კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დააჯილდოვა ღირსების ორდენით პრეზიდენტმა რუსუდან გოცირიძე და რა უცნაური ამბავი შეემთხვა პირველ ქართველ ეპისკოპოს ქალს #48

რუსუდან გოცირიძე პირველი ქართველი ეპისკოპოსი ქალია. ის ევანგელურ-ბაბტისტურ ეკლესიას უდგას სათავეში. რამდენიმე წლის წინ, ქალბატონი რუსუდანი აშშ-ის ყოფილმა პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ, დააჯილდოვა „ქალთა საერთაშორისო სიმამაცის ჯილდოთი“. ცოტა ხნის წინ კი, საქართველოს პრეზიდენტმა გადასცა მას ღირსების ორდენი.
რუსუდან გოცირიძე:  დაჯილდოება სრულიად მოულოდნელი იყო. ტოლერანტობის კვირეულისადმი მიძღვნილ საპრეზიდენტო ღონისძიებაზე მივდიოდი, სადაც პრეზიდენტის აპარატს თავისი ანგარიში უნდა წარედგინა. მოკლედ, საქმიან შეხვედრაზე წავედი. ერთი უცნაურობა ის იყო, რომ, როგორც წესი, ასეთ რამეზე ოფიციალურად მოსაწვევი მოგდის და მერე აღარ გიკავშირდებიან. წინა საღამოს დამირეკეს და უცნაურად ჩამეკითხნენ, ნამდვილად ვაპირებდი თუ არა მისვლას.  არ დამაეჭვა ამ ფაქტმა, უბრალოდ, უცნაურად მომეჩვენა. მივედი ღონისძიებაზე და ჟურნალისტები იდგნენ, პრეზიდენტს ელოდებოდნენ. ერთ-ერთი ჟურნალისტი მომვარდა, თუ შეიძლება, თქვენ ჩაგწერთ, თქვენც დასაჯილდოებლების სიაში ხართო. ამ დროს ადმინისტრაციის გოგო მოვიდა და რატომ უთხარი, ჩვენ გვინდოდა, გამოცხადების დროს გაეგოო (იცინის). ასეთი უცნაური რამ შემემთხვა. აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტი ღირსების ორდენით აჯილდოებდა ორ ადამიანს და მათ შორის აღმოვჩნდი მე. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ტოლერანტობის კულტურის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისთვის გადმომცა ეს ჯილდო.
– რატომ გადაწყვიტეთ სასულიერო პირობა?
– რომ გითხრათ, ბავშვობის ოცნებებში, სადმე გამიელვებია ღვთის მსახურად ჩემი თავი, მოგატყუებთ. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე შესაძლებელი იყო ქალის მღვდლობა. ჩემს ეკლესიაში 20 პროცენტი ღვთის მსახურებისა არიან ქალები – გვყავს დიაკვანი, ხუცესი და ეპისკოპოსი. ეს დღეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ჩემს ბავშვობაში  ასე არ იყო. მაშინ ქალები  მხოლოდ გალობდნენ და ლოცულობდნენ. ამ სარწმუნოების მეოთხე თაობის  წარმომადგენელი ვარ ჩემი ოჯახიდან. ბაბტისტურ ეკლესიაში პირველად დიდი ბებია მოვიდა. პაპაჩემი ხუცესი იყო. შემთხვევით კი არ მოვედი აქ. აქ გავიზარდე. ეს ეკლესია ჩემი სახლია. პირველი ხელდასხმული ღვთისმსახური ქალი ჩვენს ეკლესიაში  2002 წელს გაჩნდა, რომელიც იყო დიაკვანი. დღეს ხუცესია. ის, რომ ქალებმა ნელ-ნელა საღვთისმსახურო როლი შეითვისეს, მოხდა ნაბიჯ-ნაბიჯ. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, რაღაც თავისუფლება გაჩნდა და გავხსენით თეოლოგიური განათლების კერა. მაშინ 18 წლის ვიყავი. იქ ვსაწვლობდი არა იმიტომ, რომ კარიერა გამეკეთებინა, არამედ ძალიან მინდოდა და მაინტერესებდა. 90-იანი წლების ნავთის სუნად აყროლებულ ქვეყანაში არსებობდა ნათელი წერტილი, ამ სემინარების სახით.  მოკლედ, ასე მოვიდა დღემდე ჩემი ისტორია. ეპისკოპოსად კურთხევამდე რაღაც გადაწყვეტილება უკვე მქონდა მიღებული. მანამდე მაკურთხეს დიაკვნად, ეს ჩემი პირველი სერიოზული გადაწყვეტილება იყო.  ამ ნაბიჯამდე, ეკლესიის მეთაურთან საუბრის მერე მივედი. მან მითხრა, რომ დამეწყო ფიქრი გავმხდარიყავი სასულიერო პირი. თავიდან ეს ჩემთვის ღიმილის მომგვრელი იყო, ვერც წარმოვიდგენდი.
– ეპისკოპოსობა ხომ ბევრად საპასუხისმგებლო  წოდებაა. დაგეხმარათ ვინმე ამ გადაწყვეტილების მიღებაში?
– დიახ და ვიცოდი ეს, თუ რა საპატიო და ძვირფასი საქმე იყო. პაპასგან ისიც ვიცოდი, თუ რამდენად მძიმეა, იყო სასულიერო პირი. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს, პაპა ღამე სახლში რომ მოვიდოდა, ტიროდა ხოლმე. ის ყველა ადამიანის სატკივარს იღებდა. შეშის ღუმელთან აღსარება რომ ბარდებოდა, მეც პაპას გვერდით ვიჯექი. მაშინ არ მახსოვს, ვინ რას ყვებოდა. ვერც ვიგებდი, იმდენად პატარა ვიყავი, მაგრამ ჩემს მეხსიერებას არ სცილდება ის მწუხარებით სავსე სახეები და ცრელმდინარე თვალები. აქედან გამომდინარე, ვიცოდი, რომ ეს ტკივილებზე გავლის გზა იყო. თუ არ მეტკინებოდა, ღვთისმსახური ვერ ვიქნებოდი. ამ გადაწყვეტილების მისაღებად დამჭირდა თვეები.  დამეხმარა ჩემი ოჯახი, მეუღლე, შვილები. ისინი ჩემთან ერთად ატარებენ ამ მძიმე უღელს.
– თქვენი მეუღლისთვის, ალბათ, რთულია თქვენი წოდება.
– დიახ, ნამდვილად რთულია. რამდენიმე მიმართულების სირთულე არსებობს, მაგრამ არ მინდა, ამაზე საუბარი. იმიტომ რომ, არ მსურს, ხაზი გავუსვა იმას, რასაც  ვაკეთებ. ჩემს მეგობრებს არაერთხელ უთქვამთ, როგორ უძლებს შენი ქმარი იმ აგრესიას და კომენტარებს, რაც ძალიან მძიმე წასაკითხია ყველასთვისო. თურმე, ჩვენს პატრიარქალურ კულტურაში რთულად მისაღებია ქალი სასულიერო პირი. ბინძური აგრესია მოდის. ეს ყოველივე სცილდება ყველანაირ ლოგიკურ დიალოგს და არის ბინძური ღლიცინი, ამორალური კომენტარები. მე არ ვიცი, როგორ უძლებს მიხო ასეთ რამეებს. ჩვენს კულტურაში, შენს მეუღლეს რომ ვინმე შეურაცხყოფას მიაყენებს, რაღაც პასუხი უნდა გასცე მას. ამ ყველაფერს კი, პასუხს ვერ გასცემ, რადგან ეს არ მოდის ვინმე კონკრეტულისგან. მართლა არ ვიცი, როგორ ახერხებს ამას.  მე მგონი, დაკეტა ეს ამბავი და არ ეხება. მეც დავკეტე ეს სივრცე. არ არის მარტივი ამდენი ნეგატივის მოსმენა.
– როგორც ახსენეთ, თქვენი წინაპრებიც ამ რელიგიის მიმდევრები იყვნენ. რაიმე ისტორიას ხომ არ უკავშირდება ეს სარწმუნოება თქვენს ოჯახში?
– რაიმე კონკრეტულ ისტორიას არ უკავშირდება. ჩემი დიდი ბებია, მელანია კანდელაკი, როგორ მოვიდა ამ ეკლესიაში არ ვიცი, მაგრამ სამაგიეროდ, ის ვიცი, რომ, როცა სტალინმა დახურა ეკლესიები და რელიგიური შენობა-ნაგებობები, მაშინ დაიკეტა ჩვენი ეკლესიაც. წინამძღოლები  გადაასახლეს. ერთი დიდი რამ შეეშალა ამ ყველაფერში სტალინს. ეგონა, რომ თუ, კაცებს გადაასახლებდა, ამით ყველაფერს დაამთავრებდა. ვერ გათვალა, რომ განსაკუთრებით პროტესტანტულ გარემოში თანასწორობის განცდა ძალიან დიდია. ეს ეკლესია გადაარჩინეს ქალებმა. ერთ-ერთი ქალი, რომლის კისერზეც გადაიარა ამ პერიოდმა იყო მელანია კანდელაკი – ჩემი დიდი ბებია. მან არ იცოდა წერა-კითხვა, როცა გახდა მორწმუნე. იმისათვის, რომ სახარება ეკითხა, ისწავლა კითხვა. მაშინ თბილისში დაახლოებით 2 სახარება მოიპოვებოდა. ეს ქალები კი ისხდნენ და წერდნენ. მელანიამ თავისი ხელით გადაწერა სახარება და ფსალმუნები. გამოდის, რომ ამ ქალის გზას ვაგრძელებ.
– როგორც ვიცით, თქვენი სარწმუნოების მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ნათლობის ცერემონიაშია. რას გულისხმობს ეს ყოველივე?
– ჩვენი მიმდინარეობა პროტესტანტობაზეა დაფუძნებული.  ჩვენი ეკლესიის სახელშივე ჩანს, რომ ნათლობასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს. მას შემდეგ, რაც ლუთერის რეფორმაცია მოხდა, ბევრი რამ შეიცვალა. მან რაღაც რეფორმები ბოლომდე მიიყვანა, რაღაც ნაწილი კიდევ, შუაში გააჩერა. ამან გამოიწვია რადიკალური რეფორმაციის წარმოშობა. ბაბტისტური ეკლესია არის რადიკალური რეფორმების შვილი. ლუთერულმა ეკლესიამ შეინარჩუნა ჩვილების ნათლობის წესი, რომელსაც დაუპირისპირდა რადიკალური რეფორმაცია. ჩვენთან მთავარია მორწმუნის პირადი გადაწყვეტილებით ნათლობა. ეს არის ერთ-ერთი თვალშისაცემი განსხვავება. ჩვენთან ინათლებიან მას შემდეგ, რაც თავად შეუძლიათ ამ გადაწყვეტილების მიღება. მე 16 წლის ვიყავი, რომ მოვინათლე.

скачать dle 11.3