კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყო ქალი, რომელზეც წერდნენ, მსგავსი რძალი არ ჰყოლია საქართველოსო და რატომ შეადარეს ის ღვთისმშობელს #48

მეფე გიორგი მესამეს მამამისმა, დიმიტრი პირველმა ცოლად შერთო ოსთა მეფის, ხუდანის ასული ბურდუხანი. საქართველოს სამეფო ცდილობდა ტერიტორიებისა და გავლენის გაფართოებას. ამ საქმეში სჭირდებოდა ჩრდილოეთის ხალხების სამხედრო რესურსი. ქართველ მეფეებს არა ერთხელ გამოუყენებიათ ოვსთა თუ ძურძუკთა ძალები სამხრეთში. დავით აღმაშენებელმა მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა ოსურ სამეფოებთან და ისინი აქცია არა მარტო ვასალებად, არამედ მეგობრებადაც. მან შეარიგა ერთმანეთზე  გადამტერებული ოსები და ყივჩაღები. გამოატარებინა ოსებს ყივჩაღები, რომლებიც დაქირავებულ ჯარისკაცებად სჭირდებოდა. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში, ტრადიციულად დიდი ავტორიტეტი ჰქონდათ ქართველ მეფეებს.
იმ დროს ჩრდილოეთ კავკასიაში არსებობდა, მინიმუმ ოთხი ოსური სამეფო-სამთავრო. ერთი იყო ხუდან მეფის სამეფო, რომელთანაც დემეტრე მეფემ ნათესაური კავშირი შეკრა, როცა ხუდანის ასული შერთო თავის ვაჟს, გიორგის. მეორე უნდა იყოს იმ ოსი უფლისწულების სამთავრო, რომლებიც თამარის ხელის სათხოვნელად ჩამოვიდნენ შემდეგში. ერთი მათგანი თამარისადმი მიუწვდომელი სიყვარულის გამო დარდით გარდაიცვალა, როცა იმედგაცრუებულნი უკან მიემგზავრებოდნენ. ის დაკრძალულია წმიდა რაჟდენის ტაძარში, ნიქოზში, ცხინვალთან ახლოს. მესამე სამთავრო უნდა ყოფილიყო, ალბათ, დაახლოებით ყარაჩაის ოლქში, მეოთხე კი, უფრო ჩრდილოეთით. თავისთავად ცხადია, დავით სოსლანი, ერთიანი საქართველოს მეფის, გიორგი პირველის შთამომავალი, ხუდან მეფე, თამარის ბაბუა და ნიქოზში გარდაცვლილი ოსი უფლისწული სხვადასხვა ოსური დინასტიის წარმომადგენლები იყვნენ.
ბურდუხანი ყოფილა ძალიან ლამაზი – თავისი ქმრის, პირმზე და ლომისტანიანი გიორგი მეფის შესატყვისი მშვენიერებით. როგორც წერდნენ, გარეგნობითა და ხასიათით მიმსგავსებული ყოფილა მზეს, რომელიც ანათებს ცოდვილებსა და გულმართალ ადამიანებს. ყველანაირი მშვენიერება და ხორციელი სიტურფე „გარდამეტებულად“ ჰქონდაო. იმდროინდელ საქართველოში ფიქრობდნენ, მანამდე მისებრი რძალი არ ჰყოლიაო საქართველოს.
ქრისტიანული სარწმუნოების ისეთი ერთგული იყო, წმიდა დიდმოწამეებს – ეკატერინესა და პენელოპა ირინეს ემსგავსებოდაო (ორივე ხელმწიფის ასული იყო). მეტიც, თვით მარიამის, ცისა და ქვეყნის განმანათლებლის, მსგავსიც კი იყოო (აქ მარიამ ღვთისმშობელი იგულისხმება), წერს „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ უცნობი ავტორი.
კარგა ხნის განმავლობაში შვილი არ შეეძინა სამეფო წყვილს. გიორგი მეფე ძალიან წუხდა უშვილობას.
ვაჟი, ძე, მემკვიდრე, ეს იყო ძველი მსოფლიოს ოჯახებისთვის უმნიშვნელოვანესი რამ, განსაკუთრებით სამეფო ოჯახებისთვის. თუ სამეფო დინასტიას არ ეყოლებოდა ვაჟი, მიიჩნეოდა, რომ დინასტია შეწყდებოდა.
გიორგი მეფის მემკვიდრედ ითვლებოდა მისი ძმისწული, დიმიტრი (დემნა), მისი უფროსი ძმის, დავით მეხუთის ვაჟი. მეფეს ძმის წინაშე სიტყვა ჰქონდა მიცემული, რომ გაამეფებდა დემნას, როგორც კი ის მიაღწევდა სრულწლოვანებას. თუმცა, მეფეთ-მეფე გიორგი, რომელიც საკმაოდ ძლიერი მეფე აღმოჩნდა, კარგი სარდალი და პოლიტიკოსი, რომელმაც გააფართოვა საქართველოს საზღვრები, რომელმაც თავისი პაპის, დიდი დავით აღმაშენებლის მსგავსად, აქტიური პოლიტიკისა და შეტევის სტრატეგია არჩია მიღწეულით დაკმაყოფილების პოლიტიკას, არ აპირებდა ტახტის დათმობას. რას ფიქრობდა მეფე, ძნელი სათქმელია. უყვარდა თუ არა ძმისწული, არ ვიცით. მაგრამ, უშვილობას, ალბათ, ძალიან განიცდიდა...
წლების შემდეგ ორი ქალიშვილი შეეძინა მეფე-დედოფალს. თამარი, დაახლოებით 1160 წელს დაიბადა, შემდეგ რუსუდანი გაჩნდა. ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე, ბურდუხანის მიერ თამარის შობას ადარებს ანა წინასწარმეტყველის მიერ სამოელ წინასწარმეტყველის შობას. ანა წინასწარმეტყველსა და მის ქმარს, ელკანასს, კარგა ხანს არ ეყოლათ შვილი, ამიტომ ელკანასმა მეორე ცოლი მოიყვანა. მრავალი ლოცვისა და აღთქმის შემდეგ, ანასაც მიეცა შვილი. სამოელი ნიშნავს „უფლისგან გამოთხოვილს“.
გიორგი მესამეს ჰყოლია სხვა შვილიც, ასევე ასული, ქორწინების გარეშე შობილი. ძნელი სათქმელია, თამარის შობამდე დაიბადა ის თუ თამარის მერე. შეიძლება, ვივარაუდოთ, უძეობა ძალიან აწუხებდა მეფეს და ცდილობდა, სხვა ქალთან მაინც გაეჩინა ვაჟი. ძველ დროში მიიჩნევდნენ, რომ უშვილობა, მხოლოდ ქალის ბრალი შეიძლება, ყოფილიყო და არა მამაკაცის. გარდა ამისა, რადგან მხოლოდ ასულები შეეძინა ბურდუხანს, შესაძლოა, ესეც მას ბრალდებოდა. აღმოსავლეთის ქვეყნებში ქმარს ჰქონდა უფლება, გაშორებოდა ცოლს, თუ ის მხოლოდ ქალიშვილებს გაუჩენდა. თუმცა, ჩვენთან ასეთი წესი არ არსებობდა.
1161 წლის ზაფხულში, ანისის აღების შემდეგ – როცა ერთი სომეხი ისტორიკოსის ცნობით, ქართველებს დაუმარცხებიათ 80 000 მაჰმადიანი – გამოაგზავნა მეფე გიორგიმ მაცნე სამეფო კარის, პატრიარქისა და ხალხის გასახარებლად. სომხეთიდან დაბრუნებული პირველად ეწვია თავის მამიდას, თირღვის აღმშენებელს, თამარ დედოფალთა დედოფალს, რომელიც მისთვის და საქართველოსთვის ლოცულობდა მუდამ. მერე თავის ულამაზესი ცოლის, დედოფალ ბურდუხანის სანახავად გაემართა გამარჯვებული მეფეთა-მეფე. ამ დროს, სულ პატარა, ჩვილი იქნებოდა, საქართველოს მომავალი დედოფალთა დედოფალი და მეფეთა მეფე, თამარი, და ახარებდა დედ-მამის გულს.
თამარის დედა ზრუნავდა ეკლესია-მონასტრებზე, შვილებს ზრდიდა ქრისტიანულად. მათ არა მარტო დედის  სილამაზე, მისი კეთილშობილი ხასიათიც გამოჰყოლიათ. მამა მკაცრი ჰყავდათ, დედა კი შემნდობი და მას დაემსგავსა ჩვენი მომავალი საამაყო ხელმწიფეც, თამარი.
დედოფალი ბურდუხანი ყოფილა ხელოვნების მოყვარული. მისი მეცადინეობით იქმნებოდა ხატები. გატაცებული იყო პოეზიით. შესაძლოა, თავადაც წერდა და ხატავდა.
დემნას აჯანყების შემდეგ, 1178 წელს, ნაჭარმაგევში, შვიდი სამეფოს დიდებულების წინაშე, გიორგი მესამემ თანამეფედ გამოაცხადა თამარი. იქვე ესწრებოდა, „დედოფალთა დედოფალი, ბედნიერი და სვიანი ცოლი მისი ბურდუხანი“.
დაახლოებით სამ-ოთხ წელიწადში გარდაცვლილა ბურდუხან დედოფალი, „სწორი ძისა ღმრთისა დედისა“, წერს მემატიანე. აქაც „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ უცნობი ავტორი მას ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ადარებს.
მეფე გეგუთში იმყოფებოდა, როცა  აცნობეს მეუღლის გარდაცვალების შესახებ. მწარედ იგლოვა, იგლეჯდა თურმე თმასა და წვერს, მწარედ ტიროდა და გულში ირტყამდა მუშტს. როგორც ჩანს, ძალიან უყვარდა ცოლი და თანაც, ეტყობა, მოულოდნელად გარდაიცვალა დედოფალი. კარგა ხანს იგლოვა მეფემ ძვირფასი მეუღლე. ყველას უგლოვია ოსი ხალხის ღირსეული წარმომადგენელი, ქართველების საყვარელი რძალი, საქართველო-კავკასიის დედოფალთა დედოფალი.
„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ უცნობი ავტორისთვის უცხო არ იყო  ქება და, ერთი შეხედვით მკრეხელური შედარებანი. შემდეგში, თამარ მეფის მიერ ლაშა-გიორგის შობას ის ადარებს ბეთლემში მაცხოვრის შობას: „ტაბახმელისა ბეთლემ-მყოფელმან მუნ შვა ძე, სწორი ძისა ღმრთისა”. თუმცა, უნდა ითქვას, აქ საქმე, ალბათ, გვაქვს მეტაფორასთან და არა თამარის ან მისი დედის ღვთისმშობელთან შედარებასთან. ავტორი ლაშასაც ვერაფრისდიდებით ვერ გაატოლებდა მაცხოვართან. ეს უნდა იყოს ავტორისეული მეტაფორა.
„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ ავტორი ერთგან წერს: „აქა კულა სამებისა თანა იხილვების ოთხებად თამარ, მისწორებული და აღმატებული“. ამ ფრაზაში, თითქოს, თამარ მეფე ყოვლადწმინდა სამების მეოთხე ჰიპოსტასადაა გამოცხადებული. თუმცა, ალბათ, აქაც მეტაფორა უნდა გვქონდეს – ავტორის მეტისმეტად გადაჭარბებული, მხატვრული გადმოცემა, რომელმაც გაუგებრობა გამოიწვია. თუმცა, ეს ფრაზები გვიჩვენებს, როგორ უყვარდა თამარ მეფე ავტორს (ასევე ბურდუხან დედოფალი) და როგორი შეიძლება, იყოს მწერლისეული მეტაფორა.

скачать dle 11.3