იყო თუ არა ბასილი უჯარმელი დედოფალ ესუქნის საყვარელი, რომელიც მონღოლთა დიდი ნოინის ქალიშვილი იყო #47
1263 წელს, მეფე დავით ულუმ ცოლად მოიყვანა მონღოლი ქალი – ესუქნი. ესუქნი გახლდათ მონღოლთა დიდი ნოინის, ჩორმაღანის ქალიშვილი. თავის დროზე ჩორმაღანი (ჭორმაღონი) იყო ჩინგიზ-ყაენის აბჯრისმტვირთველებისა და დაცვის უფროსი, რომელმაც გამოავლინა სარდლის თვისებები და ნოინად დანიშნეს. როცა მონღოლები დაიძრნენ დასავლეთისკენ და დაიკავეს ირანი და კავკასია, ჩორმაღანი ხელმძღვანელობდა ჩვენს რეგიონში მყოფ მონღოლთა არმიას, სამ სხვა ნოინთან ერთად. ჩორმაღანმა სამარცხვინოდ გააქცია ჯალალედინი, მერე რომ უპატიოდ მოკლეს ყველასგან მიტოვებული. ჩორმაღანი ითვლებოდა ერთგულების სიმბოლოდ და წარმატების მომტანად. 1241 წელს მას დამბლამ დაარტყა, მაგრამ, მაინც დაჰყავდათ თურმე ლაშქრობებში, წარმატებას მოგვიტანსო. დიდ ყაენს ბრძანება გაუცია, როცა ჩორმაღანი გარდაიცვლება, მისი ძვლები ლაშქრობებში თან ატარეთ, წარმატება რომ მოგვიტანოს, რადგან იღბალი და კეთილგონიერება მუდამ თან სდევდაო. შეიძლება, ესუქნის დედა ყოფილიყო ქრისტეს აღმსარებელი – სომეხი ან ნესტორიანი, რადგან ჩორმაღანს ორი ცოლი სწორედ ასეთი ჰყავდა. ესუქნის ძმა, სირმონ (სირმა) ნოინი საკმაოდ გავლენიანი ადამიანი იყო. ის მამაცობისა და გამარჯვებების გამო, „ოქროს ბოძად“ იქნა წოდებული საილხანოში. ასეთი ოჯახიდან იყო ესუქნი.
ტფილისში დიდი ქორწილი გადაიხადეს.
ამ დროს მწიგნობართუხუცესი, ანუ ვაზირი იყო ბასილი, ჭყონდიდის მღვდელმთავარი, რომელიც უჯარმის ეპარქიასაც მართავდა. ბასილს დიდი ძალაუფლება ჰქონდა ხელში.
ცოტა ადრე, 1260 წელს, აჯანყებული დავით ულუ დამარცხდა და დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთში) გადავიდა თავის მამიდაშვილთან, დავით ნარინთან. იმ წლებთან დაკავშირებით, ჟამთააღმწერელი სხვათა გადმოცემულს გვიამბობს ბასილიზე - მეფის აფხაზეთში ყოფნის დროს დიდი ზარალი მიაყენა ქვეყანას, რადგან „ვითარცა თვისთა ხედავდაო“, ანუ თავის საკუთრებად მიაჩნდაო.
მეფის აფხაზეთში ყოფნისას მონღოლებმა აღმოსავლეთ საქართველოზე კონტროლი ვინმე შადინს დაავალეს. თუ რაიმე ზიანს მიაყენებდა სამეფო დომენს, ეს შეიძლება, ყოფილიყო შადინი.
როცა მეფე შეურიგდა მონღოლებს და დაბრუნდა ტფილისში, ბასილისთან არავითარი გართულება არ ჰქონია. ნამდვილი რომ ყოფილიყო ბასილის მიერ მეფის აფხაზეთში ყოფნისას დანაშაულის ჩადენის ამბავი, შეუძლებელია, მეფეს გამოჰპარვოდა მხედველობიდან. პირიქით, მისდამი ნდობა არ განელებია.
იმ დროს უმძიმესი ვითარება იყო ჩვენს სამშობლოში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. ქვეყნის ეკონომიკა მოიშალა. რეგიონში გაბატონებული იყვნენ მონღოლები, ვაჭრობა აღარ ჰყვაოდა, როგორც ადრე. ამიტომ სამეფო ხაზინას და მოსახლეობას შემოსავალი მოაკლდა. ამან ძალიან იმოქმედა ეკონომიკაზე. განსაკუთრებით მძიმე იყო მონღოლთა მიერ დაწესებული გადასახადები, რომელიც მოსახლეობას აწვა კისერზე. ფულის დიდი მასა გადიოდა ქვეყნიდან მონღოლთა ხარკისა და სხვა სახით. ამან გაზარდა ფულის ძალა და მიწის ფასი დაეცა. გარდა ამისა, ქართული არმია ვალდებული იყო მონღოლთა ომებში მიეღო მონაწილეობა. არმიის სურსათით მომარაგებაც ქართველი მწარმოებლების ზურგზე გადადიოდა და სხვა.
მამულების მფლობელებს მიწის გადასახადი ბლომად დაუგროვდათ. ისინი იძულებული ხდებოდნენ, დაეგირავებინათ მიწა ეგრეთ წოდებულ ურტაღებთან. ეს იყო დიდვაჭართა გაერთიანებები, რომლებიც სხვა ქვეყნებშიც, მაშინდელ აღმოსავლეთში არსებობდა. ხშირად ნასესხები ფულის გადახდა ვერ ხერხდებოდა და მიწა უცხოელთა ხელში გადადიოდა.
დაზარალდნენ წვრილი მიწათმფლობელებიც, მწარმოებელი ფენა. უამრავი ადამიანი გაკოტრდა. მომრავლდა უქონელთა რიცხვი.
ხალხი მეფისგან ითხოვდა შველას.
მონღოლებმა რელიგიური გაერთიანებები, ქრისტიანული, მაჰმადიანური და სხვა, გადასახადებისგან გაათავისუფლეს. ამგვარად, მონღოლთა იმპერიაში რელიგიური ინსტიტუტები და მათი განმკარგავები განსაკუთრებულად შეღავათიან ვითარებაში იყვნენ. რა თქმა უნდა, ეკონომიკის დაცემამ მათ მდგომარეობაზეც იმოქმედა გარკვეულწილად, მაგრამ სხვა, მსხვილ თუ წვრილ მემამულეებთან შედარებით, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ.
საეკლესიო ქონება როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, საუკუნეების განმავლობაში გროვდებოდა. დიდი მიწათმფლობელები, მეფეები, ერისთავთ-ერისთავები და სხვები მიწებსა და სხვადასხვა ძვირფასეულობას სწირავდნენ ეკლესიებს. მეფის მხრიდან ეკლესიას შეუვალობა ჰქონდა, მის საქმეებში სახელმწიფო არ ერეოდა.
ყოველი მეფე ტახტზე ასვლისას ქონებას ხელახლა უმტკიცებდა, განუახლებდა ეკლესია-მონასტრებს, რომლებიც დიდ ფეოდალებად იყვნენ ქცეულნი. როგორც გაარკვია ივანე ჯავახიშვილმა, დავით მეფემ, ბასილი უჯარმელის რჩევით, გადაწყვიტა, საეკლესიო ქონების ნაწილი აღარ დაემტკიცებინა ეკლესიისთვის და ხალხისთვის დაერიგებინა.
ეკლესიის წარმომადგენლები წინ აღუდგნენ ასეთ გადაწყვეტილებას.
1263 წელს ჩატარებულა საეკლესიო კრება, რომლის წევრებსაც მიუმართავთ მეფისთვის წერილით. წერილში მოტანილი იყო არგუმენტები, თუ რატომ არ შეიძლებოდა, საეკლესიო ქონების ჩამორთმევა, უკან დაბრუნება, დარიგება. იყო მოხმობილი ეკონომიკური და იურიდიული არგუმენტები. წარმოჩენილი იყო შესაძლო საფრთხეები და სხვა.
ივანე ჯავახიშვილის თქმით, ეკლესიის წევრები ვერ გაბედავდნენ მთელი ბრალეულობა დაეკისრებინათ მეფისთვის, ამიტომ, მათ შეუტიეს ბასილი ჭყონდიდელს, მწიგნობართუხუცესს, ვაზირს, მთავრობის მეთაურს. მათთვის ბასილი განსაკუთრებით საძულველი უნდა ყოფილიყო, რადგან თვითონ ეპისკოპოსი იყო და ეკლესიის მხარდაჭერის ნაცვლად, სამეფო კარისა და ხალხის ინტერესებს ანიჭებდა უპირატესობას.
ეკლესიის მესვეურების პოზიცია გასაგებია, საეკლესიო ქონება, მათი აზრით, ღვთის საკუთრება იყო.
მეფისადმი ეკლესიის თხოვნას შედეგი არ მოჰყვა. ამიტომ, დაინტერესებულმა პირებმა სხვა ხერხს მიმართეს. ჭორები მოუგონეს ბასილის. პირველი ის იყო, თითქოს მან „ჩოხა გაიხადა“. ის ბერი იყო, ეპისკოპოსი, „ჩოხოსანი“. ამგვარად, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბასილიმ უარი თქვა საეკლესიო პირად დარჩენილიყო. ივანე ჯავახიშვილის აზრით, ეს შეიძლება მართალი იყოს, რადგან ეკლესია დაუპირისპირდა ბასილის, მას კი ერჩივნა საერო სამსახური გაეწია ქვეყნისთვის. გარდა ამისა, ჭყონდიდელი ეპისკოპოსები, მთავრობის მეთაურად ინიშნებოდნენ და ისედაც, საერო საქმეებს ემსახურებოდნენო. თუმცა, ბასილის მიერ ჩოხის გახდა, შესაძლოა, ისევე გადაჭარბებული იყოს, როგორც სხვა ცნობები.
ივანე ჯავახიშვილის აზრით, ბასილის დაუპირისპირდნენ საეკლესიო ფეოდალები. თუმცა, ალბათ, ბასილი უჯარმელს საერო ფეოდალებს შორის და სამეფო კარზეც არაერთი მტერი ეყოლებოდა. ქვეყანა მოშლილი იყო, სამეფო კარი – არეული. მეფე ხშირად არ იყო ქვეყანაში. გარდა ამისა, ლაშას ძე, თავისი მძიმე სიჭაბუკის გამო, ხშირად მერყეობდა გადაწყვეტილების მიღებისას, ან ჩქარობდა დასკვნის გამოტანას.
ბასილის დააბრალეს, რომ თითქოს დედოფალ ესუქნის საყვარელი იყოო. ვინ გააკეთა ეს, ძნელი სათქმელია, ალბათ, ნაკლებად მორწმუნე ადამიანებმა. მეფესთან მისულა ხმა. დავით მეშვიდემ გასცა ბრძანება და ბასილი უჯარმელი ტფილისში, ძელზე ჩამოკიდეს.
ბასილისადმი წაყენებული ასეთი ბრალდება, ივანე ჯავახიშვილს არ მიაჩნია სიმართლედ, დიდი ივანე წერს: „ბასილ მწიგნობართუხუცესი რომ ამ შემთხვევაშიც პოლიტიკური მტრებისა და, საფიქრებელია, უმთავრესად ეკლესიის წრეებისაგან გავრცელებული უსაფუძვლო ჭორების მსხვერპლი შეიქმნა, ეს მონღოლთა დროინდელი თვით ქართველი ჟამთააღმწერელის იმ სიტყვებითგანაც ჩანს ცხადად, რომელიც ბასილ უჯარმელის ტრაგიკული დასასრულის მოთხრობისათვის ზედ დართული აქვს: ასე დასჯილ იქმნა „რამეთუ იყო მეფე მალემორწმუნე და ლიტონიცა”...
აქვე უნდა დავამატოთ, ეს ამბავი მართალი რომ ყოფილიყო, დავით მეფე დასჯიდა თავის მეუღლესაც. შეიძლება, ვიფიქროთ, რომ ლაშას ძე მონღოლთა შიშით ვერ დასჯიდა ესუქნის, რადგან დიდი ნოინი იყო მისი ძმა, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ მის ფეთქებად და უშიშარ ხასიათს, ვერც ესუქნი გადაურჩებოდა, მის ღალატში დარწმუნებული რომ ყოფილიყო მეფე.