როგორ ნათლავდნენ ახალბედა თანამშრომლებს იარაღის საკონსტრუქტორო ბიუროში #49
ცნობილი მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი ასეთ კურიოზს იხსენებს: „ერთ-ერთ ფილმში ახალგაზრდა იარაღის ინჟინერ-კონსტრუქტორის როლი უნდა შემესრულებინა და ეს სახე რომ კარგად მომერგო, ორიოდ კვირით სამუშაოდ იარაღის გამოსაცდელ საამქროში მომაწყვეს. თანაც, ისე, რომ მხოლოდ ქარხნის დირექტორმა იცოდა, ვინ ვიყავი, დანარჩენებისთვის კი, ახალბედა კონსტრუქტორი გახლდით.
ოთახში რვანი ვმუშაობდით. თითოეულს საკუთარი მაგიდა და სკამი გვქონდა. უზარმაზარ სეიფში კი საბრძოლო იარაღების ნიმუშები ინახებოდა. შუადღის შემდეგ, შესვენებისას, თანამშრომლებმა მაგიდები შეაერთეს, სუფრა გაშალეს და მეც მიმიწვიეს. შუა ჭამის დროს ერთ-ერთ თანამშრომელს მივაჩერდი, რომელიც „ლიმონკას“ ათამაშებდა ხელში. ხან მოხსნიდა რგოლს, ხან გაუკეთებდა. ეს კი ძალიან საშიში იყო. თქმა დავაპირე, შეენახა, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა და მომერიდა. უკვე სადილს ვამთავრებდით, რომ მან კვლავ მოხსნა რგოლი, რომელიც ხელიდან გაუვარდა და მაგიდის ქვეშ შეგორდა. მან დამცავმოხსნილი „ლიმონკა“ მაგიდაზე დადო, თვითონ კი მაგიდის ქვეშ შეძვრა რგოლის გამოსაღებად. მე გავშრი, რადგან რამდენიმე წამში „ლიმონკა“ აფეთქდებოდა. ამიტომ, ფეხზე წამოვხტი და სანამ „ჩემს ბედზე“ ღია ფანჯარაში გავფრინდებოდი, ვიღრიალე: ვიღუპებით, თავს უშველეთ-მეთქი... შემდეგ, პირველი სართულის ფანჯრიდან რაკეტასავით გავფრინდი, თან აფეთქების ხმას მივაყურადე. თუმცა, აფეთქება არ მომხდარა. თავი რომ ავწიე და ზემოთ ავიხედე, ფანჯრიდან შვიდი მოხარხარე ადამიანი მიყურებდა... დეტონატორს, თურმე, ნემსა ჰქონია ამოცლილი და ლაბორატორიის თანამშრომლები ასე ნათლავდნენ ახალბედა თანამშრომლებს.