როგორ გახდა ახალგაზრდა ქალი მამათმავალი საქმროს მსხვერპლი #49
27 წლის ლევან კ. საცოლის სასტიკი ცემისა და დაჭრისთვის ციხეში ექვს წელს გაატარებს. ბრალდებული და მსხვერპლი ერთმანეთს ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ. დაქორწინებასაც აპირებდნენ, მაგრამ კაცი განსხვავებული ორიენტაციის აღმოჩნდა, რის შემდეგაც მათი რომანი მისი პატიმრობით დასრულდა.
25 წლის სალომე ს. საავადმყოფოში აღმოჩნდა და ამის მიზეზი, გახდა ის, რომ საქმროს შემთხვევით, ინტიმური კავშირისას შეუსწრო, თანაც, არა უცხოსთან, მისთვის კარგად ნაცნობ მამაკაცთან. როგორც საქმიდან ირკვევა, შეყვარებულებს შეხვედრებისთვის ბინა ჰქონდათ ნაქირავები. იქ ქალი მოულოდნელად მივიდა და საქმრო იმ კაცთან ინტიმური ურთიერთობისას ნახა, ვინც მათ დაახლოებას მაქსიმალურად უწყობდა ხელს.
ნაცემი და მინის ნამსხვრევებით დაჭრილი სალომე ს. საავადმყოფოში ნაქირავები ბინის მეზობლების დახმარებით აღმოჩნდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მას კისრის ძარღვი ჰქონდა გადაჭრილი, რის გამოც კინაღამ სისხლისგან დაიცალა. მომხდარის შესახებ ბინის მეპატრონეც საქმის კურსში მეზობელმა ჩააყენა. ისიც შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ მივიდა. სწორედ მისი ინფორმაციის საფუძველზე მოხდა დამნაშავის არა მხოლოდ დაკავება, ყველა იმ დეტალის გარკვევაც, რაც გამოძიებას საქმის ოპერატიულად გახსნაში დაეხმარა. ბინის მეპატრონისგან გაირკვა, რომ მისი 120 კვადრატული მეტრის ბინა ორმა მამაკაცმა იქირავა. მათგან ერთ-ერთი უცხოელი იყო. მისი თქმით, მეორე პიროვნებაც უცხოელს ჰგავდა, მაგრამ ქართული ძალიან კარგად იცოდა და ვინაიდან 6 თვის ქირა ერთიანად გადაუხადეს, მათთვის ზედმეტი შეკითხვები აღარ დაუსვამს ბინა მიაქირავა. მეზობლებს კი სთხოვა, ახალი მდგმურებისთვის ყურადღება მიექციათ.
ლევან კ., რომელიც სოფელში დაიბადა, ოთხ დედმამიშვილში ნაბოლარა იყო. ბავშვი თვეების იყო, როდესაც მამამ დედამისი მიატოვა და ისედაც გაჭირვებულ ოჯახს, ეკონომიურად კიდევ უფრო გაუჭირდა. პატარა ლევანის გაზრდაში დედას ყველაზე მეტად მეზობლად მცხოვრები დები ეხმარებოდნენ. მათ ბავშვი იმდენად შეუყვარდათ, რომ წლების შემდეგ, როცა უცხოეთში წავიდნენ, უკვე 19 წლის ლევანიც თან წაიყვანეს. მანამდე ბავშვმა სკოლა დაამთავრა, სადაც გრძელი თმისა და ქალური მანერების გამო, ბიჭები სცემდნენ და ხშირად დასცინოდნენ კიდეც. სკოლის დამთავრების შემდეგ, ლევანის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მეზობელმა დებმა, რომლებსაც მის აღზრდაში უზარმაზარი როლი ჰქონდათ, ბიჭს ფული გამოუგზავნეს და ამერიკაში წაიყვანეს. 25 წლის ლევან კ. უცხოეთიდან სულ სხვა ადამიანი დაბრუნდა. არა მხოლოდ უცხო ენა ისწავლა, თბილისში ბინა იყიდა და როგორც უცხო ენის კარგმა მცოდნემ, ერთ-ერთ პრესტიჟულ ბარში დაიწყო მუშაობა, სადაც ძირითადად, უცხოელები დადიოდნენ. ლევანმა სალომე ს. სწორედ ბარში გაიცნო. უფრო ზუსტად, ისინი ერთმანეთს უცხოელმა მაიკლ შ-მ დააახლოვა. საქმე ისაა, რომ სალომე მაიკლის თარჯიმანი იყო, რომელიც სტუმარს ყველა შეხვედრაზე დაჰყვებოდა. ერთ დღეს კი, ბარში აღმოჩნდნენ, სადაც სალომემ ლევანი გაიცნო. ბარის თანამშრომელი იმდენად უაქცენტოდ ლაპარაკობდა ინგლისურად, სალომესაც ლევანი უცხოელი ეგონა...
როგორც სალომე ს. ჩვენებაში აცხადებს, მას ლევანი თავიდანვე მოეწონა და არ მალავს, რომ ბარში მისი ყუარდღების მისაქცევად ძალიან ხშირად დადიოდა. ანუ, აღიარა, რომ ინიციატივა მისგან მოდიოდა, მიზანს მიაღწია და მათ შორის მეგობრობა, სიყვარულში გადაიზარდა. გაუთვალისწინებელი მოვლენები რომ არა, დიდი ალბათობით, მათი ურთიერთობა ქორწინებითაც დასრულდებოდა. ცოტა ხანში, სალომემ შეიტყო, რომ ლევანს ბინა ჰქონდა ნაქირავები. ეს ძალიან გაუკვირდა, რადგან ოთხოთახიანი ბინა ისედაც ჰქონდა, რომელშიც მისი ოჯახი ცხოვრობდა. გოგონამ ივარაუდა, რომ ბინა შესაძლოა, მათი შეხვედრებისთვის უნდოდა და სთხოვა, ტყუილად ფულს ნუ გადაყრი, ჩემი მშობლები ხომ უცხოეთში არიან და ბინა ისედაც ცარიელიაო. თუმცა, პასუხად მიიღო, რომ მარტო ცხოვრება მისი ცხოვრების წესი იყო და ასე ერჩია. თანაც, მასთან შეხვედრას იმ ბინაში უფრო კომფორტულად მოახერხებდა. სალომეს ჩვენებით, ამ განმარტებების პარალელურად, უცნაური ის იყო, რომ მათ შორის „ზედმეტი” არაფერი ხდებოდა, რაც უხაროდა. დარწმუნდა, რომ როგორც თვითონ, ლევანიც ტრადიციული ქორწინების მომხრე იყო.
სალომე ს-ს ჩვენებიდან: „ნაქირავები ბინის გასაღები ორივეს გვქონდა. თუმცა, იქ ან ერთად მივდიოდით ან მაშინ, როცა ვიცოდით, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი იქ იყო.
ინციდენტის დღეს, დღის 4 საათზე მაიკლ შ-ს უნდა შევხვედროდი. უკვე სახლიდან გავდიოდი, რომ მაიკლმა დამირეკა: მნიშვნელოვან საქმეზე ვარ და შეხვედრა 6 საათისთვის გადავიტანოთო. ცხადია, დავთანხმდი, მაგრამ სახლში აღარ შევბრუნდი. გამახსენდა, რომ წინა დღეს ლევანის ნაქირავებ ბინაში ტესტები და მნიშვნელოვანი დოკუმენტების საქაღალდე დამრჩა. ვინაიდან იმავე დღეს მჭირდებოდა, დროის გადატანა გამიხარდა კიდეც და მის წამოსაღებად წავედი. სახლთან მისვლამდე სამჯერ დავურეკე, მაგრამ ჩემს ზარებს არ უპასუხა.
კარი რომ გავაღე და ოთახში შევედი, ლევანის ფეხსაცმელები და ტანსაცმელი შევნიშნე. ამის შემდეგ ხმა საძინებლიდან შემომესმა... კარი შევაღე და მამაკაცები დავინახე... ინსტინქტურად ვიყვირე, რადგან ვიფიქრე, რომ ქურდები იყვნენ, მაგრამ მაიკლი დავინახე... გავშეშდი... ლევანი ბოლოს შევნიშნე... ინსტინქტურად უკან გამოვტრიალდი, კიბეები ჩავირბინე, მაგრამ იმდენად დაბნეული ვიყავი, ისევ უკან ავბრუნდი. მაიკლი უკვე ჩაცმული იყო და გარეთ გამოდიოდა. თავი ვერ შევიკავე და სახეში შევაფურთხე. ამის შემდეგ ლევანს მომხდარზე პასუხს ვთხოვდი, რადგან შეეძლო, ჩემთვის ყველაფერი აეხსნა. ლევანი მთხოვდა, გავჩუმებულიყავი. არ უნდოდა, მეზობლებს გაეგოთ, მაგრამ ხმას უფრო ავუწიე, რის გამოც სახეში ძლიერად დამარტყა. მითხრა, რომ არ ვუყვარდი და საერთოდ, მისთვის თავი დამენებებინა. ყვირილს ვაგრძელებდი, რის გამოც ლევანი დახჩობას მიპირებდა... მან სასტიკად მცემა. შემდეგ ხელიდან გავუსხლტი და ოთახიდან ოთახში გასასვლელი კარი ისე მივაჯახუნე, კარის მინა ჩამოიმსხვრა და კისერზე დამეცა. მთლიანად სისხლში ვცურავდი, მაგრამ ყვირილს მაინც ვაგრძელებდი. ლევანს ვემუქრებოდი, რომ ყველას ყველაფერს ვეტყოდი. ამ დროს ლევანმა მინის ნატეხი აიღო და კისერზე დამისვა. არ ვიცი, კონფლიქტი რით დასრულდებოდა. შევნიშნე ოთახში უცხო ხალხი იყო შემოსული.
ლევან კ. იმავე დღეს დააკავეს. მან აღიარა, რომ განსხვავებული ორიენტაციის იყო და თავს დამნაშავედ ცნობდა სალომეს წინაშე, რადგან ის თვალის ასახვევად გამოიყენა. დაზარალებული გოგონას მხარე ამტკიცებდა, რომ ლევანს გოგონას მოკვლა ჰქონდა განზრახული. ბრალდებული კი არ ადასტურებდა და აცხადებდა, რომ დანაშაული სპონტანურად, ემოციური აღელვების ნიადაგზე ჩაიდინა. სასამართლომ ლევან კ-ს ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა.