როგორ დაწინდა ღამის 12 საათზე მომავალმა მეუღლემ თათია დოლიძე და რა პრეცედენტი დაუშვეს „გაეროს” ასამბლეაზე მის გამო #49
თათია დოლიძის, „გაეროში” საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის გამოსვლამ „გაეროს” გენერალურ ასამბლეაზე არავინ დატოვა გულგრილი. მან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა დიდი სიმპათია და ქართველი ინტერნეტმომხმარებლების აღტაცება გამოიწვია. თათიას საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს და იმ წრეებში, სადაც საქმიანობს, საკმაოდ პოპულარულია. გარდა ამისა, მან ცოტა ხნის წინ ოჯახი შექმნა და ცხოვრება საყვარელ ადამიანს დაუკავშირა.
თათია დოლიძე: ყოველთვის ბეჯითი და აქტიური მოსწავლე ვიყავი. 16 წლის ასაკში, უნივერსიტეტში რომ ჩავირიცხე, ეროვნული გამოცდების შედეგებით პირველი ვიყავი სიაში. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. ვიყავი პრეზიდენტის სტიპენდიანტი, ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის ეროვნული კომიტეტის წევრი. პრაქტიკა მაქვს გავლილი საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებში, სტაჟირებაზე ვიყავი იტალიაში, ასევე, ვსწავლობდი ვილნიუსის უნივერსიტეტში. 20 წლის ასაკში მოვიპოვე ფონდ „ღია საზოგადოებისა“ და მაასტრიხტის უნივერსიტეტის ერთობლივი გრანტი და სტიპენდიით გავემგაზვრე სასწავლებლად ჰოლანდიაში, მაასტრიხტის უნივერსიტეტში, ევროპათმცოდნეობის მიმართულებით. იქ 100-კაციან გამოშვებაში ერთადერთი ვიყავი, ვინც კურსი წარჩინებით დაამთავრა. შემდეგ სტაჟირებაზე მოვხვდი ბრიუსელში, ევროპარლამენტში, სადაც ვმუშაობდი 5 თვის განმავლობაში. ეს ანაზღაურებადი სტაჟირება იყო. შემდეგ სამუშაო კონტრაქტი შემომთავაზეს და ხელიც მოვაწერე, მაგრამ პირადი მიზეზების გამო, ვერ წავედი, რაზეც ძალიან დამწყდა გული. მაგრამ, მერე გამიხარდა, რადგან ძალიან მალე ჩემთვის ბევრად უფრო სასურველი სამუშაო გამოჩნდა – ბრიუსელში, CEPS-ში ევროპული კვლევების ცენტრში. რომელიც ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ცენტრია და მე მკვლევრად ამიყვანეს. ყოველთვის ვოცნებობდი იქ მუშაობაზე და ვერც წარმომედგინა, თუ ამიყვანდნენ, რადგან ჩემი ასაკის არასდროს არავინ ყოფილა. კვლევით ცენტრში ვმუშაობდი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. რადგან ჩემი სფერო იყო ევროკავშირის აღმოსავლეთის სამეზობლო პოლიტიკა, თუ იქ რაიმე კითხვა გაჩნდებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობებზე; ვინმე მოვიდოდა ინტერვიუზე ან ჩემს ბოსთან ექსპერტმოსაზრების გამო, ის მაშინვე ჩემთან აგზავნიდა და მე ვპასუხობდი. ბრიუსელიდან ბერლინშიც გამგზავნეს ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციაზე, სადაც ბერნარდ კუჩნერი მეჯდა გვერდით. ასეთ კონფერენციებში ხშირად ვიღებდი მონაწილეობას, სადაც შეიძლება, გვერდით გჯდომოდა 60 წლის გამოცდილი მკვლევარი, რომელსაც შეიძლება, რაღაც საკითხზე შენი მოსაზრება ეკითხა. ბრიუსელში მუშაობისას სამი პუბლიკაცია გამოვუშვი, სამი კვლევითი ნაშრომი. ერთი ეხებოდა ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკას და მას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ბრიუსელში. მირეკავდნენ, მეკითხებოდნენ რაღაცეებს. დღეს ეს ნაშრომი საკმაოდ პოპულარულია, წიგნებშიცაა ციტირებული, ასევე სხვადასხვა ჟურნალში. ამ ნაშრომმა ჩემ მიმართ დიდი ინტერესი გააჩინა და კონფერენციებზე, სადაც კი ეს საკითხები განიხილებოდა, ხშირად მიბარებდნენ. ფაქტობრივად, მან დაახლოებით იგივე როლი ითამაშა ბრიუსელში ჩემს მოღვაწეობაზე, როგორც „გაეროს” ვიდეომ საქართველოში.
– „გაეროს” ასამბლეაზე შენმა გამოსვლამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. რამდენიმე დღე ყველა შენზე საუბრობდა.
– ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ გამოსვლაში პირადი ისტორიაც ყოფილიყო, რადგან ასეთი ისტორიები უფრო მეტად მიაქვს ხალხს გულთან. გენო პეტრიაშვილის ისტორიაც ამიტომ მოვყევი, რომელიც არ იყო პესიმისტური – თან იმედისმომცემიც გახლდათ და თან ისიც ჩანდა, რომ ჩვენს ქვეყანაში არიან ახალგაზრდები, რომლებსაც ასეთ რეალობასთან უწევდათ და უწევთ გამკლავება. მესამე კომიტეტი სოციალურ, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების საკითხებს ეხება. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ, რადგან ახალგაზრდობის წარმომადგენელი ვარ, მესაუბრა იმ ადამიანების პრობლემებზე, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საზღვრისპირა სოფლებში ცხოვრობენ. ყველანაირი უფლება მქონდა, მეხსენებინა რუსეთი, მაგრამ ვიცი, რომ ახალგაზრდობის წარმომადგენლები ერიდებიან რუსეთის ხსენებას. „გაეროში” გვყავს ჩვენი წარმომადგენლობა, მისია, ძალიან ნიჭიერი და გამოცდილი დიპლომატები. ამიტომ წინასწარ გამაფრთხილეს, რომ თუ რუსეთს ახსენებ და ამას რუსეთის მხრიდან პასუხი მოჰყვება, შენ კი არ იქნები მზად პასუხისთვის, ჩვენ გავცემთ პასუხსო. მიმაჩნდა, ეს უნდა დამეფიქსირებინა და საერთაშორისო ტრიბუნა კიდევ ერთხელ გამომეყენებინა იმისთვის, რომ ამ ყველაფრისთვის ხაზი გამესვა. მიმაჩნდა, რომ მე უნდა გამეცა მისთვის პასუხი. 10 საათზე გამოვედი სიტყვით, პირველი სესია 3 საათზე მთავრდებოდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ველოდებოდი პასუხს. რომ მეგონა, არც ამზადებდნენ, პასუხი საღამოს 6 საათზე გამცა რუსეთის დელეგატმა. სხვათა შორის, მას ბევრმა შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ შეიძლება, ის სულ სხვა რამეს ფიქრობდა. თუ ახალგაზარდობის წარმომადგენლებს შეუძლიათ, თავად დაწერონ სიტყვა, დიპლომატი თვითონ არ წერს სიტყვას. საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოსდის დაწერილი, რომელიც მას გამოაქვს სამსჯავროზე. ასე რომ, რეალურად ის ადამიანი რას ფიქრობდა, არავინ იცის. მე, სამწუხაროდ, არ მომეცა საშუალება, რომ პირადად გავსაუბრებოდი, რადგან სესიის დასრულების შემდეგ, ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა ჩემთან.
– თუმცა, რუსი დელეგატის, რუსული მხარის გაბრაზება და გაღიზიანება გამოიწვია.
– კი, რადგან, ალბათ, არც მოელოდნენ. პირველი ის, რომ შარშან რუსეთი პირდაპირ არ გვიხსენებია და მეორე: ჩემგან არ ელოდნენ პასუხს. მანამდე ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა. ახალგაზრდობის წარმომადგენელს არ უპასუხია რანგით მასზე ბევრად მაღალი დიპლომატისთვის. მე მადლობელი ვარ ჩვენი მისიის, რომ ამის საშუალება მომცეს. მათი მხრიდან სრული ნდობა და მხარდაჭერა მქონდა. გარდა ამისა, პასუხის გაცემის უფლებაც მომცეს. შესაბამისად, ეს უპრეცედენტო ფაქტი იყო. სიმამაცეს მიქებდნენ, როგორ არ შეგეშინდაო. მე ხომ სიმართლეს ვამბობდი, თან ვფიქრობდი, ამ ადამიანმა მე მომმართა, ჩემს სიტყვაზე ჰქონდა რეაქცია და სხვას არ უნდა გაეცა პასუხი-მეთქი. ძალიან მომეწონა ერთი შეფასება: საქართველომ ყველას დავანახვეთ, რომ ხელწამოსაკრავი ხალხი არ ვართო. მე ფაქტები წარვადგინე და არ შემეშინდა რეალობის თქმის. სხვათა შორის, სხვა ქვეყნის ახალგაზრდობის წარმომადგენლებიც მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ: ჩვენმა ელჩმა დაგვაბარა – ყოჩაღ, რა კარგად გამოხვედიო. ჩვენს მისიასაც მიუვიდა რამდენიმე წერილი: ყოჩაღ, როგორ გამოვიდაო. ცოტა ხნის წინ, ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა. სანკტ-პეტერბურგიდან დავბრუნდი, სადაც რუსი და ქართველი ექსპერტების შეხვედრაზე ვიყავი. გავოცდი, როცა იქ მიცნეს და აღმოჩნდა, რომ რუსულ ინტერნეტშიც ტრიალებდა ეს ვიდეო. მოხსენების შემდეგ ერთ-ერთი რუსი ექსპერტი მოვიდა და მითხრა: თქვენ ის ხართ, სიტყვით რომ გამოხვედითო და კომპლიმენტიც მოაყოლა: ჩვენი ბიჭი კი ჩვენ ბიჭად რჩება, მაგრამ, შენ ყოჩაღო.
– ცოტა ხნის წინ გათხოვდი. ვინ არის შენი მეუღლე?
– ჩემი მეუღლე 11 წელია, უცხოეთში ცხოვრობს, აქედან 8 წელი იტალიაში, ეკონომისტია სპეციალობით, თავისი წარმატებული კომპანია ჰქონდა. ახლა გადაწყვიტა, ახალი სტარტაფი გააკეთოს, რომელიც იქნება მაღალტექნოლოგიური აპლიკაცია ჰაიტეკში. ნიჭიერი ბიჭია და ვნახოთ, იქნება შემდეგი მარკ ცუკერბერგი გამოდგეს. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას, ბედი იყო და უბრალოდ, გამიმართლა. იმდენად მოძრავი ცხოვრება მაქვს, რომ ყველა მეუბნებოდა, თვითმფრინავში თუ შეხვდები ვინმესო. ისე მოხდა, რომ ზაფხულში ორივე ცოტა ხნით საქართველოში ვიყავით ჩამოსული. საქართველოში იმყოფებოდა იტალიელი მკვლევარი ქალი, რომელსაც მეც ვმასპინძლობდი. ჩემმა მეგობრმა დამირეკა: იტალიელი კაცი მოინათლა მართლმადიდებლად, იტალიურ-ქართული საღამო იმართება და იქნებ, შენ შენს სტუმართან ერთად მოხვიდეო. წავედით და აღმოვჩნდით ჩემი მეუღლის სახლში, რომელიც ნათლია იყო. გავიცანით ერთმანეთი. შემდეგ, ისე მოხდა, რომ შვედეთიდან ჩამოვიდა ჩემი მეგობარი და ჩემი ახლადნელი ქმარი მთავაზობდა: გავასეირნოთო. მოკლედ, ჩემი სტუმრის სეირნობის მიზეზით ვსეირნობდით ჩვენც. გავაცილე ჩემი მეგობარი და მერე უკვე ჩვენ გავაგრძელეთ ურთიერთობა. მაგრამ, რადგან ის მილანში ცხოვრობდა, მე კი, ბრიუსელში, სულ მოძრაობა გვიწევდა. მაგრამ, ამ სირთულეს კარგად გაართვა თავი და იმდენი შეძლო, რომ 10 დღეში ერთხელ ბრიუსელში იყო, რომ არ დამვიწყებოდა.
– როგორი რეაქცია ჰქონდა შენს ცნობილ გამოსვლაზე?
– ახლა, რაც ჩემი მეუღლე გახდა, უფრო მეტად გამოხატავს: რა უხარია და იმას, რომ ამაყობს ჩემით. შეყვარებულობის დროს უფრო თავშეკავებული იყო. რაც უნდა გამეკეთებინა, არ მახსოვს, შევექე ან საქებარი სიტყვა ეთქვა. ახლა, რაც ცოლი გავხდი, უფრო აძლევს თავს იმის უფლებას, კომპლიმენტები მითხრას. როგორც გავარკვიე, ძალიან ამაყობს და მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა ჩემი ასეთი გამოსვლა. სასაცილო დამთხვევაც მოხდა. ორ წელიწადზე ცოტა მეტია, რაც ურთიერთობა გვაქვს, შესაბამისად, ქორწინებაც ამ ურთიერთობის ლოგიკური გაგრძელება იყო. მაგრამ ისე დაემთხვა, რომ ჩამოვედი ამერიკიდან და მეორე დღეს მთხოვა ხელი. ყველა იცინოდა: შეეშინდა, რადგან სტატუსებს წერდნენ: ეს გოგო გაგვაცანი, ამ გოგოს გაცნობა გვინდაო. დიდი ხანია, ეს გადაწყვეტილი გვქონდა, მაგრამ იმ პერიოდში ამაზე არ გვისაუბრია. შესაბამისად, მოულოდნელიც იყო. სახლის სიტუაციაში ჩვეულებრივ მკითხა: ხომ არ გამომყვები ცოლადო. მე სერიოზულად არც აღვიქვი და ზოგადად ვუპასუხე: ხო, რა ვიცი-მეთქი. არ მეგონა, თუ ამას რამე მოჰყვებოდა. თურმე მთელი მისი საძმაკაცო გამზადებული იყო და იმ ღამესვე წამიყვანეს ეკლესიაში. ღამის 12 საათზე დავიწინდეთ. ჯვრისწერაც უნდოდათ, მაგრამ წინააღმდეგობა გავუწიე. როგორც ყველა გოგოს, მეც წარმოდგენილი მქონდა ჩემი ჯვრისწერა ლამაზ კაბაში და არა ასე მოულოდნელად, ფორმაში რომ არ ხარ. თან, თვალზე კოღოს ნაკბენი მქონდა და ისეთი სასაცილო იყო – ეკლესიაში მივყავარ და მე ვყვირი: კოღოს ნაკბენი მაქვს, არ წამოვალ-მეთქი. მხოლოდ დაწინდვაზე იმით დავითანხმე, მშობლები არ არიან და ეწყინებათ-მეთქი. ასე გადავაფიქრებინე ჯვრისწერა, რომელსაც ქორწილთან ერთად, გაზაფხულზე ვგეგმავთ. სამაგიეროდ, ხელი მოვაწერეთ, ულამაზესი კაბა მეცვა „ზენკა და მარიმ“ მაჩუქეს პირდაპირ პარიზის კოლექციიდან. მიხარია, რომ სწორედ ისეთი მეუღლე აღმოჩნდა, როგორიც მინდოდა. შეყვარებულიც კარგი იყო, მაგრამ ვიცოდი, რომ ქმარი უკეთესი იქნებოდა. ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე ახლა უფრო მშვიდად გრძნობს თავს, რომ მისი ვარ. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ, ერთად არასდროს გვწყინდება. ერთად გართობაც შეგვიძლია. ძალიან ვგავართ ერთმანეთს – ინტერესები, ღირებულებები საერთო გვაქვს. ორივე დომინანტი ტიპაჟები ვართ და აქტიურები, მიუხედავად ამისა, ძალიან კარგად ვართ ერთად. ურთიერთობაში რაღაცეების დათმობას ორივე ვსწავლობთ, მთავარია, არ დათმო ის, რაც შენთვის ღირებულია. მაგალითად, მე ვერ დავთმობდი, თუნდაც სიყვარულის გამო მეცხოვრა იქ, სადაც ვერ ვხედავდი ჩემს თავს და არც მას მოვთხოვდი დაეთმო ის, რაც მისი თვითრეალიზებისთვის მნიშვნელოვანია. თორემ პატარ-პატარა დათმობები აუცილებელია. დემოკრატიული წყვილი ვართ. იცის, რომ არ ვარ ის ტიპი, რომელიც ყოველდღე სამზრეულოში იტრიალებს. ამის არც მოთხოვნა აქვს და არც პრეტენზია. თუ რამეა, მე მოვამზადებ, თუ არადა ის, ან გავალთ და გარეთ შევჭამთ. ასეთი რაღაცეებისგან პრობლემებს არ ვქმნით. მთავარია, ერთად კარგად ვგრძნობთ თავს და იმდენად კომფორტულად ვარ, ზოგჯერ მიკვირს. არ მეგონა, ოჯახის შექმნა თუ ასეთი უმტკივნეულო იქნებოდა. გაგვიმართლა, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ.
– შენს მოდელობასაც მინდა შევეხო. აქტიურად იყავი ამ საქმით დაკავებული?
– 16 წლის რომ ვიყავი, სამოდელო სააგენტოშიც ვიყავი. თუ საინტერესო ჩვენებები იმართებოდა და მეც დრო მქონდა, გამოვდიოდი. მაგრამ ეს ჩემი პროფესია არასდროს ყოფილა. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მეთაკილება, პირიქით, ახლახანაც გამოვედი „მერსედეს ფეშენ-ვიქის“, სამ ჩვენებაზე. უბრალოდ, ეს ჩემს პროფესიად რომ ამერჩია, სხვანაირად მივუდებოდი, შრომას ჩავდებდი, განვავითარებდი, მაქსიმუმს გავაკეთებდი. მაგრამ, ეს მომენტი არ მქონია, რადგან მოდელობა ჰობი იყო, რომლის კეთებაც მსიამოვნებდა.