებს დავარქვათ გამოცდები. ამით კი საკუთარ თავს ძალიან დავეხმარე. იმ პრობლემას, მეუღლე რომ სულ შენ გვერდით არ არის და გენატრება გაკვეთილი, გამოცდა დავარქვი, რომელიც ღმერთის წინაშე უნდა ჩავაბარო; ასევე, საკუთარი თავისა და მეუღლის წინაშე. თუ ეს სიტუაცია ღმერთმა გამოცდად მომივლინა, მინდა, ბოლომდე ჩავაბარო.
– რადგან უკვე წლებია, გრძელდება ეს ურთიერთობა, ალბათ, გამოცდებს კარგად აბარებთ.
– არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ. გიორგი რომ არ ყოფილიყო საინტერესო ადამიანი ბევრი დადებითი თვისებით, ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი. რა თქმა უნდა, ციხემ თავისი კვალი დააჩნია ალბათ, მაგრამ არც მე ვიყავი მარტივი და ეს ბევრს უთქვამს. ერთმანეთს თითქოს ვწვრთვნით. სიყვარულიც ისწავლება, რადგან მას უამრავი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი. სიყვარული ღმერთია და ღმერთს ძალიან უყვარს გამოცდები. თუ გამოცდები აღარ გაქვს ჩასაბარებელი, ესე იგი, ღმერთმა თქვენ მიმართ ინტერესი დაკარგა. ვხვდები, რომ ღმერთს ძალიან ვუყვარვართ მე და გიორგი, რადგან სულ გამოცდებში ვართ. ერთმანეთის წინაშეც ბევრი გამოცდა ჩავაბარეთ. შეიძლება ყველა 5-იანზე ვერა, იყო 4-იანიც, 2-იანიც, მაგრამ ამ ორიანის გამოსწორებაც ხომ შეიძლება. გიორგის როგორც შეუძლია, იქიდან ყურადღებას მაქცევს. თბილისში ხომ ყველამ ყველას შესახებ ყველაფერი იცის – ბევრი წყვილია, გვერდში ჰყავს მეუღლე, ენატრება, ის კი გვიანობამდე არ მიდის სახლში. მე არაფერი მაქვს საწუწუნო. თანაც, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, მეც შევეჩვიე რაღაცეებს – გადავაფასე და ჩემი მიდგომებით გავამარტივე ეს ყოფა. მაგალითად, ერთ დღეს დავჯექი და ძალიან რომ არ მედარდა, დეპრესიაში რომ არ გადავვარდნილიყავი, ვთქვი: სულ რომ მენატრება ქმარი, ცუდია, მაგრამ ის არის კარგი, როცა მირეკავს, გული მიჩქარდება და ეს, ერთგვარი რომანტიზმია-მეთქი.
– რა სიხშირით გაქვს მასთან კონტაქტი?
– ყოველდღიური და ყოველკვირეული კონტაქტი არ მაქვს, მაგრამ ერთმანეთს ვხვდებით ხოლმე. მის რჩევას სულ ვითვალისწინებ და როცა უნებურად არ გამითვალისწინებია, აუცილებლად წამიგია. შესაბამისად, ვისი აზრიც მაინტერესებს და ვინც პირველ ადგილზეა ჩემთვის, ეს გიორგია.
– ალბათ, ხშირად ფიქრობ იმ დღეზე, როცა ერთად, უკვე გისოსების გარეშე იქნებით. ფიქრობ, ყოველდღიურ რუტინაშიც ასეთი რომანტიკული და ლამაზი იქნება თქვენი სიყვარული?
– ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ცოლ-ქმარმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ უფრო მრავალფეროვანი გახადოს ურთიერთობა. როგორც ქოთნის ყვავილს სჭირდება მორწყვა, ასე სჭირდება სიყვარულსაც მორწყვა, რომ გაიზარდოს, რადგან ისიც იზრდება და გარკვეულ ეტაპებს განიცდის. ცოლ-ქმარი მეგობრებიც უნდა იყვნენ და კარგი საყვარლებიც – ეს ცნობილი გამონათქვამია. თუ ადამიანი გაინტერესებს, გიყვარს, მაშინ შენდაუნებურად მუშაობ ამაზე – შინაგანად ფიქრობ, სტიმული გაქვს. მე დღემდე ვეპრანჭები ჩემს ქმარს, თუმცა ისედაც ასეთი ტიპი ვარ – პრანჭია. თუ ადამიანს არ ვეპრანჭები, ეს უკვე ცუდის ნიშანია და იქ რაღაც დასრულდა.