კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საჩუქრები დაიმსახურა ლაშა ღლონტმა მილიონერთა რესტორანში მილიონერებისგან და რა ტრაგედია დაატყდა წელს მომღერლის ოჯახს #49

რამდენიმე დღის წინ ლაშა ღლონტმა და ქეთი ფარესაშვილმა ახალი, საოცარი კლიპი წარუდგინეს საზოგადოებას და მსმენელისგან ძალიან კარგი შეფასებებიც მიიღეს. ლაშამ ამ კლიპის შექმნის ისტორია, სხვა შემოქმედებითი სიახლეები, ხშირი გასტროლების დროს გადახდენილი თავგადასავლები, გასული წლის ბედნიერი თუ მძიმე მომენტები „თბილისელებთან“ გაიხსენა.
ლაშა ღლონტი: ძალიან მიყვარს ქეთის სიმღერები. დუეტის ჩაწერის სურვილი ერთობლივად გაგვიჩნდა. დაახლოებით, ერთი წელი ვფიქრობდით, როგორი სინთეზი გაგვეკეთებინა და მგონი, კარგი შედეგიც მივიღეთ. პარალელურად, ვმუშაობ სოლო რეპერტუარზეც და ახალ წელს, ალბათ, ერთ კარგ სიმღერას ჩავწერ.
– ყოველთვის საქართველოში ხვდებით ახალ წელს?
– მხოლოდ ერთი-ორჯერ არ ვიყავი საქართველოში. ისე, ძალიან ბევრს ვმოგზაურობ. იანვარისთვის უკვე დაგეგმილი მაქვს კონცერტები გერმანიასა და საფრანგეთში. ცოტა ხნის წინ ვიყავი ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში, სადაც ძალიან წარმატებული სოლო კონცერტები მქონდა. საერთოდ, ამერიკაში ძალიან ხშირად ვარ.
წარმოიდგინეთ, ამერიკაში ჩასული ემიგრანტი, ახალგაზრდა სოფლელი ბიჭი, რომელიც უკან ვეღარ მოდის, რადგან ამ შემთხვევაში, იქ ვეღარ დაბრუნდება და არსებობის წყაროს დაკარგავს. ასეთი ბიჭი მხვდება და მეუბნება: სოფლის სუნი რომ მენატრება, ცირკში მივდივარ და თივას ვყნოსავო. პირველად რომ ჩავედი, აეროპორტში იმდენი ადამიანი დამხვდა, გაოცებული ვიყავი.
– სენტიმენტალურ ემოციებთან ერთად, გასტროლს გართობა და თავგადასავლებიც ახლავს.
– იქ რომ ჩადიხარ, ყველას უნდა, თვითონ დაგპატიჟოს და გიმასპინძლოს. ზოგჯერ ჩემი სასტუმროს წინ ასეთი ადამიანების რიგი დგას ხოლმე. ძალიან არ მინდა, რომ შეწუხდნენ, მაგრამ მეუბნებიან, შენ გამო ორი თვით ადრე ავიღეთ შვებულებაო. ყველა ქართულ სუფრას მახვედრებს, არადა მე ამერიკაში ქართულ კერძებს გავურბივარ (იცინის). გურმანი ვარ და მინდა, მათი ქვეყნის სამზარეულო გავიცნო. თორემ ქართული კერძები აქაცაა და თბილისში ჩემი პატარა რესტორანიც მაქვს.
– გემრიელ კერძებს რომ სასმელი მოჰყვება და სასმელს კიდევ უფრო მეტი გართობა...
– ახალგაზრდობაში ცნობილი თამადა ვიყავი. ახლა მეგობართან ერთად საკუთარი ღვინო გამოვუშვი – სპეციალურად ქალებისთვის და „აპრილი“ დავარქვით. მაგრამ, პირადად მე, ბევრს აღარ ვსვამ – ორი-სამი ჭიქით შემოვიფარგლები ხოლმე. მახსოვს, სტუდენტობისას „ავერსის“ პრეზიდენტმა, ბატონმა პაატა კურტანიძემ, თავის იტალიელ პარტნიორთან ერთად, იტალიაში წაგვიყვანა. ბოლო დღეს იტალიელმა მილიონერების რესტორანში დაგვპატიჟა, სადაც ერთი ბოთლი შამპანური სამასი ევრო ღირდა. არადა, სტუდენტები ვიყავით და ჯიბეში ოც-ოცი ევრო გვედო (იცინის). ძალიან ელიტური საზოგადოება იყო შეკრებილი და პოლონელი მუსიკოსები უკრავდნენ არაჩვეულებრივად. მაგრამ ორი-სამი ჭიქის შემდეგ, ჩვენ „მრავალჟამიერი” და გიტარა მოგვინდა. მოგვინდა და მოვკიდეთ კიდეც ხელი – დავაგუგუნეთ „მრავალჟამიერი” (იცინის). დასასრულს, ერთ-ერთი მილიონერი ადგა, აიღო დიდი ლანგარი და ზედ ასი ევრო დადო (ეს რომ საქართველოში გაეკეთებინა ვინმეს, შეურაცხყოფად მივიღებდი, მაგრამ იქ სხვა სიტუაცია იყო). იგივე გაიმეორა მეორემ, მესამემ, მეოთხემ და ასე შემდეგ. საბოლოოდ, ხუთი ათასი ევრო მოგროვდა. ოფიციანტმა, როგორც ჩვენი გუნდის ხელმძღვანელს, ეს ფული მე მომიტანა. ძალიან უხერხული სიტუაცია შეიქმნა. აბა, რას მოიმოქმედებსო, ყველა მე მიყურებდა. უცებ, ავდექი და ეს ფული პოლონელ მუსიკოსებს გავუგზავნე საქართველოს დელეგაციის სახელით. იგრიალა ტაშმა, გაიძახოდნენ  „ვივა ჯორჯია“, მუსიკოსები მას შემდეგ სულ ჩვენთვის უკრავდნენ: მოკლედ, დიდი ყურადღების ცენტრში მოვექეცით. მაგრამ, სასტუმროში რომ დავბრუნდით, კინაღამ მომკლეს ჩემმა მეგობრებმა, ოც-ოცი ევროთი როგორ დაგვტოვე, აგეღო ის ფული და ჩვენთვის მაინც მოგეცაო (იცინის). სინამდვილეში, ყველა გახარებული იყო, იტალიაშიც რომ დავამტკიცეთ ჩვენი ქართველობა. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ვმოგზაურობ, დღემდე ძალიან მეშინია ფრენის და ამ შიშს ვერაფერი მოვუხერხე. ფრენა ჩემთვის კატასტროფაა. უამრავჯერ ჩავხუტებივარ სტიუარდესას შეშინებული. რომ ვერაფრით მაწყნარებდნენ, ბოლოს თვითმფრინავში დამაბეს. მერაბ სეფაშვილმა მითხრა, იქნებ, დალევამ გიშველოსო, მაგრამ რომ დავლიე, სულ გავგიჟდი და მოლანდებები დამეწყო (იცინის).
– ბევრი მომღერლისთვის უცხოეთში ჩატარებული კონცერტები შემოსავლის მთავარი წყაროა. თქვენთვის?
– მე ძალიან ბევრი რამით ვარ დაკავებული. მაქვს სამედიცინო კომპანია, გამოვუშვი საკუთარი ღვინო, მაქვს რესტორანი და ძალიან ბევრს ვშრომობ. შესაბამისად, მატერიალურად კონცერტებზე დამოკიდებული არასდროს ვყოფილვარ. თუმცა აქედან კარგი შემოსავალი კი მიმიღია. ჰონორარის ოდენობისთვის მნიშვნელობა არ აქვს, საქართველო იქნება თუ სხვა ქვეყანა. მთავარია, შესრულებული სამუშაო. საქართველოშიც მქონია კონცერტები, რომელშიც 5 000-7 000 ლარი ამიღია. მაგრამ, ამისთვის მთელი თვე მიმუშავნია და არა მხოლოდ ის ერთი დღე. უცხოეთშიც, დაახლოებით, იგივე თანხებზეა საუბარი.
– უკვე 2016 წელი მთავრდება. როგორ შეაფასებდით მას?
– ჩემთვის ძალიან კარგი წელი იყო, რადგან ჩემი შვილი გაბედნიერდა. ახლა შვილიშვილს ველით, რომელიც აპრილში დაიბადება. ამბობენ, მამისთვის რთულია ქალიშვილის გათხოვებაო, მაგრამ მე არ გამჭირვებია, იმიტომ რომ, სიძე კარგი ადამიანია და ვხედავ,  ერთმანეთი ძალიან უყვართ. სიმამრის ამპლუაშიც კარგად ვგრძნობ თავს, რადგან თორნიკე ჩემი მეგობარია. ისინი თავიანთ ბიუჯეტს და საქმეებს თავადვე განკარგავენ, მაგრამ სხვა მხრივ, ერთი დიდი ოჯახი ვართ. ძალიან გვიყვარს ერთად ყოფნა და სხვადასხვა საღამოზე სიარული, ჩვენც და თორნიკეს ოჯახსაც.
– ეს ამ წლის ყველაზე მაგარი მოვლენაა თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ იქნებოდა რთული მომენტებიც.
– სირთულე და სანერვიულო ბევრია, თუმცა შეგუებული ვარ იმას, რომ უნდა ვინერვიულო. მთავარია, ჯანმრთელობა, მშვიდობა და ნორმალური მდგომარეობა იყოს ქვეყანაში. თუმცა, წელს მოხდა ისეთი ამბავი, რომლის გახსენებაც არ მსიამოვნებს. ეს მამაჩემს უკავშირდება. მამა საკმაოდ მძიმე დაავადებით, ალცჰეიმერით იყო ავად. დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს, თუმცა, უფლის მადლობელი ვარ, რომ დღეს მამის საფლავი მაქვს. როგორც იცით, ალცჰეიმერის დაავადება, რომელსაც ჩვენთან სკლეროზს ეძახიან, გულმავიწყობას იწვევს. შეიძლება, ადამიანი სახლიდან გავიდეს და უკან ვეღარ დაბრუნდეს. ასე მოხდა ჩვენს ოჯახშიც. მამა ყველასგან მალულად გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. მთელი ბათუმი ეძებდა, მაგრამ ვერაფრით ვიპოვეთ. ამ გაურკვევლობაში ხუთი დღე გავატარეთ. მერე აღმოჩნდა, რომ პირველივე დღეს გარდაცვლილა, ხევში გადავარდნილა და ჩვენ მხოლოდ ხუთი დღის შემდეგ ვნახეთ. წყლით იყო დაფარული და კიდევ კარგი, ზღვამ არ წაიღო, თორემ ცხედარსაც ვერ ვიპოვიდით. თებერვალში მისი გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდება.
– წარსულიდან?
– რთული მომენტები ყოველთვის იყო, განსაკუთრებით კი სტუდენტობისას. მაშინ ძალიან გვიჭირდა, პურის ფულიც კი არ გვქონდა. მოსწავლეები მყავდა და ბევრს ვშრომობდი. ვფიქრობ, ის პერიოდი ჩემი და ჩემი მეუღლის სიყვარულის გამოცდა იყო, რომელიც წარმატებით ჩავაბარეთ. არანაირი საშუალება არ გვქონდა, მაგრამ ერთად ყველაფერი დავძლიეთ. არასდროს არაფრის გაკეთებას არ ვთაკილობდი და ამიტომ შრომის ფასი კარგად ვიცით. ძალიან ბევრჯერ მქონდა კარიერული წინსვლის შესაძლებლობა. შემეძლო, მაღალი თანამდებობა დამეკავებინა, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან თანხმობის შემთხვევაში, აღარ მექნებოდა დამოუკიდებლობა და თავისუფლება. მიმაჩნია, რომ ახლა ჩემი საქმით უფრო მეტს ვაკეთებ, ვიდრე ამას პოლიტიკაში მოსვლით შევძლებდი. პროფესიით ექიმი ვარ, ჩემი საქმე მაქვს, რომელიც ძალიან მიყვარს. მაგრამ, ბათუმიდან თბილისში რომ ჩამოვედი ზაურ ბოლქვაძე, გოგი დოლიძე, მიშიკო შენგელია, ბიძინა კვერნაძე და სხვა ისეთი ადამიანები გავიცანი, რომლებმაც სიმღერის უფლება მომცეს. მუსიკალურ საზოდოებასთან კონტაქტი ყოველთვის მქონდა, მაგრამ მაყურებლის  წინაშე წარვდექი დათო არჩვაძისა და ნანა ცინცაძის არაჩვეულებრივი სიმღერით „მონატრებიხარ ფიქრებს.“  ეს იყო ხუთი წლის წინ და ამან ძალიან დიდი აღიარება მომიტანა. ერთ დღეს დავიძინე და მეორე დილით სხვა ადამიანმა გავიღვიძე. ქუჩაში რომ გაჩერებენ და გეუბნებიან: თავს გაუფრთხილდი, იმიტომ, რომ შენ ჩვენ გვჭირდებიო, ამას რამე შეედრება?  – არა, ამას ვერანაირი თანამდებობა ვერ შეცვლის. ამ ყველაფრით ძალიან ბედნიერი ვარ.

скачать dle 11.3