რატომ ვერ იქნება მამლის წელიწადი პოლიტიკურად იოლი გასავლელი და რა ცვლილებებს მოუტანს ის საქართველოს #49
სულ მალე დადგება 2017 წელი და ყველას აინტერესებს, როგორი იქნება ის პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით, სტაბილური იქნება თუ ბობოქარი და რა პერსპექტივებს გვპირდება. როგორც ასტროლოგი, ბატონი დავით ბუტიკაშვილი ამბობს, ცეცხლოვანი მამლის წელიწადი საკმაოდ ბობოქარი და ცვალებადი მოვლენებით დატვირთული იქნება. ამ წლის მთავარი დევიზია – არეულობა სამართლიანობის აღდგენისთვის!
– ბატონო დავით, როგორი წელიწადია ასტროლოგიური დაკვირვებით მომავალი 2017 წელი და რა სიურპრიზებს უნდა ველოდოთ მისგან პოლიტიკურ ასპარეზზე?
– ცეცხლოვანი მამლის წელი დადგება 2017 წლის 28 იანვრიდან. მამალს არ უყვარს უსამართლობა და ეცდება, ნებისმიერი მეთოდით ებრძოლოს მას. 2017 წელს მოსალოდნელია სამართლიანობის აღდგენა დაიწყოს და ეს პროცესი მშვიდი ნამდვილად არ იქნება. გამოაშკარავდება ბევრი სამართლიანობით შენიღბული, უსამართლო ფაქტი და ბევრიც ადამიანი, ვინც უსამართლოდაა დასჯილი, ანუ უსამართლობის მსხვერპლია. 11 ნოემბრამდე პერიოდში, ისინი აუცილებლად იპოვიან სამართალს. პოლიტიკური თვალსაზრისით, საკმაოდ დაძაბული პერიოდი გველის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მოსალოდნელია კონფლიქტური კერების გააქტიურება. საბოლოო ჯამში კი, ამის ფონზე, 2017 წლის ბოლოს, დედამიწაზე დამყარდება ახალი წონასწორობა და აღდგება სამართლიანობა. მამლის წელიწადი მარტივი გასავლელი ნამდვილად არ იქნება. მოსალოდნელია დაპირისპირებები არა მარტო ადამიანებს, არამედ ქვეყნებს შორისაც. 14 იანვრამდე, განსაკუთრებით გაიზრდება ტერორისტული აქტების ალბათობა მთელ მსოფლიოში. მთელი წლის განმავლობაში, ოქტომბრის თვის ბოლომდე ასევე, მოსალოდნელია რელიგიური დაპირისპირებები, მათ შორის, საქართველოშიც. ზოგადად, მამლის წელი გულახდილობის წლად მოიაზრება. ამიტომ, ყველას ვურჩევ, გამოავლინონ, მეტი გულახდილობა. წელს ბევრ საიდუმლოს აეხდება ფარდა და ბევრი ტყუილი გამოაშკარავდება. მოსალოდნელია, მთელ მსოფლიოში ჩამოყალიბდეს ახალი გაერთიანებები – ისეთ ქვეყნებს შორის დაიდოს ხელშეკრულებები, რომლებიც მტრულად არიან ერთმანეთის მიმართ განწყობილი. რაც დღეს წარმოუდგენლად მიგვაჩნია, ხვალ ის რეალობად იქცევა. ანუ, 2017 წელს, დამყარდება ახალი მსოფლიო წესრიგი. სხვათა შორის, ნოემბრამდე პერიოდი კარგია დაოჯახების თვალსაზრისით. ამიტომ, ვისაც მომავალში მყარი ოჯახური ურთიერთობა სურს, ეს წელიწადი მისთვის საუკეთესოა. კარგი წელიწადია როგორც მსოფლიოს, ისე საქართველოსთვის, სასამართლო სისტემის თვალსაზრისითაც, განსაკუთრებით, ადამიანთა უფლებების დაცვის მხრივ. მოსალოდნელია, ისეთი რეფორმები გატარდეს და ისეთი სიახლეები დაინერგოს, რომელიც მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო წინ წამოწევს ადამიანთა უფლებების დაცვას. შესაბამისად, შეიცვლება გაერთიანებული ერების პოლიტიკაც.
– რომელ სფეროში გველის პრობლემები 2017 წელს?
– ძირითადად, პრობლემები მომავალ წელს იქნება რელიგიური თვალსაზრისით, რაც ზემოთაც აღვნიშნე. მოიმატებს დაპირისპირება სხვადასხვა რელიგიური მრწამსის ადამიანებში და ეს კონფლიქტის მიზეზი გახდება. ეს დაპირისპირება საქართველოშიც იჩენს თავს. ევროპაში კი, საკმაოდ მძაფრ მოვლენებში გადაიზრდება. რთული წელია ტურიზმისთვის – განსაკუთრებით 14 თებერვლიდან ოქტომბრის ჩათვლით. სირთულეები იჩენს თავს და ამ ბიზნესში ჩართულებს ბევრი პრობლემის დაძლევა მოუწევთ. წელს არ გირჩევთ აჩქარებას. კარგად დააკვირდით ნებისმიერ მოვლენას და სანამ ნაბიჯს გადადგამთ, გააანალიზეთ, რა მოჰყვება მას. ასევე, არ გირჩევთ, დამოუკიდებელ მოქმედებას. დამოუკიდებლად მოქმედება არა მარტო ადამიანებს, სახელმწიფოებსაც გაუჭირდებათ. ამიტომ, წლის დასაწყისშივე, უნდა მოიძიოთ საქმიანი პარტნიორები და სანდო მოკავშირეები. საკმაოდ წარმატებული წელიწადი იქნება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის. მათ დიდი გავლენა ექნებათ ქვეყნის პოლიტიკაზე. პრობლემური წელია სამშენებლო და ნავთობის ბიზნესისთვის. ნავთობზე ფასის ცვალებადობა დიდ გავლენას მოხდენს არა მარტო მსოფლიო ეკონომიკაზე, არამედ ქვეყნების პოლიტიკაზეც. შესაძლოა, ამ ბიზნესში მონაწილე ბევრმა კომპანიამ დიდი ზარალიც კი განიცადოს.
– ლარის დოლარის კურსთან მიმართებაში რა პროგნოზი შეგიძლიათ, გააკეთოთ? შესაძლებელია მისი დასტაბილურება მომავალი წლისთვის?
– როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ წელს დოლარი დაიწყებს ასტროლოგიურ გამყარებას, ეს ასე, არ მგონია. ამერიკაში, კი ბატონო, მაგრამ საქართველოში, დოლართან მიმართებაში ლარი ვერ გამყარდება, თუ სახელმწიფოს მხრიდან არ გატარდა რეფორმები და არ მოხდა ბანკების საფინანსო საქმიანობის კუთხით რეგულაცია, ლარის კურსის დასტაბილურება, ისე ვერ მოხდება. ერთადერთი გამოსავალია, ბანკებს და საფინანსო ორგანიზაციებს სახელმწიფომ გარკვეული წესები დაუწესოს. 14 თებერვლამდე, ამ მხრივ გამოცდის პერიოდი იქნება – ლარის კურსი „იხტუნავებს“ და დაზარალდება მოსახლეობა. შემდეგ კი, გარკვეულწილად დასტაბილურდება. ფანტასტიკური ზრდა არ არის მოსალოდნელი, თუმცა უახლოეს მომავალში არც დასტაბილურებაა მოსალოდნელი. ზოგადად, ეკონომიკური თვალსაზრისით, მამლის წელი 14 თებერვლის შემდგომ უკეთეს მოვლენებს გვპირდება. საშუალო ბიზნესში მეტი ხალხი დასაქმდება. აგრეთვე, ისეთ ქვეყანასთან, რომელთანაც კონფლიქტური სიტუაცია გვაქვს, რუსეთი მაქვს მხედველობაში, მოსალოდნელია ეკონომიკური გააქტიურება. შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი პროდუქცია გავიდეს მათ ბაზარზე გასაყიდად. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ დაკარგულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რაიმე სერიოზული წინსვლა და კომპრომისზე წასვლა მოსალოდნელია მხოლოდ წლის ბოლოს, ანუ 11 ნოემბრის შემდგომ. ასე რომ, პოლიტიკურად მშვიდი წელი ნამდვილად არ გველის და ვერც ეკონომიკური კუთხით იქნება ის სტაბილური. 2017 წელს მოსალოდნელია სტუდენტების მასობრივი, საპროტესტო გამოსვლები. ეს მოვლენები საკმაოდ გააქტიურდება და საგანმანათლებლო სფეროს რეფორმებისკენ უბიძგებს. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ განათლების მინისტრი შეიცვალოს. ეს გამოსვლები იქნება სამართლიანი და თუ სახელმწიფომ არ მიმართა გარკვეულ ზომებს და სტუდენტები არ ჩააწყნარა, გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში. დიდი ალბათობაა, ამაზე სახელწიფომ თვალი არ დახუჭოს და სტუდენტების მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ამ წლის დევიზია – არეულობა სამართლიანობის აღდგენისთვის! აქედან გამომდინარე, 2017 წელი მშვიდი ვერ იქნება, თუმცა შედეგები სასიკეთო ცვლილებებს მოგვიტანს.
– ბუნებრივი კატაკლიზმების მხრივ, საქართველოში თუ გველის რაიმე საფრთხე?
– ბუნებრივი კატაკლიზმების ალბათობა მამლის წელიწადში საქართველოში არ არსებობს. თუ რაიმე გველის, მაგალითად, ამინდის ბობოქრობა, ეს შესძლებელია 14 თებერვლამდე. სხვა მხრივ რაიმე საფრთხე მოსალოდნელი არ არის.
– ცეცხლოვანი მამლის წელიწადი, ზოგადად, რომელი სტიქიის ქვეშ დაბადებულებისთვისაა პოზიტიური და ვისთვის – ცუდი?
– ჩინური ასტროლოგიური კალენდრით, ცეცხლოვანი წელიწადი მოდის და ის უარყოფით გავლენას მოახდენს და ცუდი იქნება ლითონის სტიქიით დაბადებულებისთვის. თუმცა, მიწის სტიქიით დაბადებულებს, კარგი პერსპექტივები ელით. წყლის სტიქიის ქვეშ დაბადებულები კი გაუგებრობაში აღმოჩნდებიან. შესაძლოა ამის გამო, ვერ გამოიყენონ საკმაოდ კარგი შანსები. ცეცხლის სტიქიის ქვეშ დაბადებულებს ბევრი წარმატება ელით, ხოლო, ხის სტიქიით დაბადებულებისთვის ეს წელი ნეიტრალურია. დასავლური ასტროლოგიური კალენდრის მიხედვით, კი წარმატებული წელიწადია სასწორებისთვის, მერწყულებისთვის და ტყუპებისთვის, ნეგატიური – ვერძებისთვის. კირჩხიბებსა და თხის რქებს ბევრი მუშაობა მოუწევთ წარმატებების მისაღწევად. რთულ იქნება კუროებისთვის და მეტი შრომისუნარიანობის გამოვლენა მოუწევთ ლომებსა და კუროებს. დანარჩენი ნიშნებისთვის, ეს წელიწადი ნეიტრალურია.