აქვს თუ არა კავშირი 16 წლის გარდაცვლილ გოგონას სატანისტურ დაჯგუფებასთან #48
ბოლო ხანს მთელი თბილისი მოიცვა ამბებმა, სხვადასხვა უბანში ნაპოვნი ადამიანების ცხედრებისა და სხვადასხვა სატანისტური დაჯგუფებების მიერ დაგეგმილი მკვლელობების შესახებ. ამ ყველაფერს კი, შარტავას ქუჩის 43 ნომერში მომხდარი საზარელი ინციდენტიც დაემატა, რისი დეტალებიც დღემდე გაურკვეველია. მშენებარე კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე პირებმა გარდაცვლილი გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს. როგორც ირკვევა, გარდაცვლილს ოჯახი ორი დღე ეძებდა. საბოლოოდ, კი გოგონას ცხედარი მშენებარე კორპუსის სარდაფში საკუთარმა დამ ამოიცნო. გარდაცვლილი 16 წლის აღმოჩნდა. მისი ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ ადგილობრივები. მათი თქმით, ინციდენტის წინა დღეს მშენებარე კორპუსში დაცვას ახალგაზრდების ჯგუფი შეუნიშნავს და მათთვის ტერიტორიის დატოვება მოუთხოვია. დილით კი გოგონა სარდაფში მუშამ და საკუთარმა დამ იპოვა. სამშენებლო პუნქტზე მომუშავე პირები მომხდართან დაკავშირებით კომენტარს აღარ აკეთებენ და კითხვაზე, თუ რა ვითარებაში აღმოაჩინეს ცხედარი, არ პასუხობენ. მათი თქმით, მომხდარს გამოძიება დაადგენს და დეტალებზეც თავად ისაუბრებს. როგორც თვითმხილველებთან საუბრისას ირკვევა, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება. თქვეს, რომ ხშირად შეუნიშნავთ ახალგაზრდები, რომლებიც ღამის საათებში იკრიბებიან მშენებარე კორპუსის სარდაფში და ხმაურობენ. ამ ადგილზე მომუშავე პირები იმასაც აღნიშნავენ, რომ ტერიტორიაზე ხშირად რომელიღაც სექტის წარმომადგენლებიც იკრიბებოდნენ და „კატებს ატყავებდნენ“. თვითმხილველების თქმით, შემთხვევის ადგილზე ახლად გაკეთებული წარწერა შენიშნეს: „ჩვენი ისტორია ჩვენს გულში დარჩება“, თუმცა უცნობია, ეკუთვნის თუ არა გარდაცვლილს აღნიშნული ნაწერი. მომხდარის ირგვლივ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით – შეყვარებულთან კონფლიქტი სახელდება, რასაც გარდაცვლილის ოჯახის ახლობლები სრულიად გამორიცხავენ. „ოჯახი ექსპერტიზის პასუხს ელოდება, რომელიც გარდაცვალების რეალურ მიზეზს დაადგენს. წინასწარ ვერსიებზე არაფერს ვამბობთ, რადგან ჩვენ თვითონაც არაფერი ვიცით. შეყვარებულზე გადაბრალებაც უაზრობაა. მას შეყვარებული არ ჰყოლია“, – განაცხადა გარდაცვლილის ნათესავმა.
გარდაცვლილი 16 წლის მარიამ ჯ-იაა. მისი ოჯახი წარმოშობით ადიგენიდანაა. გარდაცვლილის მამა ყოფილი საბურთალოს ბაზრის ტერიტორიაზე ხილის სექციაში მუშაობს. ოჯახი ბოლო რამდენიმე წელია, პოლიტექნიკური ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელში, ქირით ცხოვრობს. მეზობლების თქმით, ოჯახი მშვიდად ცხოვრობდა და კონფლიქტებით არ გამოირჩეოდა. გარდაცვლილი ოჯახის პირველი შვილია. მათ კიდევ სამი შვილი ჰყავთ. როგორც ოჯახის ახლობლები აღნიშნავენ, გარდაცვლილი დედმამიშვილებისადმი დიდ სიყვარულსა და მზრუნველობას იჩენდა. მეზობლების თქმით, პატარა რამდენიმე თვისაა და მარიამი მას ხშირად ასეირნებდა. შუათანა კი ბაღში დაჰყავდა. გარდაცვლილი თბილისის ერთ-ერთი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე გახლდათ. დირექტორის, თამარ ლოსაბერიძის თქმით, გოგონა აქტიური მოსწავლე იყო და სკოლამ მისი სახით ღირსეული ადამიანი დაკარგა. მისივე თქმით, 16 წლის გოგონა დეპრესიული არ იყო და არც თანატოლებთან ჰქონია კონფლიქტი. როგორც გარდაცვლილის თანაკლასელი ამბობს, ის პარასკევს სკოლაში არ ყოფილა და უქმეებზე თანაკლასელებისთვის უკითხავს, რა დავალებები მისცა მათემატიკის მასწავლებელმა. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ გოგონამ შეყვარებულის გამო თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, დირექტორისთვის უცნობია. ჰყავდა თუ არა არასრულწლოვან გოგონას შეყვარებული, კითხვაზე დირექტორი ამგვარ პასუხს იძლევა: „არასდროს შეგვინიშნავს, რომ მისთვის ვინმეს მოეკითხოს. არც ის გამიგია, რომ შეყვარებული ჰყავდა. ამაზე ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ, რაც შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ ის არაჩვეულებრივი მოსწავლე იყო“.
გარდაცვლილის მეგობრებთან საუბრისას ირკვევა, რომ მარიამი უკონფლიქტო იყო და სკოლაშიც ყველას ეხმარებოდა. „ჩაკეტილიც“ არ ყოფილა. „ბავშვებთან ხშირად ერთობოდა, ღიმილიანი და აქტიური ბავშვი იყო. ყველა ასაკის ადამიანთან შეეძლო ურთიერთობა და მეგობრობა. ყველა უყვარდა და ანალოგიურად, ყველას ძალიან უყვარდა თვითონაც. რა მოხდა, ნამდვილად არ ვიცით,“ – აცხადებს გარდაცვლილის ნათესავი.
გარდაცვლილს საკუთარ სოციალურ გვერდზე მეგობრები ემშვიდობებიან, მას გულებს უწერენ და აღნიშნავენ, თუ როგორი კეთილი და კარგი მეგობარი დაკარგეს. აქვე აქვეყნებენ გარდაცვლილის პირად ჩანაწერს, სადაც ჩანს მისი სიცოცხლისადმი სიყვარული. როგორც ირკვევა, ჩანაწერი 2012 წელსაა გაკეთებული. „მე ჩემს დასახულ მიზანს ავისრულებ და ვიქნები წარმატებული ადამიანი მომავალში. მინდა ვიცხოვრო გაბრწყინებულ და გაერთიანებულ საქართველოში და ამაში მეც დავეხმარები რითაც შემეძლება, ოღონდ როცა გავიზრდები“, – წერს მარიამი.
გარდაცვლილის მეგობრები მის სატანისტურ სექტაში ყოფნას გამორიცხავენ. მათი თქმით, ის მშვიდი და წესიერი ადამიანი იყო. საზოგადოებას მიმართავს გარდაცვლილის უახლოესი მეგობარი: „ერთი თხოვნა მექნება – ნუ ამბობთ, რომ მარიამი ან რომელიმე მისი მეგობარი ღამე იკრიბებოდნენ და კატებს ატყავებდნენ. ძაან გთხოვთ, ჩვენც მარიამთან ერთად მოვკვდით და ნუ გვიმატებთ თქვენი იდიოტური შეხედულებებით ტანჯვას! პირველ რიგში, მარიამის სულს ეცით პატივი და ილოცეთ მისთვის... ერთადერთი, რაც მინდა, სიმშვიდე იპოვოს, რომელიც ამქვეყნად ვერ ჰპოვე. ნათელში ამყოფოს შენი სული უფალმა“, – წერს გარდაცვლილის მეგობარი.