რომელი საკვები აზიანებს კანს, თმასა და ფრჩხილებს #49
კანი, თმა და ფრჩხილები რეაგირებს საკვებზე, რომელსაც ვიღებთ. არასწორად შერჩეულმა დიეტამ, შესაძლოა, გამოაშროს და დაასუსტოს ფრჩხილები და თმა, გამოიწვიოს მათი მტვრევადობა, თმის ცვენა. კანის, თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღე, დიეტის არჩევისას ერთმანეთთანაა დაკავშირებული.
თევზეული
ბევრი დიეტა არსებობს, რომელთა ძირითად საკვებ ულუფას ზღვის პროდუქტი წარმოადგენს. მისი დიდი რაოდენობით მიღება, თმისა და ფრჩხილების დათხელებას იწვევს. ეს პრობლემა ხშირად ექმნებათ სუშის მოყვარულებს.
შაქარი
ტკბილეულის გადაჭარბებული დოზით მიღება, არა მხოლოდ ორგანიზმისა და კბილებისთვის, არამედ კანის, თმისა და ფრჩხილებისთვისაც მავნეა. შაქრის დამატებითი დოზა იწვევს მამაკაცის ჰორმონის, ანდროგენის გამოყოფას, როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში და ამან შეიძლება გამოიწვიოს ჭარბთმიანობაც.
ცომეული
თეთრი პური, სპაგეტი, ნამცხვრები – მათი შემადგენლობა შაქართან ხსნადია და შესაბამისად, მოქმედებს ფრჩხილებსა და თმაზეც. ამ ტიპის საკვების დიდი ოდენობით გამოყენებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს თმისა და ფრჩხილების დათხელება.
ვიტამინი A
მისი დიდი რაოდენობით მიღება იწვევს თმის ცვენასა და ფრჩხილების დაზიანებას. მულტივიტამინებში A ვიტამინის შემადგენელი დოზა სახიფათო არ არის. იმავეს ვერ ვიტყვით სხვადასხვა, გაურკვეველი წარმომავლობის აბებზე (დიეტური, იმუნიტეტის გამაძლიერებელი და ასე შემდეგ). ამიტომ, სანამ რაიმე აბის მიღებას გადაწყვეტთ, აუცილებლად გადაამოწმეთ, მასში შედის თუ არა A ვიტამინი და თუ შედის, რა რაოდენობით.
პროტეინის ნაკლებობა
იმის გამო, რომ ფრჩხილებისა და თმის ძირითადი შემადგენელი ნაწილი სწორედ პროტეინია, დიეტები, რომელთა დროსაც ორგანიზმი პროტეინის საკმარის რაოდენობას ვერ იღებს, შესაძლოა, თმისა და ფრჩხილების დაზიანების მიზეზი გახდეს. პროტეინის შემცველობა, ხორცის გარდა აქვს: ლობიოს, ტარხუნას, ხორბალს, ბროკოლს და კიდევ სხვა მრავალ მცენარეს.
რკინისა და თუთიის ნაკლებობა
არსებობს მოსაზრება, რომ თეთრი ლაქები ფრჩხილებზე, კალციუმის სიჭარბის ნიშანია. სინამდვილეში ეს ლაქები შესაძლოა, გამოწვეული იყოს თუთიის ნაკლებობით. თუთიაზე არანაკლებ სასარგებლოა რკინაც. ამ ნივთიერებების ორგანიზმისთვის მიწოდება წითელი ხორცისა და ზოგი ზღვის პროდუქტის დაგემოვნებითაა შესაძლებელი. თუ ვეგეტარიანელი ხართ, რკინითა და თუთიით ორგანიზმის გასაჯანსაღებლად, შეგიძლიათ ლობიო მიირთვათ. გაითვალისწინეთ, რომ იმ დიეტის დაცვამ, რომელშიც რკინისა და თუთიის შემცველობა გათვალისწინებული არაა, შესაძლოა, თქვენი თმა და ფრჩხილები დაასუსტოს.