რა იყო თენგო ზარდიაშვილისთვის ყველაზე დიდი ტკივილი და როგორ ეხმარება ის 9 წლის განმავლობაში დედას მძიმე ავადმყოფობის შემსუბუქებაში #48
თენგო ზარდიაშვილი მაყურებელმა გაიცნო პროექტიდან „შენ შეგიძლია ცეკვა,“ რომელიც ცოტა ხნის წინ „იმედზე“ დაიწყო. მან თავისი ცეკვითა და გარეგნობით, არა მხოლოდ ჟიურის წევრები, არამედ მაყურებელიც მოხიბლა.
თენგო ზარდიაშვილი: ბავშვობიდან ვცეკვავ. სანამ ამ პროექტში მოვიდოდი, მანამადე, 5 წელი „სუხიშვილების“ სტუდიაში ვცეკვავდი, შემდეგ 3 წელი – თანამედროვე ქორეოგრაფიის თეატრ „იმპულსში“. ყველა სტილის, ჟანრის, სტილის ცეკვა მოვსინჯე და საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე. ამ პროექტის შესახებ რომ გავიგე, ძალიან დამაინტერესა. თუმცა, ვერ გავბედე სხვებისთვის მეთქვა, რომ მონაწილეობა მინდოდა. მერე ჩემმა დამ გამიზიარა „ფეისბუქზე“ ვიდეო – გავიდეთო. ორსულად არის და მეღადავები-მეთქი, ვიფიქრე. უარზე ვიყავი და სხვებიც რომ მეუბნებოდნენ: უნდა გახვიდეო, უფრო მეტად დავდექი უარზე. ძალიან ვნერვიულობდი. შემდეგ ჩემმა დამ ჩემი ტელეფონით ჩემ მაგივრად გაგზავნა ვიდეო. დამირეკეს: უნდა მოხვიდე ამა და ამ დროსო. მეგობართან ერთად წავედი. იმდენი ხალხი იყო, ისე გადავიღალე, რომ გადავწყვიტე, უკან წამოვსულიყავი. წამოსვლა დავაპირე კიდეც და იმ დროს ჩემი მეგობარი, ბალერინა ანი თალაკვაძე მოვიდა, რომელიც პროექტში მონაწილეობს. დამიწყო ლაპარაკი და თითქმის გადამაფიქრებინა წასვლა – იმ დროს დამიძახეს კიდეც. ისე ცუდად ვიცეკვე, ისე ცუდად, რომ არ მეგონა, თუ გადამიყვანდნენ. რომ ვცეკვავდი, საკუთარ თავს ვეწინააღმდეგებოდი. დამირეკეს და გადამიყვანეს თბილისის ქასთინგზე. გავედი და სცენაზე რომ დავდექი, საერთოდ გავითიშე. შუქი, ამდენი სავსე თვალი – მივხვდი სცენას ძალიან ვიყავი მონატრებული. აღარ ვიყავი ამქვეყნად – გავედი და მხოლოდ გულით ვცეკვადი.
– ალბათ, უკვე შეხვედი აზარტში და მოგებისთვის იბრძოლებ.
– კი, დიდი აზარტია. რომც ვერ მივიდე ბოლო ეტაპამდე, ის, რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში, უკვე დიდი გამარჯვებაა.
– როგორც ვიცი, ხელოვანების ოჯახში დაიბადე.
– მამა მოჭიდავე იყო, თუმცა უცბად ისეთი ნიჭი გამოავლინა – ძალიან კარგად ხატავდა და იცოდა ცეკვის ყველა მოძრაობა თავისი სახელებით, ილეთებით. ბუნებრივად ჰქონდა ეს ნიჭი. ძალიან ძლიერი მოჭიდავე გახლდათ. რამდენიმე წელი ტრენერიც იყო, მაგრამ მერე ოჯახი, ტრავმები, სამსახური და თავი დაანება. მეც დავდიოდი ჭიდაობაზე, მაგრამ რამდენადაც ოჯახში თბილი იყო, დარბაზში ძალიან მკაცრი გახლდათ. დედას ვეუბნებოდი: გამომიყვანე-მეთქი. მერე რაღაც წარმატებები მქონდა და იმდენად გამიტაცა ჭიდაობამ, ცეკვიდან მინდოდა გამოსვლა. მაგრამ ძლიერი თავის ტკივილები მქონდა და ექიმმა ამიკრძლა ჭიდაობა – არ შეიძლება შენთვის, ქალის შიდა წნევა გაქვსო. ეს ჩემთვის დიდი ტრავმა იყო. თან, დედამაც კარგად იმუშავა: ყურები არ დაგემტვრეს, სიმაღლეში ვეღარ გაიზრდებიო. ექიმის თქმით ცეკვაც არ შეიძლებოდა, მაგრამ მაინც გავაგრძელე.
– დედაც მოცეკვავე იყო?
– კი, ძალიან კარგი მოცეკვავე იყო. ისე მოუწია, რომ, გათხოვდა, ვეღარ ცეკვავდა. სახლთან ახლოს იყო ბაღი მოზრდილი დარბაზით და დაბადების დღეზე მამამ სიურპრიზი გაუკეთა – საკუთარი სტუდია გაუხსნა, რომ ქორეოგრაფობა დაეწყო. დედამ შემაყვარა ცეკვა. ჩემზე ორსულად იყო, როცა ცეკვავდა, ბავშვებს ასწავლიდა. მერეც სულ დარბაზში მიწევდა ყოფნა, მინდოდა თუ არა, დავიწყე ცეკვა. თან, ალბათ, გენეტიკაცაა: ბებიაც ცეკვავდა, ჩემი დაც ცეკვავს. დედა ძალიან წარმატებული იყო, ნინო რამიშვილთან და სხვა ცნობილ ქორეოგრაფებთანაც ჰქონდა ურთიერთობა.
– როგორც ვიცი, დედას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს და შენ მასზე მუდმივად ზრუნავ.
– ნერვიულობის ნიადაგზე ინსულტი დაემართა სამჯერ. ბავშვების რაოდენობა შეუმცირეს და ისე მოხდა, რომ 200 ბავშვიდან კონცერტზე ათნი გავედით. ინერვიულა. თან, იმ დღეს „ოქროს მუზით“ დააჯილდოეს, საუკეთესო ქორეოგრაფის წოდება მიანიჭეს. უკვე ცუდად იყო, სახე პარალიზებული ჰქონდა, მხარიც ცოტა ჩამოვარდნილი. მაგრამ, ვეცადე, არ მენერვიულებინა, რადგან სცენაზე უნდა გასულიყო. მაინც ვერ მოახერხა და ჩემი და გავიდა მის მაგივრად. შემდეგ საავადმყოფოში იწვა, გადასხმებს იკეთებდა, ხერხემლიდან სითხე ამოუღეს. აღმოჩნდა, რომ ვეღარც ლაპარაკობდა, არც ესმოდა კარგად, უბრალოდ, წამლებზე იყო. ნელ-ნელა ექიმიების დაკვირვებისა და მკურნალობის შედეგად, უკეთესად გახდა.
– ახლა რა მდგომარეობაშია?
– ხელებშიც აქვს ძალა, აზროვნებს, ლაპარაკობს, ჭამს, უბრალოდ, სიარული უჭირს. მე ვფიქრობ, ეს უფრო შიშის მომენტია: პატარ-პატარა ვარჯიშებს ვაკეთებთ, რომ კუნთები მწყობრში ჩადგეს. ყველანი ვზრუნავთ დღეს დედაზე. მამა არ გვაძლევს საშუალებას, რომ მარტო დავტოვოთ.
– ალბათ, ეს შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი იყო.
– კი, ახლა უკვე 9 წელი გავიდა. ჩემთვის ძალიან რთული პერიოდი იყო. ყველაზე მეტად მაშინ მჭირდებოდა დედის გვერდში დგომა, მაგრამ ჩემმა დამ სასწაულად იმუშავა. ჩემზე მხოლოდ 2 წლითაა უფროსი, მაგრამ ქორეოგრაფიულზეც ჯერ მე ჩამაბარებინა, მერე თვითონ ჩააბარა. მუშაობდა, რომ ჩემთვის სტუდიაში ფული გადაეხადა. იმ დროს მამაც მუშაობდა, ისიც გვეხმარებოდა.
– დედასთვის სიურპრიზი იყო შენი ამ პროექტში მონაწილეობა?
– არა, იცოდა. უბრალოდ, მითხრა, ქართული ცეკვა რატომ არ იცეკვეო, რადგან ფიქრობს, ქართული ცეკვა უფრო კარგად ვიცი. ბოლოს და ბოლოს 3 წლიდან ვცეკვავ. ფეხები მქონდა დაღრეცილი და ექიმმა დედას უთხრა, ცეკვაზე ატარეო. თავისთან დამაყენებდა და ვცეკვავდი. ძალიან კრიტიკულია შეფასებისას. ვიდეო რომ ნახა, მეუბნებოდა: აქ ტერფი არ გქონდა კარგად დაჭიმული, კამერებს საერთოდ არ აკვირდები, აქ უფრო კარგი გამოხედვა შეიძლება გქონოდაო. მე და დედას განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. არ შეიძლება, ვინმემ ის გაიცნოს და არ შეუყვარდეს.
– ზოგს ეს ამბავი დეპრესიაში ჩააგდებდა...
– კი, მეც მქონდა ასეთი პერიოდები. მახსოვს, პრექასთინგიდან რომ მოვედი, სამზარეულოში იატაკზე იწვა. მხიარულად ვკითხე: რა გჭირს, დედა-მეთქი. არ მინდოდა, შეშინებულს მეკითხა. გაღიმებულმა შემომხედა, არადა, აშკარად ეტყობოდა, რომ ტიროდა. ამდენი საათი იწვა ასე, მაგრამ მე მითხრა: არაფერი, ვვარჯიშობ, შენი საქმე გააგრძელეო. მოდი, მეც შენთან ერთად ვივარჯიშებ-მეთქი და ასე ვარჯიშ-ვარჯიშით წამოვდექით. ისეთ გარემოს ვუქმნით, რომ ბევრი არ ინერვიულოს, რადგან პატარა ნერვიულობაზეც ცუდად ხდება. გვიხარია, რომ შედეგი არის, თან თვითონაც უკვე ბევრს ცდილობს და როცა რაღაცას ცდილობ, ის აუცილებლად გამოგივა. ბოლო პერიოდში ცოტა დროს ვატარებ მასთან, რადგან დატვირთული ვარ. ძირითადად, მამა, ჩემი და და ბებია, ანუ მისი დედა უვლიან. ისე, დიდად აღარც სჭირდება მოვლა. უკვე ისეა, რომ დილით ყავაც კი მომიტანა ლოგინში. ცდილობს, სახლში იფუსფუსოს.
– მასთან ერთად უყურე შენს გამოსვლას?
– არა, მასთან ერთად არ ვუყურე, რადგან ვიცოდი, ტირილს დაიწყებდა. თან, ჩემმა დამ მთხოვა, ჩემთან უყურეო. ჩემი ერთი წლის დისშვილი ხან ტელევიზორს უყურებდა, ხან – მე და ბოლოს მაკოცა – პირველად.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– არაფერი, შეყვარებული არ მყავს. რაც შეეხება გოგონებს, შავგვრემანი გოგონები მომწონს. აუცილებლად მოცეკვავე უნდა იყოს, სხვა პროფესისას ვერ გავუძლებ. ვფიქრობ, წყვილი ერთ სფეროში უნდა იყოს, რადგან ერთმანეთს ისე ვერ გაუგებენ. მოცეკვავეს ხშირად უწევს გასტროლები და მეორე ნახევარი ცოდოა სულ სახლში. მირჩევნია, ჩემთან ერთად იყოს, ცეკვავდეს და ერთად დავდიოდეთ გასტროლებზე.