ინტიმური საუბრები #49
ვერ წარმოვიდგენდი, თუ ერთი რომანტიკული ღამე მომავალს დამინგრევდა
მართალია, გარშემო მყოფები შურის თვალით მიყურებენ და ჰგონიათ, დედამიწაზე ჩემზე ბედნიერი ქალი არ დადის, მაგრამ სინამდვილეში, ძალიან უბედური ვარ. უბედური იმ მხრივ, რომ მყავს არაჩვეულებრივი ქმარი, შვილი, დედა-მამა, დედამთილ-მამამთილი, სანათესაო, ყველა თავზე მევლება, მაგრამ შეცდომა დავუშვი და რა ქარიშხალიც ტრიალებს ჩემს გულში, ვერავის ვუმხელ. მოკლედ, ხუთი წლის წინ, ჩემმა მეუღლემ მე და ბავშვი ზღვაზე გაგვიშვა დასასვენებლად. თავად არ ეცალა, დაგვიჯავშნა სასტუმროს ნომერი, მოგვცა თანხა და ბათუმში, ორი კვირით გაგვამგზავრა. თავისი მძღოლის მანქანით. გიგა, საკმაოდ კარგ თანამდებობაზე მუშაობს, არაფერს გვაკლებს, საუკეთესო მამა და ქმარია. მე არ ვარ მისი ღირსი. ერთმა გაუთვითცნობიერებელმა შეცდომამ ცხოვრება ნამდვილ კოშმარად მიქცია. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბათუმში დავბინავდით მე და ლიკუნა. ყოველ საათში ერთხელ რეკავდა გიგა, გვკითხულობდა. ვეუბნებოდი, ნეტავ, შენც ჩვენს გვერდით იყო-მეთქი და ტელეფონით ვესიყვარულებოდი. ჩემი ქმარი მართლა ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ღირსი ნამდავილად არ ვარ. სანაპიროზე ერთი ბიჭი გავიცანი – ლუკა. თავიდან მეგონა, ჩემს გოგონას ეპრანჭებოდა. მაგრამ, მითხრა, ჩემი ტოლი გოგონები არ მიზიდავს, ასაკით უფროსები მხიბლავენო. მეც ავყევი საუბარში, დავუახლოვდი და დღესაც არ ვიცი რატომ, ჩემი ტელეფონის ნომერი მივეცი. საღამოს, მე და ლიკუნა სასტუმროს ბარში დაგვპატიჟა და საკმაოდ ძვირი დაუჯდა ჩვენი გამასპინძლება. ნომერში რომ ავედით, ნახევარ საათში დარეკა და მთხოვა, ცუდად ვარ და იქნებ ჩემს ნომერში მოხვიდეთო. ვიფიქრე, იქნებ რა უჭირს-მეთქი. დავალდებულადაც ვიგრძენი თავი, რადგან ამდენი დაგვახარჯა ბარში და ისე მივადექი ნომერში, არც კი მიფიქრია, რა მოჰყვებოდა ამას. გამიღო კარი და კინაღამ ენა გადავყლაპე – მთელი ოთხი ვარდის ფურცლებით იყო მოფენილი, მაგიდაზე შამპანური, ორი ჭიქა და ყვავილები იყო. ფერადი სანთლები კი ლამაზად კიაფობდა. კარი მიხურა თუ არა, მივხვდი, რასაც აპირებდა. არც დაუმალავს, მომეხვია და მითხრა, ძალიან მომწონხარ. რა მოხდება, თუ ერთად ვიქნებით, ბოლოს და ბოლოს, შენს გონებაში, ზაფხულის რომანტიკულ მოგონებად დავრჩებიო. კი გავუძალიანდი, მაგრამ საკმაოდ ძლიერი ბიჭი იყო და ისე აღმოვჩნდი მის მკლავებში, ვერც კი მოვედი გონს. როცა ნომერში დავბრუნდი, ლიკუნას არ ეძინა და მკითხა, ლუკა როგორ არისო. დაბნეულმა ვუპასუხე, კარგად-მეთქი. შევედი აბაზანაში და ბევრი ვიტირე. ამ დღის შემდეგ ლუკა თვალით აღარ მინახავს. ერთ კვირაში ჩვენც დავბრუნდით თბილისში. ზუსტად ორ დღეში კი ზარი გაისმა და ლუკას ხმა ვიცანი: ყველაფერი კამერით მაქვს გადაღებული და თუ სასწრაფოდ არ მომიტან ათას დოლარს, შენს ქმარს გადავცემ დისკსო. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავვარდებოდი. იმ დღის შემდეგ, ხშირად მირეკავს. მაშანტაჟებს და მეუბნება, თუ ფულს არ მომცემ, გიგასთან ჩაგიშვებო. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ერთი რომანტიკული ღამე, მომავალს დამინგრევდა. დღეს, ყველაფერი გვიანია – სინანულიც, ტირილიც, მონანიებაც. თუმცა, გიგას გვერდით, ნამდვილ არაადამიანად მიმაჩნია თავი და მრცხვენია, ყველასი, ვისაც ჩემი „ბედნიერი“ ცხოვრების შურს.
მანანა, 43 წლის.