პიანინო #48
ბინის კარი გამოაღო. თავი გამოყო, მიდამო მოათვალიერა. თვალები შეშინებულმა ააცეცა. ეზოში გამოვიდა. გამხდარ ტანზე თხელი, მოჩითული კაბა ნათხოვარივით ჰკიდია, ლურჯი წინსაფარი უკეთია. უკან გადაწეული, სულმთლად ჭაღარა თმა, ნაწნავად აქვს დახვეული. ხელში წყლის ტოლჩა უჭირავს. გაჩერდა. აქეთ–იქით აწრიალდა. ტოლჩა კარის გვერდით, ფანჯარასთან მიდგმულ პატარა მაგიდაზე დადო. წინსაფრის ჯიბიდან კოჭაზე დახვეული ძაფი ამოიღო. მტკავლისოდენა მოწყვიტა. კოჭა ჯიბეში ჩააბრუნა. ძაფი კარზე დამაგრებულ, კლიტის ჩასაკეტ რგოლებში გაუყარა და რამდენჯერმე გადანასკვა. შემოტრიალდა. ეზოს ცენტრში, ონკანთან მილასლასდა. ონკანი მოუშვა. ისევ აწრიალდა, ტოლჩის ძებნა დაიწყო. ფანჯარასთან, მაგიდაზე მოჰკრა თვალი. მივიდა, აიღო, კარს მხარი მიჰკრა და ბინაში შევიდა.
– ნელიმ, კიდევ, გააჭირა საქმე, წყალს მოუშვებს და აღარ კეტავსო! – ჩხუბობს მეზობელი ჟენია.
***
ცუდ ხასიათზე გაიღვიძა. – დედა სად არის? ალბათ, სკოლაში წავიდოდა. ქიმიის მასწავლებელი უნდა ენახა, სამიანი რომ დაუწერა. წყალი მოსწყურდა. წამოდგა, ტოლჩა აიღო და ეზოდან წყლის მოსატანად წავიდა. კარი გააღო. ჯერ თავი გაყო, მიდამო მოათვალიერა. – შოთიკო ხომ არ დგას სადმე? – პარალელურკლასელია. გაუჭირა საქმე, მგონი, უყვარს, მოსვენებას არ აძლევს, სულ კუდში დასდევს. – არ დგას! – ბინიდან გამოვიდა. კარი უნდა ჩაკეტოს, თორემ შეიძლება, სახლში ვინმე შევიდეს და პიანინო მოპაროს. მამის სახსოვარია. რომ შეატყო, სმენა ჰქონდა, ვიღაცის ოჯახიდან იყიდა. გერმანული პიანინოა – „ბეკერი”, შავი ფერის, ორი შანდლითა და შუაში ანგელოზებიანი ჩუქურთმით. ეს ტოლჩა კარის ჩაკეტვაში ხელს უშლის. აქ დადგამს, მაგიდაზე. ძაფი სად არის? ხო, აგერ ყოფილა, წინსაფრის ჯიბეში. მტკავლისოდენა მოწყვიტა, კარის რგოლებში გაუყარა და კარგად გადანასკვა. – აბა, ახლა მოპარონ! – ეზოში, წყლის ონკანთან მივიდა. – ტოლჩა სადაა? იქ დაუტოვებია, მაგიდაზე. – მივიდა, ტოლჩა აიღო. – რა უნდოდა? ხო, დედამ დაუბარა, ჩემს მოსვლამდე მუსიკაში იმეცადინეო!
***
თეთრ და შავ კლავიშებზე დარბიან მოხუცის დაღარული ხელები. მარჯვენა ფეხი მონოტონურად აწვება პედალს. – „ჩემო თბილის ქალაქო, შენმა დარმაც იდარა!” – ივსება ოთახი ქალაქური მელოდიით. თითებს მუსიკა ახსოვთ, გონებას – წარსული. მხოლოდ აწმყოსა და ღრმა წარსულს შორისაა ჩამოწოლილი ბინდი.
დედ-მამა ახსოვს. პლეხანოვზე რომ ცხოვრობდნენ, კინოთეატრ „ნაკადულის” კუთხეში, მეორე სართულზე, აივნიან ბინაში. დილით, რომ გაიღვიძებდა, მშობლები უკვე წასულები იყვნენ – მამა ბანკში და დედა – სკოლაში. სახლში შეშის ღუმელი გუზგუზებდა და სამზარეულოში პელაგეა ბებია დაფრატუნობდა. ცხვირში, „კირიჩნიდან” მოტანილი ფუნთუშების სასიამოვნო სუნი უღიტინებდა. ახსოვს – პელაგეა ბებიამ რომ უთხრა მამას:
– ბავშვს სიმღერა უყვარს, სულ ღიღინებსო! – მერე მამამ ვიღაც ძიასთან წაიყვანა, ამღერეს.
– ბავშვს აბსოლუტური სმენა აქვსო! – უთხრა იმ ძიამ. ერთ დღეს, ოთხმა კაცმა პიანინო შემოიტანეს სახლში. შავი ფერის, ორი შანდლითა და შუაში, ანგელოზებიანი ჩუქურთმით. კედელთან მიდგეს. საღამოს მამა მიუჯდა პიანინოს. „დავრდომილი, სნეული” დაუკრა. ყველნი მღეროდნენ...
– აგერ, დედა მოსულა, ნეტავ ეზოში ვის ელაპარაკება?
– ლალი, დედაშენი „გარშოკს” ეზოში ღვრისო!
– ჟენია დეიდა, ხომ ხედავ, რა მდგომარეობაშია, ვეღარ გვცნობს, დედა ვგონივარ, მე მაპატიეო!
– როდემდეო?! – ბრაზობს მეზობელი ჟენია. – ნეტავ, ვისზე ლაპარაკობენ?
***
თეთრ და შავ კლავიშებზე დარბიან მოხუცის დაღარული ხელები. მარჯვენა ფეხი მონოტონურად აწვება პედალს. – „ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი, აშრიალდება უშორეს ზღაპრად” – ივსება ოთახი სევდიანი მელოდიით...
ახსოვს – ღამით, ლაპარაკის ხმამ გააღვიძა. სამნი იყვნენ, მამაკაცები. დედა და ბებია ტიროდნენ. მამა მათ გაჰყვა. მერე, ბებიის პანაშვიდები ახსოვს. დედამ თავზე დიდი ბაფთა რომ გაუკეთა და სკოლაში პირველ კლასში მიიყვანა. მუსიკალური სკოლის გამოცდა ახსოვს, ტაში დაუკრეს და:
– აბა, გაიმეორეო! – უთხრეს. – მერე, იმღერეო, მერე იცეკვეო! – ბოლოს,
– მიღებულიაო!
ყოველდღე სკოლა ახსოვს, სკოლიდან მოსვლა, გაკვეთილების მომზადება. საღამოობით პიანინოზე დაკვრა და სიმღერა.
ახსოვს – ერთ დღეს, სკოლიდან მოსულს, სახლში ვიღაც მოხუცი კაცი რომ დახვდა. დედა თან ტიროდა, თან იმ მოხუც კაცს ეფერებოდა.
– მოდი, შვილო, ჩემთან, მამაშენი ვარო! – არ მივიდა. კიდევ დიდხანს „თქვენობით” მიმართავდა. მერე, მთვრალი მამა ახსოვს, ღამით, გვიან რომ მოდიოდა სახლში. დედ–მამის ხშირი ჩხუბი ახსოვს. მერე ღამღამობით მამის ხველა. ბიძის სახლი ახსოვს, მამას რომ მოაშორეს, – არ გადაედოსო! მერე, მამის გასვენება. ხველება.
– ტუბერკულოზის ნიშნები აქვს, მთის ჰაერი სჭირდებაო! – უთხრა დედამისს ექიმმა. პატარა ცემის სანატორიუმი ახსოვს. დედა მასწავლებლად რომ მოეწყო და თვითონაც იქ სწავლობდა...
აგერ, დედა მოსულა, ნეტავ, ეზოში ვის ელაპარაკება?
– ლალი, დედაშენი მთელი დღე პიანინოზე უკრავს, ტვინი წაიღოო!
– ჟენია დეიდა, ხომ ხედავ, რა მდგომარეობაშია, თავი მერვეკლასელი ჰგონია, მე მაპატიეო!
– როდემდეო?! – ბრაზობს მეზობელი ჟენია. – ნეტავ, ვისზე ლაპარაკობენ?
***
თეთრ და შავ კლავიშებზე დარბიან მოხუცის დაღარული ხელები. მარჯვენა ფეხი მონოტონურად აწვება პედალს. – „ნეტავ, კარგო, რად არ გაჩნდი ჩემს ოთახში?!” – ივსება ოთახი დაკარგული სიყვარულის მელოდიით...
მერე, თბილისი ახსოვს. პიანინოზე რვასაათიანი მეცადინეობა, მისაღები გამოცდები, კონსერვატორია, ფორტეპიანოს კლასი. მეგობრები, კონცერტები, ბახი, ბეთჰოვენი, მოცარტი, ვაგნერი, ლისტი, ოვაციები. გათხოვება ახსოვს, ქმარი – კობა. – ნეტავ, სად არის? ალბათ, სამსახურში იქნება! პიანინო მზითვად, ქმრის ოჯახი, დედამთილ-მამამთილი. მერე, შვილები – ლალი და გივი. – ეგენი სადღა არიან?!
– აგერ, მამა მოსულა, ნეტავ, ეზოში ვის ელაპარაკება?
– გივი, დედაშენი ეზოს ონკანს მოშვებულს ტოვებსო!
– ჟენია დეიდა, აგერ, მუშები მოვიყვანე, პიანინო მიმაქვს, რომ აღარ შეგაწუხოსო!
– ხო, კარგიაო, – დამშვიდდა მეზობელი ჟენია. – ნეტავ ვისზე ლაპარაკობენ?
***
ცუდ ხასიათზე გაიღვიძა. – დედა სად არის? ალბათ, სკოლაში წავიდოდა. ქიმიის მასწავლებელი უნდა ენახა, სამიანი რომ დაუწერა. დედამ დაუბარა:
– ჩემს მოსვლამდე მუსიკაში იმეცადინეო! – წამოდგა, ოთახი მოათვალიერა. პიანინო ვერ დაინახა. – აქ რა უნდა? ეს სხვისი სახლია! – კარი გააღო. ჯერ თავი გაყო, მიდამო მოათვალიერა. – შოთიკო ხომ არ დგას სადმე? – პარალელურკლასელია. გაუჭირა საქმე, მგონი, უყვარს. მოსვენებას არ აძლევს, სულ კუდში დასდევს. – არ დგას! – ბინიდან გამოვიდა. – ძაფი სადაა? – ანდა, რად უნდა ძაფი, სხვის სახლს ხომ არ ჩაკეტავს?! ეზოს თაღი გაიარა, ქუჩაში გავიდა...