უეჭველი დაღუპვისგან თენგიზ აბულაძე მეუღლემ გადაარჩინა #48
გენიალური ქართველი რეჟისორის, თენგიზ აბულაძის მეუღლე, ქალბატონი მზია მახვილაძე ასეთ ისტორიას ყვებოდა: „ომისა და უბედურების მიუხედავად, ჩემი და თენგიზის ახალგაზრდობა საოცრად რომანტიკული და მხიარული იყო. სკოლა, თეატრალური ინსტიტუტი, დადგმული და ნათამაშები სპექტაკლები, ღუმელში დამწვარი კუნძის სურნელი... ერთი სიტყვით, ბრწყინვალე პერიოდი იყო...
ერთ გაზაფხულზე, არდადეგების შემდეგ, თენგიზი მოსკოვში უნდა წასულიყო. თვითმფრინავის ბილეთი ხუთ რიცხვში ჰქონდა აღებული. შაბათი დღე იყო და მინდოდა, ჩემთან დარჩენილიყო და შევუჩნდი: დარჩი, ორშაბათს გაფრინდი და პირდაპირ ლექციაზე მიხვალ-მეთქი. თენგიზი დარჩა და ბილეთი ორშაბათისთვის გადაცვალა. თვითმფრინავი კი, რომლითაც თენგიზი შაბათს უნდა გაფრენილიყო, ჩამოვარდა... მახსოვს, ამან ძალიან იმოქმედა თენგიზზე, თითქოს ბედისწერა შეიგრძნოო. თენგიზს მტერი არ ჰყოლია და არც თვითონ იყო ვინმეს მტერი. ალბათ, ამან გადაარჩინა. მე კი ღვთის ნება შევასრულე. სწორედ ღმერთის ნება იყო ისიც, რომ თენგიზმა იარა საკუთარი გზით – სწორი და კარგი გზით, რადგან სხვანაირად არ შეეძლო...“