როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი და აღვიდგინოთ დაკარგული ძალები ცივ სეზონზე სახლში მომზადებული გემრიელობებით #48
დასუსტებული იმუნიტეტი, ადამიანს პრობლემას განსაკუთრებით ცივ ამინდში უქმნის, როცა მაღალია გაციებისა და ვირუსული ინფექციების საფრთხე. ამიტომ, აუცილებელია, ავიმაღლოთ იმუნიტეტი და დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა. თუ როგორ მოვახერხოთ ეს სახლის პირობებში, თან ისე, რომ არც ჯანმრთელობას ვავნოთ, ამ თემასთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ, პროფესორ რამაზ გახოკიძეს:
– იმუნური სისტემა, ისევე როგორც სასუნთქი, გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული და სხვა სისტემები, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ორგანიზმში. იმუნიტეტი გენეტიკურად გვიცავს უცხო „მტრების“ შემოტევისგან. ესენია: მიკრობები, ბაქტერიები, სოკოები, ვირუსები, უცხო უჯრედები და ორგანოები, შეცვლილი უჯრედები. იმუნური სისტემა 3-5 წლამდე ბავშვებში ცუდად უმკლავდება თავის მოვალეობას, შემდეგ კი, თითქოს მწიფდება. მაგრამ, რიგ შემთხვევაში, როცა ეს არ ხდება, ბავშვები ხშირად ცივდებიან, ავადდებიან ვირუსული ინფექციებით, ჩირქოვანი დაავადებებით, რაც, თავის მხრივ, ასუსტებს იმუნიტეტს. დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ბავშვებს აღენიშნებათ ხშირი სურდო, ხველა, ქრონიკული ანგინა, განმეორებადი ბრონქიტები და ფილტვების ანთებაც კი. გარდა ამისა, ასეთი ბავშვებისთვის დამახასიათებელია ფაღარათი, უმიზეზო ტკივილი მუცლის არეში, მუცლის შებერვა და საშარდე გზების დაავადებანი. ბავშვებს, რომელთაც დარღვეული იმუნური სისტემა აქვთ ნებისმიერი ჭრილობა უჩირქდებათ, დიდხანს არ უხორცდებათ, უჩნდებათ ნახეთქები კანზე.
– როგორ შევძლოთ ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერება და დაცვა შესაძლო ვირუსებისაგან ისე, რომ მის ჯანმრთელობას არ ვავნოთ?
– ბავშვის იმუნური სისტემის გასაძლიერებლად აუცილებელია, მივაჩვიოთ ის ჯანსაღი ცხოვრების წესს. კარგად დაბალანსებული კვება, რაც ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის მრავალფეროვან საკვებს მოიცავს, მეტად მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის კარგი ფუნქციონირებისთვის. ჯანსაღი კვება ეხმარება ორგანიზმს ინფექციასთან მებრძოლი სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნაში, უჯრედების განახლებაში, რაც აუცილებელია ინფექციებისა და სხვა ავადმყოფობებისგან თავდასაცავად. ცილის მისაღებად ბავშვის ყოველდღიურ მენიუში ჩართეთ ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი, განსაკუთრებით კი ხაჭო, რომელიც ორგანიზმისთვის კალციუმის წყაროა. კვების რაციონში აუცილებლად ჩართეთ ვიტამინებითა და საჭირო მინერალებით მდიდარი კარტოფილი, კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, მწვანილი, ხილი, კენკრა. ეცადეთ, სისტემატურად აჭამოთ უმი ბოსტნეული და ხილი. თუ ბავშვი ალერგიული არ არის, მიეცით თხილი, კაკალი. ის მდიდარია მცენარეული ცილით, ცხიმით, მინერალური ნივთიერებებითა და ვიტამინებით. კვლევებმა აჩვენა, რომ მოზრდილებსა და ბავშვებში ძილის დეფიციტი მნიშვნელოვნად ზრდის სიმსუქნის, დიაბეტისა და გულის პრობლემების განვითარების რისკს. ასევე, არასაკმარისმა ძილმა შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონული ფუნქციის დარღვევა და ინფექციასთან ბრძოლის დაქვეითება. ძილის ნაკლებობამ შეიძლება გაზარდოს ორგანიზმში ანთების განვითარების რისკი. ასევე, ხშირად ასეირნეთ ბავშვი სუფთა ჰაერზე, გაანიავეთ და სველი წესით დაალაგეთ მისი საწოლი ოთახი. მიაჩვიეთ ბავშვი ხელების დაბანას. ასეთ შემთხვევაში, თქვენ დაიცავთ შვილს პათოგენებისგან.
აქვე, შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც ძალიან ეფექტურია არა მარტო ბავშვის, არამედ მოზრდილი ადამიანის იმუნიტეტის ასამაღლებლად, თან, საკმაოდ მარტივი მოსამზადებელი და უვნებელია. გასათვალისწინებელია მხოლოდ ალერგიულობის ფაქტორი – თუ ბავშვი ალერგიისადმი მიდრეკილია, მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ. ეს რეცეპტი, ფაქტობრივად, ბიოლოგიურად აქტიური დანამატია. ორგანიზმს უამრავი საჭირო ვიტამინით, მიკროელემენტით, მინერალით ამარაგებს და მის ბრძოლისუნარიანობას ამაღლებს: 200 გრამი ქიშმიში, 200 გრამი გარგარის ჩირი, 200 გრამი შავი ქლიავის ჩირი, 200 გრამი ნიგოზი, 200 გრამი თაფლი, 1 ცალი ლიმონი. ყველა ინგრედიენტი, თაფლის გარდა, ხორცსაკეპში უნდა გაატაროთ. შემდეგ თაფლი დაამატოთ და კარგად აურიოთ. მიიღებთ წებოვან, სქელ, გემრიელ მასას, რომელიც ყოველ დღე 1-2 კოვზი უნდა მიირთვათ. შეინახეთ მაცივარში. ნარევს შეგიძლიათ, დაამატოთ ნუში, კედრის კაკალი, ლეღვის ჩირი.
– მართალია, რომ იმუნიტეტი ადამიანის ხასიათსაც განსაზღვრავს და რა როლს ასრულებს ამაში ყოველდღიურად მიღებული საკვები პროდუქტი?
– დაქვეითებული იმუნური სისტემის გამო ადამიანი ხდება გულფიცხი და აგრესიული. ასეთ სიტუაციაში იმუნური სისტემა ენერგიულად რეაგირებს ნივთიერებებზე, კვების ნორმალურ პროდუქტებზეც კი, რაც ამ ადამიანისთვის ხდება ალერგენი. ასე წარმოიქმნება დაავადება, რომელსაც ალერგია ეწოდება. იმუნიტეტის ასამაღლებელ წამლებს იმუნოსტიმულატორები ეწოდება. ესენია, ვიტამინები, რომელთა შორის ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება: A, C, E, D ვიტამინებს. A ვიტამინს უწოდებენ თავდაცვის „პირველ ხაზს“ დაავადებათა, განსაკუთრებით, ვირუსულ დაავადებათა და სიმსივნეების წინააღმდეგ. გარდა ამისა, ის აუმჯობესებს მხედველობას, ამცირებს კანის სიმშრალეს, დადებით როლს ასრულებს ალერგიის დროს. A ვიტამინის ძირითადი წყაროა: სტაფილო, სალათის ფოთლები, კომბოსტო, მცენარეთა მწვანე ნაწილები, ღვიძლი, თევზის ქონი, კვერცხის გული, კარაქი, ნაღები, რძე. A ვიტამინი უკეთ მოქმედებს C და E ვიტამინებთან ერთად. C ვიტამინის მიღება სასარგებლოა გაციების ადრეულ სტადიაზე, ქრონიკულ ფორმაში რომ არ გადავიდეს. მისი ძირითადი წყაროა: ციტრუსები, ასკილის ნაყოფი, კომბოსტო, პომიდორი, შავი მოცხარი, წითელი წიწაკა. E ვიტამინი აუცილებელია კიბოს, ვირუსულ და მიკრობულ დაავადებათა საწინააღმდეგოდ. ის შლის ნივთიერებებს, რომლებიც იმუნური სისტემის უჯრედებს წამლავს. E ვიტამინის მოქმედება ძლიერდება A, C, B ვიტამინებთან და სელენათან ერთად. E ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს: ღვიძლი, კვერცხის გული, სალათის ფოთლები, მცენარეული ზეთები, ახლად გაღვივებული ხორბალი, წიწიბურა, ბრინჯი და სხვა. იმუნოდეფიციტის სამკურნალოდ კვებით რაციონში უნდა შეიტანოთ B1 ვიტამინით მდიდარი საკვები. ესენია: ქერი, ლობიო, საფუარი, კაკალი, ღვიძლი, კარტოფილი. B2 ვიტამინი ხელს უწყობს სიცოცხლის გახანგრძლივებას და კანის ჯანმრთელად შენარჩუნებას. მისი ნაკლებობით ქვეითდება იმუნიტეტი. B2 ვიტამინის ძირითადი წყაროა: კომბოსტო, ახალი ბარდა, ვაშლი, მწვანე ლობიო, პომიდორი, თალგამი, ლუდის საფუარი, ღვიძლი, საქონლის ხორცი, კვერცხი, რძე და რძის პროდუქტები, ახლად გაღვივებული ხორბალი. ვიტამინები B9 (ფოლიუმის მჟავა) და B12 აუცილებელია სისხლის უჯრედების, მათ შორის, ერითროციტების, იმუნური უჯრედების (ლიმფოციტები) წარმოსაქმნელად. თუ ბავშვს სისხლნაკლებობა აქვს და ხშირად ცივდება, უნდა მისცეთ: რძე, კვერცხი, სოია, განსაკუთრებით საქონლის ღვიძლი, სალათა, ბოლოკი. D ვიტამინი აუცილებელია სისხლის ნორმალური შედედებისთვის, ნერვული და იმუნური სისტემების რეგულაციისთვის, რაქიტის თავიდან ასაცილებლად. მას შეიცავს: კვერცხი, რძე, კარაქი, ღვიძლი, თევზი. გარდა ამისა, ეს ვიტამინი წარმოიქმნება კანში მზის სხივების ზემოქმედებით. როცა კანი ნამზეურით იფარება D ვიტამინის გამოყოფა წყდება. ღია ფერის კანის მქონე ადამიანთა ორგანიზმში D ვიტამინი 2-ჯერ სწრაფად წარმოიქმნება, ვიდრე შავგვრემნებში. ასევე, აუცილებელია ორგანიზმისთვის მინერალური ნივთიერებების მიწოდება. ნორმალური იმუნიტეტისთვის აუცილებელია შემდეგ ელემენტთა შემცველ მინერალურ ნივთიერებათა საკმაო რაოდენობით მიღება: კალიუმი, მაგნიუმი, თუთია, სპილენძი, იოდი, სელენი, გერმანიუმი.
– რომელი საკვები პროდუქტი შეიცავს მინერალურ ნივთიერებებს, რომელიც იმუნიტეტის გამყარებაში გვეხმარება?
– კალიუმს შეიცავს: კომბოსტო, კარტოფილი, ჭერმის ჩირი (კურაგა), შვრიის ფაფა, კიტრი, პომიდორი, გრეიპფრუტი, ოხრახუში, ბოლოკი, პარკოსნები, ქიშმიში, შავი ქლიავი, ჭვავის პური. მაგნიუმს საკმაო რაოდენობით შეიცავს: კვერცხის ცილა, ღვიძლი, ნიგოზი, ქლიავი, გოგრა, კარტოფილი, ოხრახუში, გაღვივებული ხორბალი. თუთია არც თუ ისე გავრცელებული ელემენტია კვების პროდუქტებში, მისი ძირითადი წყაროა: ქატო, გაღვივებული ხორბალი და თესლები. სპილენძს შეიცავს: რძე, ჭვავის პური, გაღვივებული ხორბალი, კვერცხის გული, კაკალი, ოხრახუში და სოკო. იოდი, რომელიც შედის ფარისებური ჯირკვლის ჰორმონის შემადგენლობაში, მონაწილეობს იმუნური დაცვის სისტემაში. ბავშვებსა და მოზარდებს მეტი იოდი ესაჭიროებათ, ვიდრე მოზრდილებს. ამიტომ, უნდა მიიღონ ჭარხალი, მუქი ფერის ყველა კენკრა, ოკეანის თევზი და მისი ღვიძლი, ზღვის კომბოსტო, ხახვი, სოკო, მწვანე ბარდა, ბოლოკი, პომიდორი, ნესვი. გერმანიუმი და სელენი შედის ზღვის პროდუქტებში, ღვიძლში, გაღვივებულ ხორბალში. აუცილებელია, ასევე ცილები. ცილებს შეიცავს: ხორცი, პარკოსნები, ბარდა.
– იქნებ, ისეთი ბუნებრივი იმუნიტეტის ასამაღლებელი საშუალების მომზადების რეცეპტიც გვასწავლოთ, რომელიც ამ სეზონზე ვირუსებისა და ინფექციებისგან თავის დაღწევაში დაგვეხმარება?
– ასეთია, მაგალითად, ბალახოვან და კენკროვან კულტურათა შემდეგი ნაკრები:
ჭინჭრის ფოთოლი - 100 გრამი, ასკილის ნაყოფი - 30 გრამი, თავყვითელას (კალენდულა) ყვავილი - 100 გრამი, კოთხუნჯის ფესვი - 100 გრამი, მარწყვა-ბალახის ფესვი - 100 გრამი, კრაზანას ბალახი - 100 გრამი, ჩვეულებრივი მატიტელას ბალახი - 100 გრამი, ძირტკბილას ფესვი - 200 გრამი. მათ აფთიაქებში შეიძენთ. აღნიშნული ნაკრები ერთმანეთს შეურიეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ერთი სუფრის კოვზ მიღებულ ფხვნილს დაასხით ერთი ჭიქა თბილი, ანადუღარი წყალი, დააყოვნეთ 30 წუთი. დაამატეთ სამი წვეთი ჟენშენის ნაყენი, ნახევარი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და 1/3 ჩაის კოვზი თაფლი. დალიეთ დღის განმავლობაში. სასარგებლოა დილით, უზმოზე ორი ჩაის კოვზი თაფლის ან ერთი კოვზი ყვავილის მტვრის მიღება. ეს უმრავლეს შემთხვევაში, ნებისმიერი პოლივიტამინზე უფრო სასარგებლოა. დილით სასარგებლოა მწვანე ჩაის დალევაც.
გთავაზობთ იმუნიტეტის გამაძლიერებელ და დაკარგული ძალების აღსადგენ რამდენიმე გემრიელ რეცეპტს. ლიმონისა და თაფლის კისელი: 3 სადილის კოვზი სახამებელი გახსენით ნახევარი ჭიქა ცივ, ანადუღარ წყალში და დაუმატეთ 2 ლიმონის ახალგამოწურული წვენი. დადგით ნელ ცეცხლზე და როგორც კი შესქელდება, გადმოდგით. თბილს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. მიირთვით ასეთი კისელი დღეში 1 ჭიქა 10 დღის განმავლობაში.
ასევე, ნატურალური პროდუქტებისგან მზადდება და სასიამოვნო გემოც აქვს (კოჭას) იგივე ჯანჯაფილს, ლიმონისა და თაფლის ნარევს, რომლის რეგულარული გამოყენება არა მარტო გაციებისგან იცავს ორგანიზმს, არამედ სასიცოცხლო ძალებს ჰმატებს, გონებრივ მუშაობას და ფიზიკურ შესაძლებლობებს ააქტიურებს. ასევე, ხელისშემწყობია გახდომისთვის. ერთი სიტყვით, ჯანმრთელობის ნამდვილი ელექსირია. აიღეთ 120 გრამი კოჭას ფესვები, 4 ცალი ლიმონი, 150 გრამი თაფლი. გაასუფთავეთ კოჭას ფესვები და გახეხეთ. ლიმონს კანი გააცალეთ და წვრილად დაჭერით. შეურიეთ კოჭას მასას და ბლენდერში ათქვიფეთ. დაამატეთ თაფლი, ჩაასხით ქილაში და მაცივარში შედგით. მიიღეთ დღეში ერთი სადილის კოვზი და შედეგს ძალიან მალე შეამჩნევთ. თუ ხშირად გაწუხებთ ინფექციით გამოწვეული დაავადებები ან ადვილად ცივდებით, ეს რეცეპტი ადვილად მოგიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ის დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზეც: 2 ლიტრი წყალი, 4 ცალი ლიმონი, 4 კბილი ნიორი, 4 სანტიმეტრი კოჭას ფესვი.
ლიმონი კანიანად დაჭერით და დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად, წყლის გარდა, დააბლენდერეთ. მიღებული მასა გადაიტანეთ ქვაბში და შეათბეთ, შემდეგ დაუმატეთ წყალი და ურიეთ, სანამ არ ადუღდება. გადმოდგით ცეცხლიდან და როცა გაგრილდება, მინის ქილაში გადაიტანეთ. შეინახეთ მაცივარში. შეანჯღრიეთ და დალიეთ ყოველ დილით უზმოზე, ყავის ჭიქით.