რა დანიშნულებით ააგო ბერიამ მინუს ოცდაათსართულიანი მონსტრი საბჭოთა უშიშროების შენობის ქვეშ #48
ლავრენტი ბერიას პატრონაჟით განხორციელებულ პროექტებს შორის, ეგრეთ წოდებული „ლუბიანკის მიწისქვეშეთის“ მშენებლობა ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი იყო და ამის შესახებ კარგა ხანს არავინ უწყოდა... პროფესორი სტანისლავ ზარეცკი წერს: „ამ ბოლო წლებში ისე დამკვიდრდა, რომ საბჭოთა კავშირის მარშალ ლავრენტი ბერიაზე უფრო ბევრ კარგს წერენ, ვიდრე – ცუდს. ყოველ შემთხვევაში, ასეა რუსეთში. ჩემი გამოკვლევა კი ეგრეთ წოდებულ „ლუბიანკის მიწისქვეშეთს“ ეხება, რომელშიც მხოლოდ უცილობელ ფაქტებს მოვიყვან. მისი ავტორის ავკარგიანობის გარკვევა კი, მკითხველისთვის მიმინდია.
ჯერ „ჩეკას“, შემდეგ კი „კაგებეს“ (ამჟამად „ფეესბე“) შტაბ-ბინა დღემდე ძველ ადგილზე, ლუბიანკის მოედანზე მდებარეობს და ეს შვიდსართულიანი შენობა კვლავ იდუმალებითაა მოცული...
1951 წელს საბჭოთა კავშირიდან გაქცეული უშიშროების პოლკოვნიკი – საველი ბატმანოვი თავის ინტერვიუში ამერიკელ ჟურნალისტს ამცნობდა: „საბჭოთა უშიშროების შვიდსართულიანი შენობა, სინამდვილეში, უზარმაზარი მიწისქვეშა მონსტრია, რომელიც ულტრათანამედროვედაა მოწყობილი. მე ვმუშაობდი იქ და წვდომა მხოლოდ მინუს მეხუთე სართულამდე მქონდა. სულ რამდენი სართულია მიწის ქვეშ, არ ვიცი, მაგრამ მსმენია, რომ ლუბიანკის მიწისქვეშეთი სამჯერ უფრო მეტია ხუთ სართულზე...“
ბატმანოვი, მართალია, პოლკოვნიკი იყო, მაგრამ თუ შეიძლება ითქვას, რიგით მეციხოვნეს წარმოადგენდა. მინუს ხუთი სართული ლუბიანკაზე მარტო ციხის საკნებია, რომლებიც განსაკუთრებული პატიმრებისთვისაა განკუთვნილი. 1951 წლისთვის კი, ლუბიანკის მიწისქვეშეთი მინუს ოცდაათ სართულს წარმოადგენდა და გამორიცხული არაა, ეს რაოდენობა დღეისთვის ორჯერ იყოს გაზრდილი...
ლუბიანკის მიწისქვეშეთის შექმნის იდეა ბერიას ეკუთვნოდა და დაინიშნა თუ არა „ენკავედეს“ შეფად, მან 1939 წელს ლუბიანკის შენობის მოდერნიზებული პროექტი შეამუშავებინა არქიტექტორ შჩუსევს (შჩუსევისაა ლენინის მავზოლეუმი და თბილისში „იმელის“ შენობა), რომელიც „ენკავედეს“ შენობის ქვეშ ხუთჯერ უფრო დიდი შენობის აშენებას ისახავდა მიზნად, თავისი ვენტილაციითა და გვირაბების განტოტვილი სისტემით. მოგვიანებით, პროექტი 30 სართულამდე შემცირდა და 1939 წლის აპრილში საიდუმლო მშენებლობაც დაიწყო. თუმცა, 1941 წელს ეს მშენებლობა შეჩერდა და მხოლოდ 1942 წელს განახლდა, როცა მოსკოვის დაცემის საფრთხე სრულად იყო განეიტრალებული. ბერიას უახლოესი თანამშრომელი, ბოგდან ქობულოვი ასეთ ჩვენებას აძლევდა გენერალურ პროკურორ რომან რუდენკოს, 1953 წლის დეკემბერში: „მე, პირადად ბერიასგან მქონდა დავალებული არქიტექტორ ალექსეი შჩუსევის კონტროლი, რადგან ის ზესაიდუმლო პროექტის ავტორი იყო და ინფორმაციას მიწისქვეშეთის მშენებლობაზე არ უნდა გაეჟონა. ცნობილ არქიტექტორს ბერია ჯერ კიდევ 1934 წლიდან იცნობდა. სწორედ მან დააპროექტა თბილისში მარქსიზმ-ლენინიზმის („იმელი“) შენობა და ოთხი წლის განმავლობაში აშენებდა. ბერია შჩუსევს არ ენდობოდა და მითხრა:
– ეგ მარჯვენაწარბაწეული აკადემიკოსი რომ სტალინის „ლუბიმჩიკი“ არ იყოს, ციხეში ამოვალპობდი. ჯერ კიდევ საქართველოში, „იმელის“ მშენებლობის დროს გავიგე, რა ჩიტიც ბრძანდებოდა. ისე დიდგულობდა, თითქოს ერთ უბრალო შენობას კი არა, მთელ ქვეყანას აშენებდა. ბოგდან, იცოდე, ამ კაცის ენაზე საკუთარი თავით აგებ პასუხს და მცირე ინფორმაციამაც რომ გაჟონოს მშენებლობის შესახებ, თავი არ შეგრჩებაო...
ბერიას სიტყვას, აბა, ვინ გადავიდოდა და ეს გენერალი კაცი „წელახრანიწელივით“ გავდევდი არქიტექტორს. შჩუსევი, რა თქმა უნდა, ცნობილი კაცი გახლდათ, მაგრამ ქედმაღალი და თვით ბერიასაც არ ეპუებოდა, რადგან სტალინის იმედი ჰქონდა. ლუბიანკის მიწისქვეშეთს ჯერ პატიმრებს ვაშენებინებდით, შემდეგ კი, ფაშისტ ტყვეებს. შჩუსევი ამის წინააღმდეგი იყო. ერთხელ, ბერიას ყელში ამოუვიდა არქიტექტორის სენტენციები. მრისხანედ შეხედა და თავისზე 26 წლით უფროს აკადემიკოსს უთხრა:
– შენი აზრები შენთვის შეინახე, შე ბებერო აბეზარავ, თორემ მაგ აწეულ წარბებს აგაგლეჯო...
შჩუსევს ოფლმა დაასხა და მას მერე თვალალებშიც კი ვერ უყურებდა ბერიას...“
ლუბიანკის მიწისქვეშეთის მშენებლობაზე იმავე ბოგდან ქობულოვის თქმით, 2 ათასი საბჭოთა პატიმარი და 8 ათასი ფაშისტი ტყვე გარდაიცვალა. თუკი პატიმარი დახვრიტეს, სავარაუდოდ, ბერიას სიტყვიერი განკარგულებით, 8 ათასი ტყვედან 5 ათასს მძიმე მუშაობისგან სული გაძვრა, ხოლო 3 ათასი ფაშისტი კი, 1947 წელს იქვე, მიწისქვეშეთში საექსპერიმენტოდ გამოიყენეს...
ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი ტყვე გერმანელი, იურგან ციმერმანი 1963 წელს ტელეინტერვიუში ყვებოდა: „პროფესიით სამხედრო ინჟინერი ვიყავი და ამან მიხსნა მძიმე შრომისგან და შემდგომ, ექსპერიმენტებისგან, რასაც ჩემს თანამებრძოლებზე ატარებდნენ. ეს უშუალოდ მათგან მაქვს გაგებული. ჩვენ მინუს მეთხუთმეტე სართულზე, ერთ დიდ ყაზარმაში ვცხოვრობდით და როგორც წლების შემდეგ მივხვდი, ცოცხალ ადამიანებს სხვადასხვა მედიკო-ბიოლოგიური ექსპერიმენტისთვის იყენებდნენ...“
თავად ციმერმანი იმან გადაარჩინა, რომ როდესაც ის საბადრაგო მანქანით, სავარაუდოდ, სხვა საიდუმლო ობიექტზე სამუშაოდ გადაჰყავდათ, მანქანას მეხი დაეცა და შუაზე გასკდა. მის გარდა, ყველა დაიღუპა. ციმერმანმა კი გაქცევა მოახერხა. ორი წელი ერთ რუს ქვრივთან აფარებდა თავს და ბოლოს სამშობლოში დაბრუნდა...
მედიკო-ბიოლოგიურ ექსპერიმენტებს მიწისქვეშეთში ვადიმ ბოდროვი ატარებდა, რომელიც 1950 წელს, ბერიას მითითებით, დახვრიტეს. მისი კვლევის შედეგები კი უფრო გაასაიდუმლოეს და სხვა მეცნიერთა ჯგუფს გადასცეს, რომელსაც მიწისქვეშეთიდან გამოსვლა არ ეწერა...
ბოგდან ქობულოვის ჩვენებიდან: „ბერია მიიჩნევდა, რომ ფაშიზმზე გამარჯვება იმის უფლებასაც იძლეოდა, რომ მათი ტყვედ ჩავარდნილი მებრძოლები საბჭოთა ხალხის ჯანმრთელობის სასიკეთოდ, მძიმე ექსპერიმენტებისთვისაც გამოგვეყენებინა და სწორედ ნაწილობრივ, ამისთვისაც აიგო ლუბიანკის მიწისქვეშეთი. თავის მოსაზრებას კი ასე ასაბუთებდა: თუკი ფაშისტები ყოვლად უდანაშაულო ადამიანებს საპნად ადნობდნენ, მაშინ, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს ბოროტმოქმედები დანარჩენი კაცობრიობის სასიკეთოდო...“
თუ ქობულოვი არ ცრუობდა, ძნელია დაეთანხმო ბერიას ამ „კეთილშობილურ“ იდეას, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება და „ჟანდარმერიის მარშლის“ მიერ აგებული მიწისქვეშა მონსტრი დღემდე ფუნქციონირებს. ხოლო, რა ხდება იქ, მხოლოდ ვარაუდებით შეიძლება, მივხვდეთ.“