მკვლელი ეძებს ფარმაცევტს #49
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-48(831)
მასპინძელმა მოულოდნელად მაყუჩიანი პისტოლეტი მიუშვირა მოზესს და კბილებში გამოსცრა:
– თქვენც უკან მიჰყვებით ბრაუნს.
მოზესს გაეცინა და მიუგო:
– ნუ ჩქარობთ ჩემს გასაღებას, მისტერ ნისლო, ნუთუ ისეთი სულელი გგონივართ, რომ ბრაუნივით უკვალოდ მოგაკვლევინებთ თავს? მე რომ რამე დამემართოს, არც თქვენ დაგადგებათ კარგი დღე.
– მემუქრებით?
– უბრალოდ, გაფრთხილებთ. აქ მე საქმიანი წინადადებით მოვედი. თქვენი დახმარება მჭირდება და თუკი შევთანხმდებით, გარწმუნებთ, არ წააგებთ.
– რას მთავაზობთ?
– პირველი – თავშესაფარი უნდა მომცეთ, რომ არ დამიჭირონ, რადგან, ალბათ, უკვე მთელი თქვენი პოლიცია მეძებს და მეორე – ერთი ადამიანის მოძებნაში უნდა მომეხმაროთ, რაშიც ძალიან ბევრ ფულს მიიღებთ. იმდენს, რომ თქვენი საქმისთვის ათასი წელი რომ გიხადონ დიდი ჰონორარი, იმის მეოთხედსაც ვერ შეაგროვებთ.
– დააკონკრეტეთ.
– მე ჯონ მოზესი ვარ, კორპორაცია „საქს ენდ ონკოფარმა ინდასტრის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. დაინტერესებული ვარ ქართველი პროფესორის, პავლე გოკიელის ხელში ჩაგდებით. თქვენთან იმიტომ მოვედი, რომ ჯერ ერთი, სხვაგან წასასვლელი არ მქონდა. თანაც, ვიცი, რომ სუპერკლასის სპეციალისტი ხართ და ნებისმიერი საქმის გაკეთება შეგიძლიათ. ამ საქმეში ორმოცდაათ მილიონ ევროს გადაგიხდით. როგორც კი გოკიელს მომიყვანთ, შეპირებულ თანხას ნებისმიერი ბანკის ნებისმიერ ანგარიშზე დაგისვამთ. მით უმეტეს, რომ ჩვენ მსგავსი ურთიერთობის გამოცდილება გვაქვს და კოლინზის საქმისთვის თანხა სწორედ მე გადმოგირიცხეთ.
– კოლინზი, კოლინზი... – ჩაეცინა მასპინძელს, – კოლინზის საქმე ერთადერთი იყო, რაზეც მე შეკვეთა უშუალოდ, პირადად მივიღე შემკვეთისგან და ამის გამო ზედმეტი ადამიანის გასაღება დამჭირდა.
– ბრაუნს გულისხმობთ, ხომ?
– სწორედ მას.
– ბრაუნს კი მე დავავალე პროფესიონალის მოძებნა და ყოველი შემთხვევისთვის, თქვენი კოორდინატებიც გამოვართვი.
– სამწუხაროდ, ერთი შეცდომა მეც მომივიდა. ბრაუნს ამ ბინაში შევხვდი. თუმცა, მან შორს წასვლა ვერ მოასწრო და მიკვირს, თქვენ როგორ შეიტყვეთ ჩემი მისამართი.
– შეტყობინება მომწერა ტელეფონით, – გაეცინა მოზესს.
მასპინძელმა თავი გააქნია და ირონიით თქვა:
– რა მარტივია. რას წარმოვიდგენდი, თუ ის ჩემს მისამართს მოგწერდათ.
– ეგ არაფერი. დავივიწყოთ ძველი. მთავარია, ეს საქმე გამოვიდეს. რას იტყვით, იღებთ ჩემს წინადადებას?
– უნდა მოვიფიქრო, – მხრები აიჩეჩა მასპინძელმა, მოზესმა კი დაამატა:
– რა ბევრი ფიქრი ამას უნდა. ძალიან სარფიან საქმეს გთავაზობთ. ორმოცდაათი მილიონი ევრო ქუჩაში არ ყრია და დამთანხმდით.
მასპინძელმა ყურადღებით შეათვალიერა მოზესი, გააბოლა და ჰკითხა:
– მთელი პოლიცია, რატომ გეძებთ?
მოზესს ჩაეცინა:
– ჩემს მოკვლას აპირებდნენ და პირიქით მოხდა. სამი პოლიციელი ჩავხოცე და მიწაში ჩავმარხე.
– უფრო ზუსტად, რა მოხდა?
მოზესმა მასპინძელს ყველაფერი დაწვრილებით უამბო და ბოლოს დასძინა:
– თქვენი მინისტრი მოსიარულე გვამია და როგორც კი გოკიელის საქმეს მოვაგვარებ, უკვე მასაც მივხედავ, – მოზესმა პაუზა გააკეთა და მასპინძელს უთხრა:
– თქვენ ხომ არ მოჰკიდებდით ხელს ამ საქმეს?
– არავითარ შემთხვევაში, – კატეგორიულად იუარა მასპინძელმა.
– რატომ?
– ჩემს ქვეყანაში არ ვმუშაობ.
– გასაგებია, – თქვა მოზესმა, – ეგ მეორეხარისხოვანია ამჟამად. თანაც, საკმაოდ იოლად შესასრულებელი და სნაიპერს ან ამფეთქებელს ყველგან ვიშოვი. მთავარია, გოკიელი. რა პასუხს მაძლევთ, თანახმა ხართ?
– გოკიელი რაში გჭირდებათ?
– თქვენ რაში გჭირდებათ ამის ცოდნა? – კითხვა შეუბრუნა მასპინძელს მოზესმა.
– ცნობისმოყვარე ვარ, – ირონიით უპასუხა მოზესს მასპინძელმა და სტუმარმაც ირონიითვე მიუგო:
– ცნობისმოყვარეობა ჩვენს საქმეში დამღუპველია.
– მაშინ ჩათვალეთ, რომ ჩვენი გარიგება არ შედგა.
– კეთილი. გეტყვით, მაგრამ მაშინ უარი არ თქვათ დახმარებაზე.
– თქვით და თვითონ გადავწყვეტ, დაგეხმაროთ თუ არა.
მოზესმა პაუზა გააკეთა. მასპინძელს თვალი თვალში გაუყარა და უთხრა:
– გოკიელმა რომ კიბოს წამალი გამოიგონა, ალბათ, იცით.
– ეგ მთელმა მსოფლიომ იცის.
– ჰოდა, საქმე ისაა, რომ პროფესორი გოკიელი ჩვენ დავაფინანსეთ. თანაც, სიტყვიერად შევთანხმდით, რომ თუკი მისი ექსპერიმენტები წარმატებით დასრულდებოდა, წამლის გამოშვების ექსკლუზიურ უფლებას ჩვენ მოგვცემდა და საერთოდ, ჩვენი კორპორაციის თანამშრომელი გახდებოდა. მან კი მოგვატყუა, თუმცა ყველაფერზე დაგვთანხმდა. არადა, მხოლოდ ხელფასის სახით, ქართველ პროფესორს თვეში მილიონ ევროს ვუხდიდით. თანაც, ყოველი გაყიდული წამლიდან ოცდახუთპროცენტიან წილს მიიღებდა, – იცრუა მოზესმა
მასპინძელმა ყურადღებით მოისმინა მოზესის სიტყვები და უთხრა:
– თუ სწორად გავიგე, გოკიელი თქვენ იმისთვის გინდათ, რომ კიბოს წამლის ფორმულა ათქმევინოთ, შემდეგ კი, ალბათ, მას გააქრობთ, ხომ?
– თქვენ მხოლოდ სანახევროდ გამიგეთ სწორად. გოკიელის მოკვლას არავინ აპირებს. მართალია, მას ვაიძულებთ წამლის ფორმულის გამჟღავნებას, მაგრამ ჩვენთან დავაწყებინებთ მუშაობას და მილიონერს, შეიძლება, მილიარდერსაც კი, გავხდით, – მორიგი ტყუილი თქვა მოზესმა, პაუზის შემდეგ კი დაამატა, – ახლა თქვენ ყველაფერი იცით და თანახმა ხართ, რომ დაგვეხმაროთ მატყუარა პროფესორის მოთვინიერებაში?
მასპინძელი მიხვდა, რომ მოზესი მას ატყუებდა, მაგრამ არ შეიმჩნია. დაფიქრდა და მიუგო:
– თანახმა ვარ.
– ძალიან კარგი, – მოზესმა მასპინძელს გაუღიმა, – ესე იგი, შემიფარებთ და გოკიელის მოხელთებაშიც მომეხმარებით, ხომ?
– აუცილებლად, – მიუგო მასპინძელმა.
– მაშინ, თქვენთან ერთი თხოვნაც მაქვს.
– ბრძანეთ.
– ძალიან მშია და ცოტას ხომ არ მაჭმევთ?
– რატომ ცოტას, ბევრი იყოს. თანაც, კარგ სასმელსაც შემოგთავაზებთ, – მიუგო მასპინძელმა მოზესს, დერეფანში გავიდა და დაიძახა:
– ძვირფასო, სტუმარი გვყავს. მოდი, სუფრა გაგვიშალე.
მასპინძელი რომ სამზარეულოში დაბრუნდა, მოზესს უთხრა:
– ახლავე იქნება ყველაფერი. ჩემი მეუღლე მოვა და გაგვიმასპინძლდება.
– თქვენ რა, მარტო არ ცხოვრობთ? – შეცბა მოზესი.
– მეუღლესთან ერთად, – მიუგო მასპინძელმა, – რა, უფლება არ მაქვს?
– კი. მაგრამ, გართულებას ხომ არ ექნება ადგილი?
– რა გართულებას?
– ჩვენი საუბარი ხომ არ გაჟონავს?
– არა, – თავი გააქნია მასპინძელმა, – ჩემმა მეუღლემ ჩემი საქმიანობის შესახებ არაფერი იცის. მას მე ბიზნესმენი ვგონივარ. ნუ დარდობთ.
– კეთილი, – თქვა მოზესმა. ამ დროს სამზარეულოში რიტა შემოვიდა, მოზესს მიესალმა და გენო კოკაიას უთხრა:
– რა მოგართვათ, ძვირფასო?
მსოფლიოში ცნობილი ქილერი, მეტსახელად „ნისლი“, გენო კოკაია იყო და როდესაც მან გოკიელის ამბავი შეიტყო მოზესისგან, მღელვარებისგან კინაღამ გული საგულედან ამოუვარდა. თუმცა, გრძნობები მალე მოთოკა და იმასაც მიხვდა, რომ შვეიცარიელი ატყუებდა და მისი, ანუ ნისლის შესახებ, მხოლოდ მოზესმა იცოდა. ამიტომ, გენომ მოზესის მოკვლა მომავლისთვის გადადო, თან მისი მეშვეობით, ფულის აღება გადაწყვიტა და მხოლოდ ამის მერე გეგმავდა შვეიცარიელის ლიკვიდაციას. გენომ რიტას გაუღიმა და უთხრა:
– ეს ბატონი ჩემი მეგობარია, აბა, შენ იცი, როგორ სუფრას გაგვიშლი. ისე დატრიალდი, როგორც ჩემს ცოლს შეეფერება.
რიტა მიხვდა, რომ ცოლის როლი უნდა ეთამაშა და გენოს უთხრა:
– უცხოელია?
– კი.
– ინგლისური იცის?
– კი.
რიტა მოზესს მიუბრუნდა და ინგლისურად უთხრა:
– ახლავე გაგიმასპინძლდებით, ბატონო.
ტიტე ბუკია რომ არ გამოჩნდა, ანა კიკვაძემ კონსპირაციული ტელეფონიდან დაურეკა, მაგრამ მაიორის მობილური გამორთული იყო. ჟურნალისტი, შემდეგ მის ძმას, ზაზას შეეხმიანა, მაგრამ არც მისი მობილური იყო ჩართული. ეშმაკმა ანამ, იცოდა რა ნუკა ჭყონიასა და ტიტეს ურთიერთობების შესახებ, თავის ბავშვობის მეგობარს, ნუკას დაურეკა და მოიკითხა:
– როგორ ხარ, ნუკი? გავიგე, რომ ჩამოხვედი და მოგიკითხე. შენგან ხომ ზარს ვერ ეღირსება ადამიანი. ერთხელაც არ დამირეკავ და დამელაპარაკები.
– ანა, ძვირფასო, როგორ ხარ? – ჰკითხა ნუკამ ჟურნალისტს, თან ტიტე ბუკიას უყურებდა, რომელიც მიხვდა, თუ რატომ რეკავდა ჟურნალისტი და საყვარელს ანიშნა, – აქ ამოიყვანეო.
– შენ რას შვრები, ძვირფასო, როგორ მიდის საქმეები?
– ძველებურად. შენთან?
– ჩემთანაც ძველებურად.
– ჰო. გიყურებ ხოლმე ტელევიზორით. ისევ ისეთი მოუცლელი ხარ, როგორც ადრე?
– კი. ისევ ისეთი. შენ?
– მეც, – თქვა ნუკამ და დააყოლა, – აქეთ პაციენტებიო, იქით კვალიფიკაციის ამაღლებაო. გიჟური რეჟიმი მაქვს. თუმცა, დღეს თავისუფალი ვარ და თუ გცალია, შეგიძლია, ჩემთან ამოხვიდე ყავაზე.
– კი. მცალია. როდის გესტუმრო?
– ახლავე, – მიუგო ნუკამ, რომელსაც ჟესტით ანიშნა ტიტემ, ახლავე ამოიყვანეო.
– მოვდივარ, – თქვა ანამ. ტელეფონი გათიშა და გოკიელს და მეუღლეს უთხრა:
– გული მიგრძნობს, რომ ტიტე ბუკია ნუკასთან იმალება და მისი თხოვნით დამპატიჟა ნუკამ სახლში. წავალ ერთი, გავარკვევ, რა ხდება.
– ფრთხილად, ძვირფასო, რამე ხიფათში არ გაება, – უთხრა ანას მეუღლემ.
– ნუ გეშინია, კოტიკო. პირველად ხომ არ ვრისკავ? თუმცა, ამ შემთხვევაში რა რისკზეა ლაპარაკი. ნუკასთან მივდივარ, ომში ხომ არა.
– ფრთხილად, ანა. უკან არავინ დაგედევნოს და შარში არ გაეხვე, – დაამატა ანას მეუღლის სიტყვებს პროფესორმა, რომელსაც მიაჩნდა, რომ მისმა გამოგონებამ ჯერჯერობით უფრო მეტი ზიანი მოუტანა ადამიანებს, ვიდრე სარგებელი.
– ფრთხილად ვიქნები, ბატონო პავლე. დარდი ნუ გავქთ, – გაუღიმა ანამ გოკიელს. შემდეგ მეუღლეს ლოყაზე აკოცა და სახლიდან გავიდა, რომ ნუკა ჭყონიასთან წასულიყო, სადაც ტიტე ბუკია ეგულებოდა.
ანა თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ უკვე ნუკასთან იყო. ჟურნალისტმა ბავშვობის მეგობარი გადაკოცნა და ბინაში რომ შევიდა, უთხრა:
– რამდენი ხანია, აქ არ ვყოფილვარ.
– კიდევ კარგა ხანს ვერ მოხვიდოდი აქ, რომ არა ტიტე, – მიუგო ნუკამ ანას, მსუბუქად უბიძგა ზურგში და – შედი, შედი, შენ ხომ ტიტეს ეძებ ჩემთან და არც შემცდარხარ. ის აქაა და წევს.
ანა საძინებელში შევიდა და მწოლიარე ტიტე ბუკიას ჰკითხა:
– რა გჭირს, ტიტე, რატომ გაქვს ტელეფონი გამორთული, ვერც შენს ძმას დავუკავშირდი.
– ზაზა და ჩემი ცოლ-შვილი სხვაგან იმალებიან. მე კი აქ, ნუკას შევეხიზნე. თუმცა, შევეხიზნე კი არა და ნუკას რომ არ ემარჯვა, ვიქნებოდი ახლა მყარად ჩაბეტონებული რომელიმე სამშენებლო კონსტრუქციაში.
– რა სამშენებლო კონსტრუქციაში, აღარ იტყვი, რა მოხდა? – უცებ ვერ მიხვდა ანა, თუმცა ბეტონკონსტრუქციის საამქროში მომხდარი ამბავი გაგონილი კი ჰქონდა, მაგრამ მასში ტიტეს მონაწილეობაზე არაფერი იცოდა.
ტიტემ ჟურნალისტს ყველაფერი დაწვრილებით უამბო და ბოლოს უთხრა:
– ხვდები, სადაა ძაღლის თავი დამარხული?
– მინისტრის მოგზავნილია ეგ ხალხი. მას კი შეკვეთა ჰქონდა მიღებული და სავარაუდოდ, დიდ თანხასაც ჩაიჯიბავდა, – ცალსახად დაასკვნა ანა კიკვაძემ, რაც ტიტემაც დაუდასტურა და უთხრა:
– კი. ნამდვილად მასეა ყველაფერი, – შემდეგ ჩაფიქრდა, თვალები გაუბრწყინდა და დაამატა, – ვიცი, ვინცაა შემკვეთი.
– ვინ? – ჰკითხა ტიტემ.
– ჯონ მოზესი, – მტკიცედ თქვა ჟურნალისტმა.
– მასე რატომ ფიქრობ?
– მე და ჩემი სტაჟიორი, ვანიკო მიქაძე ხომ ვუსმენთ მას. არ გახსოვს, მისი ნომრის კარნიზიდან კინაღამ მტკვარში რომ ჩავვარდი?
– კი. „ჟუკებს” რომ უყენებდი.
– სწორედაც. მას და მის პაძელნიკებს ხომ ძირითადად ვანიკო იწერდა და შიფრავდა...
– ჰო. მერე რა?
– რა და, ვანიკომ შეადგინა ერთგვარი გადაადგილების მარშრუტი წუთების მიხედვით და მოზესი ორჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში იყო. მე სულელმა ვეჩხუბე კიდეც ვანიკოს არასწორი ფუნქციონალური გრაფიკის შედგენის გამო.
– რატომ? რას ერჩოდი?
– რატომ და იმისი გრაფიკიდან გამოდიოდა, რომ მეორედ მოზესი არ გამოსულა სამინისტროს შენობიდან. ბოლოში კი ის ისევ სასტუმროს ნომერში დაფიქსირდა. იქიდან რომ გამოვიდა, ვანიკოს მისი კვალი დაეკარგა.
– რატომ დაეკარგა?
– იმიტომ, რომ პელენგატორის ელემენტები დაუჯდა. ახლო მანძილზე კი მისი „ძოვება“ უკიდურესად საშიში იყო. ვანიკოს ეს კატეგორიულად ავუკრძალე და ის მიიმალა.
– მოზესს გულისხმობ?
– კი, – თავი დაუქნია ანამ ტიტეს.
– სამინისტროდან არ გამოსულაო, მეუბნებოდი, – შეახსენა ტიტემ ანას და დააყოლა, – ვანიკოს ვეჩხუბე ამის გამოო.
– ჰო. ვანიკო მიმტკიცებდა, მოზესი რომ მეორედ შევიდა სამინისტროში, უკან აღარ გამოსულაო და ამის გამო ვეჩხუბე: – შე უყურადღებო-მეთქი. თუმცა ახლა, დარწმუნებული ვარ, რომ ვანიკო მართალს მეუბნებოდა და სამინისტროში შესული მოზესი იქიდან არ გამოსულა.
– აბა, სად წავიდა?
– იქიდან ფარულად გამოიყვანეს.
– ფარულად? – გაიმეორა ტიტემ.
– უფრო სწორად, ის მოსაკლავად და გასაქრობად გამოიყვანეს სამინისტროს შენობიდან ფარულად. მოზესმა კი როგორღაც შესძლო თავის დაღწევა და გამოქცევა,– ანამ პაუზა გააკეთა და დაამატა, – ამას შენი მონაყოლის შემდეგ მივხვდი. როდესაც ფაქტები ერთმანეთს დავუპირისპირე.
– მოიცა, მოიცა, ანა, – თქვა ტიტემ, – აქ ძალიან საინტერესო ჯაჭვი ეწყობა, რომლითაც ერთ ნათელ სურათს მივიღებთ და არაერთ ფაქტს ამოვატივტივებთ. მოდი, აბა, ერთი ეს სურათი დავაწყოთ.
– დავაწყოთ, – მშვიდად თქვა ჟურნალისტმა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში