რით არის მნიშვნელოვანი სოფელ ნასპერში აღმოჩენილი „დევის ქვები” და როგორ მოხვდა იქ ნაპოვნი ბრინჯაოს ფირფიტების ჯგუფი ერმიტაჟში #48
ცაგერის რაიონის სოფელ ნასპერში, გორაკზე, რომელსაც საქაჯაიას ეძახიან, დღე არ გავა, მიწიდან არქეოლოგიური მასალა არ გამოჩნდეს. აქ ნახავთ „დევების ქვებს”, რომელთა შესახებ სოფელში მრავალი მითი არსებობს. ამბობენ, აქ სამსხვერპლოც იყოო. ამ ვარაუდს იმითაც ამართლებენ, რომ ათეული წლების წინ, როდესაც ერთ-ერთ ქვას მიწა გადასცილდა, მასზე დაკირული ადამიანის ჩონჩხი იპოვეს. ძვლები იმდენად დიდი იყო, ჩვეულებრივი ადამიანისას არ ჰგავდა. სოფელში ბევრს სჯერა, რომ ოდესღაც აქ დევები ცხოვრობდნენ და ამ ქვებზე პურს აცხობდნენ. მითები მითებად რჩება, მაგრამ სოფლის მცხოვრებლები რომ „არქეოლოგიური საბადოს” თავზე ცხოვრობენ, სინამდვილეს შეესაბამება. რა სახის და რომელი საუკუნის ისტორიულ მასალასთან გვაქვს საქმე, ჟურნალ „თბილისელებს” საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი, ნინო სულავა ესაუბრა.
ნინო სულავა: საქართველოს ყველა კუთხე გამოირჩევა თავისი ისტორიული წარსულით. ამ მხრივ ძალზე საინტერესოა მისი ულამაზესი მხარე ლეჩხუმი, რასაც ცაგერის ისტორიულ მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების სიმრავლე ადასტურებს. ლეჩხუმის უძველესი ისტორიის შესახებ მსჯელობა შეიძლება იმ არქეოლოგიურ მასალებზე დაყრდნობით, რომელიც ლეჩხუმის ტერიტორიაზეა ნაპოვნი. აქ აღმოჩენილი მასალები მიუთითებს, რომ ლეჩხუმი ძველი კოლხური კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ლეჩხუმი ძველ ქართულ და ბერძნულ ისტორიულ წყაროებში იხსენიება ჯერ „სკვიმნიის“, შემდეგ „თაკვერის სახელწოდებით. „თაკვერი, რომელ არს ლეჩხუმი“ – ნათქვამია „ქართლის ცხოვრებაში.” აქ აღმოჩენილ არქეოლოგიურ არტეფაქტებზე დაყრდნობით, ლეჩხუმის ტერიტორია ეკუთვნის იმ რეგიონს, მთიან კოლხეთს, რომელიც გვიანბრინჯაო-რკინის ხანიდან ლეგენდარული კოლხეთის ნაწილია. ესენია კოლხური კულტურის განმსაზღვრელი კომპონენტები – ბრინჯაო და რკინის მეტალურგიის არტეფაქტები, ბრინჯაოს განძები, ბრინჯაოსა და რკინის არტეფაქტები, კოლხური კულტურისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური კერამიკა. არქეოლოგიური არტეფაქტების მიხედვით, ლეჩხუმი ყველა ეპოქაში თანადროული მსოფლიოს კულტურულ-ისტორიულ პროცესებში ჩანს ჩართული. სანამ ცაგერში მუზეუმი დაარსდებოდა, ლეჩხუმიდან დიდი რაოდენობით გაედინებოდა ძვირფასი ნივთები. მათგან ერთმა ნაწილმა ბინა დაიდო „ერმიტაჟში“ (სანკტ-პეტერბურგი), თბილისის ეროვნულ მუზეუმში, ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში.
ერმიტაჟში 40-ზე მეტი ნივთია დაცული, აქედან რამდენიმემ ადგილი ჰპოვა ბრინჯაოს ექსპოზიციაში. ერმიტაჟშივეა დაცული უნიკალური გემით შემკული ოქროს მედალიონი სოფელ უსახელოდან. თბილისში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, შ. ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში, დაცულია პატიოსანი თვლებით შემკული მაცხოვრის ღვთისმშობლის ჭედური ხატები. ამავე მუზეუმში ინახება ვაზის ხისაგან დამზადებული ეკლესიის კარი.
ცაგერის ისტორიულ მუზეუმში დაცულ კოლექციებს შორის გამორჩეულია ბრინჯაოს განძები. ლეჩხუმის ტერიტორიაზე კარგად არის წარმოდგენილი ბრინჯაოსა და ანტიკური ხანის მასალა, რომელიც კარგადაა შესწავლილი მონოგრაფიულად. ბრინჯაოს განძების გარდა, მუზეუმში დაცულია უძველეს მეტალურგიასთან დაკავშირებული არტეფაქტები (ბრინჯაოს ზოდები, წიდები, სადნობი ქურის შელესილობის ნატეხები), ბრინჯაოს სამიწათმოქმედო და საბრძოლო იარაღები, ცხენის აღკაზმულობის ნიმუში, ცხეთა-დეხვირის ძველი წელთაღრიცხვით მერვე-მეხუთე საუკუნეების ნასახლარზე აღმოჩენილი კოლხური კერამიკა და ცხეთის სამაროვანზე აღმოჩენილი მასალა – სამაჯურები, ფიბულები, მძივსამკაული. კოლხური კერამიკა ახლა უკვე ცნობილია სოფელ ნასპერიდანაც. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 60-იან წლებში ნასპერში ყოფილა აღმოჩენილი ბრინჯაოს ფიგურების ჯგუფი, რომელიც ერთ-ერთი მოსახლის ინფორმაციით, შესაძლოა, ერმიტაჟში მოხვდა.
– ცნობილია, რომ სოფელ ნასპერის მცხოვრებმა სანდრო ახვლედიანმა 2014 წელს ცაგერის ისტორიულ მუზეუმში ნასპერში მოპოვებული თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები და ადამიანის ძვლები მიიტანა. როგორ აღმოჩნდა არქეოლოგიური მასალა მის ხელში, რომელი საუკუნით თარიღდება და კიდევ რა მასალებია აღმოჩენილი სოფელში?
– ნასპერი სოფელია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის, ცაგერის მუნიციპალიტეტში, ღვირიშის თემში. მდებარეობს ხვამლის მასივის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარეების – ცხენისწყლისა და რიონის წყალგამყოფზე, ზღვის დონიდან 920 მეტრზე. 2014 წელს სოფელ ნასპერის მცხოვრებმა, სანდრო ახვლედიანმა ცაგერის ისტორიულ მუზეუმში მიიტანა კერამიკისა და ადამიანის ძვლების ფრაგმენტები. სოფლის მცხოვრებთა თქმით, მიწიდან „ამოსული” ნივთების რაოდენობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც სოფლის თავზე ფიჭური სატელეფონო კომპანიების გადამცემი ანძები დადგეს და მძიმეწონიანი მანქანების მიმოსვლის შედეგად, მიწა რამდენიმე ადგილას ჩაიჭრა. საქართველოს ეროვნული მუზეუმის დაფინანსებით, ჩავედით სოფელ ნასპერში. ვნახეთ ტერიტორია, რომელიც ჩაჭრილი იყო „მაგთის”, „ჯეოსელისა” და „ბილაინის” მძიმე ტექნიკის გადაადგილებით. ბორბლებით ჩაჭრილ ადგილას კარგად ჩანდა ტიპური კოლხური კერამიკის შემცველი საკმაოდ მძლავრი კულტურული ფენა. მასალა განეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვით, მერვე-მეხუთე საუკუნეებს. ანალოგიური კერამიკა დამახასიათებელია აღნიშნული პერიოდის კოლხური ნასახლარებისა და სამაროვნებისთვის, რასაც დიდი სამეცნიერო ღირებულება აქვს ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის.
– ქალბატონო ნინო, სოფელ ნასპერში გავრცელებულია ტერმინი „დევის ქვები“, რაზეც ბევრი მითი არსებობს. დასაშვებია ამ ქვების ისტორიული ღირებულების მქონე ძეგლად მიჩნევა?
– სადაზვერვო ექსპედიციის დროს, ჩვენი ყურადღება მიიქცია ეგრეთ წოდებული „დევის ქვებმა“, რაც ადგილობრივი მოსახლეობის შერქმეული სახელია. ქვების დიამეტრი 2 მეტრიდან 0,5 მეტრამდე მერყეობს. გეოლოგის, რუსუდან ჩაგელიშვილის დასკვნით, ეს არის იშვიათი და საინტერესო, მიოცენური ნალექები, კონკრეციები, რაც ქმნის სეპტარიებს. აქ, ნასპერში კი, სეპტარიების მთელი „ტყეა”, რომლის ანალოგიურიც საქართველოში უცნობია. აღნიშნული აღმოჩენის დაცვა და მისი, როგორც „ბუნების ძეგლის” შენარჩუნება, ძალზე მნიშვნელოვანია. სოფელ ნასპერის ეგრეთ წოდებული „სეპტარიების ტყე,” იქვე აღმოჩენილ კოლხურ ნასახლართან ერთად, ქმნის კომპლექსს, რომელიც საინტერესოა არა მარტო სამეცნიერო და კულტურული თვალსაზრისით, არამედ დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე ტერიტორიაცაა.
– გარდა, სოფელ ნასპერისა, კიდევ რა სახის ახალ აღმოჩენებია ლეჩხუმში?
– მაისში საქართველოს ეროვნული მუზეუმის ლეჩხუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სამუშაოები ჩაატარა სოფელ დოღურაშის მიდამოებში უძველესი მეტალურგიის ძეგლების გამოსავლენად და შესასწავლად.
ექსპედიციაში მონაწილეობს ჩვენი ბრიტანელი კოლეგა, პროფესორი ბრაიან გილმორი, რომელიც დიდ დახმარებას გვიწევს მოპოვებული მასალის ანალიზებით უზრუნველყოფაში.
აღმოჩენილია მადნის გამოსადნობი ქურა-სახელოსნოების სისტემა. მსგავსი აღმოჩენა, თავისი მასშტაბურობითა და სირთულით, პირველია არა მარტო ლეჩხუმისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ამ აღმოჩენით დადასტურდა, რომ ლეჩხუმი ნამდვილად არის კავკასიის ერთ-ერთი მძლავრი მეტალურგიული კერა. ცაგერის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიცია უკვე ხუთი წელია, კვლევით სამუშაოებს ატარებს ცხეთა-დეხვირის ღია ცის ქვეშ მუზეუმში. საქართველოში ეს ერთადერთი მუზეუმია, რომელიც, ეთნოგრაფიულ ძეგლებთან ერთად, სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიურ ძეგლებსაც აერთიანებს. სპეციალისტები ძეგლზე ორ ჯგუფად მუშაობენ: ერთი ჯგუფი იკვლევს შუა საუკუნეების დეხვირის ციხეს, სადაც გალავანი და სხვა მნიშვნელოვანი ნაგებობები გამოვლინდა. განსაკუთებით მნიშვნელოვანია აქ აღმოჩენილი, ვიზუალურად ძალიან კარგად შემორჩენილი მარანი, რაც მევენახეობის მძლავრ განვითარებაზე მეტყველებს. უნდა აღინიშნოს რომ, სწორედ ეს მხარეა განთქმული ვაზის ისეთი უნიკალური ჯიშებით, როგორებიცაა: უსახელოური, ცოლიკოური, ლეჩხუმური ოჯალეში, ცხვედიანის თეთრი და სხვა. ეროვნული მუზეუმის არქეოლოგთა მეორე ჯგუფი, რომელსაც თავად ვხელმძღვანელობ, პარალელურად, ძველი წელთაღრიცხვით მერვე-მეხუთე საუკუნეებით დათარიღებულ კოლხურ ნასახლარს შეისწავლის, სადაც ტერასულად გამართული ნაგებობა და ტიპური კოლხური კერამიკაა აღმოჩენილი. აღნიშნული ტერიტორიის კვლევა გასული საუკუნის 70-იანი წლებში არქეოლოგმა ლამარა სახაროვამ დაიწყო. იმ დროისთვის ნასახლარზე მცირემასშტაბიანი სადაზვერვო-არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა, რომლის დროსაც აღმოჩნდა ქვის უნიკალური ყალიბი, რომლის ანალოგიც უცნობია. ყალიბში ჩამოისხმებოდა საინკრუსტაციო, მეანდრისებური ფირფიტები, რომლებსაც ცნობილი კოლხური აბზინდების შესამკობად იყენებდნენ. ამ აღმოჩენის მიხედვით„ თამამად შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ მართკუთხა კოლხური აბზინდები მთიან კოლხეთში (ლეჩხუმში) მზადდებოდა. ასევე, ვმუშაობთ ცხეთის ანტიკური ხანის სამაროვანზე. ცხეთის სამაროვნის გარდა, აგვისტოში კიდევ ერთი ახალი სამაროვანი აღმოვაჩინეთ. საკონტროლო თხრილის გაკეთების დროს, ექსპედიციის ბოლო დღეს, ცხეთიდან 2 კილომეტრში, აღმოჩნდა კიდევ ერთი სამარხი. ეს გახლავთ ქალის სამარხი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე-მესამე საუკუნეებით თარიღდება. დაკრძალულს ჩატანებული ჰქონდა ბრინჯაოს 4 სამაჯური, ფიბულა, ფარაკიანი ბეჭედი, რგოლები და ერთი მრგვალი, ფირფიტისებური ნივთი, რომელზეც ვეჭვობთ, რომ მონეტაა, მაგრამ ჯერ ბოლომდე გაწმენდილი არ არის, აგრეთვე, მრავალფეროვანი მინის მძივები.