კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იწვევს სიღარიბესთან შეგუებას მარიხუანის მუდმივი მოხმარება და რატომ უწოდებენ მას ნარკოტიკების კარიბჭეს #48

მარიხუანის დეკრიმინალიზაციის საკითხმა აქტუალობა 2012 წლის მერვე მოწვევის პარლამენტის არჩევისთანავე შეიძინა, თუმცა ფინიშამდე  კანონმდებლები ვერ გავიდნენ. უფრო ზუსტად, იმ მოწვევის პარლამენტს ვადა ბოლომდე არ ამოეწურა, რომ დეკრიმინალიზაციას ვინ ჩივის (რომლის მომხრეც თქვენი მონა-მორჩილიცაა), წინა პლანზე ლეგალიზაციის იდეამ წამოიწია. ამ იდეის აქტიურ მანიფესტატორებად ახლად გამომცხვარი, გნებავთ, ახლად მომწიფებული „გირჩი“ მოგვევლინა. ისინი ისე გაიტაცა ლეგალიზაციის იდეამ, რომ 31 დეკემბერს „ლაივსა“ და საკუთარ ოფისში მარიხუანის დარგვა გადაწყვიტეს. ზედაც, მოხალისეებიც მიიპატიჟეს (მე რომ მკითხოთ, ისიც უპრიანი იქნებოდა, რათა ამ იდეისადმი მათი ერთგულება გვერწმუნა, „ლაივში“ თავიანთი შვილებიც „დაებოლებინათ“, მიუხედავად ასაკისა, ანუ მამები დარგავდნენ, შვილები – მოიხმარდნენ. უპრიანი იქნებოდა, რადგან, მოგეხსენებათ, პირადი მაგალითი იდეას მეტად ამყარებს).  მეორე მხრივ, საზოგადოებრივი აზრი მეტად ლოიალურია მარიხუანის მიმართ, რადგან ის უვნებელ ნარკოტიკად მიიჩნევა, საიდან მოდის ასეთი შეფასება და რა ზიანის მოტანა შეუძლია მარიხუანის მოხმარებას, განსაკუთრებით, ღარიბ და განვითარებადი სტატუსის მქონე ქვეყანაში, რომელშიც ახალგაზრდების რაოდენობა ისედაც მცირეა, დასაქმების მაჩვენებელი კი – არანაკლებ დაბალი, ამ თემაზე ნარკოლოგი გელა ლეჟავა გვესაუბრება.
– რატომ მიიჩნევენ მარიხუანას მსუბუქ და უვნებელ ნარკოტიკად და, მართლაც, არის თუ არა ის მსუბუქი და უვნებელი?
– არსებობს მითი,  რომ მარიხუანის მოწევა არაფერს ვნებს. თუ არ ხარ არასრულწლოვანი და მძღოლი, მართლაც, ერთი-ორჯერ მოწევ და უკვალოდ ჩაივლის, მაგრამ დღეს უკვე დადასტურებულია, რომ მარიხუანა აყალიბებს დამოკიდებულებას. ამის მარტივი საბუთი ის არის, რომ დღეს ევროპის ნარკოლოგიური დაწესებულებების პაციენტების 30-35 პროცენტი მარიხუანაზე დამოკიდებულებას მკურნალობს. ანუ მათგან, ვინც მკურნალობს წამალდამოკიდებულებას, მესამედზე მეტი დამოკიდებულია მარიხუანაზე. ამდენად, მარიხუანა არის ნარკოტიკი, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი კი ის არის, რომ ნარკოლოგიური დაწესებულებების პაციენტების ძალიან დიდმა ნაწილმა ნარკოტიკების მომხარება დაიწყო მარიხუანის მოწევით. ამიტომაც მიიჩნევა მარიხუანა ნარკოტიკების კარიბჭედ. შესაბამისად, თუმცა მარიხუანის ერთი-ორი მოწევა არ იძლევა კატასტროფულ შედეგს, ფაქტია, რომ ყოველი 100 ადამიანიდან, რომლებიც მარიხუანას ეწეოდნენ, 20-25 გახდება მარიხუანაზე დამოკიდებული, 40 კი  გადავა უფრო მძიმე ნარკოტიკებზე. ამასთან, მარიხუანაზე დამოკიდებულება შედარებით გვიან ვლინდება – რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე დრო სჭირდება, მაგრამ მარიხუანის მოხმარება იწვევს სხვა მძიმე შედეგს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის. ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემა 18 წლამდე ფორმირდება. ადამიანს თავის ტვინში აქვს სიამოვნებისა და უსიამოვნების განმსაზღვრელი კერები. როდესაც ახალგაზრდობიდან იწყებ ნარკოტიკის მიღებას, ეს კერები სხვაგვარად ფორმირდება. კერძოდ: რაც ადრე სიამოვნებას გგვრიდა, ის სიამოვნებას აღარ გგვრის, რაღაც უფრო მეტი გჭირდება სიამოვნების მისაღებად.
როდესაც ადამიანი იწყებს ნარკოტიკის მიღებას, ირღვევა წონასწორობა სიამოვნებასა და უსიამოვნებას შორის. როდესაც ორგანიზმში შედის სიამოვნების მომგვრელი ნივთიერებები, ეს იქნება მორფინი თუ კანაბისი, ორგანიზმი ამას, ერთი მხრივ, ებრძვის, ცდილობს, რაც შეიძლება, მალე გაიყვანოს ორგანიზმიდან და, მეორე მხრივ, ცდილობს, თვითონ, რაც შეიძლება, ნაკლებად გამოიმუშაოს ეს ნივთიერება. ამიტომ, როდესაც ადამიანი წყვეტს ნარკოტიკის მიღებას, აღმოჩნდება, რომ გარედანაც ვერ იღებს სიამოვნებას და ორგანიზმის მიერ სიამოვნების გამომწვევი ნივთიერების გამოყოფაც შემცირებულია, რაც იწვევს მძიმე რეაქციას.
– არის აღმოსავლეთის ქვეყნები, რომლებშიც მარიხუანის მოხმარება კულტურისა და ტრადიციის ნაწილია. ისევე, როგორც ჩვენთან, მაგალითად, ღვინის მიღება.
– მარიხუანის მოხმარების მეორე მძიმე შედეგი ისაა, რომ მარიხუანა, განსხვავებით თითქმის ყველა სხვა ნარკოტიკისგან, მცირე დოზებშიც კი აჩენს კმაყოფილების განცდას. ამდენად, სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ აზიის ბევრ ქვეყანაში სიღარიბე იმიტომაა, რომ მოსახლეობის უმეტესობა ეწევა მარიხუანას. მარიხუანის მწეველს უქრება მოტივაცია, აკეთოს რამე, გარდა იმისა, რომ მარიხუანა იშოვოს. მარიხუანის მოწევის ამ თავისებურებაზე მაღალი რანგის საერთაშორისო სპეციალისტები ხმამაღლა არ ლაპარაკობენ: ადამიანს უქრება მისწრაფებები წინსვლის, განვითარების. მშვენივრად არის, თუ ყოველდღიურად იშოვა მარიხუანის ერთი ან ორი ულუფა, აღარ აინტერესებს, ფლოსტები აცვია თუ ფეხსაცმელები, როგორ სახლში ცხოვრობს, რას საქმიანობს, რამდენი აქვს შემოსავალი.. სხვათა შორის, მაგალითად, შუა აზიაში, სადაც მარიხუანა მიღებულია, ეთნიკური წესებით, კატეგორიულადაა აკრძალული 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის მარიხუანის მოწევა. ასე ცდილობენ ეთნოსის შენარჩუნებას. მარიხუანის მწეველთა იმ 40 პროცენტში, რომლებიც ნარკოდამოკიდებულები ხდებიან, 30 პროცენტმა ადრეულ ასაკში დაიწყო მარიხუანის მოხმარება. ადამიანი მარიხუანით იკლავს თავის სურვილებს. ძალიან მეშინია, რადგან ამბობენ, რომ საქართველოს ზოგიერთ სოფლებში მოდებულია მარიხუანის გამოყენება. ქართველებს ისედაც არხეინი ცხოვრება გვიყვარს და, თუ ამას მარიხუანის ლეგალიზაციას დავამატებთ, კატასტროფულ შედეგს მივიღებთ.  თუმცა, მაგალითად, ქართველმა ერმა შეიმუშავა ალკოჰოლისგან დაცვის მექანიზმი, მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლი ყველა ოჯახშია.
– ამიტომაც ვერ ვლოთდებით.
– გამოკვლევაც ჩავატარე და აღმოჩნდა, რომ საქართველოში მცხოვრებ რუსებში უფრო ნაკლები ალკოჰოლით დაავადებულია, ვიდრე რუსეთში, თუმცა, წესით, პირიქით უნდა იყოს. ჩვენი ტრადიციები გვიცავს ალკოჰოლიზმისგან, მაგრამ სრულიად მოუმზადებლები ვართ ნარკოტიკისადმი. ალკოჰოლი და მარიხუანა ერთად ხომ საერთოდ საშინელებაა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა და მგონია, რომ ყველამ, ვისაც ხელი მიუწვდება, უნდა გაატაროს თქვენი მოსაზრება: არ შეიძლება, მარიხუანის მოხმარებას მსუბუქად უყურო.
– მარიხუანა ყველაზე გვიან გადის ორგანიზმიდან. თუ ყველაზე სუსტი ნარკოტიკია, რატომ რჩება ორგანიზმში ყველაზე დიდხანს?
– მარიხუანა იხსნება ცხიმში, ამიტომაც არ იწვევს მძაფრ „ლომკას“. ის ცხიმში რჩება და ნელ-ნელა გამოდის ორგანიზმიდან. ფაქტია, რომ ყველა ნარკოტიკი საწამლავია და, ამდენად, მეტ-ნაკლებად წამლავს ორგანიზმს.
– როგორ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე მარიხუანის მუდმივი ან არახშირი მოხმარება?
– დადასტურებულია, რომ მარიხუანის ხანგრძლივი მოხმარებისას არ რჩება არცერთი ორგანო, რომელიც არ ზიანდება. ქალებში მარიხუანის ხანგრძლივი მოხმარება იწვევს მკერდის კიბოს, მამაკაცებში –  სასქესო ორგანოების და ფილტვების კიბოს, ჰორმონულ ცვლილებებს, იმპოტენციას. ერთი სიტყვით, ყველანაირ ცვლილებას, თუკი რამ არსებობს. რაც მთავარია, დადგენილია, რომ მარიხუანა უარყოფითად მოქმედებს მეხსიერებაზე. ანუ, თუ მოზარდმა წინა დღეს მოწია მარიხუანა, ის ვეღარ მიიღებს იმ ნიშანს, რასაც ჩვეულებისამებრ, იღებდა.
– თუმცა ამბობენ იმასაც, რომ მარიხუანა ხსნის ტვინს.
– მარიხუანის გამოყენება ცვლის აღქმას. მარიხუანის გავლენით შესაძლოა, მხატვარს შეეცვალოს აღქმა, მაგრამ რაღაც დიდს ვერ შექმნის, თუმცა განსხვავებული იქნება. ოღონდ ეს ეხება მხატვარსა და მუსიკოსს, რაც გამონაკლისია, დანარჩენი 99 პროცენტი ხომ ჩვეულებრივი ადამიანია და არაფერს ქმნის?! ამიტომაც უამრავი შემთხვევაა, როგორ დაღუპა ნარკოტიკებმა ცნობილი და წარმატებული ადამიანები: მომღერლები, მსახიობები…
– ისიც ფაქტია, რომ ზოგი რამდენჯერმე გასინჯავს ნარკოტიკს, მაგრამ ნარკოდამოკიდებული არ ხდება, ზოგი კი ერთხელ გაეკარება და უკვე ჩამოყალიბებული ნარკოდამოკიდებლია.
– როგორც წესი, იმ პირებს, რომლებიც იწყებენ ნარკოტიკების მიღებას, სხვა პრობლემებიც აქვთ, თორემ გასინჯვით შესაძლოა, ბევრმა გასინჯოს, მაგრამ ყველა არ გახდეს ნარკოდამოკიდებული. შესაძლოა, გენეტიკური მიდრეკილებაც არსებობდეს. მაგრამ არის სხვა მომენტებიც: ასეთ ადამიანებს აწეული აქვთ შფოთიანობის, დეპრესიის დონე, ზოგჯერ აქვთ შიშებიც, აკვიატებული იდეებიც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ასეთ ადამიანებს დამატებით აქვთ ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული პრობლემები, რომელთა მკურნალობა აუცილებელია, რადგან, თუ არ უმკურნალე, შეიძლება ის ხელახლა გაუმეორდეთ. აღარაფერს ვამბობ სოციალურ პრობლემებზე. ხშირად, როცა ადამიანს სოციალური პრობლემები აქვს და მათი გადაწყვეტის გზებს ვერ პოულობს, ხელს ჩაიქნევს და იწყებს ნარკოტიკების მიღებას.
 მსოფლიოში მიღებული გრადაცია ასეთია: ადამიანს შესაძლოა, ნარკოტიკი ცხოვრებაში ერთხელ ან წელიწადში ერთხელ ჰქონდეს გასინჯული; თუმცა მომხმარებლად მიიჩნევა ის, ვინც გამოკითხვის დროს ამბობს, რომ წინა თვეს მიიღო ნარკოტიკი და, ცხადია, მომხმარებელია ის, ვინც ყოველდღე იღებს ნარკოტიკს. თუმცა ამ შემთხვევაში იმასაც აქვს მნიშვნელობა, თუ რომელ ნარკოტიკზეა ლაპარაკი. თუ ადამიანი ჰეროინს რამდენიმე წელია, იღებს, ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ არ გახდეს ნარკომანი. მაშინ, როდესაც შესაძლოა, მარიხუანას წლების განმავლობაში მეტ-ნაკლები სიხშირით იყენებდე და არ გახდე მასზე დამოკიდებული. თუმცა, როგორც გითხარით, მარიხუანის მომხმარებელთა შორის 40 პროცენტი ნარკოდამოკიდებული ხდება. მაგრამ ხალხს, რატომღაც, ჰგონია, რომ არ არსებობს მარიხუანაზე დამოკიდებულება.
– რამდენად ადეკვატურია ლეგალიზაციის მოთხოვნა?
– პირდაპირ  შეგიძლიათ, დაწეროთ, რომ ვინც საქართველოში მარიხუანის ლეგალიზაციას ითხოვს, არის ქართველი ხალხის მტერი. ლეგალიზაცია ნიშნავს, რომ ყოველგვარი დასჯის გარეშე მოიხმარო ნარკოტიკი. ამას დაამატეთ ჩვენი მძიმე დემოგრაფიული ვითარება და ადვილი წარმოსადგენია, რა შედეგსაც მივიღებთ. მაგალითად, ჩვენს მოძმე სომხეთში, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ და შურის თვალით შევცქერი, ფაქტობრივად, არ არსებობს ნარკომანიის პრობლემა, მაშინ, როცა აზერბაიჯანის მოსახლეობისთვის ნარკოტიკის მოხმარება ტრადიციულია და მათ ათწლეულების, საუკუნეების განმავლობაში გამოუმუშავდათ გარკვეული ტოლერანტული დამოკიდებულება ნარკოტიკისადმი, ისევე, როგორც ჩვენ –  ალკოჰოლისადმი. შევხვედრივარ შუა აზიის მაღალი რანგის სპეციალისტებს, რომლებიც მეუბნებოდნენ, ბატონო გელა, როგორც თქვენ არ შეგიძლიათ ალკოჰოლის გარეშე, ისევე, ჩვენ არ შეგვიძლია ოპიუმის გარეშე. საუკუნეების განმავლობაში გამოგვიმუშავდა წესი, თუ როგორ უნდა მივიღოთ და ნარკოტიკის ამ ტრადიციული მოხმარებით დღემდე მოვედითო. ჩვენთან კი, რადგან ამის ტრადიცია არ არის, ლეგალიზაცია რომ მოვახდინოთ, 10 წელიწადში არცერთი ქართველი ცოცხალი აღარ დარჩება. ამდენად, ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვინც დღეს მარიხუანის ლეგალიზაციაზე ლაპარაკობს. მარიხუანის მოხმარებაზე აკრძალვის მოხსნა კატასტროფას გამოიწვევს. თუ ლეგალიზაცია მოხდა, როგორ გაკონტროლდება, რომ 12 წლის ბავშვმა არ მოწიოს მარიხუანა?! არადა, განსაკუთრებით, მძიმედ მოქმედებს მარიხუანა ბავშვის ორგანიზმზე. ცვლის მის ფსიქოლოგიას.
– ლეგალიზაცია გულისხმობს, რომ მწარმოებლებიც გაჩნდებიან და შემომტანებიც? ბიზნესის სახეობა გახდება?
– ჯერ ერთი, თუკი ვინმეა ნარკოტიკის მსურველი, ყველა აქ ჩამოვა, არადა ისედაც არ ვიცით, საქართველოში, ვინ რატომ შემოდის. თუ მშვენიერ კლიმატს, ვიზების არარსებობას, დაემატა იაფფასიანი მარიხუანა, წაილეკება საქართველო.
– რას უკავშირებთ ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ლეგალიზაციის მოთხოვნას და დემონსტრაციულ ნაბიჯს – პირდაპირ ეთერში კანაფის დათესვას?
– ზოგიერთმა პარტიამ არჩევნების წინ, ჩემი აზრით, იმის იმედით, რომ ნარკოტიკების მოხმარებლები მხარს დაუჭერდნენ, გასცა დაპირებები, თუ ამირჩევთ, სანაცვლოდ მიიღებთ ლიბერალურ კანონმდებლობასო. რაც, სხვათა შორის, არ გაუკეთებია „ოცნებას“, თუმცა სხვა ბევრი პარტია ჰპირდებოდა ამომრჩეველს.
– თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში 200 000-მდე ნარკოდამოკიდებულია, მეც ეს ეჭვი გამიჩნდა, მათი ხმების მოზიდვა იყო მიზანი, თუმცა ვერ ვხსნი ერთ-ერთი პარტიის უაზრო ინიციატივას საჯარო თესვით გამოხატულს. რას ამბობს სტატისტიკა, შემცირდა იმ ქვეყნებში მოხმარება, სადაც ლეგალიზებულია ნარკოტიკები? იმიტომ რომ, სხვა მიზანს ვერ ვხედავ.
– ვერც დეკრიმინალიზაცია და ვერც ლეგალიზაცია ვერ შეამცირებს ნარკოტიკების მოხმარებას. არის შესაბამისი კვლევები და შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი. ვინც დეკრიმინალიზაციას მოითხოვს, ისინიც კი ამბობენ, რომ პირველ პერიოდში გაიზრდება მოხმარება, მაგრამ შემდეგ შემცირდებაო. თანაც, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სოციალური გარემოა, სხვადასხვა ეროვნული ტრადიცია, სხვადასხვა ეკონომიკური მდგომარეობა, სხვადასხვა რაოდენობის ფული იხარჯება ამ პრობლემის მოგვარებაზე. მაგრამ, საბოლოოდ, ისინიც კი ფიქრობენ, რომ დასაწყისში მომხმარებელთა რაოდენობა გაიზრდება და თუ გაიზრდება, მერე რაღა შეამცირებს?!

скачать dle 11.3