კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაუთმო დიდმა მაესტრომ, მარიო მელანიმ ჯერ კიდევ სიცოცხლეში ნინო ლეჟავას თავისი ადგილი და როგორ გამოაცხადა მან ქართველი საოპერო მომღერალი თავის მემკვიდრედ #48

„მსგავსი ხმა და მუსიკალურობა 40 წელია, აღარ მსმენია. შენი ხმა, ინტერპრეტაცია და მუსიკალურობა საოპერო ხელოვნების რენესანსის პერიოდს მაგონებს“, – ასე შეაფასა ჯერ კიდევ წლების წინ საოპერო მომღერალი ნინო ლეჟავა უდიდესმა მაესტრომ, მარიო მელანიმ. მოგვიანებით კი, თავად მაესტრომ ნინო საკუთარ მემკვიდრედ დაასახელა, მისთვის ყველაზე ძვირფასი პეზაროს აკადემია ჩააბარა და უკვე რამდენიმე წელია, ნინო აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელია.
 ნინო ლეჟავა: სცენასთან და მაყურებელთან პირველი შეხება, ურთიერთობა ძალიან პატარას მქონდა – 3 წლის ასაკში. ჩემი პირველი ვოკალის პედაგოგი კი ლეგენდარული ქალბატონი შურა ჯანელიძე იყო. მგონი, დღემდე არ მტოვებს ის სიხარული და აღფრთოვანება, რომელიც პირველი ნაბიჯების გადადგმისას მქონდა. ამიტომაც დღემდე ჩემთვის მაყურებელთან შეხვედრა ყოველთვის დღესასწაულია. შემდეგ იყო ნიჭიერთა ათწლედი – საფორტეპიანო განხრით, რომლის პარალელურად ვსწავლობდი კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ ათწლედში ვოკალის განხრით. კონსერვატორიისა და მშობლიური ოპერის თეატრის გზა საკმაოდ დიდი, საინტერესო და  დატვირთული იყო. დიდი  მადლობა ჩემს ოჯახს, განსაკუთრებით დედას, რომლის დამსახურებითაც ამ სამყაროს ვეზიარე.
– რა იყო თქვენი პირველი წარმატება და როგორ იხსენებთ მას წლების შემდეგ?
– დებიუტი მქონდა ბატონ ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში, ვიმღერე პერგოლესის Stabat Mater, მაესტროს დირიჟორობით. ამას მოჰყვა დებიუტი ოპერის თეატრში მოცარტის „დონ ჯოვანიში“ – ზერლინას პარტია, ჯილდას არია – ვერდის „რიგოლეტოში“, ვიოლეტას პარტია – ვერდის „ტრავიატაში“ და  კიდევ ბევრი სხვა პარტია მაქვს შესრულებული თბილისის ოპერის თეატრში... დიდი სიყვარულით ვიხსენებ მთელ დასს, ფაქტობრივად, სოლისტებს შორის ასაკით ყველაზე პატარა ვიყავი  და ჩემი წარმატების მიზეზი, ალბათ, ისიც იყო,  რომ ჩემ გვერდით სცენაზე იდგნენ საოპერო სცენის კორიფეები. მაღალი რანგის პროფესიონალებთან ერთად  სიმღერა მიცავდა ახალბედა სოლისტს. საოპერო რეპერტუარი იმდენად ფართოა, რომ შეუძლებელია, მაქსიმალურად  წარმოაჩინო შენი ნიჭი მხოლოდ ერთ თეატრში, რაც არ უნდა მდიდარი რეპერტუარი ჰქონდეს მას. ჩემს თეატრში მოღვაწეობის პერიოდს დაემთხვა  კრიზისი. თვეების განმავლობაში თეატრი ვერ ახერხებდა სპექტაკლების დადგმას, აღდგენას. ამიტომაც გადავწყვიტე წავსულიყავი და ეს ნორმალურია.
– შეხვედრა მაესტრო მარიო მელანისთან, რომელიც „ბელკანტოს“ მამად არის მიჩნეული და რომელმაც თქვენი ხმა ასე შეაფასა: „მსგავსი ხმა და მუსიკალურობა არასდროს მსმენია“. მომიყევით მასთან მუშაობისა და ზოგადად მის შესახებ.
–  მაესტრო მარიო მელანისთან, ლეგენდარული ტენორის, მარიო დელ მონაკოს შვილმა მიმიყვანა.  მისი ბელკანტოს ტექნიკისა და სკოლის შესახებ ჯერ კიდევ ნოდარ ანდღულაძესთან სწავლის დროს მსმენოდა. მაესტრო ნოდარი სტუდენტებთან მუშაობისას ხშირად იყენებდა მაესტრო მელანის სავარჯიშოებს დიაფრაგმისა და სასუნთქი აპარატის სწორად ფუნქციონირებისთვის. მასთან მქონდა მოსმენა, ვიმღერე და… როგორც ნებისმიერი მომღერალი მსგავს სიტუაციაში, მეც ველოდები ვერდიქტს, მსოფლიოში ცნობილ ბელკანტოს მამად წოდებული მაესტროსგან. მისი შეფასება ასეთი იყო: მსგავსი ხმა და მუსიკალურობა 40 წელია, აღარ მსმენია. შენი ხმა, ინტერპრეტაცია და მუსიკალურობა საოპერო ხელოვნების რენესანსის პერიოდს მაგონებსო. მრავალი კომპლიმენტი მიმიღია ამდენი წლის განმავლობაში ჩემი ხელოვნების გამო, მაგრამ ჩემთვის ამაზე  დიდი შეფასება არ არსებობს.
– რამდენიმე წლის წინ მაესტრო მარიო მელანიმ თავისი ადგილი დაგითმოთ და  ჩაგაბარათ პეზაროს აკადემია. პირველი ქართველი ხართ, ვისაც ასეთი დიდი მემკვიდრეობა ჩააბარეს.
– მისი ამ შეფასების შემდეგ, ალბათ, ლოგიკური გაგრძელება იყო ეს გადაწყვეტილება. ძალიან მიჭირს მასზე საუბარი წარსულ დროში, რადგან მაესტროს ჩემს ცხოვრებაში, კარიერაში განსაკუთრებული ადგილი აქვს – მაესტრო მარიო მელანიმ თავისი ადგილი მიბოძა, ყველაზე ძვირფასი, რასაც მთელი თავისი სიცოცხლე, გამოცდილება და შემოქმედება დაუთმო. აკადემია საოპერო მომღერლებისთვის, სადაც ბელკანტოს სკოლის ტექნიკა მაესტრო მარიო მელანის ტექნიკით ისწავლება, მე ჩამაბარა. მე მისი მუსიკალური სკოლის მემკვიდრე ვარ და ვფიქრობ, სამომავლოდ, მრავალი  წლის შემდეგ, მეც შევძლებ მსგავსი არჩევნის გაკეთებას, რომ ბელკანტოს მაესტროსეულმა ტექნიკამ, რომელმაც ასახვა ჰპოვა მარიო დელ მონაკოს, კარლო კოსუტას, ლუის ლიმასა და მრავალი სხვა  საოპერო მომღერლის შემოქმედებაზე, შეძლოს ამ გზის გაგრძელება. მანამდე დიდი დროა, ახლა კი ვცდილობ, დრო და ენერგია, რომლის განაწილებაც მიწევს ჩემს სასიმღერო კარიერასა და აკადემიას შორის, მაქსიმალურად მოვახმარო აკადემიას და ჩემს სტუდენტებს. მართალი რომ გითხრათ, როცა მაესტრო მელანიმ სამხატვრო ხელმძღვანელის ადგილი შემომთავაზა და სტუდენტებთან მუშაობის საშუალება მომცა, ძალიან დავიბენი და მაესტროს ვკითხე: თქვენი წარმოდგენა ჩემი შესაძლებლობების მიმართ გადაჭარბებული ხომ არ არის-მეთქი. რაზეც მან მიპასუხა: „მე შენში ვხედავ ჩემს თავს და ვფიქრობ, რომ მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემი დაწყებული გზის გაგრძელება“. რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ არის, თუმცა მთავარია, უდიდესი სურვილი და კიდევ დიდი სიყვარული საქმისადმი. სტუდენტებთან მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესოა. ჩემს სტუდენტებს ვეუბნები – ხშირ შემთხვევაში, თქვენთან ერთად მეც ვსწავლობ-მეთქი... წელს აკადემიის სტუდენტების მნიშვნელოვან ნაწილს საქართველოდან ჩამოსული მომღერლები  წარმოადგენენ. თითოეული მათგანი ძალიან ნიჭიერი, საოცრად მუსიკალურია  და ულამაზესი ხმით არიან დაჯილდოებულნი.
– მაესტრო მარიო მელანი დიდ იმედებს ამყარებდა თქვენზე და ის თავის წიგნშიც წერს ამაზე.
– მთლად მასე არ არის... 2013 წელს გამოვიდა მაესტრო მელანის ბიოგრაფიული წიგნი, რომელიც ინტვერვიუების საფუძველზე შეიქმნა. ავტორი ცნობილი ჟურნალისტი და იტალიის მასშტაბით, ერთ-ერთი რეიტინგული გაზეთის Il resto del carlino-ს დირექტორი ლუიჯი ლუმინატია, რომელმაც ჩაწერა ინტერვიუების ციკლი და შემდეგ გამოსცა ბიოგრაფიული წიგნის სახით. მაესტრო თავის ბოლო ინტერვიუში საუბრობს ჩემზე, როგორც მისი სკოლის გამგრძელებელზე და ეს შესულია  მის ბიოგრაფიულ წიგნში Mario Melani Maestro Planetario.
– როგორ ვიცი, თქვენი დაც აქტიურად გეხმარებათ აკადემიის მართვაში.
– ჩემი და – ლიკა, აკადემიის მენეჯერი და ერთგული მეგობარია, რომელიც ყოველთვის ჩემ გვერდითაა ნებისმიერ წამოწყებაში და ყველაფერში ხელშემწყობია. ვფიქრობ, მისი პროფესიონალიზმისა და საქმის ერთგულების გარეშე  გამიჭირდებოდა ამ ყველაფრის გაძღოლა.
– როგორ მიდის თქვენი საოპერო კარიერა?  ამ მხრივ, რა გეგმები გაქვთ?
– ოქტომბერი საკმაოდ დატვირთული იყო, რადგან საკონცერტო ტურნე მქონდა  ყაზახეთის ნაციონალურ ტრიოსთან ერთად. ვიმღერე ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ დარბაზში, სადაც თვით მოცარტი უკრავდა. ეს დარბაზი მოცარტის სახელს ატარებს. ასევე, როსინის საოპერო თეატრში მქონდა გამოსვლა და დაგეგმილი მაქვს 60-მდე გამოსვლა. დეტალურად მათი ჩამოთვლა გამიჭირდება.
– მომიყევით პირად ცხოვრებაზეც, როგორია თქვენი ცხოვრება ოპერის მიღმა? თუ არ ვცდები, გათხოვილი არ ხართ.
– ჩემი ცხოვრება მრავალფეროვანი და საინტერესოა. რაც შეეხება თავისუფალ დროს, მაქვს ჰობი, დაკავებული ვარ სპორტით, მიყვარს მოგზაურობა და უპირატესობას ვანიჭებ, წავიდე სამოგზაუროდ ჩემთვის უცნობი ადგილების მოსანახულებლად. ოჯახი არ შემიქმნია, მაგრამ არც მარტო ვარ. მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის შეყვარებული ვარ.

скачать dle 11.3