რატომ გაუცვალა ოჯახში როლი ქმარს თამარ მაყაშვილმა და რატომ ცხოვრობს მასში ერთდროულად რამდენიმე მამაკაცი #48
ვინც მსახიობ თამარ მაყაშვილს იცნობს, დამეთანხმება, რომ ეს ადამიანი ნამდვილი ენერგიის წყარო, პოზიტივი და მხიარულებით სავსეა. მის გვერდით, ყოველდღიური პრობლემები გავიწყდება, რადგან პრობლემებზეც კი ხალისით და სიცილით საუბრობს. მართლია, მას ადვილი ცხოვრება არ გამოუვლია, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მიაჩნია, რომ ბედნიერია. სულ მალე, მას ახალ სატელევიზიო პროექტ „რენოვაციაში“ ვნახავთ. გაუწია თუ არა პროტექცია პოპულარულმა შვილმა – რუსკა მაყაშვილმა დედას ტელევიზიაში სამსახურის დასაწყებად; რატომ ცხოვრობს თამარ მაყაშვილში ერთდროულად რამდენიმე მამაკაცი და ვისგან ერგო მას შთამომავლობით წინასწარმეტყველების უნარი, ამას ინტევიუდან შეიტყობთ.
თამარ მაყაშვილი: იმისთვის, რომ რაღაცას მივაღწიო და ფინაშლი გავიდე, ბევრი ბარიერის გადალახვა მიწევს. ხომ არის, რომ ზოგს იოლად გამოსდის რაღაც, ჩემს შემთხვევაში, ასე არ ხდება. სულ ვხუმრობ, გემი რომ მაჩუქონ, ზღვა დაშრება-მეთქი (იცინის). თუმცა, ფინალში, ყოველთვის იმას ვიღებ, რაც მსურს. ნათქვამია, წარმატებას რომ ადვილად მიაღწიო, წამი უნდა დაიჭიროო. მე, ეს წამი, ვერასდროს დავიჭირე (იცინის). მოსწრებაზე არ ვარ, ცოტა ვზარმაცობ და რისი გაკეთებაც დღეს შემიძლია, ხვალისთვის გადადება მიყვარს. ბედისწერისაც მჯერა. ადამიანი რომ იბადება, იმას თავისი ბედისწერა გაწერილი აქვს და მისი შეცვლა, ალბათ, რთულია. თუმცა, რაც ჩემს თავს ხდება, კარგიც და ცუდიც, კანონზომიერად მიმაჩნია.
– ამბობენ, მისტიკური, წინასწარმეტყველური მინიშნებებისა და სიზმრების წყალობით, ბევრჯერ გადაურჩით სიკვდილს. ასეა?
– კი, ნამდვილად ასეა. ხშირად, დილით ვიღვიძებ და ზუსტად ვიცი, რა მოხდება. სხვათა შორის, დედაჩემს ჰქონდა საოცარი წინასწარმეტყველების გრძნობა. მამაც სასწაულ სიზმრებს ხედავდა, რაც უხდებოდა და ალბათ, მეც ეს გენეტიკურად გადმომეცა. რაღაც რომ მოხდებოდა, დედა იტყოდა, ეს მე ვიცოდიო. არ დამავიწყდება, სიზმარში ვნახე, გარდაცვლილი დისშვილი. მანქანაში ვჯდებოდი, ხელი მომკიდა, გადმომიყვანა და მითხრა, აქ არ უნდა იჯდეო. დილით, მეგობრებს უნდა გამოევლოთ მანქანით და სადღაც წავსულიყავით, მაგრამ რაღაც მოვიმიზეზე და არ გავყვევი. ანუ, მეორე დღეს, მართლაც უნდა ვმჯდარიყავი იმ მანქანაში, რომელიც ავარიაში მოჰყვა. მასში ჩემი მეგობრები ისხდნენ და დაიღუპნენ. ფაქტობრივად, იმქვეყნიდან, სიზმრად მოსულმა გარდაცვლილმა დისშვილმა გადამარჩინა სიკვდილს. სასწაული წინათგრძნობა მაქვს და ზუსტად ვხვდები, რა მოჰყვება ამა თუ იმ ამბავს. ჩემს შვილს, ელიზბარს, საახალწლო „ბომბი“ ხელში აუფეთქდა და იმდენად ძლიერი იყო აფეთქება, რომ ბავშვს გულმკერდი გადაეგლიჯა. ექიმებმა მითხრეს, ბეწვზე ხართ გადარჩენილები, ეტყობა, ბევრი სიკეთე გაქვთ გაკეთებული და არ გაგწირათ ღმერთმაო. არადა, იმ დღეს, მატარებლით მოვდიოდი ბათუმიდან თბილისში. ჩამთვლიმა და ისეთი საშინელი სიზმარი ვნახე, რომ გამომეღვიძა, ვთქვი კიდეც: ნეტავ, მშვიდობით ჩავიდოდე-მეთქი. რომ ჩამოვედი, ეს ამბავი დამხვდა. ზოგადად, ოჯახის წევრების მოსალოდნელ საშიშროებას წინასწარ ვგრძნობ. არ ვიცი, ეს მისტიკაა, თუ რამე სხვა, მაგრამ ფაქტია, წინასწარ ვხედავ მოვლენებს.
– ცხოვრებაში გაგიმართლათ – ბედნიერი დედა ხართ, საყვარელ საქმეს ემსახურებით და ხალხსაც უყვარხართ. თქვენი ორი ქალიშვილი – რუსკა და ნინუცა, თქვენს კვალს გაჰყვნენ და ორივე სცენაზეა. მართალია, რომ ახალ სატელევიზიო პროექტში, რომელსაც სულ მალე „რუსთავი 2“-ზე ვნახავთ, რეკომენცდაცია თქვენმა ქალიშვილმა, რუსკა მაყაშვილმა გაგიწიათ და ასე მოხვდით?
– მიხარია, თუ ჩემი პოპულარობა ჩემმა შვილებმა გადაფარეს (იცინის). ჩემს შვილებს გაუმართლათ. სახლში ჩემმა ომობანას თამაშმა და სიმკაცრემ, თავისი გაიტანა და ასეთები ამიტომაც არიან. წლებია, სცენაზე ვდგავარ, მაგრამ არ მაქვს პოპულარობის სიგიჟე. თუ ვინმე მომიხსენიებს, როგორც რუსკას დედას და არა რუსკას, როგორც თამარ მაყაშვილის შვილს, ძალიანაც მსიამოვნებს. ბევრჯერ მისარგებლია კიდეც რუსკას სახელით, თუმცა ის, რომ ახალ პროექტში ამიყვანეს და ამაში რეკომენდაცია რუსკამ გამიწია, ტყუილია. ამაში ის ნამდვილად, არ დამხმარებია. უბრალოდ, „ნიჭიერის“ ჩაწერა მიმდინარეობდა და რუსკამ დამირეკა, მთხოვა, რაღაც დამრჩა სახლში და მომიტანეო. მივედი და იქ, კიბეებზე, შემთხვევით ვნახე გიორგი ნადირაძე. ჩამოვუდექი და დავუწყე ბათუმის ბინის რემონტის ამბებზე საუბარი. ისე შევედი როლში და იმდენად ხალისიანად, სიცილითა და იუმორით ვყვებოდი ამ ამბებს, ორივე სიცილით „ვიფხრიწებოდით“. ამ ახალი გადაცემის ერთ-ერთ პროდიუსერს დაუნახივართ და უფროსობისთვის უთქვამს, ისე ყვებოდა თამარი თავისი სახლის რემონტის ამბებს, კარგი იქნებოდა კასთინგზე მოგვეყვანაო. მოკლედ, ასე მოვხვდი ამ გადაცემაში და არა რუსკას პროტექციით. ეს იქნება გადაცემა სარემონტო სიახლეებზე, ჰქვია „რენოვაცია“ და ჩემი როლია იქ – ვიჯდე და ვიხალისო ყველაფერ ამაზე (იცინის). ასე რომ, ჩვეულებრივი „პრარაბი“ ვარ ბათუმში და ახლა, თბილისშიც „გავპრარაბდები“ (იცინის). იმდენი მამაკაცი ზის ჩემს ტყავში, ალბათ, ვერ დაითვლით. უზრუნველ ცხოვრებას არაფერი ჯობია, მაგრამ ისე არ არის მოწყობილი ჩემი ცხოვრება, დავჯდე და ფეხი-ფეხზე გადავიდო. იმდენი ფუნქცია მაქვს აღებული, ხანდახან მიკვირს როგორ ვასწრებ.
– როცა თქვენ ბათუმში სახლს არემონტებდით, ამ დროს ქმარი სად იყო?
– მე და ჩემმა ქმარმა როლები გავცვალეთ. გიამ უფრო მეტი აიღო საკუთარ თავზე, ვიდრე სახლის რემონტი – ბავშვების მოვლა. მე, სანამ ბათუმში ბინას ვარემონტებდი, ის ბავშვებთან იყო. განა გია ვერ გაარემონტებდა, უფრო უკეთესადაც, მაგრამ მე უფრო მეტი კავშირები მაქვს. რა ჯობია, თუ ბევრი ფული გაქვს, მაშინ მარტივად აგვარებ ყველაფერს. მაგრამ, ჩვენ უფრო მეტად ვჩანვართ, ვიდრე ჩვენი შემოსავალი. მიუხედავად ყველაფრისა, არ მიყვარს სახის დაჯღანვა, სულ გაღიმებული დავდივარ. არ დამავიწყდება, ერთმა მითხრა: ნეტავ, ერთი ვიცოდე, რა გიხარიაო. რა ვქნა, ცხოვრება მიხარია. ერთხელ რაღაცას ვყვებოდი და მოვაყოლე: ისე ვიქცეოდი, მგონი, გარშემო მყოფებს ასი პროცენტით გიჟი ვეგონე-მეთქი. უცბად გვერდიდან მესმის ხმა: ამას ასე ჰგონია, რომ გიჟი ჰგონიათ, თორემ ნამდვილად მამალი გიჟიაო (იცინის). მე მირჩევნია, გიჟი ვეგონო და უხაროდეთ ჩემი დანახვა, ვიდრე სახე ჩამომტიროდეს. ცუდი ცხოვრებაც მქონია, კარგიც და უკეთესიც. იმან იდარდოს, ვისაც ეს სამივე არ უნახავს. უარყოფით მოგონებებს არ ვიტოვებ და ვცდილობ, პოზიტიურად ვუყურო სამყაროს. არ უნდა გაართულო სიტუაცია და მარტივად იცხოვრო. გამოსავალი ყველაფრისგან არის. გააჩნია, როგორ მიუდგები. ბევრჯერ უკითხავთ: შენ „შეტენე“ რუსკა თეატრშიო? ღმერთი, რჯული, ნამდვილად არსად „შემიტენია“. ერთხელ ისიც კი მითხრეს, ეს შენი ორი შვილი რუსთაველის თეატრში რომ მოაწყვეო... და არც ვაცადე საუბრის დასრულება, ვუპასუხე: თუ მასეა, უპირველესად, ჯერ ჩემს თავს მოვაწყობდი და მერე ჩემს ორ შვილს-მეთქი. ვიღაცისთვის შეიძლება, „დავიჯღანო“, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრების გამო, „საჯღანაოდ“ არავისთან მივალ. ასე არიან გოგოებიც. რუსკა, სპექტაკლის მოსაწვევს არ მიტოვებს და ტელევიზიაში მომაწყობდა სამუშაოდ? სხვათა შორის, ნინუცა და რუსკა ძალიან განსხვავებულები არიან, მაგრამ ჩემი მესამე შვილი – ელიზბარი, საერთოდ მარცხნივაა, ასტრალში. არაფერი აინტერესებს, გარდა იმისა, რომ უმიზნებს რობერტ სტურუას ადგილს (იცინის).