ვინ არის თაკო მელიქიშვილის 13 წლის შემდეგ გაჩენილი მეორე შვილის მამა და რატომ უწევს მას შვილის მარტო გაზრდა #48
მომღერალი და მუსიკალური წამყვანი თაკო მელიქიშვილი ზაფხულში პატარა ვაჟკაცის, რატის დედა გახდა. ორი შვილის დედა აქტიურად მუშაობს რამდენიმე ადგილას, რათა საკუთარ შვილებს არაფერი მოაკლოს და მათ კარგი მომავალი შეუქმნას.
თაკო მელიქიშვილი: ამჟამად საკმაოდ დატვირთული ვარ. უკვე 13 წელია, ვმუშაობ რადიოში და პარალელურად – რესტორანში, როგორც მომღერალი, წამყვანი, ასევე პიარი. გარდა ამისა, მე და გიორგი დათიაშვილმა ჩავწერეთ ბოშური სიმღერა. ვიდეოკლიპის გადაღება გვინდა, ფინანსებს ველოდები. ასევე, ცალკეც ვგეგმავ სიმღერის ჩაწერას. ერთი წლის წინ მსმენელს, მაყურებელს შევთავაზე სევდიანი სიმღერა და დიდი მოწონება დაიმსახურა. ახლა იგივე სტილში ვაპირებთ მუშაობას მე და კომპოზიტორი ცირა ბზიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიმღერამ მოწონება დაიმსახურა, ვერავინ აღმიქვამს სერიოზულად. ამას წინათ, „ფეისბუქზე“ დავწერე სტატუსად: როგორ ფიქრობთ, ვარ თუ არა სერიოზული-მეთქი და ისეთი სასაცილო კომენტარები იყო – „შენ და სერიოზული?!” ვფიქრობდი, ეს უნდა მიხაროდეს თუ მწყინდეს-მეთქი. ყველას გვაქვს პრობლემები, მაგრამ ვცდილობ, არასდროს შემეტყოს – არ მინდა ვინმეს დავანახვო. რამდენიმე ძალიან ახლობელი ადამიანი მყავს, ვისთანაც ვწუწუნებ. მათ ვეუბნები: ამიტანეთ, რადგან ამას თქვენთან ვამბობ მხოლოდ-მეთქი. სხვებთან ვცდილობ, სულ პოზიტიური ვიყო, რადგან არ შემიძლია, დავჯდე ადამიანთან სერიოზული სახით და ჩემს პრობლემებზე ვიფიქრო. სხვათა შორის, წლევანდელ ზაფხულამდე ვფიქრობდი, რომ ბევრი მეგობარი მყავდა, მაგრამ აღმოჩნდა, ასე არ ყოფილა. ძალიან ცოტა მყავს ისეთი, ვისაც ვენდობი და ვინც მენდობა.
– რა იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სირთულე, რომელთანაც მარტო დარჩი?
– ზოგადად, მიყვარს მარტო ყოფნა, რადგან თუ გვერდით ძლიერი ადამიანი არ გყავს, მაშინ ჯობია, მარტო იყო. არ მივესალმები იმ ფაქტს, ხალხში გამოსაჩენად რომ გყავს გვერდით მამაკაცი, ამბობ: ძალიან ბედნიერი ვარო. სინამდვილეში კი, ყველაფერი სხვანაირადაა. მე საკმაოდ ძლიერი ვარ და ხშირ შემთხვევაში, მარტო რომ ვარ, ეს, ალბათ, იმის ბრალია, ჩემზე ძლიერი რომ ვერ ვნახე. იმდენად ძლიერი ვარ, რომ ყველა სუსტი მეჩვენება. ბოლოს იმასაც ვფიქრობ ხოლმე, მგონი, ისეთს ვეძებ, როგორიც არ არსებობს და საკუთარ თავს ვეუბნები: „თაკო, ცოტა ჭკუას მოუხმე.”
– წლების წინ, მეუღლეს რომ გაშორდი მცირეწლოვან შვილთან ერთად, მოგიწია მისი მარტო გაზრდა.
– დედაჩემი და ლიზის მამის ოჯახი დამეხმარა მის გაზრდაში. 13 წელია, ძალიან დატვირთული, სულ მოძრაობაში ვარ და მჭირდებოდა დახმარება. ეს პერიოდი, რა თქმა უნდა, მძიმედ გავიარე და ბევრი სირთულეც იყო. მაგრამ, ორივე ბებია მიწყობდა ხელს. ზოგადად, არ მახსენდება ვინმე, ვისაც კონფლიქტით დავშორდი. საქმის გარჩევას მირჩევნია, დიპლომატიურად, მშვიდად დავშორდე. ერთხელ რომ შეეშლება ადამიანს, მას არაერთხელ შეეშლება. შანსის მიცემაც ვიცი, მაგრამ გააჩნია, რასთან გვაქვს საქმე.
– მეუღლესაც დიპლომატიურად და ცივილიზებულად დაშორდი?
– კარგად დავშორდით, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დღეს ფანტასტიკური ურთიერთობა გვაქვს, რადგან ვერ ვხვდებით ერთმანეთს. შემთხვევით მოხდა ასე, რა თქმა უნდა, კარგად ვხვდებით, რადგან ჩემი შვილის მამაა და მინდა წარმატებული, ბედნიერი იყოს. ამ ეტაპზე არ აქვს სხვა ოჯახი, მაგრამ თუ ასე იქნება, ძალიან გამიხარდება. ლიზი თვეების იყო, როცა ერთმანეთს დავშორდით. არ ვმუშაობდი და რა თქმა უნდა, ძალიან რთული პერიოდის გავლა მომიწია. პლუს ამას, პატარა ვიყავი და დედობის მომენტსაც კარგად ვერ აღვიქვამდი. როცა რაღაც ხდება ჩემს ცხოვრებაში, ღმერთი ყოველთვის ჩემ გვერდითაა. მაშინაც დავრჩით მე, ბავშვი და დედაჩემი. შემთხვევით ქუჩაში შემხვდა ჩემი ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც მითხრა: ახალი რადიო იხსნება და დაგირეკავო. მართლაც დამირეკა და დავიწყე მუშაობა, რომელიც მაშინ ძალიან მჭირდებოდა. ჩემს შემთხვევაში, იცი, როგორ არის ხოლმე – ცუდ „პალასას“ რომ ეძახიან, მიეწყობა, მიეწყობა და ყოველდღე ელოდები: რა შეიძლება, კიდევ მოხდეს, როდის გამოიდარებს... ცხოვრებაში მარტივად არაფერი მეძლევა. ვიღაც ერთ ნაბიჯს რომ დგამს, მე ათი ნაბიჯისა და დიდი წვალების შემდეგ უნდა მივიდე შედეგამდე.
– 13 წლის შემდეგ გადადგი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და გააჩინე პატარა რატი.
– დღეს რომ ვუფიქრდები, მერე საკუთარ თავს ვეუბნები: ეს ყველაფერი როგორ გააკეთე-მეთქი. სულ ვმუშაობ, ვშრომობ და დალხინებული, „პოდნოსით“ მოწოდებული ცხოვრება, არ მაქვს, რომ გადამეწყვიტა: რა პრობლემაა, ხვალ მესამეს გავაჩენ, მეოთხეს, ძიძებს მოვიყვან, გამიზრდიან... მხოლოდ ამის გამო მიკვირს, ეს გადაწყვეტილება რომ მივიღე. გაკვირვებასთან ერთად, ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი. უბედნიერესი დედა ვარ, რადგან ორი შვილი მყავს და თან, ამ ასაკში ყველაფერს სხვაგვარად აღვიქვამ. ლიზის მიმართაც კი სხვანაირი გავხდი. სხვაგვარად ვერც მოვიქცეოდი, არც კი დამიშვია სხვა რამ. ვამაყობ: თაკო, რა მაგარი ხარ, ამაზე კარგს ვერაფერს ვერ გააკეთებდი-მეთქი.
– დღეს შენ და შენი შვილის მამა არ ხართ ერთად და ამ საკითხისადმი ქართული საზოგადოების დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, ბევრს გაუჭირდებოდა ამ თემაზე ასე საჯაროდ საუბარი.
– დღეს ბავშვის მამა რუსეთში ცხოვრობს. თუმცა, საქართველოში რომ იყოს, არ ვიცი, ვიქნებოდით თუ არა ერთად. მას იქ თავისი კარიერა აწყობილი აქვს, მე კი – აქ. შესაბამისად, ჩემთვის ამ ასაკში ან ამ მდგომარეობაში, რასაც უნდა შემპირებოდა, საქართველოს დატოვება ძალიან რთული იქნებოდა. თუმცა, ის რომ აქ იყოს, არ ვიცი, რა იქნებოდა, რადგან ბევრი რამ გადავაფასე. ცხოვრებაში, როცა რაიმე პრობლემა მქონია, ძალიან ცოტა ვინმე დამდგომია გვერდში და შესაბამისად, ვინ რას იტყვის, ეს ნამდვილად არ მაინტერესებს.
– თქვენი ურთიერთობა დიდხანს გრძელდებოდა?
– საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა. ეს იყო სიყვარულის ლამაზი ისტორია, რომელიც არ ვიცი, მისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის, ლამაზად დაგვირგვინდა. მე ამ ადამიანს ვერ დავაბრალებ, რომ, როცა გაიგო, ორსულად ვიყავი, ცუდი ან მძაფრი რეაქცია ჰქონდა. წლები გრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა და არც იმ პერიოდში გვქონია ცუდი ურთიერთობა. უბრალოდ, ეს ყველაფერი დაემთხვა იმ დროს, როცა ჩვენი ურთიერთობა ცივდებოდა, დასრულებისკენ მიდიოდა. მაგრამ მე სხვა გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი. არც მანიპულირებას დავიწყებდი რამით და ვინმეთი. მარტო ვარ და ბედნიერი ვარ. თუ ვინმე მეყოლება, მთავარია, კომფორტულად და ბედნიერად ვიგრძნო თავი. ბედნიერად ვერ იქნები იმ ადამიანთან, ვინც საქართველოში არ ცხოვრობს.
– ორსულობა რთული გქონდა?
– ძალიან რთული იყო და ორსულების დაფასება სხვანაირად დავიწყე. ძლივს გადამარჩინეს და ახლა ცოტა შიშის მომენტი მაქვს, როცა ფეხმძიმეს ვხედავ და მაშინვე ვეცლები ამ სიტუაციას. ზოგჯერ ისეთი ადამიანი გიდგას გვერდით ორსულობის დროს, რომ ჯობია, მარტო იყო და დაელოდო მხოლოდ შენს შვილს, შენს სიხარულს, რომელიც მხოლოდ შენი იქნება. ჯობია, ნაკლები ინერვიულო, თუმცა, მე ბევრი ვინერვიულე და ეს ჩემზეც აისახა.
– ამ ხნის განმავლობაში გქონდათ ურთიერთობა და როგორ შეხვდა ბავშვის დაბადებას, თუ ნახა ის?
– კი, დარეკვა და მოკითხვა იყო. ერთხელ ნახა ბავშვი, როცა დაიბადა. მაგრამ, ახლა აქეთ არ არის და ყოველდღიურად ვერ უყურებს, როგორ იზრდება.
– ნაადრევად იმშობიარე და საკამოდ სერიოზული პრობლემებიც შეგექმნა. „ეკა ხოფერიას შოუსთან“ ერთად წახვედი 6 თვის ფეხმძიმე ისრაელში.
– „ეკა ხოფერიას შოუდან“ ვიყავით ისრაელში და საზღვარზეც არ მიშვებდნენ. მერე ექიმს დავურეკე და მან დამრთო ნება. კვიპროსზე სამი დღე გემზე მოგვიწია ყოფნა. კონცერტი მიმყავდა, ვმღეროდი, არ მეგონა, თუ პრობლემები შემექმნებოდა. რომ დავბრუნდით, ერთ კვირაში რადიოში დამეწყო ნაადრევი მშობიარობა – მეშვიდე თვეში ვიყავი, წამიყვანეს სამშობიაროში. საკეისრო კვეთა გამიკეთეს ნარკოზით. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, უბრალოდ, მე ვიყავი რთულ მდგომარეობაში.
– როგორ შეხვდა შენი უფროსი შვილი ამ ყველაფერს?
– პირველად ჩემს 13 წლის შვილს ვუთხარი ყველაფერი. ძალიან კარგი და ჭკვიანი გოგონაა, მთელი კვირა წიგნების მაღაზიაში ვცხოვრობთ, ისე უყვარს კითხვა. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. ორსულობის დროს ავუხსენი მას ეს სიტუაცია. ყველანაირად დამიდგა გვერდში და უხარია, რომ პატარა ძამიკო ჰყავს. ვიღაცამ თქვა, თაკო მალავდა ორსულობასო. არაფერი დამიმალავს, უბრალოდ, ტოქსიკოზიდან გამომდინარე, 6 თვემდე საერთოდ არ მეტყობოდა მუცელი და 7 თვისამ კი – გავაჩინე. ახლობლებმა იცოდნენ. თუ ვინმე შემატყობდა მუცელს, ვეუბნებოდი, რადგან როცა ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, დასამალიც არაფერია.
– მომავალში რას აპირებ?
– მესამე გავაჩინო კიდევ? თუ ღმერთს სურს და დავიმსახურებ, ალბათ, გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, ვინც ჩემ გვერდით იქნება. ყველაზე მთავარი, რასაც მისგან მოვითხოვ იქნება ის, რომ უყვარდეს ჩემი შვილები, ზრუნავდეს მათზე და მერე უკვე შეძლებს, მოიგოს ჩემი გული.