რად უჯდება გათხოვილ ქალს აკრძალული სიყვარული #47
ქალები ყოველთვის უკეთესად ნიღბავენ ღალატს და ზოგჯერ ქმრები საერთოდ ვერც იგებენ, რომ უღალატეს. იმასაც კი ამბობენ, ქმარი მაშინ იგებს საკუთარ ცოლზე სიმართლეს, როცა თავად ცოლი გადაწყვეტს, რომ სიმართლე უთხრასო. რა თქმა უნდა, გამონაკლისები არსებობენ, მაგრამ ეს საერთო სურათს არ ცვლის. თანაც, მამაკაცებისგან განსხვავებით, მოღალატე ცოლები იშვიათად ნანობენ თავიანთ საქციელს.
დიანა (29 წლის): ოთხი წლის წინ გავთხოვდი. არც ისე დიდი დროა და ოცდახუთი წლისას, სრულად მქონდა გაცნობიერებული, რას ვაკეთებდი და რატომ. ჩემი არჩევანი იყო, გავლენიანი და ფულიანი მამაკაცი. ჩემზე უფროსია. შვიდწლიანი სხვაობა ჩვენს ასაკს შორის, არ იყო დიდი და ეს არ არის მიზეზი, რაც მერე მოხდა. სხვათა შორის, ჩემი ქმრის სასახელოდ უნდა ითქვას, ყოველთვის ახერხებდა ჩემი გულის მოგებას. არც ის გასჭირვებია, რომ მის გვერდით თავი კარგად მეგრძნო. ზუსტად იცოდა, რა მესიამოვნებოდა და გამიხარდებოდა. არასდროს გამოუჩენია სიძუნწე. დღესაც არ ვამბობ, რომ ცუდი ქმარია, მაგრამ ეს ჩემს ცხოვრებას ვერ ცვლის. ყველაფერი კარგია, ძვირფასი საჩუქრები, ყურადღება, კომფორტი, მაგრამ სიყვარულს ეს ვერ ჩაანაცვლებს.
– რა არ გაკმაყოფილებთ?
– ასე, პირდაპირ თქმა ძნელია. შეიძლება, კაცმა მანქანა გიყიდოს, მაგრამ მის მიმართ მადლიერების მეტი არაფერი იგრძნო. ამ მადლიერების გრძნობამ გადამადგმევინა მცდარი ნაბიჯი და ცოლად გავყევი. რაც მერე არაერთხელ ვინანე. რა არ გაკმაყოფილებთო, მკითხეთ. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ჩემგან დამოუკიდებლად ხდება. ფიქრი და ზრუნვა არაფერზე მიწევს, მაგრამ არ მაქვს რომანტიკა. არ მაქვს ის ნაპერწკალი, რაც მაგრძნობინებს, რომ ცოცხალი და ბედნიერი ვარ. ბედნიერების განცდა მაკლია. უფრო სწორად, მაკლდა. დღეს ეს დეფიციტი, ჩემს ცხოვრებაში აღარ არის. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ, რადგან საყვარელი მყავს, ქმარს გავეყრები.
– ქმრიანი ქალის სტატუსი მოგწონთ?
– არა მხოლოდ. მე მომწონს ჩემი ცხოვრება. ის, რომ საზრუნავი არაფერი მაქვს და ჩემს ნაცვლად, ყველაფერზე სხვა ფიქრობს. ეს „სხვა”, რა თქმა უნდა, ჩემი ქმარია, არაფერს მაკლებს. მდიდრულ სახლში ვცხოვრობთ. შინამოსამსახურე მყავს. ძვირფასი მანქანით დავდივარ, ტანსაცმელს უცხოეთში ვყიდულობ. არ იფიქროთ, რომ უმადური ვარ, მაგრამ რა ვქნა, თუ სიყვარულიც მჭირდება?! მიიღოს ყველამ თავისი ანუ ის, რასაც იმსახურებს. ვიცი, ყველა იტყვის და იფიქრებს, რომ მოღალატე და უსინდისო ქალი ვარ; რომ, თუ ქმარი არ მინდა, უნდა გავცილდე, მაგრამ ცხოვრება ხომ ერთხელ გვეძლევა?! რატომ არ უნდა გავატარო ისე, როგორც მომწონს?
– თქვენი საყვარელი რას ფიქრობს ამ ყველაფერზე?
– საერთოდ არ იცის, რომ გათხოვილი ვარ. გიკვირთ? – არ მითქვამს და როგორ გაიგებდა? სულ სხვა წრეში ტრიალებს ის და სხვა წრე მაქვს მე. ერთმანეთთან არ იკვეთება. იცის, რომ, წარმატებული ქალი ვარ, შეძლებული, კარგი სამსახურითა და გარეგნობით. მე დავუმალე ჩემი ოჯახური მდგომარეობა. რა საჭირო იყო, ზედმეტი პრობლემები შემექმნა მისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც.
– ანუ, ორივე მამაკაცს ატყუებთ?
– საყვარელს უკვე აღარ ვატყუებ. შევუყვარდი. აი, ეს უკვე პრობლემაა. დაიწყო ეჭვიანობა. იმის მოთხოვნა, რისი მიცემაც არ შემიძლია. ცოლად უნდა შეგირთოო. ჯერ ვირიდებდი სხვადასხვა მიზეზით. მერე იძულებული გავხდი, მეთქვა, რომ ქმარი მყავს. სხვა გზა აღარ დამიტოვა. დიდი სკანდალი მომიწყო. დაარღვია ჩემი იდილია. გამიმართლა, რომ არ მითხრა, შენი ქმარი ყველაფერს გაიგებსო, თორემ დავიღუპებოდი. მაგრამ, არც იმის გარანტია მაქვს, რომ ბოლომდე გაჩუმდება. მინდა, უჩინარი გავხდე, შეუმჩნეველი და ისევ ვიპოვნო მის მკლავებში სიმშვიდე. ძილი და მოსვენება დავკარგე. უკვე აღარ გამომდის ის მივიღო ამ ურთიერთობიდან, რაც დასაწყისში მქონდა.
– კონკრეტული მიზანი და მოტივაცია არსებობდა, როცა ამ ურთიერთობას იწყებდით?
– რა თქმა უნდა. მე ეს ნაბიჯი შეგნებულად გადავდგი, გააზრებულად. წინასწარ მქონდა განსაზღვრული, სადამდე შევტოპავდი.
– რამ გაიძულათ, რომ საყვარელთან გაიქეცით?
– „გავიქეცი” ცოტა უტრირებულადაა ნათქვამი. ქმრისგან არ გავქცეულვარ, არც ვაპირებ, რომ გავიქცე, მაგრამ მარტო მასთან ყოფნაც არ მაკმაყოფილებს. მოვკვდები მოწყენილობით. ჩემთვის არასდროს სცალია. საკმარისია, საყვედურნარევი ერთი სიტყვა ვუთხრა, რომ ეგრევე ფულს მაჩეჩებს. დარწმუნებულია, რომ ფული ყველაფრის წამალია. მონატრებული მქონდა კაცთან სიახლოვე, ალერსი, სითბო, ხელიხელჩაკიდებული სეირნობა. ფული ძალიან კარგი რამაა, მაგრამ ფულსაც აქვს „შეზღუდული შესაძლებლობები.”
სამწუხაროდ, იდეალური „ნაკრები” არ არსებობს. ყველაფერი ერთად არ არის. მირჩევნია, ქმარი ისეთი იყოს, როგორიც მყავს და „ნაკლებობას” სხვა შემივსებს. იყოს ეს „სხვა” საყვარელი. ეს ურთიერთობა მუდმივი რომ არ იქნებოდა, მაშინვე ვიცოდი, როცა ვიწყებდი. ამიტომ, დიდი მოლოდინები მომავალზე არ მქონია. დავამთავრებდი მაშინ, როცა ამას გადავწყვეტდი, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა, რაც მაწუხებს და მთრგუნავს. არ მინდა, ჩემმა ქმარმა გაიგოს. რაც შეეხება ჩემს საყვარელს, თუ არ გაიგებს, რომ მასთან სამუდამოდ ვერ ვიქნები, დავემშვიდობები. სტაბილურობა ქმართან მირჩევნია. შვილის გაჩენა მინდა, რომლის მამაც ჩემი ქმარი უნდა იყოს. ცუდია, რომ ქმრისთვის შეუმჩნეველი დარჩა, რა არ მაკმაყოფილებდა ოჯახურ ურთიერთობაში. ცოტა მეტი ყურადღება რომ გამოეჩინა, ალტერნატიული პარტნიორი არ დამჭირდებოდა. ყველა ქმარმა უნდა იცოდეს, რომ ქალისთვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, რამდენ დროს უთმობს მას მამაკაცი.