როგორ „აფრენენ“ ნიკა და ნიტა ლომიძეები ერთად და სად გაიქცა თეა გობეჯიშვილი პირდაპირ სამშობიაროდან #47
მეგაშოუს „შენ შეგიძლია ცეკვა” შესარჩევ ტურზე, 13 წლის ნიტა ლომიძის გამოსვლამ საზოგადოება აღაფრთოვანა. ულამაზესმა და ძალიან ემოციურმა ცეკვამ გულგრილი არავინ დატოვა. ბევრმა ცრემლების შეკავებაც ვერ შეძლო. ნიტა საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი წყვილის – თეა გობეჯიშვილისა და ნიკა ლომიძის შვილია. მას მაყურებელი როგორც მსახიობს, უკვე კარგად იცნობს, რადგან არაერთ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. ახლა კი გადაწყვიტა, თავი ყველას ცეკვით დაამახსოვროს.
თეა: ყოველთვის, როცა ჩემი მოწაფეები კონკურსზე გადიან და მათ ვუყურებ, იმდენად ვღელავ, მირჩევნია, მათ ნაცვლად, მე გავიდე და ვიცეკვო, ასე ნაკლებად ვინერვიულებ. ბუნებრივია, ნიტაზე გაათასმაგებული პასუხისმგებლობა მქონდა. რომ გითხრათ, მინდოდა, ამ პროექტში მონაწილეობა მიეღო-მეთქი, მართალი არ იქნება. უპირველესად, იმიტომ რომ, ჯერ პატარაა და თან კონკურსის გამო, ბევრი რამის გაცდენა მოუწევს. ჩვენ ისედაც ყოველთვის დროის ნაკლებობას განვიცდით. ასე იყო ფილმების გადაღებებისასაც და გამომდინარე იქიდან, რომ სკოლას დიდი დრო სჭირდება, ბავშვი ძალიან იღლება.
– დარწმუნებული ვარ, ნიტასგან, როგორც პროფესიონალის შვილისგან, გაცილებით მეტს მოითხვენ.
– ზუსტად, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თავს ვიკავებდი, გაასმაგებული მოთხოვნა და კრიტიკა იყო, რომელიც ნიტას ამ კონკურსში მონაწილეობას მოჰყვებოდა. ძალიან არ მინდოდა, გაჩენილიყო შეგრძნება, რომ: აი, თეას და ნიკას შვილია და იმიტომო. დასამალი არაფერია, ყველამ იცის, რომ კარგად ვიცნობ დუტასაც და ბევრს. ამიტომ, არ მინდოდა, ეთქვათ: მაგათი შვილია და აბა, რა – მხარს დაუჭერენო. ვიცოდი, ეს შეიძლებოდა, ჩემთვის უსიამოვნო საუბრის მიზეზი გამხდარიყო და ამ უხერხულობის გამო, არ მინდოდა მონაწილეობა მიეღო. მაგრამ ნიტას იმდენად უნდოდა, უარი ვერ ვუთხარი. აგვისტოში მუხლის იოგი გაუწყდა და მთელი თვე დავასვენეთ ფეხი. ასეთი მდგომარეობით მუშაობა არ შეიძლებოდა. სექტემბერში, ქასთინგამდე ერთი კვირით ადრე, არ გვქონდა გადაწყვეტილი, რა უნდა გვექნა. ამ დროს გადავიღეთ მუხლი და გვითხრეს, უკვე შეგიძლიათ იხტუნოთო. ნიტა ძალიან ნერვიულობდა და ეს რომ გაიგო სიხარულისგან იქიდან სალტოებით გამოვიდა. მაშინვე მთხოვა: გეხვეწები, დარბაზში წავიდეთ და ცეკვა მოვამზადოთო. მართლა, უცებ შევვარდით დარბაზში, ერთ საათში ავაწყვეთ ეს ცეკვა და მერე, ნელ-ნელა, ილეთებს ვამუშავებდით. სიმღერა მანამდე მოვასმენინე და ძალიან მოეწონა.
– თეა მკაცრი დედააო ამბობენ, რა მოლოდინი გაქვთ ახლა?
– როგორც ყველასთვის, ჩემთვისაც რაღაც მისაღებია, რაღაც – არა. სცენაზეც და სახლშიც, საკმაოდ მომთხოვნი ვარ, მაშინ, როცა ვხვდები, რომ იმდენ ენერგიას არ დებს, რამდენიც საჭიროა და რამდენიც შეუძლია. მოლოდინს რაც შეეხება, ნამდვილად არ ველოდით ასეთ გამოხმაურებას. ნაცნობისგან თუ უცხოებისგან საოცრი სითბო წამოვიდა და ეს სასიამოვნოსთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობაა. მოლოდინზე ვერაფერს ვიტყვი, მთავარია, როგორც ყოველთვის, ნიტამ ბევრი იმუშაოს და თავისი მაქსიმუმი გააკეთოს, რომ უპირველესად, თვითონ ისიამოვნოს და ამასთანავე, ძალიან ძვირფასი გამოცდილება მიიღოს.
ნიტა: ჩემი გამოსვლის გამოხმაურებებს რომ ვკითხულობდი, ისეთი ემოციებით ავივსე, რომლის გადმოცემაც შეუძლებელია. სულ დადებითი შეფასებები იყო, სითბოსა და სიყვარულს გამოხატავდნენ. მშობლებსაც მოეწონათ. მამამ მითხრა, რომ ცეკვაც კარგი იყო და არტისტიზმიც. დედამ, როგორც ყოველთვის, ჯერ შემაქო და მერე მითხრა, ერთი-ორგან პატარა შეცდომა იყოო (იცინის). სცენაზე რომ გამოვდიოდი, ბუნებრივია, ვღელავდი, მაგრამ ნერვიულობა და კანკალი კულისებში დამთავრდა. სცენაზე უკვე სხვა სამყაროში მოვხვდი, სადაც მარტო მე და ცეკვა ვარსებობდით. რომ დავამთავრე, მთელი დარბაზი ფეხზე იდგა და ყველა ტიროდა. არ ვიცოდი, რა მეთქვა ან ვისთვის მომესმინა, ასეთ ემოციებს არ ველოდი (იცინის).
– შენს მეორე პროფესიაზეც მომიყევი.
– ჩემი მეორე პროფესია მსახიობობაა. ესეც ძალიან მიყვარს და ცეკვაც, მათ შორის არჩევნის გაკეთება არ შემიძლია. მომავალშიც, შევეცდები, ორი პროფესია ისე შევათავსო, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს. პირველად რომ სცენაზე დავდექი, ექვსი წლის ვიყავი. ახლა კი უკვე ხუთ ფილმში და ორ სპექტაკლში მაქვს მონაწილეობა მიღებული: „ანოს და ვანოს თავგადასავალი”, „ლურჯი ფრინველი”, „ცელქი ბავშვები 2”, „ვისი სული გსურს”, „მუსიკის ჰანგები”. ცამეტი წლის ვარ და ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი განვიცადე. გადაღება ყველაზე მაგარი მომენტია.
– ცეკვა როდის დაიწყე?
– ხუთი წლის შევედი ტანვარჯიშზე და ექვსი წელი ვვარჯიშობდი. ახლა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში დავდივარ და როგორც კი დრო გამომიჩნდება, მაშინვე დედიკოსთან მივდივარ და ვცეკვავ (იცინის). დედა ძალიან მკაცრია, იმიტომ რომ, ჩემთვის კარგი უნდა. ცოტა რბილი რომ იყოს, ეგრე არაფერი გამოვიდოდა. ხელს მიწყობს, მაგრამ არ მათამამებს. ასე რომ არ იყოს, ახლა ასეთი არ ვიქნებოდი. მეგობრული და მხიარული ვარ. ადვილად შევდივარ ადამიანებთან კონტაქტში. გართობაც მიყვარს და კითხვაც. ბევრი ჰობი მაქვს – მუსიკის მოსმენა და ქსოვა მიყვარს. დრო რომ მაქვს – სულ ვქსოვ – ხან ტელეფონის ჩასადებს, ხან დიდ ხალიჩას. ძალიან მომწონს და მაინტერესებს ეს საქმე. პატარა რომ ვიყავი, ბებო სულ კაბებს მიქსოვდა და მომინდა, მეც მესწავლა, მაგრამ ბებო ჩხირებით ქსოვს და მე ყაისნაღით. თან, ყველანაირად ვცდილობ, სკოლა არ გავაცდინო და მასალა კარგად ავითვისო. ვცდილობ, ხალხის სიყვარული თავში არ ამივარდეს და ჩემს თავზე დიდი წარმოდგენა არ მქონდეს. იმიტომ რომ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ეს ჩემი მშობლების დამსახურებაა. სუპერმშობლები მყავს. ჩემთვის მაქსიმალურს აკეთებენ.
ნიკა: ყოველთვის ვცდილობ, ნიტასთან ერთად დიდი დრო გავატარო და გავერთოთ ხოლმე. ერთად კარგად „ვაფრენთ” (იცინის). ხან სულელურ თამაშებს ვთამაშობთ, ხან მოტოციკლზე „ვკატაობთ” და ასე შემდეგ. თუმცა, კარგი მამა არ ვარ. კარგი ისაა, ვინც ოცდაოთხი საათი შვილის გვერდითაა. მე, სამწუხაროდ, ცხოვრება ასე არ მაქვს მოწყობილი.
– ნიტა ახლა დიდი გოგოა და ალბათ, უკვე დამოუკიდებლობასაც ეჩვევა. პატარაობისას თუ იყავი ჩართული მის მოვლაში?
– იქიდან გამომდინარე, რომ მეც და თეაც, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, საოცრებებს ჩავდივართ. თეამ ბავშვი რომ გააჩინა, სამშობიაროში წესით ხუთი დღე უნდა დარჩენილიყო, მაგრამ სამ დღეში გამოიქცა და რეპეტიციაზე გავარდა. ამიტომ მერე, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ჩავისვამდი მანქანაში ნიტას – ცალ ხელში ახალშობილი მეჭირა და მეორეთი მანქანას ვმართავდი. მივუყვანდი ბავშვს თეას სტუდიაში და მივაწებებდი (იცინის). ჰო, მივაწებებდი, იმიტომ რომ, შიოდა. შეჭამდა ძუძუს და მერე ისევ უკან, სახლში მომყავდა. საჭმელი იქნებოდა თუ პამპერსის გამოცვლა, ყველაფერი ვისწავლე. მაგარი გასართობი იყო, რა არის ამაზე მაგარი? კი, მამობა ძალიან სასიამოვნო მომენტია და ბავშვის ჩასახვის მომენტიც (იცინის). მაგრამ, შვილით უფრო კარგად რომ იკაიფო და ბოლომდე მიხვდე, რა არის ეს: ფეხმძიმობის, დაბადებისა და ახალშობილობის პერიოდში უნდა იყო მაქსიმალურად ჩართული. თუ ცოლი მშობიარობს და შენ ამ დროს კაპოტზე გაქვს სუფრა გაშლილი, სვამ და მერე იძახი: აუ, ქალო, ბავშვს პამპერსი გამოუცვალეო, ვერ მიხვდები იმ გემოს, რასაც სხვები ხვდებიან და რაც ყველაზე კარგად დედებმა იციან. აი, თუ ამ ყველაფერში ჩაერთვები, მერე სულ სხვანაირად აღიქვამ ყველაფერს და ამ შემთხვევაში, შვილებიც მაგარი ტიპები იზრდებიან.
– ნიტას სწავლის ამბებში თუ ხარ ჩართული?
– იქიდან გამომდინარე, რომ მე ძლივს დავამთავრე სკოლა, ვცდილობ, მაგაში არ ჩავერიო. დედას, ბებიებს და ძმას ეტენება ეს ამბავი (იცინის).
– ამბობენ, გოგოს მამობა ძალიან რთულიაო.
– კი, „პისტოლეტები” უკვე ნაყიდი მაქვს (იცინის). არა, რა სისულელეა, თუ ადამიანი სწორად აზროვნებს, რთული არაფერია. მაგრამ, მე ყველას „სახეს გავაძრობ” (იცინის). არა, საერთოდ არ ვფიქრობ, რა შეიძლება იყოს, ნიტა რომ მაგ ასაკში იქნება. ახლახან ჩემი მეგობრის, მამუკა ღლონტის უმცროსი ქალიშვილი გათხოვდა, რომელიც, ფაქტობრივად, ჩემი გაზრდილია და მართლა ნიტასავით მიყვარს. მამუკას ვეკითხებოდი, როგორ გადაიტანე ეს ამბავი-მეთქი და კარგად, ძალიან მაგარი ბიჭიაო. მე, ალბათ, ვერ გადავიტან. ჯერ ისიც ვერ გადამიტანია და მივმხვდარვარ, რომ ძმაკაცის შვილი გათხოვდა და ჩემს შვილზე... რა ვიცი (იცინის). მიუხედავად იმისა, რომ ჰიპერთანამედროვედ ვთვლი თავს, მანდ ალბათ... (იცინის). ეს დღეები ნახევარი მეტრით ჰაერში ვარ აწეული და ისე დავდივარ (იცინის). ჩემი გამოვლილი ამბები და ხალხისგან მიღებული სიყვარული, რომელიც წლებს მოიცავს, ამ მომენტმა აბსოლუტურად გადაფარა.