მეტი ჟანგბადი ქალაქს – E-Space და „M2 უძრავი ქონება“ ქვეყანაში ელექტრომობილების ინფრასტრუქტურას შექმნიან #48
ინოვაციური პროექტი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციასა და გარემოზე ზრუნვას ემსახურება
კომპანია M2 გამორჩეულია ენერგოეფექტური კომპლექსების მშენებლობით. ყველასთვის ცნობილია, რომ თითოეული სამშენებლო ობიექტი მოიცავს გამწვანებას, სკვერებსა და ბაღებს. გარდა ამისა, კომპანია ქალაქის მასშტაბით რგავს უამრავ ხეს და ამით ხელს უწყობს იმ საერთო პრობლემის მოგვარებას, რომელსაც გაუარესებული ეკოლოგია ჰქვია. ამჯერადაც კომპანიამ იზრუნა ამ კუთხით და თავის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია E-Space-თან ერთად წამოიწყო ახალი, უპრეცედენტო პროექტი სახელწოდებით: „მეტი ჟანგბადი ქალაქს“, რაც ქვეყანაში ელექტრომობილების ინფრასტრუქტურის შექმნას და 2017 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 100-მდე ელექტროდამტენი სადგურის დამონტაჟებას გულისხმობს. დამტენი სადგურების რაოდენობის ზრდა საქართველოში დაასტიმულირებს ქვეყანაში ელექტრომობილების რაოდენობის ზრდას, რაც ეკოლოგიურ სიტუაციას გააუმჯობესებს. სოციალური კამპანიის „მეტი ჟანგბადი ქალაქს“ ფარგლებში, M2 კომპანია E-Space-თან ერთად, 2017 წლის განმავლობაში ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას საქართველოში.
ირაკლი ბურდილაძე (M2-ის გენერალური დირექტორი): თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ M2-ის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუყურებთ გარემოს დაბინძურების პრობლემას და შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობდით და ვცდილობთ, ვიზრუნოთ გარემოზე. ძალიან საამაყოა ის ფაქტი, რომ გავხდით კომპანია E-Space-ის გენერალური პარტნიორები და ერთად წარვდექით საზოგადოების წინაშე ამ უნიკალური და უმნიშვნელოვანესი პროექტით. ეს პროექტი ემსახურება გარემოზე ზრუნვას, ისევე, როგორც სხვა, ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები – გამწვანების აქციები, რომლებსაც ვატარებდით ქალაქის, ქვეყნის მასშტაბით. ეს მოიცავდა ხეების დარგვას, პარკების მოვლას და ჩვენი აზრით, ამ კამპანიით „მეტი ჟანგბადი ქალაქს“ მივაღწევთ ძალიან კარგ შედეგს ჩვენს გენერალურ პარტნიორთან ერთად.
სულხან გვალია (E-Space-ს აღმასრულებელი დირექტორი): თავდაპირველად მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ ვართ პირველი ქართული კომპანია, რომლის საქმიანობაც მთლიანად ეძღვნება საქართველოში ელექტრომობილების პოპულარიზაციას და მხარდაჭერას. ასევე, ქმნის და ავითარებს ელექტრომობილების დამტენთა ქსელს ქვეყნის მასშტაბით. მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ ამ პროექტს კარგი გამოხმაურება მოჰყვა კერძო და საჯარო სექტორიდან, ასევე მოსახლეობიდან. მინდა საზოგადოებას განვუცხადო, რომ შემდგომ წელს ყველა მომხმარებლისთვის მომსახურება იქნება უფასო. ვგეგმავთ, ბევრი ასეთი ელექტროდამტენი დავამონტაჟოთ მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველგან, მათ შორის ავტობანებზეც. შემიძლია, ხმამაღლა განვაცხადო, რომ ეს არის მომავლის პროექტი, ინოვაციური და ერთ-ერთი მასშტაბური, რაც გარემოზე ზრუნვას ემსახურება. ჩვენ გვექნება ქალაქი, ნაკლები ხმაურით, ნაკლები გამონაბოლქვით. ეს პროექტი ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, რადგან ემსახურება არა მარტო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ ხელს შეუწყობს ელექტრომობილების, როგორც მომავლის ტექნოლოგიის, პოპულარიზაციას ქვეყანაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს გენერალურ პარტნიორს, M2-ს, მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.