დატოვა თუ არა სკანდალურად „რუსთავი 2“ გიორგი ვარდოსანიძემ და რატომ არტყმევინა მან ბორდიურზე თავი გოგოს #47
ბოლო დროს, მსახიობმა გიორგი ვარდოსანიძემ იმიჯი საგრძნობლად შეიცვალა – თმა გადაიპარსა, დაიწყო ინტენსიური ვარჯიში და სხეულზე ახალი ტატუებიც მოიხატა. მის შესახებ, ბევრი ჭორი გავრცელდა. თითქოს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ სკანდალურად დატოვა, ქმრიანი ქალის გამო შარში გაება, ამის გამო ერთ-ერთ ბარში დაუნდობლად სცემეს და ასე შემდეგ. რასაკვირველია, ამ თემებთან დაკავშიირებით, თავად მსახიობთან ვცადეთ, სიტუაციაში გარკვევა, თუ რამდენად რეალურია მასზე აგორებული ბოლოდროინდელი ჭორები.
გიორგი ვარდოსანიძე: ჩემს ცხოვრებაში სიახლეები სულ არის. აქტიურად ვცხოვრობ და ვცდილობ, არ მოვდუნდე.
– გიორგი, ბოლო პერიოდში ჭორი გავრცელდა, თითქოს „რუსთავი 2“, კერძოდ გადაცემა „გააცინე და მოიგე,“ რომლის წამყვანიც ხარ, სკანდალურად დატოვე. ეს ასეა?
– ვიცი, საიდანაც წამოვიდა ეს ჭორი. ამას ბევრი მეკითება. რეალურად კი, გადაცემის ჩაწერის დღეს არ მეცალა, თეატრში პრემიერის დღე დაემთხვა და ამიტომ, ნიკა არაბიძეს მოუწია ჩემ მაგივრად გადაცემის წაყვანა. თუმცა, ეს ერთჯერადად მოხდა. ასე რომ, სკანდალურად არ დამიტოვებია არც „რუსთავი 2“ და არც გადაცემის წამყვანობაზე მითქვამს უარი.
– საკმაოდ შეიცვალე იმიჯი. ეს რას უკავშირდება?
– თმა გადავიპარსე და კეფაზე ვიზრდი. მინდა, ორი აფრიკული ნაწნავი გავიკეთო და განსხვავებული იმიჯი მქონდეს. ტატუებიც დავიმატე, 23-მდე ავედი და კიდევ ვაპირებ გაკეთებას. ჯერ სხეულზე ადგილი დამრჩა (იცინის). შეიძლება, სადმე ვიჯდე, უცბად, თავში დამარტყას, წამოვხტე, გავვარდე და სხეულზე ახალი ნახატი დავამატო. ჩემი ყველა ტატუ საკრალურია და ყველაზე მეტად, ბოლო დროს გაკეთებული მომწონს – კისერზე წარწერა: „არაფერი ხდება ცხოვრებაში უბრალოდ“ და გამხმარი ნაძვის ხე მაჯაზე. აი, საყვარელ ქალს კი, ჩემი არცერთი ტატუ არ უკავშირდება და არც გავიკეთებ. ასევე, დავიწყე ინტენსიური ვარჯიში და ვცდილობ, კარგ ფორმაში ჩავდგე. თან, სპექტაკლში გახდა მიწევს და ამისთვის, ხომ უნდა ვიყო მზად? (იცინის).
– ესე იგი, შიშველ გიორგი ვარდოსანიძესაც ვნახავთ?
– სულ არ ვიხდი, ტრუსებით მომიწევს სცენაზე გამოსვლა. შიშველი სცენაზე გამოსვლა, ჩემთვის არ არის მიუღებელი. თუ მიღირს, რა პრობლემაა? რეჟისორსაც გააჩნია. ასე რომ, გახდაზე წამსვლელი ვარ.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა. შეყვარებული არ ვარ, მაგრამ მყავს მეგობარი, კარგი გოგო. ეს ახალი ურთიერთობაა და თუ მეგობრობა სხვა გრძნობაში გადაიზარდა, ამას არ დაგიმალავთ (იცინის).
– ეს ისაა, ვის გვერდითაც თავს მშვიდად და ბედნიერად გრძნობ?
– ის ჩემი მეგობარია, ძალიან კარგი გოგოა და მორჩა! თუმცა, ვერ ვიტყვი, შეყვარებულია-მეთქი, ძალიან მესიმპათიურება. ერთად არ ვცხოვრობთ. მე, ყველა ჩემს ყოფილ საყვარელ თუ მეგობარ გოგოსთან, თავს ბედნიერად და მშვიდად ვგრძნობდი და არც ესაა გამონაკლისი.
– ზოგადად, როცა მამაკაცს ოჯახი ენგრევა და სიყვარულში არ უმართლებს, იკეტება, ხასიათი ეცვლება, ქალის მიმართ აგრესიული ხდება...
– მე ყველა ქალში, ვინც გვერდით მყავდა, ძალიან გამიმართლა. რა და როგორ ვერ დალაგდა, ეს სხვა საკითხია.
– გავიგე, ქმრიანი ქალის გამო შარში გაეხვიე და ერთ-ერთ ბარში ჩხუბი მოგივიდა, სადაც გცემეს. ესეც ჭორია?
– ქმრიან ქალზე ჭორი ვინც მომიგონა, მინდა, ყველას დედები და ახლობლები მოვიკითხო. სხვისი არავისი არაფერი მჭირდება და მით უმეტეს, ქალი. თან, არც ჩემი ცემაა ადვილი. მეზიზღება ისეთი ქალები, ვისაც ქმარი ან საყვარელი ადამიანი ჰყავს და სხვა კაცებისკენ იხედება. ასეთ ადამიანებზე აგრესია მჭირს და მინდა, პირდაპირ ვაგინო. მსგავსი შემთხვევები ჩემს ცხოვრებაში ბევრი ყოფილა და გამზრდელი მიგინებია. როცა ჰყავს მეორე ნახევარი და ჩემკენ იქაჩება, ასეთ ქალზე ნამდვილი აგრესია მეწყება. მინდა, ვაგინო. როცა, ვიღაც ცდილობს, ტყუილი ჩემს კისერზე გადაატაროს და ამით რაღაც გადაფაროს – ქალი, კაცი, ამ შემთხვევაში, არ არსებობს ჩემთვის. ნამდვილი შეურაცხადი ვხვდები, ყველაზე ბოროტი ვარ. ეგეთ შარში, რომ ქმრიან ქალთან დავიწყო ურთიერთობა, ნამდვილად არ გავეხვევი. თუ ქალი მომეწონა და მისი გაცნობა მინდა, პირდაპირ ვეკითხები, ჰყავს თუ არა ქმარი ან საყვარელი მამაკაცი. თუ ასეა, ეგრევე უკან ვიხევ. ბევრჯერ ყოფილა ქალის მხრიდან, ჩემი მოტყუების მცდელობა, მაგრამ უნიჭოდ და არ გამოუვიდათ. ცხოვრებაში სპონტანურად არაფერს ვაკეთებ, მიზნები მაქვს დასახული. თუმცა, პირად ცხოვრებაში მიზნის დასახვა ცოტა მიჭირს. ხანდახან ისეთი რამ ხდება, იმას ვერ დაგეგმავ. ზოგადად, პირად ცხოვრებაში ყოველთვის მიმართლებს. ყველა ვინც კი გვერდით მყავდა, მაბედნიერებდა.
– ქალში ყველაზე მეტად რას აქცევ ყურადღებას?
– რასაკვირველია, ქალში ფიზიკურობას ვაქცევ დიდ ყურადღებას, ისე ვერ იქნება ჩემ გვერდით. ჭკვიანიც უნდა იყოს, იუმორიც ჰქონდეს და უნდა შეეძლოს, ემოციის უანგაროდ გაცემა. ქალის კარგი ფიზიკურობის მიღმა, მისი სიძლიერე და ჭკუაც უნდა იმალებოდეს.
– სუსტი სქესის წარმომადგენელზე ხელი თუ აგიწევია?
– ქალზე ხელი ამიწევია კი არა, თმითაც მითრევია (იცინის), ოღონდ სცენაზე. ასე რომ, ორი ქალი მყავს ნაცემი, სულ თმით ვათრიე და ვაპროწიალე (იცინის). ბავშვობაში, მეგობარმა გოგომ ბაკი ამაწიწკნა, ისე გავმწარდი, გადამეკეტა, გავუქანე მუშტი სახეში და ბორდიურზე ვარტყმევინე თავი. დღეს მეგობრები ვართ, დიდი ხანია, არ მინახავს, მაგრამ ძალიან მიყვარს. ქალის მიმართ, იცით, როდის ვხდები უხეში? როცა მატყუებს. ეს ყველაზე მეტად მაფეთქებს. დედით ქართლელი, ცოტა ხისტი, უხეში და პირდაპირი ვარ. მაშინ კი „გაუთლელი“ ვხდები. თუმცა, ამ ქვეყანაში ხომ ყველა „გაუთლელია“ და ამ დროს მაგარი „გათლილიც“.