ოხუნჯი #48
ანუ უსაზღვროდ ანგლი
გასულ კვირას რფ-ის პრ.-მა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ლაურეატების დაჯილდოებაზე გვაცნობა, რომ დიდი რუსეთი უსაზღვროა. ეს ამბავი კი შემდეგნაირად მოხდა: 9 წლის ბიჭუნას ჯილდოს გადაცემის შემდეგ ვლ. პუტინმა ჰკითხა, სად მთავრდება რუსეთის საზღვარიო. გეოგრაფიულად ზუსტი პასუხის მიღების შემდეგ კი, დაიმოძღვრა: რუსეთის საზღვრები არსად მთავრდებაო.
და თუმცა დასძინა, ვიხუმრეო, რადგან ჩვენ ვიცით, რომ, რუსული გამონათქვამის თანახმად, ყოველ ხუმრობაში მხოლოდ ნაწილია ხუმრობის, ფსიქოანალიზიც რომ გვერდზე გადავდოთ, ვლად-ი-მირ-ის გზავნილი ნათელია.
მეორე მხრივ, უფრო ადრე იმავე პრ.-მა პუტინმა, ფაქტობრივად, დაიმუქრა, რომ „ნატოს“ სამხედრო ობიექტები რფ-ის სარაკეტო სისტემის სამიზნედ იქცევიან.
მომყავს ციტატა (მეტი სიზუსტისთვის): „ჩვენ უნდა გავატაროთ კონტრღონისძიებები, ანუ ჩვენი სარაკეტო სისტემები მივმართოთ იმ ობიექტებისადმი, რომლებიც, ჩვენი აზრით, გვემუქრებიან.“
ხოლო, რაკი მისი პასუხი „ნატოს“ გაფართოებას ეხებოდა, ცხადია, სწორედ და მხოლოდ „ნატოს“ ობიექტები იგულისხმა.
რთული სათქმელია, ამ განაცხადის სამიზნე რფ-ის მოსახლეობა, ანუ შიდა აუდიტორიაა თუ დანარჩენები, მაგრამ, თუ უსაზღვროა, ვითომ საკუთარი თავის დაბომბვები განიზრახეს?! თუმცა, როგორც უნდა იყოს, ფაქტია, რომ ეს ჩვენი ნომერ პირველი ოკუპანტი თვალსა და ხელს შუა უსაზღვროდ ანგლად ჩამოგვიყალიბდა. –