იძულება რუსული ენისთვის #48
ანუ ბწკენა-ბწკენაში…
სანამ პრ. პუტინი რუსულ სარაკეტო სისტემებს გვიმიზნებს, რფ-ისვე საგარეო უწყების საგანგებო დავალებათა ელჩმა (ელეონორა მიტროფანოვამ) გვამცნო, რომ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში რუსულ ენას საკანონმდებლო სტატუსი უნდა მიენიჭოს!
ქ-ნი ელეონორა წუხს, რომ ამ სივრცეში (სადაც ერთ დროს სსრკ, მანამდე კი რუსეთის იმპერია ბოგინობდა) საგანგაშოდ დაბალ საკანონმდებლო დონეზეა რუსული ენა.
საინტერესოა, დიპლომატის გული განსაკუთრებით საქართველოში, უკრაინასა და ბალტიისპირეთში არსებულ ვითარებას მოუკლავს, მოტივით – ახალგაზრდა თაობამ სულ არ იცის რუსულიო.
იქვე შენიშნავს, რომ, თუმცა რუსულს საერთაშორისო ენის სტატუსი აქვს, ამ სამ ქვეყანაში ამ ფაქტს არ აღიარებენო. ამიტომაც დაადგინა, რომ რუსული ენის სტატუსი ამ ქვეყნების კონსტიტუციით უნდა განმტკიცდეს. აი, ის კი აღარ დაუზუსტებია: პირველი სახელმწიფო ენა უნდა გახდეს თუ მეორეობასაც დაჰყაბულდება?!
ერთი სიტყვით, მიტროფანოვამ რფ-ის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ რუსული ენის გავრცელება საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში უნდა შევიდეს და განხორციელდეს.
მე არ ვიცი, როგორ უნდა გვაიძულონ (თვით დსთ-ს არაწევრი საქართველო და თვით „ნატო“ – ევროკავშირის წევრი ბალტიისპირეთი) კონსტიტუციის შეცვლა, მაგრამ, თუ მათ მიდრეკილებას გავიხსენებთ (2008 წლის ომს სწორედ „იძულება მშვიდობისთვის“ დაარქვეს), არც ისაა გამორიცხული, სარაკეტო სისტემები რუსული ენის დაუფლების იძულებისთვისაც დაგვიმიზნონ. –