როგორ ჩაიშალა, ქართველი მილიციელის ძალისხმევით, მოსკოვში ფიდელ კასტროს მკვლელობის ოპერაცია #49
ახალბედა ოპერი
1963 წლის 29 აპრილს, ორშაბათს, 23 წლის უმცროსი ლეიტენანტი კოტე სამუშია პირველად გავიდა სამსახურში და მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს („მური“) ოპერრწმუნებულის თანამდებობაზე დაინიშნა. კოტე თბილისელი იყო. მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და მიუხედავად იმისა, რომ თბილისში კარგ კაბინეტურ სამსახურს სთავაზობდნენ ახლობლები, მან მოსკოვში დარჩენა და რიგით ოპერად მუშაობა არჩია. სამუშია უშიშროებაში სამსახურზე ოცნებობდა და ურჩიეს, რომ მილიციაში გაევლო სტაჟირება. პირველივე დღეს ახალბედა მილიციელს გაუმართლა და მან მძარცველი დააკავა, რომელმაც ავტომობილ „მოსკვიჩიდან“ შავი ფერის ტყავის ჩანთა გაიტაცა და გაიქცა. კოტე სამუშია კი მილიციის საპატრულო მანქანიდან გადმოხტა, ბოროტმოქმედს ორმოციოდე მეტრში დაეწია და ფაქტზე აიყვანა. კოტეს მეწყვილეც წამოეშველა. ცნობილი მძარცველი, მეტსახელად „სტოპკა“ გაკოჭეს და მანქანების გაჩერებაზე დააბრუნეს, სადაც დანაშაული მოხდა. თუმცა, ვერც „მოსკვიჩს“ მიაგნეს და ვერც მის პატრონს, რომელსაც სტოპკამ ცხვირწინ ააცალა ჩანთა და გაიქცა.
მილიციელებმა დაკავებული სტოპკა მილიციის უახლოეს განყოფილებაში მიიყვანეს. მიიტანეს შავი ჩანთაც და სამუშიამ მორიგეს უთხრა:
– დაზარალებულის „მოსკვიჩის“ ნომერია „მოხ 35-81“ და მანქანის მეშვეობით ვიპოვით მას.
ახალბედა ოპერი მაშინვე შეაქო უშუალო უფროსობამ და მაიორმა პეტრენკომ უთხრა:
– „ვეზუნჩიკი“ ხარ. ასე განაგრძე და დიდ წარმატებებს მიაღწევო.
დოცენტი ვაზინი
დაკავებული სტოპკა „მურში“ გადაიყვანეს და შავი ჩანთაც თან წაიღეს. იქ კი მოწმეების თანდასწრებით ჩანთა გახსნეს და მასში შპრიცის ორი კომპლექტი და ორი დიმედროლის ამპულა აღმოჩნდა. ასევე, თეთრი ხალათი, „კალპაკი” (ქუდი) და რეზინის ხელთათმანები.
– როგორც ეტყობა, ამ ჩანთის მფლობელი ექიმია, – თქვა მაიორმა პეტრენკომ, – რატომ არ დაგელოდათ, თქვენ ხომ იქვე დააკავეთ სტოპკა?
– ალბათ, საავადმყოფოში ეჩქარებოდა და იცოდა რა, რომ ჩანთაში მხოლოდ შპრიცები და ხალათი იყო, წავიდა, – თქვა სამუშიას მეწყვილე უფროსმა ლეიტენანტმა სმაგინმა, – შეიძლება, ოპერაციაც კი ჰქონდა დანიშნული.
მილიციელები არ შემცდარან და გატაცებული ჩანთის პატრონი დოცენტი, ექიმი იური ვაზინი აღმოჩნდა, რომელიც მეორე ქირურგიულ კლინიკაში მუშაობდა და იმიტომ არ დაელოდა მილიციელებს, რომ ოპერაციაზე აგვიანდებოდა.
დანაშაული დილის 9 საათსა და 45 წუთზე მოხდა. ვაზინი კი „მურში“ საღამოს 7 საათზე მიიყვანეს, რადგან იმ დღეს ორი ოპერაცია ჰქონდა ჩასატარებელი და ვერ მოიცალა. დაზარალებულ ექიმს ჩანთის შიგთავსი დაათვალიერებინეს და მას მერე, რაც ვაზინმა დაადასტურა, რომ არაფერი იყო დაკარგული, ოქმს ხელი მოაწერა. მილიციელებს მადლობა გადაუხადა, ჩანთას ხელი დაავლო და „მური“ დატოვა.
„მკვლელი შპრიცები”
უშიშროებაში მუშაობაზე მეოცნებე კოტე სამუშია ძალიან დაკვირვებული ადამიანი იყო და მის მახვილ მზერასა და გონებას არაფერი გამოეპარებოდა. ჯერ ვაზინის სადგომიდან გაქცევამ დააეჭვა, შემდეგ გატაცებული შავი ჩანთის შიგთავსმა აღუძრა ეჭვები და რომ ჩაფიქრდა, რაღაც დასკვნები გააკეთა. შემდეგ კი ბიძამისს, დეიდის ქმარს, მაიორ გენადი ვოლკოვს დაურეკა, რომელიც „კაგებეში“ მუშაობდა და სწორედ მისი რჩევით მოეწყო მილიციაში. მას თავისი ეჭვები გაუზიარა... გამოცდილმა კონტრმზვერავმა მაიორმა, სანამ მილიცია ჩანთის პატრონის ადგილსამყოფელს ადგენდა, თავისი („კაგებეს“) და მილიციის უფროსობის ფარული შეთანხმებით, გატაცებული ჩანთის შიგთავსი საგულდაგულოდ შეამოწმებინეს ექსპერტებს. დადგინდა, რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, რკინის ყუთში მოთავსებული შპრიცები, სინამდვილეში, სატყორცნი მოწყობილობა იყო და სავარაუდოდ, საკმაოდ დიდ მანძილზე შეეძლო ნემსის გატყორცნა. თუმცა, შპრიცის ფუნქციის შესრულებაც შეეძლო. შეამოწმეს დიმედროლის ამპულებიც, რომელშიც მართლა დიმედროლი ესხა და საექიმო ხალათში, ქუდსა და ხელთათმანებშიც ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა... ვაზინმა საღამოს 7 საათსა და 45 წუთზე დატოვა „მურის“ შენობა და თავისი „მოსკვიჩით“ გაემგზავრა. თუმცა, მას უკვე გამოცდილი კონტრმზვერავები ასხდნენ კუდზე, რადგან იცოდნენ, რომ ჩანთაში მას „მკვლელი შპრიცები“ ეწყო და უშიშროებას სასწრაფოდ უნდა გაერკვია, ვისთვის იყო განკუთვნილი ეს სასიკვდილო იარაღი.
მთავარი სამიზნე
ვაზინის თვალთვალის პარალელურად, კონტრმზვერავი-ანალიტიკოსები იმის გაგებას ცდილობდნენ, თუ ვინ უნდა ყოფილიყო მთავარი სამიზნე და ცალსახა დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეს იყო კუბის პრემიერ-მინისტრი ფიდელ კასტრო. ის საბჭოეთში ორი დღის წინ, 27 აპრილს ჩამოფრინდა. ორმოცი დღე აპირებდა დარჩენას და ორი დღის შემდეგ, ანუ 1963 წლის 1 მაისს, საზეიმო დემონსტრაციის დროს მავზოლეუმის ტრიბუნაზე უნდა დამდგარიყო და სიტყვითაც გამოსულიყო... ექვსსაათიანმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შპრიცებს შხამიანი ნემსის ტყორცნა 500 მეტრის მანძილიდან ზუსტად მიზანში შეეძლო. ეს სასიკვდილო იარაღი სპეციალური ტექნოლოგიით იყო დამზადებული, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ხმარობდნენ და „ცეერუ“ იყენებდა.
– ესე იგი, ფიდელის მკვლელობა იგეგმება მოსკოვში 1 მაისს და ჩვენ ამას ხელი უნდა შევუშალოთ, – თქვა კონტრდაზვერვის გენერალმა, პავლე ივანოვმა, როდესაც მას პირველი მოხსენება წარუდგინეს, – ის ქართველი კი მოინიშნეთ. როგორც კი კასტროს ვუშველით, მას დაველაპარაკები.
ფიდელ კასტროზე, საერთო ჯამში, 838 წარუმატებელი ტერაქტი განხორციელდა. 1963 წლის 1 მაისს დაგეგმილი კი რიგით მხოლოდ 39-ე იყო... კუბის ლიდერს არც კი შეატყობინა „კაგებემ“, რომ მასზე თავდასხმა მზადდებოდა და ტერორისტების გამოვლენასა და განეიტრალებას საკუთარი ძალებით, ყოველგვარი ხმაურის გარეშე აპირებდნენ.
40 წლის დოცენტ იური ვაზინს კონტრდაზვერვა სულ რაღაც 12 საათი უთვალთვალებდა და 30 აპრილს, დილის 8 საათზე თავისსავე ბინაში დააპატიმრეს. დრო არ ითმენდა და მაიორმა ვოლკოვმა დაკავებულ ექიმს დაკითხვა ძალის გამოყენებით ჩაუტარა, რომელიც წამების მომენტებს შეიცავდა. ექიმმა ვერ გაუძლო და თქვა:
– შპრიცები ადამ საულსკიმ მომცა. მე კი ისინი მილიციის მაიორ საველ კუკუშკინისთვის უნდა გადამეცა, რომელსაც კასტროს მოკვლის მისია ეკისრებაო.
ადამ საულსკი პოლონეთის საელჩოს თანამშრომელი იყო მოსკოვში და ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის მიერ გადაბირებული. სწორედ „ცეერუელმა“ ნოელ კარმა მისცა პოლონელს ეს „მკვლელი შპრიცები“ ერთ-ერთ დიპლომატიურ საღამოზე, რომელიც ამერიკის საელჩოში გაიმართა.
საბჭოთა კონტრდაზვერვამ ადამ საულსკი ჩუმად აიყვანა, რადგან დიპლომატი იყო და ის ლუბიანკაზე დაკითხეს. დააპატიმრეს მილიციის მაიორი საველი კუკუშკინი, რომელიც ექიმმა ვაზინმა გადაიბირა და კასტროს ლიკვიდაციაში 5 ათას მანეთს იღებდა.. თითქოს ტერორისტთა მთელი ჯგუფი იყო განეიტრალებული და გარეთ მხოლოდ ამერიკელი ნოელ კარი რჩებოდა, რომელსაც დიპლომატიური ხელშეუხებლობა ჰქონდა, ვერ დაიჭერდნენ, მხოლოდ მოტაცება შეეძლოთ საულსკივით, თუმცა ამას ვერ ბედავდნენ. გამოცდილმა კონტრდაზვერვის გენერალმა, პავლე ივანოვმა საკუთარ თავზე აიღო ამერიკელი დიპლომატის გატაცება და ფარული დაკითხვა. შესაბამისი ბრძანებაც გასცა:
– ასეთ ოპერაციებს სათადარიგო ვარიანტიც აქვს. არც კასტროს ლიკვიდაცია იქნება გამონაკლისი და ამერიკელი დიპლომატი უნდა გამოვტეხოთ.
გატაცებულმა ნოელ კარმა აღიარა, რომ კასტროს მკვლელობის სათადარიგო ვარიანტი სნაიპერი ვიქტორ ხოხლოვი იყო, რომელსაც სახელმწიფო უნივერმაღის სხვენიდან უნდა ესროლა. ყოფილი ბიატლონისტი ხოხლოვიც მალე დააპატიმრეს და მიუხედავად იმისა, რომ კასტროზე ტერაქტის მოწყობის საქმე განეიტრალებული იყო, 1963 წლის საპირველმაისო ღონისძიებამ წითელ მოედანზე გაძლიერებული დაცვის ქვეშ ჩაიარა...
P.S. „მურის“ ქართველი ოპერი, კოტე სამუშია კი მომავალში ცნობილი საბჭოთა კონტრმზვერავი გახდა და საბჭოთა უშიშროებაში მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა.