მოძღვარი გვირჩევს $49
კითხვა: როდესაც ინათლება ორსული ქალი, გადადის თუ არა ნათლობა ნაყოფზეც?
პასუხი: მამათა კანონების მიხედვით, ფეხმძიმე უნდა მოინათლოს, როცა მოისურვებს. თუმცა, ინათლება დედა და არა მისი ნაყოფი.
კითხვა: როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, წესის მიხედვით, დაკრძალვამდე მისი მოუნათლავი ოჯახის წევრები უნდა მოინათლონ. ეს ეკლესიურად გამართლებულია?
პასუხი: ეკლესიურად გამართლებულია გარდაცვლილის ოჯახის მოუნათლავი წევრების მის ორმოცამდე მონათვლა. რადგან ორმოცი დღის შემდეგ გარდაცვლილის სული უფლის სამსჯავროზე წარსდგება და ამ დროს მან ოჯახში მოუნათლავი არავინ არ უნდა დატოვოს. ასე რომ, შეგიძლიათ, მოუნათლავი ოჯახის წევრები მონათლოთ არა გარდაცვლილის დაკრძალვამდე, არამედ მის ორმოცამდე.
კითხვა: როგორ უყურებს ეკლესია ისეთ ქორწინებას, როდესაც ცოლ-ქმარს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა?
პასუხი: თუ სხვა კონკრეტული მიზეზი არ არსებობს და ცოლ-ქმარს შორის მხოლოდ დიდი ასაკობრივი სხვაობაა, ეკლესია არ კრძალავს ქორწინებას, თუმცა გამოცდილებიდან გამომდინარე, ოჯახი რომ მყარი იყოს და არ წარმოიქმნას მეუღლეთა შორის პრობლემები (თუნდაც სხვადასხვა შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე – ასაკიდან გამომდინარე) აჯობებს, ცოლ-ქმარს შორის ოთხ წელზე მეტი ასაკობრივი სხვაობა არ იყოს.
კითხვა: რა არის უმთავრესი მოყვასთან ურთიერთობისას?
პასუხი: უმთავრესი გახლავთ – მტკიცედ შეასრულოთ მიცემული სიტყვა და არ მისცეთ მას ცრუ დაპირება.