რატომ არ აცხონებს ადამიანს ეკლესიაში დანთებული სანთელი და გაღებული შესაწირი და რატომ გადაიქცა წირვა-ლოცვა სანახაობად #48
„წირვის ბოლოს, როცა მოძღვარი შედის საკურთხეველში, ის კითხულობს საიდუმლო ლოცვას და მიმართავს იესო ქრისტეს: „სიხარულითა და მხირულებითა აღავსე გული ჩემი“. ბუნებრივია, წირვამდე და წირვის დროს ნაკლებად არის ჩვენი გული სიხარულით სავსე, ვიდრე დასრულებისას. რა თქმა უნდა, თუ შენ ნამდვილად იყავი წირვაზე და ყველაფერი, ყველა მარგალიტი მოისმინე, სიხარულმა უნდა აღავსოს შენი გული“, – ეკლესიაში ქცევის წესებზე გვესაუბრება, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ბედნიერებას არ ეძებს. ბედნიერების პირველი ნიშანი კი არის სიხარული. თუ სიხარულს განიცდი, ესე იგი, შენ ბედნიერი ხარ. ადამიანმა, როგორც კი დაკარგა ღმერთთან ურთიერთობა, ყველანაირი კრიზისი მიიღო. რელიგია არ არის სანთლის დანთება, ეკლესიისთვის სამგზის შემოვლა, ხატის ამბორი. ეს ყველაფერი რიტუალებია, რელიგია კი ადამიანის განახლებული კავშირია ღმერთთან. ვისაც პრეტენზია გვაქვს, რომ მართლმადიდებლები ვართ, სწორი ცხოვრების წესით უნდა დავბრუნდეთ ღმერთთან და გავიყოლოთ მთელი მსოფლიო. თუმცა, დღეს მსოფლიო სხვა გზით მიდის, ეს არის ახალი მსოფლიო წესრიგი და გარკვეული ადამიანები აკონტროლებენ ყველაფერს, გარდა უფლის ნებისა. ჩვენი საუნჯე დედამიწაზე არ არის ოქრო და ვერცხლი, ჩვენი საუნჯე უნდა იყოს სასუფეველი ცათა, რომელიც ჩვენ შორისაა, ჩვენს გულშია და ვერავინ წაგვართმევს, თუ მას გავუფრთხილდებით და სასუფევლის კარამდე მივიტანთ. ღმერთმა გვითხრა, უპირველეს ყოვლისა, ეძიეთ სასუფეველი ცათა და დანარჩენი, ლარი იქნება ის, დოლარი, თუ ევრო, მოგეცემათ იმდენი, რამდენიც გჭირდებათ. მაგრამ, თუ რამე კარგად არ ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ქვეყანაში, ეს ჩვენი ცოდვებით გამოწვეული კრიზისია. დღეს ძალიან ძნელია ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, რომელიც თავისი გზით მიდის, მიექანება ჯოჯოხეთისკენ, მაგრამ ჩვენ, მართლმადიდებლები, ამ მორევიდან უნდა ამოვიდეთ. ვინც შეინანებს, ის ამოვა ამ მორევიდან. არ აქვს მნიშვნელობა რა ეროვნების იქნება ის, რომელი ქვეყნიდან. იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: მამის სავანეში ბევრი ადგილია და იმ ადამიანებმა უნდა შეავსონ ეს სავანე, ვინც გონს მოეგება, გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი, მაგრამ არა რეგალიებით, სასწაულებით, ხატებით, ჯვრებით, არამედ იტყვის: „უფალო, რაც მე მჭირს, კრიზისში რომ ვარ, ეს ჩემი ცხოვრების ბრალია, არ ვარ სასუფევლის ღირსი, მაგრამ მახსენე ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა”. აი, რა არის მართლმადიდებლობა და ვინ ცხონდება. შეიძლება, ვინც ჩვენ ძალიან გვძულს, მათ თქვან სიკვდილის წინ ეს სიტყვები და დაიმსახურონ ქრისტესგან: „დღეს ჩემთან იქნები სასუფეველში.” და ჩვენ, ვინც მთელი ცხოვრება ვითომ რელიგიური პიროვნებები ვართ, ღმერთმა გვითხრას: შვილო, მე თქვენ არ გიცნობთ, რადგან დადიოდი და არ ლოცულობდი, არ ეზიარებოდი, ადრე გარბოდი ეკლესიიდან, შენი გული ბოღმით იყო სავსე, თუმცა გარეგნულად ძალიან თავმდაბალი, კეთილი, რელიგიური ჩანდით, შიგნიდან კი აყროლებული საფლავები ხართო. ანთებული სანთლებით, შეწირული ცხვრებით ცხონდება ვინმე? რა თქმა უნდა, არა, თუმცა ბევრი იწონებს თავს: მე ეს გავაკეთე, ამდენჯერ ვეზიარეო.
– ადამიანები წლების განმავლობაში დადიან ტაძარში, თუმცა ბევრმა არ იცის, იქ როგორ უნდა მოიქცეს?
– პირველ-მეორე საუკუნეებში, როდესაც არ იყო ეკლესიები, იყო კატაკომბები, სადაც სინათლეც კი არ აღწევდა, არადა, ყველა ლოცვა ღამე ტარდებოდა. იმიტომ, რომ მონები იყვნენ ქრისტიანები, რომლებიც მთელი დღე მუშაობდნენ და ღამე მიდიოდნენ ქადაგების, წირვის მოსასმენად. რა უნდა გაეკეთებინა ასეთ დროს ადამიანს, უპირველეს ყოვლისა, ჭრაქი უნდა აენთო – აი, საიდან მოდის სანთლის ანთების ტრადიცია. შემდეგ ის ჭრაქით ხელში დადიოდა და კედლებზე წარწერებს კითხულობდა ან გამოსახულებებს ათვალიერებდა. წყნარად ისმენდა იმ მსახურებას, რომელიც არც ვიცით, მაშინ როგორი იყო. დღეს ყველაფერი აწყობილია, მაგრამ სულისკვეთება, უბრალოება, სიხარული, რაც პირველ საუკუნეებში იყო, აღარ არის. მაშინ პირდაპირ წმიდანების სხეულზე ხდებოდა წირვა, დღეს ოდიკზე ხდება. იქ ვინ იჩურჩულებდა ან ზედმეტად დაილაპარაკებდა. ნელ-ნელა, როცა კატაკომბებიდან გამოვიდნენ, ეკლესიები აშენდა. ხალხიც უკვე იქ ესწრებოდა წირვა-ლოცვებს და მათ შორის იყო იმპერატორიც. შემდეგ მას სანთელი დააჭერინეს, ისევე, როგორც დედოფალს, სხვებს და ასე, ნელ-ნელა წირვა-ლოცვა სანახაობად გადაიქცა. როცა ეპისკოპოსი შემოდის, ეს სხვა არაფერია თუ არა იმპერატორის შესვლა სასახლეში, იქიდან გადმოიღო ეკლესიამ. ეპისკოპოსების შესამოსელი – ეს იგივე იმპერატორის შესამოსელია. ასე რომ, ნელ-ნელა დაიკარგა სულიერება, თავმდაბლობა, უბრალოება და დარჩა გარეგნული ნიშნები: მიტრა, ლამაზი ჯვარი, ლამაზი შესამოსელი. ყველაფერმა, სამწუხაროდ, გარეგნული სილამაზე შეიძინა და შინაგანი, ნელ-ნელა გავიდა.
– რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენში არ დაიკარგოს ეს სიმშვიდე, თავმდაბლობა, უბრალოება?
– იოანე ოქროპირი მეოთხე საუკუნეში წერს: „რა ჟამს ეკლესიაში შევდივართ, ცაში შევდივართ. არა ფიზიკურად, არამედ ძალით და გონებით, რამეთუ შესაძლებელია, მიწაზე იმყოფებოდე და არსებით კი ზეცაში იყო და ზეციურ სიკეთეებს განიცდიდე“. ეკლესიაში რომ შემოდიხართ, შეხედეთ წმიდანთა ხატებს და თქვით: რა მჭირს მე. ეს ადამიანები ხომ ასე ეწამნენ, მე კი იმაზე ვდარდობ, ხელფასს რატომ არ მიმატებენ ან ჩემს ქმარს რაღაც პრობლემები აქვსო. როდესაც ეკლესიაში შემოდიხართ, ღვთაებრივზე იფიქრეთ. „მიწიერი მიწაზე დაუტოვეთ. ეკლესიაში მყოფნი ნუ ვიზრუნებთ ამასოფელზე, რამეთუ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, აქ შემოსვლისას ზეციურ სიკეთეებს უნდა მიველტვოდეთ და არა კვლავ მიწიერ საქმეებს”. უპირველეს ყოვლისა, ითხოვეთ ზეციური სიკეთეები: ამდენი ხანია, ეკლესიაში დავდივარ და სიმშვიდე არ მაქვს, სწორად ლოცვა ვერ ვისწავლე, კარგად ვერ ვეზიარები, თავმდაბლობა არ მაქვსო. „ეკლესია ზეციური ალაგია, ქადაგებისთვის და ლოცვისთვის არის განკუთვნილი. ახლა კი ეკლესია (მეოთხე საუკუნე იგულისხმება) ვნებებზე და სავაჭრო სახლებზე უკეთესი არაფრით არის, რადგან გაპრანჭული დედაკაცები დადიან უგუნურთა საცდუნებლად. თითქოს აზრთა გაცვლისთვის, ეკლესიის გარდა, სხვა ადგილი არ არსებობდეს”. მაშინ გაპრანჭული ქალები იმისთვის შედიოდნენ, რომ ხალხი ეცდუნებინათ – ამას ამბობდა იოანე ოქროპირი ამბიონიდან, პირდაპირ ამხილებდა დედოფალს და ამიტომაც გადაასახლეს ოთხჯერ. „ვისაც არ შეუძლია, ეკლესიაში დაიდუმოს, უკეთესია, გავიდეს, რათა სხვებსაც არ ექცეს დაბრკოლების მიზეზად“. თუ ეკლესიაში ვერ ჩერდები, გადი გარეთ, რადგან უხერხულია, ეს სხვამ გითხრას. „ეკლესიაში შესვლისას ეძიე სიმშვიდე, სიწყნარე, განწმენდა“. აფორიაქებული რომ შემოხვედი, უნდა დაწყნარდე, წირვიდან გაბრაზებული კი არ უნდა გახვიდე, პირიქით დამშვიდებული. მაგრამ, ზოგჯერ ზოგიერთ ეკლესიაში სასულიერო პირები ისე ქადაგებენ, გარეთ რომ გახვალ, გინდა, ფარი და მახვილი აისხა, იუსტიციის სახლში მიხვიდე, აკეპო იქაურობა, აიდი ბარათები გადაჭრა და თქვა: პარლამენტში ეშმაკია, იქ არიან მასონები და ასე შემდეგ. შენს სულშია ღმერთიც, ეშმაკიც, აიდი ბარათიც და მასონობაც. ეკლესიაში ნუ შეგიპყრობთ ცნობისმოყვარეობა, ნუ ათვალიერებთ მლოცველებს, არამედ გულისყურით ჩასწვდით ღვთისმსახურებას. თუ შენთვის გაუგებარია ლოცვის სიტყვები, ჩუმად წარმოსთქვი იესოს ლოცვა. შემოდიან თუ არა ადამიანები, მაშინვე იწყებენ ერთმანეთის რენტგენში გატარებას: ფეხსაცმლით დაწყებული თმის ჩათვლით: ეს კაბა ასე არ უხდება... ეს კაცი რატომ იყურება ასე... და მთელი წირვა განკითხვაში ხართ. თუ ვინმე ეკლესიის ქცევის წესებს არღვევს შენიშვნის მიცემა მშვიდად უნდა შეგეძლოთ. არ შეიძლება, ტაძარში მოწყალების თხოვნა. თუ ამას ვინმე სისტემატურად აკეთებს მიმართეთ მოძღვარს. და ბოლოს, არ დატოვოთ ტაძარი ღვთისმსახურების დამთავრებამდე. სამწუხაროდ, ყველას ეჩქარება და წირვის დამთავრებამდე გარბიან, დაელოდეთ ქადაგებას, ეამბორეთ ჯვარს, ერთმანეთი მოიკითხეთ და შემდეგ, მშვიდობიანად განაგრძეთ თქვენი ცხოვრების გზა.